Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესმენი ენგელი: "გულხელდაკრეფილი არ უნდა ვუყურებდეთ, როგორ ახდენს რუსეთი ზეწოლას თავის მეზობლებზე."


აშშ-ის კონგრესმენი ელიოტ ენგელი
აშშ-ის კონგრესმენი ელიოტ ენგელი
აშშ-ის კონგრესის გავლენიანი დემოკრატი წევრის, ელიოტ ენგელის განცხადებით, ვაშინგტონი გულხელდაკრეფილი არ უნდა უყურებდეს, როგორ ახდენს რუსეთი ზეწოლას თავის მეზობლებზე, რომლებიც ევროპის კავშირთან დაახლოებას ესწრაფვიან. რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა განაცხადა, რუსეთს უნდა შევაგნებინოთ, რომ ჩვენთვის ცნობილია მისი ქცევა და რომ ის არ მოგვწონსო. ჩვენი კორესპონდენტის შეკითხვას, ხომ არ ივიწყებს დასავლეთი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტსო, ენგელმა ასე უპასუხა:

„დიახ, ვივიწყებთ და, გულახდილად უნდა გითხრათ, ჩვენდა სამარცხვინოდ ვივიწყებთ. ზოგჯერ ჩვენ ლამის თვალს ვცუჭავთ, რასაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვაკეთებდეთ. პუტინს ჰგონია, რომ შეუძლია მივიდეს სადაც სურს და ვითარება აურ-დაურიოს, სხვები კი რუსეთის ასეთ აგრესიულ ქმედებას თითქოს არ იმჩნევენ. ვფიქრობ, ეს ის საკითხია, რომელსაც გამუდმებით უნდა ვაყენებდეთ და არ ვივიწყებდეთ.“

გასულ კვირაში კონგრესმენმა ენგელმა საგანგებო წერილი მისწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის, რომელშიც საგარეო უწყებას მოუწოდა, უფრო აქტიურად იმოქმედოს რუსეთის მეზობელთა მხარდასაჭერად:

„რუსეთი იწყებს ბატონობას და ვფიქრობ, რუსეთს უნდა შევაგნებინოთ, რომ ჩვენთვის ცნობილია მისი ქცევა, რომ ის არ მოგვწონს და რომ შევეცდებით მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ ამ ქვეყნებს გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც ნებით სურთ, რომ არ დააშინონ ნვთობისა თუ გაზის გადაკეტვით, ან მათი პროდუქციის ბოიკოტირებით“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას კონგრესმენმა.

ელიოტ ენგელი ხაზს უსვამს აშშ-ის მორალურ როლს რუსეთის მეზობელი ქვეყნების მიმართ: „აშშ-ის მორალური ძალა ძალიან დიდია მთელ მსოფლიოში. ეს ქვეყნები კი თავს მიტოვებულად გრძნობენ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ამიხსნეს. არ უნდა დავუშვათ, რომ ისინი დააშინონ პუტინმა და რუსეთმა. ეს გასაგები უნდა იყოს და სწორედ ამიტომ მივწერე წერილი სახელმწიფო მდივან კერის, რომ ჩვენ აღარ უნდა მოვითმინოთ ამგვარი ქმედება“.
XS
SM
MD
LG