Accessibility links

ცხინვალის არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დინა ლბოროვა თვითაღიარებულ რესპუბლიკაში სოციოლოგიური სამსახურების შექმნას მოითხოვს, რათა სოფლებში, სადაც სოციალური დაძაბულობა იზრდება, სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებს დააკვირდნენ. დინა ალბოროვა სოფლებში ხშირად დადის და კარგად იცნობს იქაურ მდგომარეობას. მისი დაკვირვებით, სოფლად მცხოვრები ადამიანები გამოუვალი მდგომარეობის გამო პერმანენტულ დეპრესიას განიცდიან. ჩვენს რადიოსთან საუბარში დინა ალბოროვა აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთში არაერთი მომაკვდავი სოფელია.

ოსურ სოფლებში მოსაზღვრე ქართული სოფლების მსგავსი პრობლემები გამოიკვეთა, თუმცა ვითარებას ბევრად მძიმედ ხედავს დინა ალბოროვა. სასმელი და სარწყავი წყლის სისტემები გაუმართავია, მოუწესრიგებელია გზები, არის სოფლები, სადაც მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანები აღწევენ და იქ დიდი ხანია მსუბუქი მანქანა თვალით აღარ უნახავთ. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ოსური სოფლებიდან ახალგაზრდების მიგრაციაა.

დინა ალბოროვა ამბობს, რომ ხელისუფლებას სოფლების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა არ გააჩნია და სხვადასხვა განვითარების პროგრამები სოფლებისთვის მუდამ იგვიანებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი მომავლის ცხინვალი“ თვითაღიარებული რესპუბლიკიდან გამოსულ ადამიანებს ხშირად ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში ეხმარება. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის მარინა მეშვილდიშვილის ინფორმაციით, მაღალმთიან ოსურ სოფლებში გაუსაძლისი მდგომარეობაა. დემოგრაფიული პრობლემა უკვე თვალსაჩინოა, სკოლებში მოსწავლეების რაოდენობა კატასტროფულად მცირდება.

დინა ალბოროვას ინფორმაციით, სოფლებში მცხოვრებთა გასაჭირი ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს ცენტრალურ ხელისუფლებამდე არ მიაქვთ. მათ სოფლებშიც კი იშვიათად ხედავენ. ამიტომ ოსურ სოფლებში სულ უფრო ხშირად ისმის თვითთმმართველობის შემოღების მოთხოვნა. ცხინვალიდან დანიშნული მოხელეები სოფლებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. სოფლის მცხოვრებთა აზრით, თუ ხელმძღვანელების არჩევას მათ მიანდობენ, არჩეული პირები მათ წინაშე მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობენ.
XS
SM
MD
LG