Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტირიფონის საირიგაციო სისტემის აღდგენა იწყება


ტირიფონის საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი ნაწილი სარგებლობდა, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ არხი გადაკეტა. უწყლოდ დარჩენილ სოფლებში მოსავლის მოყვანა შეუძლებელი იყო. საქართველოს ხელისუფლება ალტერნატიულ გზებს ეძებდა ჭაბურღილებისა და ახალი კაშხლების მოწყობით, მაგრამ პრობლემის ბოლომდე მოგვარება მაინც შეუძლებელი აღმოჩნდა, ადგილობრივი მოსახლეობა კი მოსავალს ბოლო წლების განმავლობაში თითქმის ვერ იღებდა.

ტირიფონის სარწყავი სისტემა სათავეს დე ფაქტო რესპუბლიკის ტეერიტორიაზე იღებს, გადის გორის რაიონის სოფლებზე და ოსურ სოფლებთან - ორჭოსანსა და წინაგარასთან - სრულდება. წლების წინ გაუქმებული არხი ნაგვით და ქვა-ღორღით გაივსო და ახლა, ოსურმა მხარემ წყალი რომც გამოუშვას, არხის გამტარობა ძალიან დაბალია. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის გუშინდელ შეხვედრაზე ოსური მხარე სარწყავი არხის აღდგენის ინიციატივით გამოვიდა და ქართულ მხარეს გარანტია მოსთხოვა, რომ საკმარისი წყალი ოსურ სოფლებამდეც მივა. ცნობისათვის: წინაგარი და ორჭოსანი ქართული სოფლების გარემოცვაშია და სარწყავმა წყალმა, ვიდრე ამ სოფლებში მივა, გორის რაიონი უნდა გაიაროს. ოსური მხარის წინადადებით ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი ანდრიი დეშიცა დაინტერესდა და მხარეებს შემდეგი შეხვედრისთვის ჰუმანიტარული პრობლემების ერთობლივი მოგვარების საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას შეჰპირდა. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი აცხადებს, რომ თუ ოსური სოფლებისთვის წყლის მიწოდების გარანტია იქნება, სამუშაოები სწრაფად დაიწყება.

წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელი გელა ზოზიაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია, პირველ რიგში, არხი მთლიანად გაიწმინდოს და ამის შემდეგ სარწყავი წყლის მიწოდების პრობლემა არც ქართული და არც ოსური სოფლებისთვის აღარ იქნება.

საერთაშორისო დამკვირვებლები და მხარეების წარმომადგენლები პრობლემის მოსაგვარებლად არიან განწყობილნი, საქმეში აქტიურად ერთვება ეუთოს მისიაც. აღსანიშნავია, რომ მხარეებმა ერთობლივად პირველად ზონკარის წყალსაცავის პრობლემა გადაჭრეს. ცნობისათვის: გადავსებული და დაზიანებული წყალსაცავი, რომლის დაცლაც შეუძლებელი იყო, საფრთხეს უქმნიდა როგორც ქართულ, ისე ოსურ სოფლებს. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, ქართველი და ოსი სპეციალისტები ზონკარში მივიდნენ და მოახერხეს სპეციალური ტექნიკით გაჭედილი ფარები გაეხსნათ. ზონკარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მხარეებმა ერთობლივად შეძლეს პრობლემის მოგვარება. ახლა ტირიფონის საირიგაციო სისტემის აღდგენაზე იწყება მუშაობა.
XS
SM
MD
LG