Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორია სასამართლოს მომსახურების ხარისხი საქართველოში?


კოტე კუბლაშვილი
კოტე კუბლაშვილი
27 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა საზოგადოებას სასამართლოს მომსახურების ხარისხის კვლევის შედეგები გააცნო, რომლის მიხედვითაც, წინა წელთან შედარებით, უფრო მაღალი ქულებით შეფასდა სასამართლოს სერვისები და პერსონალის მუშაობა. ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის დაფინანსებით გამოყენებითი კვლევების კომპანიის (ARC) მიერ ჩატარებულ კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ გამოკითხული რესპონდენტების 85% ენდობა საქართველოს სასამართლოს. ამ მაჩვენებელს ეჭვქვეშ აყენებენ უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კვლევა, რომელიც 2012 წელს სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების დონის განსაზღვრას ისახავდა მიზნად, საქართველოს ექვს ქალაქში ჩატარდა: თბილისში, რუსთავში, ბათუმში, გორში, ქუთაისსა და ზუგდიდში. გამოიკითხა 2011 რესპონდენტი. კითხვარი, რომელიც 50-მდე შეკითხვისგან შედგებოდა, მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა.

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე უანია ვანდეიკი შენიშნავს, რომ გამოიკითხნენ მხოლოდ ის მოქალაქეები, ვისაც სასამართლოსთან უშუალო შეხება ჰქონია - მოწმეები, მოსარჩელეები, თარჯიმნები. გამოკითხულთა შორის არ ყოფილან ადვოკატები, მოსამართლეები ან უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები:
შედეგები ძირთადად პოზიტიურია, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ არ გამოგვიკითხავს უკვე გასამართლებული ადამიანები, ისინი, ვინც დღეს ციხეში ზის. მათი გამოკითხვის შემთხვევაში, ალბათ, განსხვავებულ შედეგებს მივიღებდით...
უანია ვანდეიკი

”შეკითხვები სასამართლოს მომსახურების ხარისხს შეეხებოდა - რამდენად თავაზიანები არიან მოსამართლეები, რამდენად ნათელი და გასაგებია სასამართლოს შეტყობინებები, ფიქრობენ თუ არა მოქალაქეები, რომ მოსამართლეები ქრთამს იღებენ, ენდობიან თუ არა სასამართლოს... შედეგები ძირთადად პოზიტიურია, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ არ გამოგვიკითხავს უკვე გასამართლებული ადამიანები, ისინი, ვინც დღეს ციხეში ზის. მათი გამოკითხვის შემთხვევაში, ალბათ, განსხვავებულ შედეგებს მივიღებდით. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი რესპონდენტების ნახევარმა სასამართლოს მიმართა სისხლის სამართლის საქმეზე და ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში სასამართლოს მიმართ ნდობის გარკვეული ხარისხი არსებობს. თუმცა მე აქვე ვურჩევდი სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს გადახედონ იმ სფეროებს, სადაც ვითარების გაუმჯობესება შესაძლებელია.”

შეფასების ხუთბალიანი სკალიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებლით - 4,1 ქულით - მოსამართლეთა და სასამართლო სისტემის მიმართ ნდობაა შეფასებული. გამოკითხული მოსახლეობა ასევე მიუთითებს პრობლემებზე სასამართლოს გამჭვირვალობის თვალსაზრისით. მაღალი შეფასებები დაიმსახურა - 5-დან 4,6 და 4,5 ქულები - მომსახურე პერსონალის თავაზიანობამ, სასამართლოს ტექნიკურმა მხარემ თუ ორგანიზებულობამ, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ამ კვლევის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად სასამართლოსადმი მოსახლეობის ნდობის 85%-იან მაჩვენებელს მიიჩნევს:

”კითხვაზე, ენდობით თუ არა სასამართლოს, საერთო ჯამში, 85%-მა თქვა, რომ ენდობა. არის გარკვეული შენიშვნებიც, თუმცა მათ აუცილებლად გავითვალისწინებთ, რომ მომდევნო კვლევამ უკეთესი შედეგები აჩვენოს.”
ძალიან კარგია, როცა სერვისს აუმჯობესებ, როცა ტექნიკურად გამართულია ყველაფერი, მაგრამ თუ დამოუკიდებელი არ ხარ და სამართლიან გადაწყვეტილებას არ იღებ, თავაზიანი შეხვედრა და განმარტება, როგორ შეავსო განაცხადი, ეს ყველაფერი დეტალებია და აზრს კარგავს. მოქალაქისათვის მნიშვნელოვანია, რომ სამართალი აღდგეს...
ნაზი ჯანეზაშვილი

მაშინ რა იწვევს იმ უფლებადამცველი არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების, მოქმედი ადვოკატების კრიტიკულ შეფასებებს - აზრს, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს, და რატომ განსხვავდება მათი მოსაზრებები ასე მკვეთრად კვლევის შედეგებისაგან? - კოტე კუბლაშვილი აცხადებს, რომ, როგორც ჩანს, არასამთავრობო სექტორი მხოლოდ სკეპტიკურად განწყობილი 15%-ის აზრს იზიარებს და მხოლოდ ამ მოქალაქეების აზრის გათვალისწინებას და ანგარიშებში ასახვას ითხოვს.

კვლევაში ცალკე თავადაა წარმოდგენილი კორუფციის დონის შეფასების ნაწილი. გამოკითხულთა 76 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს სასამართლოებში ქრთამს აღარ იღებენ, 6,5% ფიქრობს, რომ კორუფციულ გარიგებებში მხოლოდ ერთეული მოსამართლეები მონაწილეობენ. 4 % კი ფიქრობს, რომ ზოგიერთი ქრთამს იღებს, მაგრამ უმრავლესობა ამას ვერ ხედავს.

კორუფციის დონის შემცირებას და ტექნიკური ბაზის თუ, ზოგადად, მომსახურების გაუმჯობესებას სასამართლოებში, რასაც ეს კვლევა უსვამს ხაზს, სადავოს არ ხდის ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი, თუმცა ისიც ფიქრობს, რომ მხოლოდ მსგავსი კვლევები სასამართლო სისტემაში არსებულ რეალურ პრობლემებს ვერ წარმოაჩენს და საერთო სურათის შეფასებისას ის ყოველდღიური ინფორმაციაც უნდა გავითვალისწინოთ, რომელიც ადვოკატებისა თუ მოქალაქეებისგან მიდის უფლებადამცველებამდე და, როგორც წესი, მათი უფლებების დარღვევას ასახავს:

”შეგვიძლია გადავხედოთ სტატისტიკას, რამდენი საქმე იგზავნება სტრასბურგის სასამართლოში, და ამ სარჩელებში წერია, რომ დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქმეების 90%-ის შემთხვევაში ჩვენ სწორედ ამაზე ვდაობთ. გასაგებია, რომ კვლევა ობიექტურია, გაკეთებულია საკმაოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის დაკვეთით, თუმცა აქაც კი ჩანს, რომ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, თუ ცალკეულ შეფასებებს ჩავხედავთ, სწორედ ნდობის ხარისხს აქვს, რაც სისტემას ანგრევს. ძალიან კარგია, როცა სერვისს აუმჯობესებ, როცა ტექნიკურად გამართულია ყველაფერი, მაგრამ თუ დამოუკიდებელი არ ხარ და სამართლიან გადაწყვეტილებას არ იღებ, თავაზიანი შეხვედრა და განმარტება, როგორ შეავსო განაცხადი, ეს ყველაფერი დეტალებია და აზრს კარგავს. მოქალაქისათვის მნიშვნელოვანია, რომ სამართალი აღდგეს.”
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG