Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზილფიმიანი დავის პოლიტიკურ მხარეზე საუბრობს


”პირველი სტერეოს” ყოფილმა დირექტორმა დავით ზილფიმიანმა 22 მაისს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას და მის ყოფილ პარტნიორებს შორის დავა ფინანსურ საკითხებს გასცდა და პოლიტიკურში გადაიზარდა. ეს კი, დავით ზილფიმიანის სიტყვებით, მისი ყოფილი ფინანსური პარტნიორის, დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის დამსახურებაა. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია ”პირველ სტერეოში” ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტელეკომპანიის ძველი დირექტორი, დავით ზილფიმიანი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ახალ დირექტორად კი ვასილ კობაიძე დაინიშნა. დავით ზილფიმიანი ტელეკომპანიის 22–პროცენტიანი წილის მფლობელია, ვასილ კობაიძე კი 65 პროცენტს ფლობს. ზილფიმიანი კობაიძეს თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებს, კობაიძე კი ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება, კანონის სრული დაცვით, პარტნიორთა საერთო კრებაზე იქნა მიღებული.

დავით ზილფიმიანის განცხადებით, 18 მაისს მისმა ფინანსურმა პარტნიორმა ვასილ კობაიძემ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება მისი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საკუთარი თავის დირექტორად დანიშვნის შესახებ - საქმის კურსში არ ჩაუყენებია და, ამდენად, არც გაუთვალისწინებია ტელეკომპანიის სხვა, იტალიელი მეწილეების აზრი, რითაც დაირღვა საქართველოს კანონი, რომელიც პარტნიორთა კრების წესებს არეგულირებს. ”პირველი სტერეოს” 22-პროცენტიანი წილის მფლობელის დავით ზილფიმიანის განცხადებით, თანამდებობრივ დავას წინ უძღოდა ქონებრივი დავა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ზილფიმიანის კუთვნილი 22–პროცენტიანი წილის დაყადაღებით დასრულდა. დავით ზილფიმიანის თანახმად, პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც შვილის სახელზე, რომელიც იტალიის მოქალაქეა, 11 მაისს ”სტერეო პლუსი” გადააფორმა და ტელეკომპანია ”მეცხრე არხთან” ტექნიკურ მომსახურებაზე კონტრაქტი დადო.

პარტნიორთა კრება კანონდარღვევით ჩატარდა - დაირღვა მეწარმეთა შესახებ კანონი: პარტნიორებს არ შეატყობინეს პარტნიორთა კრების დანიშვნის თარიღი ...
დავით ზილფიმიანი
დღევანდელ პრესკონფერენციაზე დავით ზილფიმიანმა თქვა, რომ ვასილ კობაიძემ სარჩელი შეიტანა ქონების დაყადაღების მოთხოვნით იმიტომ, რომ ”სტერეო +”-ის შექმნა ეწინააღმდეგება ”პირველი სტერეოს” ინტერესებს. დავით ზილფიმიანის ადვოკატის, იოსებ ბარათაშვილის განცხადებით, სასამართლოს არ ჰქონდა საფუძველი ზილფიმიანის ქონების დასაყადაღებლად და ახლა ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ; ამასთან, გასაჩივრდება პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებაც.

”პარტნიორთა კრება კანონდარღვევით ჩატარდა - დაირღვა მეწარმეთა შესახებ კანონი: პარტნიორებს არ შეატყობინეს პარტნიორთა კრების დანიშვნის თარიღი, ისე გაათავისუფლეს ბატონი დავითი თანამდებობიდან და, ბუნებრივია, პარტნიორთა კრების ეს გადაწყვეტილება ექვემდებარება ბათილად ცნობას და იგი იქნება გასაჩივრებული. მეორე - ეს არის ის, რომ რაღაც გამოგონილი მიზეზებით დაადეს ყადაღა როგორც წილს ”პირველ სტერეოში”, ისე ”სტერეო+”-ში დავით ზილფიმიანისას და პლუს დააყადაღეს სიხშირეები.”

დავით ზილფიმიანის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაყადაღებულია არა მარტო "სტერეო +"-ისა და "პირველი სტერეოს" ქონება, არამედ დაყადაღებულია "სტერეო +"-ის საკუთრებაში არსებული ყველა სამაუწყებლო ლიცენზია:
2012 წლის 12 მაისის განჩინებით, ყადაღა დაედო დავით ზილფიმიანის კუთვნილ წილს შპს ტელეკომპანია „პირველ სტერეოში” და შპს ”სტერეო+”-ში ...
დავით ზილფიმიანი

”ამჟამად დაყადაღებულია არა მარტო ჩვენი ქონება, არამედ ჩვენს საკუთრებაში არსებული ყველა ლიცენზია - კიდევ ერთი ინდიკატორი იმისა, რომ ეს არის პოლიტიკური ბრძოლა.”

თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესცენტრის მიერ შაბათს გავრცელებულ პრესრელიზში დავით ზილფიმიანის წილებზე ყადაღის დადების საფუძვლად შემდეგი მიზეზი დასახელდა:

”2012 წლის 12 მაისის განჩინებით, ყადაღა დაედო დავით ზილფიმიანის კუთვნილ წილს შპს ტელეკომპანია „პირველ სტერეოში” და შპს ”სტერეო+”-ში. ეს არის არა ტელეკომპანია ”პირველი სტერეოს” ან ”სტერეო+”-ის ქონება, არამედ დავით ზილფიმიანის პირადი საკუთრება. ყადაღით იტვირთება მოპასუხის ქონება და ამიტომ ყადაღა დაედო მის კუთვნილ წილს სხვა კომპანიაშიც, სადაც ვასილ კობაიძე არ არის პარტნიორი.”

განცხადების მიხედვით, თუ დავა მოპასუხის, ანუ დავით ზილფიმიანის, სასარგებლოდ გადაწყდა, კანონის თანახმად, ყადაღა გაუქმდება. ამ საკითხზე სარჩელს უახლოეს ხანში შეიტანს დავით ზილფიმიანი სასამართლოში.
22 მაისს დავით ზილფიმიანი, თავისი ყოფილი ბიზნესპარტნიორის, ვასილ კობაიძის წარმომადგენელს, გიორგი ყავლაშვილს შეხვდა. ყავლაშვილმა განაცხადა, რომ პარტნიორებს შორის ურთიერთობის დალაგების პროცესი დაწყებულია და ყველა სადავო საკითხი 2 დღეში ამოიწურება და მისი შედეგი იქნება ის, რომ ”პირველი სტერეოს” თანამშრომლები შენობაში შესვლას შეძლებენ.

როგორც მედია პორტალ Media.ge-ის ვებსაიტზე ვკიხულობთ, „პირველ სტერეოს“ 4 დამფუძნებელი ჰყავს: დავით ზილფიმიანი ტელეკომპანიის 22 პროცენტის მფლობელია, 10 პროცენტს იტალიის მოქალაქე მარკო კუპოლეტი ფლობს, 3 პროცენტს კი - ასევე იტალიის მოქალაქე, ლუკა სევერინი; 65 პროცენტიანი წილი ვასილ კობაიძეს ეკუთვნის. მას „პირველი სტერეოს“ 65 პროცენტიანი წილი „საქართველოს ინდუსტრიულმა“ ჯგუფმა დაუთმო, რომლის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული „ჩემექსიმ ინტერნეშენალია“. ამ ოფშორული კომპანიის დირექტორი კი საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გელა ბეჟუაშვილისა და პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილის მამა, რობერტ ბეჟუაშვილია.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG