Accessibility links

ზუგდიდის მერიაში ახალი სამსახურის შექმნა და თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდა სურთ


ზუგდიდის მერიაში შესაძლოა თანამშრომელთა რიცხვი კიდევ ათით გაიზარდოს. უწყების ეკონომიკის სამსახურს გამოეყო ქალაქმშენებლობის განყოფილება, რომელიც უკვე ახალ სამსახურად უნდა ჩამოყალიბდეს და ახალი თანამშრომლებით დაკომპლექტდეს. ცვლილებების დამტკიცების შესახებ მერიამ ქალაქის საკრებულოს უკვე მიმართა. ამ დროისთვის საკრებულომ შესაბამისი საკითხის ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. პროცედურების თანახმად, კომისიები ჯერ მერიის თანამშრომლებთან ერთად განიხილავენ საკითხს და უკვე შემდეგ გაიტანენ სხდომაზე დასამტკიცებლად.

„იცვლება თანამდებობათა რანგირება და საშტატო ნუსხა. საბოლოოდ ამ ცვლილებებით მერიის საშტატო ნუსხას ემატება 10 საშტატო ერთეული. საბოლოოდ ჩვენ ამ საკითხებზე მსჯელობა გვექნება კომისიებში. ცვლილებების მიხედვით, მერს ემატება თანაშემწე, რამდენიმე მთავარი და წამყვანი სპეციალისტი“, - განაცხადა საკრებულოს იურიდიულ-სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სარიამ.

მიუხედავად იმისა, რომ საკითხის დამტკიცებამდე ჯერ შესაბამისმა კომისიებმა უნდა იმსჯელონ, ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე დააფიქსირა საკუთარი უარყოფითი პოზიცია. ფრაქციაში აცხადებენ, რომ ხმას ამ საკითხს არ მისცემენ, მაგრამ კომისიების მუშაობასა და მსჯელობაში მონაწილეობას მიიღებენ.

„მერიას ისედაც გაბერილი შტატები აქვს. ააიპ „კეთილმოწყობის ცენტრში“ დღეს მუშაობს 105 თანამშრომელი, აქედან 99 შტატით და 5 უშტატო თანამშრომელი. ჯერ ამაზე გაგვცენ პასუხი, რისთვის სჭირდებათ 105 თანამშრომელი და კიდევ დამატებით ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს. სანამ მსგავს წინადადებას შემოიტანენ განსახილველად, იქნებ მობრძანდნენ და გვითხრან, რაში სჭირდებათ კიდევ დამატებით ახალი სამსახურის შექმნა“, - აცხადებს ფრაქციის წევრი ანა წითლიძე. მისი კოლეგის ბათლომე შელიას სიტყვებით, მათი მთავარი შეკითხვა საკითხზე მსჯელობისას იქნება - რომელი სამსახური ასრულებდა მანამდე ამ ფუნქციას და რა აუცილებლობაა დღეს შეიქმნას ახალი სამსახური. როგორც გაირკვა, იგივე კითხვები ექნება კომისიაზე ფრაქციას „ზუგდიდის მომავლისთვის“, რომელიც პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებით არის დაკომპლექტებული.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუას განცხადებით, კომისიაზე ყველას ექნება შესაძლებლობა წარმოადგინოს დადებითი ან უარყოფითი პოზიცია. მისი თქმით, უმჯობესია ეს არგუმენტების დართვით მოხდეს. თავად გიორგი თოდუა ქალაქმშენებლობის სამსახურის ჩამოყალიბებას ზუგდიდში დაგეგმილი მშენებლობების სიმრავლეს უკავშირებს:

„თქვენ შეგიძლიათ შესაბამის ვებგვერდზე, შესყიდვების სააგენტოში მოიძიოთ ინფორმაცია, სადაც რამდენიმე მილიონის პროექტი დევს. საუბარია დაახლოებით 30 მილიონ ლარზე მეტისღირებულების პროექტებზე“, - განმარტა გიორგი თოდუამ, რომელსაც ფრაქცია „ნაცინალურ მოძრაობაში“ რეპლიკით უპასუხეს. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ზუგდიდში ისეთი არნახული მშენებლობები არ მიმდინარეობს, რომ საშტატო ერთეულების დამატება გამხდარიყო საჭირო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG