Accessibility links

logo-print

გასულ კვირას მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანელ ტურისტთა რაოდენობის შემცირების გამო საქართველოში ირანიდან რეისების აღდგენა აღარ იგეგმება. ირანელი ტურისტების რაოდენობის შემცირება საქართველოში გამოხატულებაა იმ საერთო ტენდენციისა, რომელიც ასახულია ტურიზმის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ პირველი კვარტალის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით,საქართველომ 2015 წლის პირველ კვარტალში 986 366 საერთაშორისო მოგზაური მიიღო, რაც 2 %-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საერთაშორისო მოგზაურთა უდიდესი წილი მეზობელ ქვეყნებზე მოდისდა მთლიანი ვიზიტორების 91 %-ია.საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო მოგზაურების 87 % ქვეყანაში სახმელეთო საზღვრებიდან შემოვიდა.

სტატისტიკურად, საქართველოში შემოსული მოგზაურების უდიდესი წილი ზაფხულის სეზონზეა. საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე 24 საათი და მეტი დროით ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურების 35 % დარჩა, რაც ტურისტების ნაწილია. დამატებით ხდება 24 საათზე ნაკლები პერიოდით ჩამოსულთა და ტრანზიტულ ვიზიტორთა დათვლაც. მათი წილი, შესაბამისად, 44 %-სა და 21 %-ს შეადგენს.

საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობით აზერბაიჯანი ლიდერობს. პირველი კვარტალის მონაცემებით, აზერბაიჯანიდან 283 504 (6 %) საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ 2014-2015 წლის I კვარტალის მონაცემებით, ტოპ 15 ქვეყანაში ცვლილებაა. ახალი სავიზო პოლიტიკის გამო ირანმა დაკარგა პოზიციები და მეექვსე ადგილიდან მე-10 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ერაყი და ჩინეთი საერთოდ აღარ ხვდებიან ტოპ 15 ქვეყანაში. მათი ადგილი ლიტვამ და ბელარუსმა დაიკავა.

უკანასკნელ თვეებში აღსანიშნავია მოგზაურების ზრდა გერმანიიდან (64 %), ყაზახეთიდან (29 %) და გაერთიანებული სამეფოდან (14 %). გერმანელი ვიზიტორების ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა გერმანია-საქართველოს საფეხბურთო მატჩმა. პირველ კვარტალში მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება ბელარუსიდან (39 %), რაც გამოწვეულია საქართველოსა და ბელარუსს შორის ავიამიმოსვლის გახშირებით. პირდაპირი ავიარეისის გახსნამ ლიტვის მიმართულებით გამოიწვია დიდი რაოდენობის მოგზაურთა შემოდინება ამ ქვეყნიდან. პირველი კვარტალის მონაცემებით, ლიტველი ვიზიტორების რიცხვმა 2 294 შეადგინა, რაც 136 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, პირველი კვარტალის მონაცემებით, ევროპელი მოგზაურების რიცხვმა 31 953 შეადგინა, მათი წილი პირველი კვარტალის მთლიან რაოდენობაში 3 %-ია.

სულ ცოტა დარჩა საქართველოში ზაფხულის ტურისტული სეზონის დადგომამდე. სეზონის წარმატებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული არა მხოლოდ ტურიზმის სფეროს, არამედ ეროვნული ვალუტისა და, ნაწილობრიივ, მთლიანად ეკონომიკის ბედიც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG