Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალადობის მორიგი ტალღა ღაზის სექტორის გარშემო


ისრაელსა და პალესტინელების ორგანიზაცია „ჰამასს“ შორის დაპირისპირება, 2012 წლის შემდეგ, მორიგ კულმინაციას აღწევს,. პალესტინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ათობით ადამიანი დაიღუპა ღაზის სექტორზე ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად. თავის მხრივ, ისრაელი განმარტავს, რომ თავდასხმებს ახორციელებს ღაზის სექტორიდან ექსტრემისტების სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ.

პალესტინელი ოფიციალური პირების განცხადებით, სულ ცოტა, 35 ადამიანი დაიღუპა ღაზის სექტორში, სადაც ისრაელი საჰაერო იერიშებს ახორციელებს, პალესტინელი ექსტრემისტების სარაკეტო იერიშებზე საპასუხოდ. დაჭრილია 260-ზე მეტი ადამიანი.

ისრაელის ინფორმაციით, საბრძოლო თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს 430 ობიექტზე 8 ივლისს დილით ოპერაციის დაწყების შემდეგ. იერიშების სამიზნეებად სახელდებიან ექსტრემისტები, რაკეტმტყორცნი დანადგარები, „ჰამასის“მართვისა და კონტროლის ცენტრები და გვირაბები. ისრაელის სამხედრო წარმომადგენლები აცხადებენ ასევე, რომ ისრაელის ტერიტორიაზე ჩავარდა პალესტინელი ექსტრემისტების მიერ გასროლილი 117 რაკეტა. კიდევ 45 რაკეტა მოიგერიეს ისრაელის ანტისაჰაერო სისტემა „რკინის თაღით“. 9 ივლისს „ჰამასმა“ ისევ დაუშინა რაკეტები ისრაელის ტერიტორიას. მათგან სამი იერუსალიმთან ჩავარდა, ორი კი ისრაელმა ტელ-ავივთან მოიგერია ზემოხსენებული „რკინის თაღით“.

ახლა ისრაელი ღაზის სექტორში შეჭრით იმუქრება, თუ ბოლო არ მოეღო ექსტრემისტების სარაკეტო დარტყმებს. 8 ივლისს მთავრობამ არმიას დაავალა 40 000-მდე რეზერვისტის მობილიზაცია უზრუნველყოს.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ კორესპონდენტთან ამ და სხვა ზომებზე საუბრისას ისრაელის მთავრობის პრესმდივანმა მარკ რეგევმა განაცხადა: „მთავრობამ სამხედრო ძალებს დაავალა ჯარების განთავსება ღაზის სექტორის გასწვრივ, ნებისმიერი შემთხვევისათვის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად. ჩვენ რამდენიმე სცენარი გვაქვს. ჩვენი მიზანია, მთავარი მიზანია ისრაელის ხალხის დაცვა და ჩვენს მოქალაქეებზე ღაზიდან სარაკეტო თავდასხმების შეწყვეტა“.

უცხოეთში შეშფოთებით ადევნებენ თვალს ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაპირისპირების გამწვავებას. შეერთებული შტატები, ევროკავშირი და გაერო მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ, არაბთა ლიგა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას მოითხოვს.

ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც ამ სამი კვირის წინ მოიტაცეს და მოკლეს სამი ისრაელელი მოზარდი. ისრაელმა მომხდარში „ჰამასი“ დაადანაშაულა და ისლამისტების ამ ორგანიზაციის ასობით აქტივისტი დააპატიმრა. თავის მხრივ, „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, გაახშირა სარაკეტო იერიშები ისრაელის ტერიტორიაზე. დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა გასულ კვირაში, როცა პალესტინელი ბიჭი მოკლეს - როგორც ჩანს, შურისძიების მოტივით. დანაშაულში ისრაელელი ექსტრემისტები არიან ეჭვმიტანილნი.

XS
SM
MD
LG