Accessibility links

logo-print

დევნილები კობა სუბელიანს პროკურატურაში უჩივიან


სასტუმრო აფხაზეთი, 2011 წლის 8 აგვისტო

სასტუმრო აფხაზეთი, 2011 წლის 8 აგვისტო

ტაშკენტის N7-დან 2011 წლის იანვარში გამოსახლებულ დევნილთა ერთი ნაწილი გამოსახლების ფაქტის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს და ხელისუფლებას უკან, მათ ყოფილ საცხოვრებელ ფართში დაბრუნებას სთხოვს. 21 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილი დევნილები, უფლებადამცველ ლაშა ჩხარტიშვილთან ერთად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ყოფილი მინისტრის კობა სუბელიანისა და ასევე ყოფილი შს მინისტრის და პრემიერის ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც ითხოვდნენ.

მათი სახელით, ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით, პროკურატურაში განცხადება შევა.

რას ითხოვენ დევნილები ახალი მინისტრისგან და რა პრეტენზიები აქვთ ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობის მიმართ?

აფხაზეთის სოფელ დრანდიდან დევნილი სოსო ჩხეტიანი დღემდე აპროტესტებს ტაშკენტის ქუჩის N5/7-დან მისი და სხვა დევნილთა ოჯახების გამოსახლების ფაქტს. სასამართლოში არაერთგზის გასაჩივრების მიუხედავად, მათი მოთხოვნა საცხოვრებელ ფართში დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილებულა. 2011 წლის წინ იანვრის შემდეგ მან და მისმა ავადმყოფმა მეუღლემ ორი საცხოვრებელი გამოიცვალეს.

”ჯერ რუსთავში წავედით ქირით, შემდეგ წინწყაროში - ნათესავმა დაგვითმო, ასევე ქირით, პირველი სართული. მე თითქმის უსინათლო ვარ, ჩემმა მეუღლემ ინსულტი გადაიტანა და ვართ ასე, ქუჩაში. არადა, იმ კორპუსში, ტაშკენტის ქუჩაზე, სადაც ვცხოვრობდით, რემონტი გააკეთეს და სხვები შეასახლეს. ჩვენ კი დავრჩით უსახლკაროდ. მოვითხოვთ, რომ ისევ იქ დაგვაბრუნონ”.
რა თქმა უნდა, იყო უკანონო გამოსახლებები. მაგალითად, სასტუმრო ”აფხაზეთი” რომ ავიღოთ, იქ მცხოვრებ დევნილებს მიზერული თანხები მისცეს. ოჯახები გააერთიანეს, ბევრი ქუჩაში დარჩა, ზოგი ისევ ქირით წავიდა...


21 ნოემბერს სოსო ჩხეტიანი რამდენიმე დევნილთან ერთად კვლავაც სააპელაციო სასამართლოსთან დგას და სასამართლოს მორიგ განაჩენს ელოდება. ამბობს, რომ ყოფილმა მინისტრმა კობა სუბელიანმა ცნობილი გამოსახლებების გამო პასუხი უნდა აგოს. სააპელაციო სასამართლოსთან დევნილებს უფლებადაცმველი ლაშა ჩხარტიშვილიც ახლავს. ის ამბობს, რომ
მთავარ პროკურატურას კობა სუბელიანის და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხონით მიმართავენ:

”ეს საჩივარი ეხება, ერთი მხრივ, დევნილთა წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებს 2010-2011 წლებში და, მეორე მხრივ, კორუფციულ ფაქტებს, რომელთა შესახებაც არაერთი დევნილი ლაპარაკობს, და იმედი მაქვს, ისინი გამოძიებასთან ითანამშრომლებენ”.

კოალიცია ”დევნილთა უფლებებისათვის” ხელმძღვანელი ზურაბ ბენდიანიშვილი ამბობს, რომ დევნილები ხშირად ლაპარაკობენ ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობის უსამართლო გადაწყვეტილებებისა და კორუფციული გარიგებების შესახებ, თუმცა კონკრეტული ფაქტების გამოაშკარავების თხოვნისას უკან იხევენ - არ ან ვერ ადასტურებენ ბრალდებებს. ბენდიანიშვილის თქმით, ნიშანდობლივია ისიც, რომ ახალმა ხელისუფლებამ დევნილებს გაუჩინა იმედი, რომ ისინიც კი, ვინც სახელმწიფოსგან უკვე დაკმაყოფილდა, პროტესტის შემთხვევაში, პირობებს გაიუმჯობესებენ. ამ თვალსაზრისით, ბენდიანიშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ერთგვარი დილემის წინაშე დგას:

”რა თქმა უნდა, იყო უკანონო გამოსახლებები. მაგალითად, სასტუმრო ”აფხაზეთი” რომ ავიღოთ, იქ მცხოვრებ დევნილებს მიზერული თანხები მისცეს. ოჯახები გააერთიანეს, ბევრი ქუჩაში დარჩა, ზოგი ისევ ქირით წავიდა, ზოგმა გარაჟი იყიდა, რომ შესახლებულიყო და, ბუნებრივია, რომ ისინი ასაჩივრებენ ამას, მაგრამ არის ხალხი, ვისაც საერთოდ არაფერი მიუღია და თავის რიგს ელის”.

ამავე დროს, უკვე ერთი კვირაა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ღია კარის დღეები იმართება, სადაც მინისტრი და მისი მოადგილეები დევნილთა საინიციატივო ჯგუფებსა და ცალკეულ დევნილებს ხვდებიან. როგორც დავით დარახველიძე განმარტავს, ყველას უპირველესი პრობლემა საცხოვრებელი ფართია. დღეის მონაცემებით, დევნილთა მხოლოდ ერთი მესამედია დაკმაყოფილებული. ახალ ხელისუფლებას პრობლემების მოგვარებას ისინიც სთხოვენ, ვისაც ფართიც მიღებული აქვს და კუთვნილი კომპენსაციაც:
დავით დარახველიძე

დავით დარახველიძე


”პირველ და გადაუჭრელ პრობლემად დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება რჩება. ამ დროისათვის დევნილთა ნახევარზე ცოტას აქვს ეს ფართი მიღებული, მაგრამ ისინი დახმარებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, გაფართოებას მაინც ითხოვენ. მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც სახელმწიფოსგან კომპენსაციაც აიღო, თუმცა ეს ფული დახარჯა, ბინა კი კვლავაც არა აქვს და დღეს ამბობს, რომ მოატყუეს, შეცდნენ და თავიდან ითხოვენ ყველაფერს... ახლა საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად კრიტერიუმების შემუშავებაზე ვმუშაობთ, ვქმნით კომისიას, რომელიც ამ კრიტერიუმების საფუძველზე გადაწყვეტს ვინ სად უნდა შესახლდეს, თუმცა მთავარი მიდგომა ჩვენი ის არის, რომ ვინც თბილისშია რეგისტრირებული და ფართს თბილისში ითხოვს, მათთვის ვცდილობთ, რომ ფართები თბილისშივე გამოვყოთ”.

კობა სუბელიანის პოზიცია უცნობია. რადიო თავისუფლება, მთელი დღის მცდელობის მიუხედავად, მას ვერ დაუკავშირდა. ახალ მინისტრს, დავით დარახველიძეს ვკითხეთ, იყო თუ არა კონკრეტული დარღვევები ლტოლვილთა სამინისტროში, რაზეც დევნილები ლაპარაკობენ. მან გვითხრა, რომ ამჟამად სამინისტროში შიდა აუდიტი მუშაობს და წინასწარ დადასტურებით რამის თქმა გაუჭირდება, თუმცა არსებობს ეჭვები, რომ ამ უწყებაში ყველაფერი წესრიგში არ იყო. უფრო კონკრეტული სურათი, ამ მხრივ, წლის ბოლომდე გამოიკვეთება.
XS
SM
MD
LG