Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხის ბუნტის დროს დაზარალებული მკურნალობის თანხას ითხოვს


ყოფილი პატიმარი დავით გაიხარაშვილი სახელმწიფოსგან თავისი მკურნალობის ანაზღაურებას მოითხოვს. ოპერაცია, რომელიც მას სჭირდება, საზღვარგარეთ უნდა გაკეთდეს და 106 750 ევრო ჯდება. მკურნალობა გაიხარაშვილს 2006 წლის ციხის ბუნტის შემდეგ დასჭირდა.

2006 წლის 27 მარტს ორთაჭალის ციხეში პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს. დავით გაიხარაშვილი საპატიმროში ერთი დღის მიყვანილი იყო. მას ბრალად ქურდობა ედებოდა. მის დაპატიმრებამდე რამდენიმე ხნით ადრე მოკლეს მისი ორი ძმა, რის შემდეგაც გაიხარაშვილმა მკვლელის ძებნა დაიწყო. სანამ მოძებნიდა, ის დააპატიმრეს.

დავით გაიხარაშვილი 27 მარტის ბუნტს ასე იხსენებს:

„დაჭრილი ბავშვი იყო იქ, იქნებოდა 19-20 წლამდე, 6 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ესენი ხალხს უკვე პირდაპირ ესროდნენ. მოვკიდე ამ ბიჭს ხელი და გავიყვანე. სანამ გავიყვანდი, სპეცრაზმს ვუყვიროდი, არ ისროლოთ-მეთქი. უამრავი დაჭრილი და დახოცილი ეყარა დერეფანში. ამათ ჩავუარე. როცა გავდიოდი, მირტყამდნენ. რა თქმა უნდა, ვიტანდი იმ დარტყმასაც. ძალაუნებურად ნელა მიდიხარ, ამხელა ბიჭი გიკავია, წაიქცევი და შენც ზედ მიგაყოლებენ. არ არსებობს იქიდან გაასწრო. ჩავიყვანე დაბლა, ჩავიყვანე და რაღაცა იდგა, სასწრაფოს მანქანაც არ იყო, დაჭრილები ისხდნენ, ზოგი ელაგა, ზოგი იჯდა. შევაწვინე შიგნით. აი, უკვე მერე მე აღარ მახსოვს. რომ ამაგდეს ჰაერში, აღარ დამიშვეს ქვევით კარგა ხანი“.

დავით გაიხარაშვილი აცხადებს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ ის რუსთავის ციხეში (N6) მოათავსეს. ამბობს, რომ სამი თვის განმავლობაში გამუდმებით სცემდნენ.

„ზუსტად ერთ თვეში დამეწყო ძვლების დაშლა. ერთ დღესაც, მინდა ადგომა და ვეღარ ვდგები, თურმე ძვლები აღარა მაქვს მენჯში. ჩავვარდი ლოგინად“.

დავით გაიხარაშვილი ოპერაციის გასაკეთებლად წმინდა მიხეილ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში (ე.წ. მიხაილოვის) გადაიყვანეს. ოპერაცია რამაზ აღლემაშვილმა გაუკეთა. გაიხარაშვილი ამბობს, რომ ოპერაცია არასწორად ჩაუტარდა, რის შედეგადაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ფეხზე ადგომა ოპერაციიდან მეხუთე წელს შეძლო, თუმცა ახლაც მხოლოდ ახლო მანძილზე გადაადგილება შეუძლია.

2008 წლის 15 ოქტომბერს დავით გაიხარაშვილი პირობითი სასჯელით გამოუშვეს. მან საავადმყოფოს მოთხოვნით მიმართა, არასწორად გაკეთებული ოპერაციის საკომპენსაციოდ მეორე ოპერაციის თანხა გადაეხადათ. მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 2011 წელს გაიხარაშვილმა საქალაქო სასამართლოში შეიტანა საჩივარი.

დღეს დავით გაიხარაშვილი პენსიონერ დედასთან, ქეთევან გიგაურთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, რომლის ქირის გადახდასაც უკვე თვეებია ვერ ახერხებს. ქეთევან გიგაური ამობს, რომ თვეში 1000 ლარის მხოლოდ წამლები სჭირდება. მათი მთელი შემოსავალი სოციალური დახმარება და პენსიაა:

„დიდი ბინა მქონდა, ეზოთი. ერთი წუთი არ მიფიქრია, ისე, 24 საათში, გავყიდე, რომ დათოს ციხეში წამლები არ მოჰკლებოდა, მისთვის სპეციალისტები რომ შემეყვანა. მე ნამდვილად არ მეგონა, რომ ახლა რა დღეშიც ვარ, იმ დღეში ჩავვარდებოდი“.

სასამართლოში დავით გაიხარაშვილის უფლებებს ადამიანთა უფლებების დაცვისა და პატიმრების სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია იცავდა. მისი წარმომადგენელი მამუკა ტივიშვილი ამბობს, რომ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ საკმაოდ გაუგებარი დასკვნა დაწერა. ამის გამო სასამართლოში მომჩივარმა წარმატებას ვერ მიაღწია. ტივიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სააგენტომ ექსპერტიზისთვის მიმართა იმ სპეციალისტს, რომელიც ოპერაციის ჩატარებისას ექიმების კონსულტანტი იყო, ანუ, ფაქტობრივად, დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენდა:

“სანახევროდ დაწერილი დასკვნა იყო. წერდნენ, რომ დაზიანებები არის მიყენებული დავით გაიხარაშვილის ჯანმრთელობისთვის, თუმცა ცალსახად დასკვნას ვერ გამოიტანდი, იყო თუ არა ეს დაკავშირებული უხარისხოდ ჩატარებულ ოპერაციასთან“.

რამაზ აღლემაშვილი, რომელმაც თავის დროზე გაიხარაშვილს ოპერაცია ჩაუტარა, ამბობს, რომ პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იყო და მას ოპერაციის შემდეგაც სჭირდებოდა მკურნალობა, რაც არ მოხდა და შედეგიც შესაბამისი დადგა:

„ჩატარდა ჯანდაცვის სამინისტროში კვლევები, გამოიძიეს ეს საქმე. ტრავმატოლოგიურმა ასოციაციამაც განიხილა. არსად არ ჩანს, რომ ჩემმა ოპერაციამ მას რამე დაზიანება მიაყენა“.

აღლემაშვილი ასევე აცხადებს, რომ გაიხარაშვილს ჰქონდა თანდაყოლილი დაავადება, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ციხეში ის უფრო გაურთულდა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი თამარ ბოდოკია აცხადებს, რომ გაიხარაშვილს მოთხოვნის საპასუხოდ სამინისტროსგან წერილი გადაეგზავნა, რომლის შინაარსის გამჟღავნების უფლება მას არა აქვს.

აღნიშნული წერილი რადიო თავისუფლებას ქეთევან გიგაურმა მოაწოდა. ამ წერილის მიხედვით, საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით სამინისტრო კომისიაზე განსახილველად დამატებით დოკუმენტებს ითხოვს. ამავე წერილში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ კომისია ძირითადად უფრო სხვა სპეციფიკის შემთხვევებზეა ორიენტირებული, კერძოდ, იმ შემთხვევებზე, როდესაც სამედიცინო ჩარევის გარეშე პაციენტს დაღუპვა ემუქრება.
  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG