Accessibility links

logo-print
კარგია, რომ ქართველი გამომცემლები ნელ-ნელა ავსებენ სპორტული წიგნის თაროებს. ჩვენ ადრეც გვქონდა რამდენიმე ასეთ წიგნზე საუბარი. სულ ბოლოს უეინ რუნის ავტობიოგრაფიულ წიგნზე ვისაუბრეთ, გამოვიდა ოლივერ კანის წიგნიც. ორივე ეს წიგნი „არტანუჯმა“ გამოსცა, სულ ცოტა ხნის წინ კი ამავე გამომცემლობაში დაიბეჭდა დევიდ ბეკჰემის სქელტანიანი ავტობიოგრაფია - „ჩემი მხრიდან“. ზუსტად ამავე პერიოდში გამომცემლობა „რადარამმა“ გამოსცა ფრანკლინ ფოერის შესანიშნავი კვლევა „როგორ აგვიხსნა ფეხბურთმა მსოფლიო - გლობალიზაციის სხვაგვარი თეორია“, რომელშიც ავტორი ძალიან საინტერესო კუთხით იკვლევს თანამედროვე ფეხბურთის ფესვებს. დღეს ამ ორ წიგნზე ვისაუბრებთ.

ფრანკლინ ფოერის სტატიები წლების მანძილზე მხვდებოდა ხოლმე ჟურნალ The New Republic-ის საიტზე. ყველაფერზე წერდა - პოლიტიკაზე, მედიაზე, მეცნიერებაზე, სპორტზე... და აი, მისი 2004 წელს გამოსული წიგნი ქართულადაც ითარგმნა. იგი, სხვათა შორის, უფროსი ძმაა ცნობილი ამერიკელი მწერლის, ჯონათან საფრან ფოერისა, რომლის ყველაზე ცნობილი რომანიც სულ ცოტა ხნის წინ გამოსცა „დიოგენემ“. მოკლედ, 2013 წელი ფოერების წელია საქართველოში.

რაზეა ეს წიგნი? ამაზე ჟურნალისტი დავით გონზო ჩიხლაძე გვეტყვის:
„წიგნში ფეხბურთზე არ არის საუბარი, როგორც რაღაცა უბრალო სპორტულ დისციპლინაზე. იქ ფეხბურთი სამოქალაქო ცხოვრების ნაწილია, უფრო მეტი სოციალური ფაქტორია შემოტანილი და ამ ფაქტორებს ძალიან საინტერესოდ ხსნის ავტორი, როცა 8 ქვეყნის მაგალითზე საუბრობს. ყველაზე კარგი ისაა, რომ იგი დიდ ყურადღებას უთმობს არა მხოლოდ ფეხბურთელებს და ფეხბურთის გუნდებს, არამედ იქ არის საუბარი ცალკეული ფეხბურთის გულშემატკივრებზეც, რომლებიც ქმნიან ატმოსფეროს და ფეხბურთის ამ სოციალურ დატვირთვას, თავიდან ბოლომდე. რამდენიმე კარგი მაგალითია მოყვანილი - თუნდაც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ბელგრადის „პარტიზანის“ გულშემატკივრების და ა.შ., რაც თავისთავად ფეხბურთს გვაჩვენებს, როგორც უფრო სამოქალაქო აქტივიზმს, სოციალური ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს ადამიანებისთვის, ვიდრე ჩვეულებრივ სპორტულ დისციპლინას“.

წიგნს წინასიტყვაობა დაუწერა აკა მორჩილაძემ, ვინც ასევე აღნიშნა ამ სოციალური საყრდენის აუცილებლობა. ეს საყრდენი დღეს ძალიან აკლია ქართულ ფეხბურთს და ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ შეიძლება კიდევ უფრო ნათელი გახდეს ის მიზეზები, რის გამოც ჩვენთან ფეხბურთი ერთ ადგილს ტკეპნის. წიგნში მოთხრობილ ამბებთანაც შეიძლება საინტერესო პარალელების გავლება.

თავად ავტორის დაკვირვებების გარდა, წიგნში დამოწმებულია მისი წინამორბედი ავტორების, სოციოლოგების, ფილოსოფოსების, ფსიქოლოგების დაკვირვებებიც, რომლებშიც ისინი ხსნიან გულშემატკივრობისა და,ზოგადად, ფეხბურთის ისტორიის ძალზე საინტერესო დეტალებს. ჩემი სტუმარი იტალიური ფეხბურთის გულშემატკივარია, ამიტომ იგი, პირველ რიგში, იმ თავმა დააინტერესა, სადაც იტალიურ ფეხბურთზე იყო საუბარი:

„ყველაზე მეტად ჩემთვის, მაინც როგორც იტალიური ფეხბურთის მოყვარულისთვის, საინტერესო იყო საუბარი ზუსტად იტალიური ფეხბურთის პრობლემებზე. ფოერი რამდენჯერმე უსვამს ხაზს, თუ როგორ შევიდნენ ოლიგარქები იტალიურ ფეხბურთში, საუბრობს კორუფციაზე, რა წვლილი ჰქონდა ბერლუსკონის „მილანის“ წარმატებაში - იგი ამ გუნდის მფლობელი იყო და მის უკან იდგნენ არა მხოლოდ ამომრჩევლები, არამედ გულშემატკივრების ძალიან დიდი არმიაც, რომელსაც ბერლუსკონიმ, მართლაც, ძალიან კარგი გუნდი შეუქმნა თავის დროზე. გარდა ამისა, იქ საუბარია რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე, ისევ იტალიას თუ ავიღებთ მაგალითად, ანუ იტალიაში ყველაზე მკაფიოდაა გამოკვეთილი გუნდები თავიანთი პოლიტიკური იდეოლოგიების მიხედვით. ეს იყო ძალიან საინტერესო, ამ გუნდების განხილვა. ასევე „სელტიკისა“ და „რეინჯერსის“ დაპირისპირება, რაც დეტალურადაა გარჩეული თავის საფუძვლიდან, თუნდაც იგივე სოციალური უთანასწორობა, რელიგიური მოტივები და ა.შ. ძალიან ბევრი რაღაცა არ ვიცოდი ამ დერბიზე, არადა, მეგონა, რომ ვიცოდი... საფუძვლიანად შეისწავლა ფოერმა ეს ყველაფერი და მას ისიც დაეხმარა, რომ ჰქონდა საშუალება ემოგზაურა და უშუალოდ ჰქონოდა კონტაქტი ადამიანებთან, რომლებზეც მუშაობდა და რომლებზეც რაღაც უნდა დაეწერა“.

კორუფციასა და ძალადობაზე თითქმის ყველა თავშია საუბარი - ბალკანელი საფეხბურთო ხულიგნებით დაწყებული, რომლებიც ომის დროს გენოციდებში იღებდნენ უშუალო მონაწილეობას, პელეთი დამთავრებული, რომელიც ბრაზილიის უზარმაზარ კორუფციულ სქემებში მონაწილეობდა და რამაც არაერთხელ გაუტეხა სახელი ფეხბურთის მეფეს.

წიგნი ნამდვილი საჩუქარია სპორტული ლიტერატურის მოყვარულისთვის, ქართველი მკითხველი ხომ სანთლით ეძებს ასეთ გამოცემებს. თუმცა კარგი იქნებოდა, წიგნი კიდევ ერთ, სპორტულ რედაქტორსაც გადაეკითხა, რადგან სახელებში ხშირია შეცდომები, გვხვდება გაუმართავი წინადადებებიც. აი, მაგალითად, 130-გვერდზე: „განწყობილი ვიყავი საოცარი სპორტული სანახაობის სანახავად“.

ასეთი შეცდომები ბეკჰემის წიგნშიცაა, მაგალითად, „ლესტერის“ ნაცვლად ყველგან „ლისესტერი“ წერია, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არაა მთავარი - ბეკჰემის ტომ უოტის თანაავტორობით დაწერილი წიგნი სალომე ბენიძის თარგმანში მშვენივრად იკითხება.

პირველ რიგში იმ ეპიზოდს გავიხსენებ, რომლის შესახებაც, ალბათ, ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის: 1996 წელია, დევიდი ნაკრებთან ერთად თბილისშია ჩამოსული (მახსოვს, მაშინ რა იფრინა ბეკჰემმა თავის ფლანგზე), ზის „შერატონ მეტეხის“ ნომერში, რომელსაც ციხეს ადარებს, იმდენად არ მოსწონს, ფანჯრიდან დანახული ხედებიც ხასიათს უფუჭებს, მტკვარს ნაცრისფერ მდინარეს უწოდებს. ნომერში მასთან ერთად გარი ნევილია. ერთადერთი გასართობი რომელიღაც მუსიკალური არხი და ნევილთან ლაყბობაა. ჰოდა, ამ დროს სპაის გერლზი მღერის რაღაც სიმღერას და დევიდს ბნედა ემართება, როგორც რომელიმე შუასაუკუნეების სარაინდო რომანის გმირს. წიგნში იმასაც კი ჩამოთვლის, თუ რა სჭირდება ვიქტორიას გულის მოსაგებად: „ლოურენს არაბის სამოსი მჭირდებოდა. როგორმე აქლემიც უნდა მეშოვა...“.

ბეკჰემი ლონდონელია, თუმცა მამამისი „მანჩესტერის“ თავგადაკლული გულშემატკივარი იყო. პაპამისი (დედის მხრიდან) ცდილობდა ლონდონისკენ მოებრუნებინა ბავშვი, იგი „ტოტენჰემის“ გულშემატკივარი იყო. წარმოიდგინეთ, დაბადების დღეებზე და შობას მამისა და პაპისგან ორი განსხვავებული გუნდის მაისურებს რომ იღებ საჩუქრად - „მანჩესტერისას“ და „ტოტენჰმისას“... პროფესიონალის პირველი ნაბიჯები „ტოტენჰემში“ გადადგა ბეკჰემმა, 16 წლისა მივიდა იქ, თუმცა სულ მალე „მანჩესტერში“ გადავიდა და ამ გუნდის სიმბოლოდაც იქცა.

ამ წიგნში ბეკჰემი ყველაფერს ძალიან დეტალურად ჰყვება - 1999 წლის ფინალზე, ინგლის-არგენტინის საბედისწერო თამაშსა და დიეგო სიმეონეს საქციელზე და თავის საქციელზეც, მისი და ბოსის, ალექს ფერგუსონის დაპირისპირებაზე. იმ ცნობილი ჩხუბისა და გაწევ-გამოწევის შესახებაც ყველაფერს იხსენებს. დაბოლოს, ბეკჰემის „ახდენილი ოცნება“ და ჩვენი, მისი გულშემატკივრების, სრული იმედგაცრუება - მადრიდის „რეალი“...
ეჰ, დევიდ, რა გინდოდა „რეალში“!
XS
SM
MD
LG