Accessibility links

logo-print

ხელისუფლება ტაქსების სფეროს რეგულირებას აპირებს - ამ გადაწყვეტილების შედეგად მერიაში, ერთი მხრივ, კლიენტთა მომსახურების ხარისხის გაზრდას და უსაფრთხოების დაცვას მოელიან, მეორე მხრივ კი, ცხადია, ის გარკვეულ შემოსავალზეც არის გათვლილი. რეგულაციები, წინასწარი ინფორმაციით, 2017 წლიდან ამოქმედდება.

როგორც მერის მოადგილე მედიასთან საუბარში აცხადებს, ძირითადი პრინციპი, რომელსაც ტაქსების რეგულირების დოკუმენტი დაეყრდნობა, უსაფრთხოების პრინციპები იქნება. კერძოდ, საუბარია ავტომობილის ტექნიკურ დათვალიერებასა და მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

უსაფრთხოების ნაწილი, თავის მხრივ, ორ ნაწილადაა გაყოფილი: ავტომობილის უსაფრთხოება, რომელიც მის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული საკითხების ერთობლიობას მოიცავს, და მძღოლის უსაფრთხოება. ეს უკანასკნელი გულისხმობს იმ მინიმალური დოკუმენტაციის წარდგენას, რომელიც ადასტურებს მძღოლის ჯანმრთელეობის მდგომარეობას და მის შესაძლებლობას უსაფრთხოდ გადაადგილდეს როგორც ჩამოსულ ტურისტთან, ისე ადგილობრივ მოქალაქესთან ერთად.

მერიის ინფორმაციით, დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება ასევე სტიმულირების მექანიზმები, რა უპირატესობები შეიძლება მიენიჭოს ამ სექტორს, მაგალითად, გამოყოფილი ჰქონდეთ ადგილები, მიიღონ სხვადასხვა პლუსები...

ცვლილებები მოიცავს ოთხ ეტაპს. როგორც თბილისის მერის მოადგილე აცხადებს, ახალი რეგულაციები ეტაპობრივად განხორციელდება და სექტორში დასაქმებულებს მინიმალური დანახარჯებით მომზადების საშუალებას მისცემს. მაგალითად, ტაქსების ტექნიკური დათვალიერების ვალდებულება, წინასწარი ინფორმაციით, ქვეყანაში საყოველთაო ტექნიკური დათვალიერების შემოღების პროცესს დაემთხვევა.

ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მძიმეა იმ ფონზე, როცა საქართველოში მოსახლეობის დასაქმებული 85 პროცენტიდან თვითდასაქმებული 60 პროცენტამდეა. ტაქსისტები სწორედ ამ თვითდასაქმებული მოსახლეობის ნაწილნი არიან, ისევე როგორც ძიძები, რეპეტიტორები, მომვლელები, ოჯახში დამხმარეები და ა.შ. ტაქსისტების რეგულირების განზრახვის გახმაურება ყველა ამ სფეროს მოწესრიგების დასაწყისი შეიძლება გახდეს.

ცივილიზებული ქვეყნისთვის ამ გადაწყვეტილების მიზეზი აბსოლუტურად გასაგებია. თუმცა, მეორე მხრივ, ძნელი სათქმელია, რა ეკონომიკური ეფექტი შეიძლება აღმოაჩნდეს ამ გადაწყვეტილებას ქალაქის ბიუჯეტისთვის. ექსპერტები უკვე ლაპარაკობენ იმაზე, რომ ნებისმიერ რეგულაციას მომსახურების ფასების გაზრდა მოსდევს. შესაბამისად, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს დიდი სიფრთხილით, მაგალითად, ტაქსების შემთხვევაში, ასეთ გადაწყვეტილებას, როგორც მინიმუმ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება უნდა უძღოდეს წინ და არა პირიქით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG