Accessibility links

logo-print

თბილისი, „მომავლის ქალაქის“ ხედვით


თბილისის გენერალური გეგმის შემუშავებაზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულების წარდგენა

თბილისის გენერალური გეგმის შემუშავებაზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულების წარდგენა

დედაქალაქის მერიაში დაასახელეს თბილისში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების კონკურსში გამარჯვებული კომპანია. გაიმარჯვა იურიდიულ პირთა ჯგუფმა, პროექტით „მომავლის ქალაქი“. ჯგუფმა 18 თვეში ქალაქის ზონებად დაყოფისა და ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების ხედვა უნდა წარმოადგინოს. ურბანისტების თქმით, გამარჯვებულმა კომპანიამ ხელისუფლების ინტერესების შესაბამისი პროექტი წარმოადგინა, რაც მისი გამარჯვების ერთ-ერთი საფუძველი გახდა. რა გეგმები აქვთ „მომავლის ქალაქის“ იდეის ავტორებს და რას შეცვლის თბილისის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა?

თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება-განახლებაზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული ჯგუფის დასახელებისას საზოგადოებას მიულოცა, რომ მოკლე ხანში თბილისს გამართული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ექნება:

„მინდა მოგილოცოთ და გითხრათ, რომ ქალაქს ექნება ძალიან მაღალი ხარისხის გენერალური გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს ქალაქის სწორ ურბანულ და ოპტიმალურ განვითარებას“.

როგორც ლაშა აბაშიძემ განაცხადა, პირველი ადგილი დაიკავა იურიდიულ პირთა გაერთიანება ”მომავლის ქალაქის” პროექტმა. მეორე ადგილი, შპს "არტსტუდიო პროექტის", "Metrogramma Mobility in Chain"-ის, "Aecom"-ისა და გიორგი სულაბერიძის ერთობლივმა ნამუშევარმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე, შპს "გეოგრაფიკის", "KCAP"-ის, "Burohappold Engineering"-ის, "Studio 21"-ისა და გიორგი გოცირიძის ერთობლივი პროექტი გავიდა.

კომპაქტურობა, კონტროლირებადი მობილურობა და გარემოს დაცვა - ეს არის ჩვენთვის სამი მთავარი პრიორიტეტი, რაზეც ჩვენს ხედვაში იყო ყურადღება გამახვილებული, მაგრამ გეგმაში ქალაქის ურბანული დაგეგმარების და განვითარების ყველა საკითხია მიმოხილული და ყურადღება გამახვილებული...

პირველ ადგილზე გასულ კომპანიასთან თბილისის მერია ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის საფუძველზეც, არაუგვიანეს 18 თვეში, კომპანიამ სრულყოფილი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უნდა წარმოადგინოს, რაშიც თბილისის მერია 400 ათასი აშშ დოლარის გადახდას აპირებს.

როგორც გამარჯვებული ჯგუფის წარმომადგენელი კომპანია „სიტი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, თბილისში არსებულმა მიწათსარგებლობის გეგმამ ვერ იმუშავა და ახლის შემუშავება გახდა საჭირო. მთავარი, რასაც ახალი პროექტი დაარეგულირებს, ქალაქის ზონებად დაყოფა იქნება. მამუკა სალუქვაძის თქმით, საუბარია მდგრადი ზონების შექმნაზე, ანუ საცხოვრებელ, რეკრეაციულ და სხვა ზონებზე. მამუკა სალუქვაძის თქმით, შეიძლება შემოვიდეს ახალი ზონები - მაგალითად, მტკვრის ზონა გახდეს რეკრეაციული ზონა და ა. შ.

„კომპაქტურობა, კონტროლირებადი მობილურობა და გარემოს დაცვა - ეს არის ჩვენთვის სამი მთავარი პრიორიტეტი, რაზეც ჩვენს ხედვაში იყო ყურადღება გამახვილებული, მაგრამ გეგმაში ქალაქის ურბანული დაგეგმარების და განვითარების ყველა საკითხია მიმოხილული და ყურადღება გამახვილებული - მაგალითად, როგორიცაა საჯარო სივრცეები და საჯარო სივრცეებთან რა პრობლემებიცაა დაკავშირებული. ყველმა ვიცით, ქუჩები, მოედნები რა მდგომარეობაშია, რამდენად არის ის ადამიანებისთვის მისაღები. მე ვფიქრობ, არ არის მისაღები და ამას მიექცევა ყურადღება. ან, თუნდაც, მდინარის სანაპიროები, რომლებიც აგრეთვე მიუწვდომელია დღეს მოქალაქეებისთვის - მდინარე თავისთვისაა და ჩვენ სწორედ ეს გვინდა, რომ ეს გავაკეთოთ, რაც ევროპის ქალაქებისთვის მიღებული და დანერგილია“.

კომპანია საზოგადოებრივი საბჭოს შექმნასაც მოიაზრებს, რათა გადაწყვეტილებები საჯარო მსჯელობის შედეგად იქნეს მიღებული.

ეს გეგმა წელიწად-ნახევრის შემდეგ კანონად გადაიქცევა. მსგავსი გეგმა თბილისს აქამდეც ჰქონდა, მაგრამ მისი რეჟიმები ვერ სრულდებოდა. პირიქით, კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, რეჟიმები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვეოდა, ამბობს ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე. ახლა, ამ გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, მისი დარღვევა იქნება შეუძლებელი, თუმცა, ზურაბ ბაქრაძის თქმით, საქმეც სწორედ ესაა. როგორ მიწათსარგებლობის რეჟიმს და გეგმასაც დაამტკიცებენ, ისე განვითარდება ქალაქი. ამაზე იქნება დამოკიდებული, სად რა უნდა აშენდეს, რამდენსართულიანი უნდა იყოს შენობები და როგორი სიმჭიდროვის უნდა იყოს ის:

„გაიმარჯვა ისეთმა კომპანიამ, რომელიც გაამართლებს იმ უწესრიგობას, იმ თვითნებობას, რომელიც ქალაქშია. გაამარჯვებინეს ისეთ კომპანიას, რომელიც ამ სახის ქალაქგანვითარებას დააკანონებს და აღარ დასჭირდებათ გამონაკლისების კეთება და რეჟიმების შეცვლა ყოველ ფეხის ნაბიჯზე. ამდენად, თავისთავად, რომ სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტი ექნება ქალაქს და მისი ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეცვლა შეუძლებელია, კარგია, მაგრამ ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ თვითონ ეს დოკუმენტი იქნება არაჯანსაღი, ქალაქის მავნე, არაჯანსაღი განვითარების დამკანონებელი“.

ურბანისტისა და არქიტექტორის ლადო ვარდოსანიძის სიტყვებით კი, გამარჯვებული პროექტი მაღალი აკადემიური დონით გამოირჩევა:

„იმედი მაქვს, რომ დღეს ქალაქი საიმედო ხელში აღმოჩნდა. მე ვფიქრობ, რომ ახალმა გენერალურმა გეგმამ მეტი ქალაქმშენებლობითი დისციპლინა უნდა დაამყაროს ქალაქში, რაც აუცილებელია, და გახდეს განსჯის საგანი საზოგადოებისთვის. ჩვენ მზად ვართ, რომ კონსტრუქციული ოპონენტის როლი ვითამაშოთ გამარჯვებული გუნდის მიმართ“.

ცირა ელისაშვილი

ცირა ელისაშვილი

თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის კონკურსში გამარჯვებულია ჯგუფი, რომელსაც „პანორამა თბილისის“ გეგმა ეკუთვნის, ამბობს „თბილისის ჰამქრის“ წარმომადგენელი ცირა ელისაშვილი და პრობლემას სწორედ ამ თვალსაზრისით განიხილავს. ამასთან, ცირა ელისაშვილის თქმით, პროექტი ჩამორჩება თანამედროვე მიდგომებს:

„ისინი მიესალმებიან ჯენტრიფიკაციის პროცესს ძველ ქალაქში. ჯენტრიფიკაცია საერთაშორისო ტერმინია და ნიშნავს იმას, რომ მკვიდრი მოსახლეობა ტოვებს საცხოვრებელს და მის ნაცვლად შემოდის მაღალი კაპიტალის მქონე საზოგადოება. ეს შეიძლება იყოს ბიზნესი ან უფრო მდიდარი მოსახლეობა, სასტუმროები, ბიზნესცენტრები და სხვა. ... ყველა სახელმძღვანელოში, რომელიც გამოცემულია ძველი ქალაქის განვითარების შესახებ, წერია, რომ ჯენტრიფიკაცია არის ის პროცესი რომელიც ქალაქმა და ქალაქის ხელმძღვანელობამ თავიდან უნდა აიცილოს“.

ეს კი, ცირა ელისაშვილის თქმით, ნიშნავს, რომ ისტორიული ქალაქი მკვიდრი მოსახლეობისგან დაიცლება და სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ისტორიული ქალაქი გახდება უსიცოცხლო. ასეთ ქალაქებს შორის არის რიგა, რომელმაც ჯენტრიფიკაცია ვერ აიცილა თავიდან. ასეთ ქალაქებს, ცირა ელისაშვილის თქმით, მომაკვდავ ქალაქებს უწოდებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG