Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აყალბებენ თუ არა არჩევნებს საქართველოში?


არასამთავრობო სექტორის დაკვირვებით, 8 ოქტომბრის არჩევნების წინ ნაკლებად ისმოდა ბრალდებები კენჭისყრის შედეგების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით. მაგალითად, გაყალბების მოლოდინი არ ჰქონდა მთავარ ოპოზიციურ პარტიად მიჩნეულ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამის შესახებ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ძალის არაერთმა ლიდერმა განაცხადა. პროცესის სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების პირობას დებდა ცენტრალური საარჩევნო კომისია. მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ გაყალბების მცდელობისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ ასეთი მცდელობა აზრს მოკლებულია, რადგანაც საარჩევნო პროცესს მრავალი თვალი აკვირდება და დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს განზრახ თუ შემთხვევით დაშვებული შეცდომის აღმოჩენა.

ყალბდება თუ არა არჩევნები საქართველოში
please wait

No media source currently available

0:00 0:06:19 0:00
გადმოწერა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეცდომებსა და დარღვევებს გამორიცხავენ. როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის სპიკერმა ანა მიქელაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ უბნები ხმებს დაითვლიან და ამის მიხედვით შედგება საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმები. ცესკოს სპიკერი განმარტავს, რომ შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცესს არაერთი კომპეტენტური პირი აკვირდება:

„ესენი არიან: საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები,კომისიის წევრები, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ; შესაძლებელია, იყვნენ ზემდგომი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები; ასევე, რა თქმა უნდა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებლები; შესაძლებელია, ასევე იყვნენ მედიის წარმომადგენლები“.

საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ არ გვაქვს ჩვენ ახლა ისეთი დამოკიდებულება, რომ ვფიქრობდეთ, რომ პოლიტიკურად იყოს ანგაჟირებული, მიკერძოებული და ხელისუფლების ბრძანებებს ასრულებდეს - ეს ერთი... მეორე ის, რომ სისტემა მეტ-ნაკლებად უკვე ისეა აწყობილი, რომ უფრო რთულია გაყალბება...
ლევან ნატროშვილი

შემაჯამებელი ოქმები საუბნო საარჩევნო კომისიებიდან საოლქო საარჩევნო კომისიას მიეწოდება. საოლქო საარჩევნო კომისია - სპეციალურად შექმნილი პროგრამის საშუალებით - დასკანერებულ ოქმებს ელექტრონული წესით უგზავნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. იმისათვის, რომ ადამიანური შეცდომებისგან დაიზღვიონ თავი, ცესკოში შესული თითოეული ოქმის მონაცემები - სპეციალურ ბაზაში ორ ოპერატორს შეჰყავს. ეს მონაცემები ცესკოს ვებსაიტზე ეტაპობრივად ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს ყველაფერი „ურთიერთკონტროლისთვის“ კეთდება და პრაქტიკულად გამორიცხავს შეცდომის დაშვების ალბათობას. ცესკოში მიმდინარე პროცესისთვის თვალის დევნება ინტერნეტსივრცეში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ამის საშუალებას იძლევა 360 გრადუსზე, ანუ წრიულად, მოძრავი ვიდეოკამერა, რომელიც ცესკოს ხმის დათვლის ცენტრში იქნება დამონტაჟებული. მიქელაძის თქმით, სამხრეთ კავკასიისთვის უპრეცედენტო „საპილოტე პროგრამა“ დაინტერესებულ პირებს ყველაფრის საკუთარი თვალით დანახვის უნიკალურ შანსს აძლევს:

