Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასაარჩევნო შეხვედრა და ვერელების გასაჭირი


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

დეპუტატობის კანდიდატები წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. ამ კამპანიის ფარგლებში მთაწმინდის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც რამდენჯერმე შეხვდა მოსახლეობას.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აღნიშნეს, რომ მთაწმინდის რაიონში ყველაზე დიდი პრობლემა ავარიული სახლები და მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობაა.

სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე ევროპულ ღირებულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპულობაში ის, უპირველეს ყოვლისა, ადამიანისა და ქვეყნის დაცულობას გულისხმობს:

გადმოწერა

„ჩვენ ევროპულობა აქ უნდა შემოვიტანოთ, ჩვენს ყოველდღიურობაში. ეს არის ჩვენი ცხოვრების წესი და არა სადღაც სხვაგან არსებული ღირებულებები. მინდა პასუხი გავცე ერთ-ერთ ჩემს კონკურენტს, რომელიც ავრცელებს ჭორს, რომ მე არ მიყვარს არაქართველები. მე არ ვიცი, რა არის არაქართველი, მე ვიცნობ და ვაღიარებ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს. მე ვარ ევროპელი და ვიცი, რას ნიშნავს მოქალაქე. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მოქალაქის წარმოშობას, რელიგიას და ეს არის ევროპულობა“.

მთაწმინდის რაიონის მცხოვრებლები ამბობენ, რომ უბანში ძირითადი პრობლემა შენობებია - როგორც ძველი, ისე ახალი:

„პრობლემა ვერაზე და ვაკეში არის მაღალსართულიანი სახლების მშენებლობა. მერვე სართულზე ვცხოვრობ. ადრე მთელ თბილისს ვუყურებდი, ახლა მარტო კორპუსებს ვუყურებ. ჰაერიც აღარ მოძრაობს“.

„ჩვენს ქუჩაზე, ნიკოლაძეზე, მანქანები ჩამოდიან. ერთი ბეწო ქუჩაა და ვერ გადახვალ. აშენდა ორი დიდი კორპუსი. ჰაერი არ არის. საშინელი მდგომარეობაა ამ მხრივ“.

„მთელი ქუჩა (შიო მღვიმელი) ჩაბნელებულია. ნათურები გადამწვარია და მიხედვა უნდა“.

„ფიქრის გორა ყოველთვის ნაკრძალივით იყო, პატარა ხუთსართულიანი სახლებით, და ახლა არის თორმეტ და თოთხმეტსართულიანი სახლები“.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მოსახლეობას არარეალურ დაპირებებს ვერ მისცემს, ისეთს, მაგალითად, როგორიცაა პენსიის გაზრდა, მაგრამ აღნიშნავს, რომ მთაწმინდის რაიონში, გარდა ზოგადი პრობლემებისა, არსებობს სპეციფიკური პრობლემებიც, რომლებიც უნდა გადაწყდეს:

„დაბინძურების პრობლემა, რომელიც ძალიან სერიოზული პრობლემაა თბილისში და საქართველოში; არქიტექტურის, ძეგლების პრობლემა, რომელიც, ასევე, მთელ თბილისს ეხება, მაგრამ უფრო გამოკვეთილია მთაწმინდაზე. მთაწმინდა კი არის სიმბოლო თბილისში და ამიტომ ეს პრობლემები ჯერ მთაწმინდაზე უნდა გადაწყდეს“.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში ის განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ჯანდაცვას, ასევე საკითხებს, რომლებიც მარტოხელა დედებისა და ბავშვების უფლებებს ეხება.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG