Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესი, რონალდუ თუ სუარესი?


ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების პრეტენდენტთა სია სამამდე შემცირდა. 12 აგვისტოს უეფამ გამოაქვეყნა იმ სამეულის გვარები, რომელიც ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ფედერაციების სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვის შედეგად შეირჩა. 27 აგვისტოს, მონტე-კარლოში, 54-წევრიან ჟიურის გადასაწყვეტი ექნება, ვის მიანიჭოს უპირატესობა: ესპანეთის „ბარსელონისა“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელს ლიონელ მესის, მის თანაკლუბელსა და ურუგვაის ეროვნული გუნდის ფორვარდს ლუის სუარესსა თუ მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელ თავდამსხმელს კრიშტიანუ რონალდუს.

სწორედ ამ სამმა ფეხბურთელმა მოაგროვა ქულათა ყველაზე მეტი რაოდენობა გამოკითხვის მეორე ტურში, რომელშიც კენჭისყრა შემდეგი პრინციპით ჩატარდა: ჟიურის ყოველ წევრს უნდა დაესახელებინა, მისი აზრით, სამი საუკეთესო იმ ათი მოთამაშიდან, რომელიც პირველი ტურის კენჭისყრის შედეგად შეირჩა (პირველი ადგილისთვის მოთამაშეს ენიჭებოდა სამი ქულა, მეორისთვის - ორი, მესამისთვის - ერთი).

უეფა არ ამხელს, რჩეულთა სამეულიდან ვინ რამდენი ქულა მოაგროვა, რათა გადამწყვეტ, მესამე ტურში სამივე კანდიდატისთვის თანაბარი პირობები უზრუნველყოს.

წლეულს უეფა (ევროპის სპორტული მედიის ასოციაციასთან თანამშრომლობით) უკვე მეხუთე წელია, პირდაპირი კენჭისყრის პრინციპით გამოავლენს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს. წინა კონკურსების ლაურეატები არიან ლიონელ მესი (არგენტინა), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი), ფრანკ რიბერი (საფრანგეთი) და კრიშტიანუ რონალდუ. 54-წევრიან ჟიურიში საქართველოს წარმოადგენს რადიო თავისუფლების კორესპონდენტი დავით კაკაბაძე.

XS
SM
MD
LG