Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


გასული კვირის განმავლობაში ისევ აქტუალური იყო „პანამის დოკუმენტების“ სახელით ცნობილი ჟურნალისტური გამოძიება, რომელმაც გამოააშკარავა არაერთი პოლიტიკოსისა თუ ბიზნესმენის ფარული ფინანსური ანგარიშები ოფშორულ ზონებში.

5 აპრილს ევროკომისიის საფინანსო სამსახურის კომისარმა ჯონატან ჰილმა წარადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა შემუშავდეს კანონმდებლობა, რათა კორპორაციების ფინანსური საქმიანობა გახდეს უფრო გამჭვირვალე.

ევროკომისიის ამ გეგმას ზოგიერთი დასავლური გამოცემა მიესალმება, თუმცა ზოგიერთი ეჭვით უყურებს.

გერმანიის ფინანსთა მინისტრი ვოლფგანგ შუბლე აპირებს შეიმუშაოს ათპუნქტიანი გეგმა გადასახადებისგან თავის არიდებასთან საბრძოლველად. გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებელი დოიჩლენდფუნკი 11 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში ვარაუდობს, რომ პრობლემის მოგვარება მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობითაა შესაძლებელი.

„რატომ ერთვება ბრიტანეთის მთავრობა გადასახადების დამალვის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიებში ასე სიხარულით, როდესაც არაფერს აკეთებს თავის კუნძულებზე გახსნილი ასობით ჩრდილოვანი კომპანიის წინააღმდეგ? ან რატომ უწესებს აშშ-ის მთავრობა სანქციებს იმ ქვეყნებს, რომლებიც იფარებენ გადასახადების თავის არიდებაში შემჩნეულ აშშ-ის მოქალაქეებს, როდესაც არაფერს აკეთებს დელვერში პოპულარული ჩრდილოვანი კომპანიების წინააღმდეგ?“ - წერს გამოცემა და დასძენს, რომ ყველა გამომძიებელი, რომელიც ყოველდღიურად ებრძვის ფინანსურ დანაშაულს, ეჭვქვეშ აყენებს გერმანიის ფინანსთა მინისტრის მიერ შემოთავაზებულ გეგმას.

ბრიტანული კონსერვატიული გამოცემა „დეილი ტელეგრაფი“ კი 7 აპრილს წერდა, პრობლემა არის არა ოფშორულ კომპანიებში, არამედ სუსტ კანონმდებლობაშიო.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ოფშორული ფინანსური საქმიანობა კანონიერია და ძალიან სასარგებლო საერთაშორისო ბიზნესისთვის. პრობლემა ისაა, რომ ამის მარეგულირებელი კანონმდებლობა, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნა, გლობალიზაციამდე დიდი ხნით ადრე შეიქმნა.

„ამიტომაც, საჭიროა გასწორდეს კანონები და დაისაჯონ დამრღვევები და არ გამოვეკიდოთ იმათ, ვისი ერთადერთი დანაშაულიც მათი სიმდიდრეაო“, წერს „დეილი ტელეგრაფი“.

ლტოლვილების ნაკადის შესაჩერებლად ავსტრიამ იტალიასთან სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება დაიწყო, რამაც დასავლური პრესის მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

ბელგიური ინტერნეტგამოცემა „ეურაქტივი“ 14 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ კონტროლის გამკაცრების შემდეგ ბრენერის გასასვლელი ავსტრია-იტალიის საზღვარზე, შესაძლებელია, ახალ იდიომენად იქცეს, ანუ აქ ლტოლვილთა დიდი ბანაკები გაჩნდეს:

„შესაძლოა, ზოგიერთმა მიგრანტმა საფრანგეთისკენ აიღოს გეზი, შედეგად კი, სავარაუდოდ, ეს ქვეყანაც გაამკაცრებს სასაზღვრო კონტროლს. რომს კი ამ ახალი საიმიგრაციო ზომების მიმართ მწვავე რეაქცია ექნება, რადგან ეს ჩაითვლება მეზობელი ქვეყნების მიერ იტალიის იზოლაციის მცდელობად“, წერს ბელგიური ვებგვერდი.

„დაუნგრეველი ორმაგი სტანდარტების კედელს“ უწოდებს ამ ამბავს იტალიური გამოცემა „ილ გიორანელე“.

„პოლიტიკოსები ამ კრიზისს ორნაირად გამოეხმაურნენ: ერთი ნაწილი ამბობდა, რომ პრობლემა არსებობს და უნდა გადაიჭრას, სხვები კი ისე იქცეოდნენ, თითქოს პრობლემა საერთოდ არ არის“. შედეგად, ერთნი პოპულისტებად მოინათლნენ, მეორენი კი - კარგებად ან გულუბრყვილოებად. ნებისმიერმა, ვისაც ოდნავ მაინც შერჩენია საღი აზრი, უნდა გააცნობიეროს, რომ პოლიტიკოსები, რომლებმაც ყურადღება არ მიაქციეს მიგრაციის კრიზისის შედეგებს, სულელები არიან“, - წერს იტალიური ეროვნულ-კონსერვატიული გამოცემა.

უცხოურ პრესაში განიხილებოდა უკრაინის მორიგი სამთავრობო კრიზისიც. 12 აპრილს გადადგა პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი, რომელიც ვლადიმირ გროისმანმა ჩაანაცვლა.

შვეიცარიული გამოცემა „ნოიე ზურხერ ცაიტუნგი“ 13 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში გამოთქვამს აზრს, რომ ერთადერთი გამოსავალი უკრაინისთვის საკანონმდებლო რეფორმაა.

მემარჯვენე გამოცემა წერს, რომ ქვეყნის პარლამენტში ჯერ კიდევ დომინირებენ პარტიები, რომლებიც ფინანსურად დიდწილად არიან დამოკიდებულნი ოლიგარქებზე. იგივე ხდება მედიაშიც - ოლიგარქები ფლობენ მთავარ სატელევიზიო არხებს. პოლიტიკური ელიტა, რომელიც რევოლუციის შემდეგ მხოლოდ ნაწილობრივ განახლდა, ამ სისტემის გამო ხელფეხშეკრულიაო, ვკითხულობთ სტატიაში.

„ძალაუფლება ფულია, ფული ძალაუფლებაა და ვინც ამ წესებით ვერ თამაშობს, ავტომატურად ვარდება მოედნიდან. საჭიროა სასამართლოებისა და პროკურატურის რეფორმა - სხვაგვარად ყველაზე დახვეწილი ანტიკორუფციული კანონმდებლობაც კი უძლურიაო“, - წერს გამოცემა და დასძენს, რომ ეს ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა უკრაინის გათავისუფლებისათვის მისივე მოძველებული სისტემისგან.

ფინური ყოველდღიური გაზეთი „ტურუნ სანომატი“ ეჭვობს, რომ უკრაინისთვის ვერაფერს შეცვლის ვერც ახალი პრემიერ-მინისტრი.

ლიბერალური გამოცემა ამის მთავარ მიზეზად ძველ სისტემას მიიჩნევს, საიდანაც უკრაინა ჯერაც ვერ გამოსულა. „იაცენიუკის მთავრობამ ვერ გაამართლა იმედები და მოლოდინები, რომლებიც მის მიმართ იყოო“. გაზეთი ვარაუდობს, რომ შესაძლებელია ეკონომიკური რეფორმებისთვის საფუძველი შეიქმნას აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის განმუხტვით, ასევე რუსეთსა და ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგებით, თუმცა შიშობს, რომ უკრაინის შესაძლებლობები ამ მხრივაც შეზღუდულია.

XS
SM
MD
LG