Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში კომუნისტებმა სტალინს პანაშვიდი გადაუხადეს


სტალინს პანაშვიდი
სტალინს პანაშვიდი
დღეს კომუნისტებმა გორის ეკლესიაში სტალინის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს და მის სახელზე სანთლები აანთეს.

იოსებ სტალინის გარდაცვალების მე-60 წლისთავზე რამდენიმე ათეული კომუნისტი გორიდან, აჭარიდან და იმერეთიდან საბჭოთა ბელადის სახლთან შეიკრიბა და მისი დამსახურებების თაობაზე მიტინგი გამართა. ამ დღეს კომუნისტები ტრადიციულად ცენტრალურ მოედანზე მიდიოდნენ და სტალინის მონუმენტს გვირგვინებით ამკობდნენ ხოლმე, მაგრამ მესამე წელია ძეგლი ქალაქის ცენტრში აღარ დგას, კომუნისტებმა კი მარშრუტი შეცვალეს და წითელი დროშებით ეკლესიისკენ წავიდნენ. კომპარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ლურსმანაშვილი, აცხადებს, რომ სტალინის სულის მოსახსენებელი პანაშვიდის ტრადიცია რამდენიმე წლის წინ დანერგეს.

ლურსმანაშვილი: „დარწმუნებული ვარ, თუ რამე არსებობს, მისი სული ზემოდან გვიყურებს და კმაყოფილებას გამოთქვამს“.

კითხვა: მაგრამ თქვენი ოპონენტები იტყვიან, რომ ის იყო ეკლესიის მტერი.

ლურსმანაშვილი: „ის, ვინც უცოდინარია და არ იცის არც სტალინის და არც ეკლესიის ისტორია, ისინი კი იტყვიან. როგორც იტყვიან, ენას ძვალი არა აქვს“.

კითხვა: რეპრესიებსაც შეგახსენებენ, ალბათ, და უამრავ დახვრეტილს.

ლურსმანაშვილი: „მსოფლიოს ისტორიას რომ გადახედო, რეპრესიები იმდენი იყო და ვერც ერთ სახელმწიფოში თქვენ ვერ მოძებნით არქივს, სადაც დაცული იყოს რეპრესირებული ადამიანების პირადი საქმეები.
დამსახურებული ადამიანი იყო, თავის ცხოვრებაში დიდი კარიერა ჰქონდა ქვეყნის მიმართ...
მოსწავლე

კომუნისტური პარტიის მხარდამჭერებმა და სტალინისტებმა დღეს კიდევ ერთხელ მიმართეს როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას გორში საბჭოთა ბელადის მონუმენტის დადგმის მოთხოვნით.

ხალხმრავლობა იყო სტალინის მუზეუმში - დღეს ბავშვებისა და სტუდენტების უჩვეულო სიმრავლე შეინიშნებოდა. სტალინის სახლ-მუზეუმმა ღია კარის დღე და ახალი გამოფენა გამოაცხადა. ამიტომ გაკვეთილების შემდეგ მუზეუმს მრავალი მოსწავლე ესტუმრა, თუმცა გარკვეულმა ნაწილმა ისიც კი არ იცოდა, დღეს რა დღეა და ვინ იყო იოსებ სტალინი.

ერთი მოსწავლე: „დღეს სტალინის დაბადების დღეა, მე ასე ვიცი. კიდევ ის ვიცი, რომ დიდი გენერალი იყო“.

საუბარში მეორე მოსწავლე ერთვება: „დამსახურებული ადამიანი იყო, თავის ცხოვრებაში დიდი კარიერა ჰქონდა ქვეყნის მიმართ“.

სტალინის მუზეუმი
სტალინის მუზეუმი
მესამე მოსწავლე: „მსოფლიოს გავლენიანი პირი იყი მე-19 საუკუნეში. ისტორიას ნაკლებად ვსწავლობთ. უარყოფითი ის ჰქონდა, რომ ძალიან ბევრი გადაასახლა და არ შეიძლებოდა ასეთი რაღაცები“.

სტალინის მუზეუმს იტალიელი კომუნისტებიც ესტუმრნენ, რომლებმაც საკუთარ ქვეყანაში გამომავალი კომუნისტური პრესა ჩამოიტანეს და მუზეუმს გადასცეს. მუზეუმში კი დღეიდან ხეზე კვეთულობის ის ნიმუშები გამოიფინა, რომლებიც აქამდე მუზეუმის ფონდში იყო დაცული. მუზეუმის დირექტორი, თვითონ რეპრესირებული ოჯახის წარმომადგენელი, ლია ოქროპირიძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ წინა ხელისუფლებას სტალინის სტალინიზმის მუზეუმად გადაკეთება სურდა, თუმცა ეს პროცესი ახლა შეჩერებულია და მუზეუმი ისევ ბელადის სახელს ატარებს. მისი თქმით, ცვლილება ისაა, რომ ლექციების დროს გიდები მხოლოდ ფაქტებით საუბრობენ, შეფასებებისგან თავს იკავებენ და სტუმრებთან დისკუსიაში არ შედიან.

კომუნისტების აქცია სტალინის მუზეუმის ეზოში
კომუნისტების აქცია სტალინის მუზეუმის ეზოში
„ჩვენი მუზეუმის კარი ნებისმიერი მკვლევარისთვის ღიაა ყოველთვის და ვითანამშრომლებთ აუცილებლად. უნდა ითქვას ყველაფერი, რაც იყო და როგორც იყო, ეს საჭიროა. სიმართლე, ქართველები ვამბობთ, თვალის სინათლეაო, ეს აუცილებელია. მე ვთვლი, რომ ყველაფერი უნდა ითქვას იმ ეპოქის შესახებ“, – აცხადებს ლია ოქროპირიძე.

მუზეუმის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ექსპოზიცია უნდა გამდიდრდეს და მეტი ადგილი რეპრესიებისა და ადამიანთა მასობრივი დახვრეტების ამსახველ მასალებს დაეთმოს.
XS
SM
MD
LG