Accessibility links

დიპლომატიური ვიზიტი ვილნიუსის სამიტამდე


რადოსლავ შიკორსკი, ბიძინა ივანიშვილი, კარლ ბილდტი

რადოსლავ შიკორსკი, ბიძინა ივანიშვილი, კარლ ბილდტი

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების - პოლონეთისა და შვედეთის - საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ. თბილისში ვიზიტით მინისტრებმა დაასრულეს ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამ ქვეყანაში ტურნე, რომელიც წინ უსწრებს ვილნიუსის სამიტს. საქართველოში ჩამოსვლამდე რადოსლავ შიკორსკი და კარლ ბილდტი უკრაინასა და მოლდავეთს ესტუმრნენ. რა აქცენტები დაისვა საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე?

საქართველოს პრემიერ-მინიტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის ეზოში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქვეს რწმენა, რომ საქართველო ნოემბრის ბოლოს ვილნიუსის სამიტზე მოახდენს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას. როგორც შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა განაცხადა, ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირება და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ახალი გადაშლილი ფურცელი იქნება საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. კარლ ბილდტმა საქართველოში რამდენიმე დღეში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების თემაზეც ისაუბრა:

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ვიზიტი ასევე დაემთხვა ახალი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის ბოლო ეტაპს თქვენს ქვეყანაში. ეს კამპანია ნორმალურად მიმდინარეობს, რასაც ასევე ვულოცავთ საქართველოს. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდექით ეკონომიკური განვითარების პროცესში და მინდა დაგარწმუნოთ, რომ მომავალშიც ასე იქნება, განსაკურებით კი, როცა თქვენ განვითარების ახალ ფაზაში გადახვალთ და აღმოსავლეთის პარტნიორის შეთანხმებას მოაწერთ ხელს“.
ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი, რაც თქვენთან ამ საარჩევნო კამპანიის დროს ხდება, - და უნდა ვთქვათ, რომ ჯერჯერობით ის ევროპულ სტანდარტეს პასუხობს, - ასევე გაგრძელდება და საქართველო კვლავაც დარჩება ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის...

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ შიკორსკის შეფასებით, საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანია ჯერჯერობით სავსებით აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, თუმცა რადოსლავ შიკორსკიმ დემოკრატიულ მმართველობაში ოპოზიციის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დემოკრატიულ მმართველობაში ოპოზიციაც პოლიტიკური სისტემის ნაწილია, ხოლო ევროპული ღირებულებების ერთგვარი ტესტი არის ის, თუ როგორ ხდება ერთი მთავრობის მეორით შეცვლა:

„მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო მოახდენს ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას ვილნიუსის სამიტზე შემდეგი თვის ბოლოს. თუ ეს მოხდა, თქვენ მოაწერთ ამ შეთანხმებას ხელს მომავალ წელს, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ რეალურად მოგიწევთ ევროპული კანონების იმპლემენტაცია, თქვენ დაიწყებთ სვლას ევროკავშირისკენ და ევროპული ღირებულებების, ნორმებისა და პროცედურების განხორციელება თქვენი ქვეყნის ტერიტორიაზეც დაიწყება, როგორც ეს ნორვეგიში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებშია. ასევე მე ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი, რაც თქვენთან ამ საარჩევნო კამპანიის დროს ხდება, - და უნდა ვთქვათ, რომ ჯერჯერობით ის ევროპულ სტანდარტეს პასუხობს, - ასევე გაგრძელდება და საქართველო კვლავაც დარჩება ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის და, იმედი მაქვს, მომავალ წელს მივესალმებით საქართველოს, როგორც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმომწერ ქვეყანას“.

ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოში ადგილი არ ექნება შერჩევით სამართალს:

„ყველაზე კარგი, რისი გაკეთებაც საქართველოს შეუძლია იმისათვის, რომ ჯერ ხელი მოაწეროს და შემდეგ განახორციელოს ასოცირების შესახებ შეთანხმება, ესაა გააგრძელოს მობილიზება და თავიდან აირიდოს პოლიტიკურად მოტივირებული შერჩევითი სამართალი“.
უნდა მოვახერხოთ და ჩავიცხროთ აგრესია, უნდა მოვახერხოთ გავერთიანდეთ, წინ ვიყუროთ და მშენებლობით შევძლოთ ევროპისკენ წინსვლა. თუმცა ახლა ისეც არ გაიგოთ, რომ მე რაიმე გარანტიები მივეცი ან რამე პირობები დავდე. მე მათ კიდევ კარგად ავუხსენი სიტუაცია...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ევროპის დიპლომატებს აქვთ განცდა და წუხილი, რომ არ გაგრძელდეს სამართლიანობის აღდგენის პროცესი დიდხანს, რომ არ მოხდეს ახალი დაპატიმრებები. ამაში მათ მეც ვეთანხმებიო, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მას მრავალჯერ გაუკეთებია განცხადება და დღესაც გაიმეორებს, რომ მისი ინტერესი არ არის მუდმივად უკან ყურება:

„უნდა მოვახერხოთ და ჩავიცხროთ აგრესია, უნდა მოვახერხოთ გავერთიანდეთ, წინ ვიყუროთ და მშენებლობით შევძლოთ ევროპისკენ წინსვლა. თუმცა ახლა ისეც არ გაიგოთ, რომ მე რაიმე გარანტიები მივეცი ან რამე პირობები დავდე. მე მათ კიდევ კარგად ავუხსენი სიტუაცია. განსხვავება, ცოტა რაც არის ჩვენს ხედვებში, გახლავთ ის, რომ რეალობას საქართველოში ისინი უფრო ცუდად იცნობენ, ვიდრე ჩვენ“.

კარლ ბილდტი და რადოსლავ შიკორსკი საქართველოში 22 ოქტომბერს ჩამოვიდნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ არაოფიციალური შეხვედრა გამართეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. საქართველოში ვიზიტით მინისტრებმა დაასრულეს ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამ ქვეყანაში ტურნე, რომელიც წინ უსწრებს ვილნიუსის სამიტს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG