Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამაგიდო თამაში „ვეფხისტყაოსანი“ და პოემის კორეული თარგმანი


„ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა გამოცემის გამოფენა
„ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა გამოცემის გამოფენა

„ვეფხისტყაოსნის“ თარგმანებს პოემის კორეული თარგმანიც შეემატა. მისი ასლი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას კორეის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში კიმ ინ ჰანიმ გადასცა. 22 ნოემბერს საზოგადოებამ „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე შექმნილი სამაგიდო თამაშიც იხილა, რომელიც პოემას კიდევ უფრო მარტივად დასამახსოვრებელსა და გასაგებს ხდის.

„ვეფხისტყაოსნის“ თარგმნისათვის კორეელ ქართველოლოგს, პროფესორ ჩო ჯუ-კვანს ათი წელი დასჭირდა. მუშაობის პროცესში მას აღმოსავლეთმცოდნე ივანე ჩიქოვანი და სეულის უნივერსიტეტის უცხო ენების მაგისტრანტი რუსუდან ფირცხალავა ეხმარებოდნენ. თარგმანი თბილისის უნივერსიტეტს საზეიმოდ გადაეცა შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ კორეის უმაღლეს სასწავლებლებში შოთა რუსთაველისა და მისი პოემის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი არსებობს:

„განსაკუთრებულად მინდა მივულოცო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დიდი პოეტის, შოთა რუსთაველის, 850 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნა. კორეაში ბევრი პროფესორი და მკვლევარია დაინტერესებული შოთა რუსთაველის შემოქმედებით. „ვეფხისტყაოსანი“ კორეულად სწორედ კორეის უნივერსიტეტის პროფესორმა თარგმნა. კიდევ ერთ პროფესორს ჰქონდა ამავე პოემის თარგმნის მცდელობა. იყო შემთხვევები, როდესაც მკვლევარები გარკვეულ ტაეპებს თარგმნიდნენ და თავიანთ ნაშრომებში ციტატების სახით იყენებდნენ. ვფიქრობ, ეს იმგვარი კულტურული საქმიანობაა, რომელიც ორ ქვეყანას და ორ უნივერსიტეტს კიდევ უფრო დააახლოებს“.

კიმ ინ ჰანი
კიმ ინ ჰანი

„ვეფხისტყაოსნის“ კორეულ თარგმანთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სხვა ენაზე შესრულებული თარგმანები და პოემის 120-ზე მეტი გამოცემა გამოფინეს. დაცული იყო თარგმანისა და გამოცემის ქრონოლოგია - 1720 წლიდან დაწყებული, როდესაც, ვახტანგ მეექვსის ინიციატივით, „ვეფხისტყაოსნის“ პირველი ბეჭდური ვერსია გამოვიდა, დღემდე. წარმოდგენილი იყო რამდენიმე ხელნაწერი და გამორჩეული ილუსტრაციები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სივრცეში რუსთაველის საიუბილეო თარიღის აღნიშვნას ბიბლიოთეკის დირექტორი ზურაბ გაიპარაშვილი შემდეგ მომენტებს უკავშირებს:

„უპირველეს ყოვლისა, პოემისა და, ზოგადად, რუსთველის ყველაზე სიღრმისეული და მასშტაბური კვლევა ჩვენს უნივერსიტეტთან არის დაკავშირებული. სახელების ჩამოთვლაც საკმარისია, რომელთა ნაშრომებმაც, ფაქტობრივად, რუსთველოლოგიის დარგი შექმნეს: ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე, იუსტინე აბულაძე და შალვა ნუცუბიძე. მეორე მიზეზი ისაა, რომ საჯარო ბიბლიოთეკის შემდეგ, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ის ადგილია, სადაც პოემის ყველაზე დიდი კოლექციები ინახება“.

გამორჩეული ინტერესი იგრძნობოდა ახალგაზრდა ფილოლოგისა და კინომცოდნის, ლევან გელაშვილის ნამუშევრის მიმართ, რომელმაც „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე სამაგიდო თამაში შექმნა. ავტორის თქმით, თამაშში მონაწილეობს ლიტერატურული რუკა, რომელიც პოემის გეოგრაფიას ეფუძნება; ასევე ფიგურები, რომლებიც ტარიელსა და ავთანდილს განასახიერებენ; კამათელი, ბარათები, რომლებზეც აფორიზმები წერია, და ვეფხის ტყავის ქსოვილისგან შეკერილი ქისა; ასევე წიგნი, სადაც თამაშის წესებზეა საუბარი და იქვე წერია პასუხები იმ შემთხვევისთვის, თუკი მოთამაშე აფორიზმის გამოცნობას ვერ შეძლებს. თამაშის მონაწილეთა რიცხვი 2-დან 10 მსურველამდეა. თამაშის წესებს მისი ავტორი, ლევან გელაშვილი, განმარტავს:

ლევან გელაშვილი
ლევან გელაშვილი

„მოთამაშეები რიგრიგობით აგორებენ კამათელს და აკეთებენ შესაბამის სვლებს. ყველა სვლა გარკვეულ დავალებასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, თუ კამათელი ოთხიანზე გაგორდა, ოთხიანი კი გრაგნილის ნიშანია, ე.ი. ბარათი უნდა ავიღოთ, რომელზეც აფორიზმის პირველი ნაწილი წერია. ყველა აფორიზმი „ოქროს კვეთის“ პრინციპით არის შექმნილი, რაც იმას ნიშნავს, რომ აფორიზმის პირველი ნაწილი ბარათზე წერია, მეორე ნაწილი კი შენ უნდა გამოიცნო. თუ გამოიცნობ, წინ მიიწევ, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილზე რჩები. ქვიშის საათი ამბობს, რომ „გამოტოვე სვლა“. თუ მშვილდისარი ამოვიდა, ეს ნიშნავს, რომ ისრის მიმართულებით ერთი სვლა უნდა განახორციელო. თეთრი წრე სტარტზე დაბრუნებას ნიშნავს. აზარტი ძალიან დიდია, იმ გაგებით, რომ ბოლო სვლამდე გამარჯვებულის ვინაობა უცნობი რჩება...თამაში იმაზე არის ორიენტირებული, რომ ისწავლო. ერთხელ თუ ვერ გამოიცნობ აფორიზმს, ჩახედავ პასუხების ფურცელს და რამდენიმე ასეთი ქმედების შედეგად, დაგამახსოვრდება. თუ არ იცი, ეს ტრაგედია სულაც არ არის, პირიქით, თამაში სწავლის ხალისს აძლიერებს“.

სამაგიდო თამაშის შეძენა თბილისის სხვადასხვა წიგნის მაღაზიაშია შესაძლებელი. შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ უძველესი გამოცემები კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაში რუსთაველის საიუბილეო წლის ბოლომდე დარჩება.

გამოფენის ორგანიზატორი ზურაბ გაიპარაშვილი „ვეფხისტყაოსნის“ მუდმივ აქტუალობაზე ლაპარაკობს:

„’ვეფხისტყაოსანს’ განა რა სჭირდება ჩვენგან...მაგრამ ჩვენ გვჭირდება „ვეფხისტყაოსანი“, ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ის და, ასევე, ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენს მომავალ თაობას სჭირდება...ის მარადიული თემები, ის ფასეულობები, რომლებიც დღესაც აქტუალურია და მარადიულია, იმიტომ რომ გენიალურია ეს ნაწარმოები და მისი ავტორი. პირდაპირ გაოცება გიპყრობს, როცა უფიქრდები, რომ ერთია მეთორმეტე საუკუნე და ერთია ის ადამიანი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა, სახელად ‘ვეფხისტყაოსანი’“.

XS
SM
MD
LG