Accessibility links

logo-print
მოძრაობამ „პარტიზანული მებაღეობა“ თბილისის მერიის შენობასთან ვაკის პარკში, ყოფილი რესტორან „ბუდაპეშტის“ ტერიტორიაზე, ამავე სახელწოდების ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა გააპროტესტა. სოციალური ქსელით ორგანიზებულ საპროტესტო აქციას რამდენიმე ასეული ადამიანი შეუერთდა. მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე კი ამბობს, რომ, პროტესტის მიუხედავად, ვაკის პარკში სასტუმრო აუცილებლად აშენდება.

რამდენიმე ასეული ადამიანი შეკრიბა სურვილმა, გადაარჩინონ „ვაკის პარკი“. ხელში ტრანსპარანტებით - „მერია მეტასტაზია, მერია ჩვენი მტერია“, „ხერხს - ჟანგი, ხალხს - ჟანგბადი“ და სხვ., თბილისის მერიის შენობის წინ შეკრებილები მოითხოვდნენ სარეკრეაციო ზონაში 7-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის შეჩერებას.

7 წლის ვერა, თავისი ხელით დახატული პლაკატით ხელში, მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას დედასთან ერთად შეუერთდა:

„მე იმიტომ მოვედი, რომ არ მინდა ვაკის პარკი გაანადგურონ, იმიტომ რომ დავდივარ ხოლმე ვაკის პარკში, რომ სუფთა ჰაერი ვისუნთქო“.

ამ საჩივრებს ძალიან უცებ დებენ თაროზე. ერთადერთი სამოქალაქო ჩართულობაა. თითოეულმა მოქალაქემ არ უნდა დაიზაროს, არ უნდა იფიქროს, მე ამას ვერ შევცვლიო...
აქციის ორგანიზატირები მიიჩნევენ, რომ თბილისის მერიამ ბოროტად გამოიყენა სპეციალური ზონალური შეთანხმების გაფორმების უფლება და, საკრებულოს მხარდაჭერით, გასცა ნებართვა მშენებლობაზე, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ვაკის პარკის სარეკრეაციო ზონას და საზოგადო სივრცის კერძო ინტერესებისათვის ბოროტად გამოყენების ფაქტს წარმოადგენს. „პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტის ნატა ფერაძის სიტყვებით, სამოქალაქო აქტივობა არის მთავარი საშუალება ვაკის პარკში, ყოფილი რესტორან „ბუდაპეშტის“ ადგილას, ამავე სახელწოდების სასტუმროს მშენებლობის შესაჩერებლად. მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობის წევრები სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ, არ აპირებენ სასამართლო გადაწყეტილებას უმოქმედოდ დაელოდონ:

„ამ საჩივრებს ძალიან უცებ დებენ თაროზე. ერთადერთი სამოქალაქო ჩართულობაა. თითოეულმა მოქალაქემ არ უნდა დაიზაროს, არ უნდა იფიქროს, მე ამას ვერ შევცვლიო... ჩვენ ამას შევძლებთ ყველანი ერთად. ეს არის ჩვენი არჩეული ხალხი და ჩევნ ამას შევცვლით“.

სასტუმროს ასაშენებლად ნებართვის გაცემას გარემოში ჩარევასა და ინვესტორის ინტერესებს შორის ბალანსის დაცვით ხსნის თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე. მისი სიტყვებით, მაშინ, როცა 2015 წელს თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიადაა დაგეგმილი და ქალაქს სასტუმროები და საწოლები აკლია, ამასთან, როცა სამუშაო ადგილების შექმნაზეა საუბარი, ძნელია არჩევანი მხოლოდ გარემოს შენარჩუნების სასიკეთოდ გაკეთდეს. ამასთან, სევდია უგრეხელიძის თქმით, ნებართვა კანონიერადაა გაცემული:



„ეს ტერიტორია იყო ყოფილი რესტორან „ბუდაპეშტის“ ტერიტორია, რომელიც 90-იან წლებში დაიწვა და ის არასდროს შედიოდა ვაკის პარკის საზღვრებში და არც ახლა შედის, ვინაიდან ეს არის კერძო საკუთრება და კერძო საკუთრებაა 90-იანი წლებიდან, იგი ახლა არ გამხდარა კერძო საკუთრება. ეს თემა არის აშკარად ან ძალიან დიდი შეცდომა, ან საგანგებო პროვოკაცია, რომ თითქოს ეს ვაკის პარკს რამენაირად ეხება. მართალია, არის სარეკრეაციო ზონა, მაგრამ კანონის სრული დაცვით არის გაცემული ნებართვა“.

პრობლემა ისაა, რომ კანონი ცუდია, მაგრამ ცუდი კანონიც კი იცავს სარეკრეაციო ზონებს, ამბობს „პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტი ერეკლე ურუშაძე. მისივე თქმით, პრობლემას ქმნის ის უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც ერთპიროვნულად მიიღო თბილისის მაშინდელმა მერმა, გიგი უგულავამ. ცუდი კანონიც კი კრძალავს სარეკრეაციო ზონაში სასტუმროს მშენებლობას, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, ამბობს ერეკლე ურუშაძე და განმარტავს, რომ კანონში ნათქვამია, თუ როდის შეიძლება ეს გამონაკლისი იქნეს დაშვებული - როცა ეს არ ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესებს და როცა ამას მოითხოვს ქალაქის განვითარების ინტერესები. ამ შემთხვევაში კი ყველა ეს მოთხოვნა დარღვეულია:

ქალაქში, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრალურ უბნებში, არ უნდა ხდებოდეს მსგავსი მშენებლობები. პირიქით, თუ სადმე საშუალებაა, უნდა ხდებოდეს არათუ გამწვანებული ადგილების შენარჩუნება, არამედ, თუ ტერიტორია იძლევა ამის საშუალებას, უნდა ხდებოდეს გამწვანება...
„ინვესტორი ამბობს, რომ ეს არ არის ვაკის პარკი. სამწუხაროდ, ვაკის პარკის წითელი ხაზები მოშლილია - ეს მერიის სინდისზეა - და ამიტომ ვერ ვიტყვით, ვაკის პარკი სად იწყება და სად მთავრდება, მაგრამ ყველა ადამიანი, რომელიც ვაკის პარკში დადის, გეტყვით, რომ ეს არის ვაკის პარკი; მეორეც, დღევანდელი კანონით, ეს არის სარეკრეაციო ზონა 2, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ვაკის პარკის ტერიტორია, მიუხედავად იმისა, რომ ვაკის პარკის სიღრმეშია, მაინც ეს არის ვაკის პარკის სარეკრეაციო ზონა 2-ში და ერთადერთი სამართლებრივი საფუძველი ამ მშენებლობის არის ეს სპეციალური ზონალური შეთანხმება, რომელიც, ჩვენი აზრით, კანონდარღვევით გასცა თბილისის მერმა. რაც შეეხება ნანგრევებს, ამ ტერიტორიაზე, მართლაც, საბჭოთა კავშირის დროს იყო რესტორანი „ბუდაპეშტი“. რესტორანი „ბუდაპეშტი“ შედგებოდა ორი-სამი ერთ და ორსართულიანი მცირე შენობისგან და საერთო ფართი იყო 400 კვადრატული მეტრი. ამ ერთ და ორსართულიანი მცირე ზომის შენობების ნაცვლად, დღეს შენდება 7-სართულიანი სასტუმრო, რომელიც 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მეტს იკავებს და ეს არის აბსოლუტურად შეუდარებელი იმასთან, რაც იქ თავის დროზე იყო“.

საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან

საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან

ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის თემას გამოეხმაურა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე. ის ვაკის პარკში მშენებლობის დაწყებას არ ეთანხმება. იმას, რომ მშენებლობა ვაკის პარკის მიღმა მიმდინარეობს, მისი თქმით, დიდს არაფერს ნიშნავს, ვინაიდან თბილისი მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, იზრდება ტრანსპორტის რიცხვი, მიმდინარეობს მშენებლობები და, შესაბამისად, რეკრეაციულ ზონებსა და გამწვანებას ქალაქისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს:

„ქალაქში, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრალურ უბნებში, არ უნდა ხდებოდეს მსგავსი მშენებლობები. პირიქით, თუ სადმე საშუალებაა, უნდა ხდებოდეს არათუ გამწვანებული ადგილების შენარჩუნება, არამედ, თუ ტერიტორია იძლევა ამის საშუალებას, უნდა ხდებოდეს გამწვანება, გამწვანების ხელშეწყობა და დასასვენებელი ადგილების შექმნა“.

სწორედ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის აზრთა სხვადასხვაობა აძლევს სამოქალაქო საზოგადოებას იმედს, რომ საკითხი შეიძლება საზოგადოების ინტერესების შესაბამისად გადაწყდეს. თუმცა მერიის მიერ გაცემულ ნებართვას სასამართლოში აუცილებლად გაასაჩივრებენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შიშობენ, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, მანამდე არ დადგნენ ფაქტის წინაშე, რომ სასტუმრო უკვე აშენდა.

აქცია მერიის შენობასთან მუსიკოსების ცოცხალი შესრულებით გაგრძელდა. მერიასთან შეკრებილთა ნაწილის განცხადებით, არ არის გამორიცხული, მათ ვაკის პარკში კარვები დადგან და „ვაკის პარკი დაიკავონ“.
XS
SM
MD
LG