Accessibility links

logo-print
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზად საქართველოს პრემიერ-მინისტრი მისთვის უინტერესო დღის წესრიგსა და, ზოგადად, საბჭოს არაეფექტიან საქმიანობას ასახელებს. სამაგიეროდ, 11 ივნისს დღის პირველ ნახევარშივე განისაზღვრა, რომ პრემიერ-მინისტრის სამთავრობო გუნდიდან პრეზიდენტის სასახლეში დანიშნულ სხდომაში 3 მინისტრი მიიღებდა მონაწილეობას. როგორ აღიქმება პრემიერ-მინისტრის მიერ ნათქვამი უარი და რამდენად მომგებიანია ასეთი გადაწყვეტილება საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში?

11 ივნისს მოწვეული სხდომის მთავარ თემებად პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაასახელა საქართველოს საჯარისო შენაერთებზე თავდასხმა ავღანეთში, თალიბანის სახელით გავრცელებული მუქარისშემცველი ვიდეორგოლები და ამ კონტექსტში გამოკვეთილი უსაფრთხოების საკითხები. თუკი 5 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მიუღებლობის მიზეზად დატვირთული სამუშაო განრიგი დაასახელა, 11 ივნისს მან თქვა, რომ დღის წესრიგში შემავალი თემები მისთვის ამ ეტაპზე არ არის ისეთი საინტერესო, რომ ის უშიშროების საბჭოს სხდომაზე წავიდეს... თუმცა მან ჟურნალისტებთან საუბრისას ისიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ სხდომაში მონაწილეობას მიიღებდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და სწორედ ისინი დასვამდნენ შეკითხვებს - მათ შორის, ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციასთან დაკავშირებითაც. ინტერესთან დაკავშირებული აქცენტის გარდა, პრემიერ-მინისტრმა 11 ივნისს იმ წინაპირობებზეც ილაპარაკა, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია უშიშროების საბჭოს სხდომებში მისი მონაწილეობისთვის:

”ჯერ საკითხები უნდა იყოს ისეთი, რომ აუცილებელი იყოს და სასწრაფოდ მისასვლელი... მერე უნდა დავრწმუნდე, რამდენად ქმედითუნარიანია ეს სტრუქტურა. და მომავალში, რატომაც არა, თუკი დავრწმუნდებით, რომ საკითხები ისმება არა საკითხებისთვის და არა იმისთვის, რომ შეკრება მოხდეს (რაც ჩვენ მოვითხოვეთ, ჩვენი მოთხოვნიდან გამომდინარე არა). ამის შემდგომ კიდევ ვნახოთ, რამდენად ქმედითუნარიანია”.

პრემიერ-მინისტრის უარი და განსაკუთრებით ინტერესთან დაკავშირებული აქცენტი უყურადღებოდ არ დარჩენია პრეზიდენტის ადმინისტრაციას და მას ”უკიდურესად შემაშფოთებელი” უწოდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა 11 ივნისს გამართულ ბრიფინგზე:

”ეს არ არის სახელმწიფოებრივი პოზიცია და ჩვენ ძალიან ვშიშობთ, რომ საქართველოს ინტერესებს ბიძინა ივანიშვილი განიხილავს არა როგორც პასუხისმგებლობის, არამედ როგორც რაღაც პირადი ბრძოლის თუ პირადი ომის სფეროს და საკითხს. და ეს მართლა ძალიან საშიშია საქართველოსთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის”.

უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე უარის თქმას პრემიერ-მინისტრისთვის წამგებიანად მიიჩნევს ”მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელი გია ნოდია. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან კოჰაბიტაციისკენ მოწოდებების ფონზე წაგებულია ის, ვინც უარს იტყვის მეორე მხარის მიერ შეთავაზებული თანამშრომლობის ნებისმიერ წინადადებაზე და ასეა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. გავიხსენოთ, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა მხარეთა საჭირო თანამშრომლობის ფორუმად განიხილა შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა 11 ივნისს გაკეთებულ კომენტარში. გია ნოდია თვლის, რომ პრემიერის გადაწყვეტილება უშუალოდ პრეზიდენტს უკავშირდება:

”უშიშროების საბჭო არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო, სადაც ამგვარი საკითხები, რაც ეხება ტერორიზმს და ქვეყნის უსაფრთხოებას, უნდა ისმებოდეს, მაგრამ პრემიერის გადაწყვეტილება ნაკარნახევია არა ამ ლოგიკით, არამედ ძალაუფლებისთვის მეტოქეობის ლოგიკით, ანუ ვინ მივა ვისთან. ბუნებრივია, რომ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი უნდა მივიდეს პრეზიდენტთან და მიიღოს მონაწილეობა სხდომაში, რომლის თავმჯდომარეა პრეზიდენტი. ეს მიუღებელია, ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრისთვის და ის ამ ლოგიკით ხელმძღვანელობს”.

პრემიერის გადაწყვეტილებას ასევე პრეზიდენტის ფაქტორს უკავშირებს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე, თუმცა ის ამ კავშირს სულ სხვა კონტექსტში განიხილავს. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ახალი ხელისუფლება უფუნქციოდ დარჩენილი უშიშროების საბჭოს გამოცოცხლების რეალურ მიზეზს ხედავს და სწორედ ამის მიხედვით მოქმედებს:

”სააკაშვილს სურს, რომ უშიშროების საბჭოს მოწვევა და ამ რგოლის გააქტიურება გამოიყენოს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ლეგიტიმაციისთვის და საკუთარი ფუნქციის რეინკარნაციისთვის. ეს არის და ეს. ახალი ხელისუფლება გრძნობს ამას და, ვფიქრობ, ამიტომ აცხადებს პრემიერ-მინისტრი უარს მიიღოს მონაწილეობა უშიშროების საბჭოს სხდომებში”.

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ორ პოლიტიკურ ბანაკს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით გამოკვეთა ავღანეთთან დაკავშირებულმა ბოლოდროინდელმა პრობლემებმა და სადავო საკითხებმა. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაც სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG