Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო სიები მისამართების მიხედვით?


შესაძლებელია თუ არა, რომ საუბნო საარჩევნო სიები დაიბეჭდოს არა ანბანური თანმიმდევრობით, არამედ საცხოვრებელი მისამართების მიხედვით? ამ კითხვაზე პასუხს ცენტრალური საარჩევნო კომიისგან ადამიანის უფლებების დამცველი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ელის. ამ ორგანიზაციების თანახმად, საარჩევნო სიების საცხოვრებელი მისამართების მიხედვით შედგენა ხელს შეუწყობს ნებისმიერი მოქალაქის მიერ სიაში მყოფი ამომრჩევლის გადამოწმებას და საარჩევნო სიების მიმართ ნდობის ხარისხის ამაღლებას.

”ადამიანის უფლებები წინასაარჩევნოდ” -ასე ერქვა კონფერენციას, რომლის ფარგლებში გაჟღერებული ინიციატივებიდან ერთ-ერთი სწორედ საარჩევნო სიების მისამართების მიხედვით შედგენის მიზანშეწონილობას ეხებოდა. ეს ინიციატივა მოგვიანებით ოფიციალურ მიმართვად იქცა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჩაბარდა.

”კორპუსში როცა ადამიანი ცხოვრობს, მისთვის უფრო მარტივია გადაამოწმოს მის სახლში ან მის მეზობლად არიან თუ არა მიწერილი ადამიანები, თუ როდესაც ალფაბეტის ჩამონათვალის მიხედვით არის სიაში?”

კითხულობს ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი, ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” ხელმძღვანელი, ნანა კაკაბაძე, რომელიც აზუსტებს, რომ მოთხოვნა ეხება როგორც არჩევნების დღისთვის გათვალისწინებულ ეგრეთ წოდებულ სამაგიდო, ასევე საუბნო კომისიებში წინასწარ გამოკრულ ეგრეთ წოდებულ კედლის სიებს. კედლის სიები საარჩევნო უბნებში, კანონის თანახმად, არჩევნებამდე 34 დღით ადრე, 28 აგვისტოს გამოიკრა. სიების გადამოწმების პროცესში ჩართულები არიან უშუალოდ ამომრჩევლები, რომელთა შორის, თბილისის მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, დავით ზირაქაშვილის დაკვირვებით, 35 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფი აქტიურობს.

”აი, ზუსტად ახლა ვიმყოფები ერთ-ერთ უბანზე, ახლა, ამწუთას შემოვედი და ხუთი ამომრჩეველი ეძებს საკუთარ თავს სიაში და ხუთივე აღმოჩნდა სიაში. რომ გითხრათ, რომ დღეში 100 განცხადება შემოდის-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ ბევრი დროა დარჩენილი და სიაში ცვლილებების შეტანა შეგვიძლია, შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩევლის აქტიურობა საშუალო დონეზეა”, ამბობს დავით ზირაქაშვილი.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი კი მიიჩნევს, რომ ამომრჩეველთა სიები საჯაროა, გადამოწმების არსებული მექანიზმი საკმარისად გამართულია და იგი დამატებით ცვლილებებს, მათ შორის, სიების მისამართების მიხედვით შედგენას აღარ საჭიროებს:

”შეგიძლიათ თქვენ ახლა შეხვიდეთ ინტერნეტში, ნახოთ თქვენი პირადი ნომრით სად ხართ რეგისტრირებული და იმ მისამართზე რეგისტრირებული ყველა ადამიანი შეგიძლიათ იქვე გამოიტანოთ. თუ ვინმე აქტიურია, შეუძლია ასე იპოვოს, აღარაფერს ვამბობ, რომ ნებისმიერს შეუძლია მოგვმართოს და მთელი სიები წაიღოს და ახლა ვიღაცას მოუნდა, რომ 3 700-ვე უბანზე ვაკრათ სიები და კანონები ვცვალოთ არჩევნებამდე 2-3 კვირით ადრე, მე მგონი, ასეთ რაღაცებზე მსჯელობა ნაკლებად ღირს.”

ზურაბ ხარატიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კედლის სიები გამოკრული იყო როგორც ანბანის, ისე მისამართების მიხედვით, თუმცა მისი დადებითი ეფექტის შესახებ ყურადღება არავის გაუმახვილებია. იმას, რომ ინიციატივა გარკვეულწილად დაგვიანებულია, აღიარებს ინიციატივის ერთ-ერთი ხელმომწერი,“ ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია, რომელიც, მეორე მხრივ, აღნიშნავს იმასაც, რომ ადამიანის უფლებების დამცველების მიმართვას ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და ხელმოწერებიც გროვდება:

”შეიძლება ცოტა დაგვიანებულიც არის სამოქალაქო საზოგადოების რეაქცია ამგვარი საკითხების მიმართ, მაგრამ ჩვენ, უბრალოდ, ჩავთვალეთ, რომ რაც შეიძლება მოესწროს და ცესკოს აქვს ამის სრული უფლებამოსილება და კანონით მინიჭებული კომპეტენცია, ეს თხოვნა წარვუდგინეთ. თუ მეზობლების ამოცნობა და იდენტიფიკაცია გაუადვილდება ამომრჩეველს, ცხადია, ის მეტი ნდობით განეწყობა საარჩევნო პროცესის მიმართ.”

მთავარია სია იყოს ზუსტი და საჯარო ყველა უბანზე, გვითხრა, თავის მხრივ, საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ, რომელიც ფიქრობს, რომ ამომრჩევლისათვის მეტი კომფორტის შექმნის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია დამატებითი შრომისა და ხარჯის გაწევას არ უნდა მოერიდოს. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 20 აგვისტომდე მეთოდით ”ამომრჩევლიდან სიამდე”, პარალელური „კარდაკარითა“ და მოქალაქეების უშუალო მიმართვებით 68 500-ზე მეტი განცხადება შევიდა. 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს კომისიამ დამატებით მიიღო ”ამომრჩეველთა ლიგისა” და ”ქართული ოცნების“ „კარდაკარის“ მონაცემები. მასალების დამუშავება და ანალიზი გრძელდება. 1 სექტემბრის მდგომარეობით, ძირითად სიაში 3 386 000- მდე ამომრჩეველია.
XS
SM
MD
LG