„ისინი დაინახავენ საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შემდგომში საოლქოში გადაგზავნილი ოქმები როგორ მოდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, როგორ იბეჭდება და როგორ ხდება, აი, ამ მონაცემების ხელით შეყვანა მონაცემთა ბაზაში... მოხდება პირდაპირი ტრანსლირება ცესკოს სოციალური ქსელების მეშვეობით. ეს არის ფეისბუქი, იუთუბი და, ასევე, ცესკოს ვებსაიტის მეშვეობით“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი არ ეთანხმება აზრს, რომ გაყალბების პროცედურა წარსულს ჩაბარდა და ახლა ყველაფრისგან დაზღვეულები ვართ, რადგანაც, შესაბამისი პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ყველაფერიც შესაძლებელი იქნება. თუმცა როგორც ლევან ნატროშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, შესამჩნევია, რომ ბოლო პერიოდში ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებში სულ უფრო ნაკლებად ლაპარაკობენ გაყალბების მოლოდინზე. ცხადია, ბევრი რამ მეთვალყურეთა სიფხიზლეზე იქნება დამოკიდებული. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 8 ოქტომბრის არჩევნებზე 400 მეთვალყურით იყო წარმოდგენილი. თავად ლევან ნატროშვილი გაყალბებას არ მოელოდა და ჩვენთან საუბრისას რამდენიმე არგუმენტიც დაასახელა:

„საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ არ გვაქვს ჩვენ ახლა ისეთი დამოკიდებულება, რომ ვფიქრობდეთ, რომ პოლიტიკურად იყოს ანგაჟირებული, მიკერძოებული და ხელისუფლების ბრძანებებს ასრულებდეს - ეს ერთი... მეორე ის, რომ სისტემა მეტ-ნაკლებად უკვე ისეა აწყობილი, რომ უფრო რთულია გაყალბება... და მესამე - საკმაოდ ბევრი ადამიანია ჩართული ამ პროცესში და თუკი ტოტალური დაშინება არ მოხდა დამკვირვებლების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების, შეუძლებელია ისე მოხდეს გაყალბება, რომ მნიშვნელოვანი დარღვევები მაინც არ გამოვლინდეს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ არ უნდა ველოდოთ ასეთ რაღაცას“.

დაპირისპირება მარნეულში
დაპირისპირება მარნეულში

ბოლო პერიოდში არჩევნების გაყალბების მოლოდინი მართლაც რომ საგრძნობლად შესუსტებულია, ამას გრძნობს მიხეილ ბენიძეც, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელი. მისი ორგანიზაციის მისია 8 ოქტომბრის არჩევნებზე 1000 მეთვალყურეს ითვლის. როგორც მიხეილ ბენიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ბოლო წლებში არჩევნების დღე აღარ წარმოადგენს სერიოზული წუხილის საფუძველს იმ მხრივ, რომ მოხდება საარჩევნო ყუთების მასობრივი გატაცება, ბიულეტენების მასობრივი უკანონო ჩაყრა საარჩევნო ყუთებში და, ვთქვათ, მასშტაბური სახე ექნება ე. წ. „კარუსელს“, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ საარჩევნო პროცესი მხოლოდ კენჭისყრის დღე არ არის და საყურადღებოა წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ძალადობის შემთხვევები, დაძაბულობა, ზეწოლა, მუქარა თუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. გავიხსენოთ, რომ ამ პრობლემებთან დაკავშირებულ შემთხვევებზე წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად ლაპარაკობდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. თუმცა, როგორც ისინი აღნიშნავდნენ, გამოვლენილი დარღვევები, მასშტაბების გათვალისწინებით, ზეგავლენას ვერ მოახდენს არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

რაც შეეხება უშუალოდ კენჭისყრის დღეს, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე გაყალბებას არ მოელოდა და 4 ოქტომბერს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას პროცესის მონიტორინგის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად ასახელებდა „პარალელური დათვლის“ პრაქტიკას:

„როგორც კი შედგება ოქმები, ჩვენი დამკვირვებლები მაშინვე მოგვაწვდიან ინფორმაციას, მთელი საქართველოს მასშტაბით თუ რა მდგომარეობაა დათვლის შედეგად, ვინ რა რაოდენობის ხმა მიიღო. შემდეგ, რადგანაც ჩვენ ეს ინფორმაცია გვექნება ჩვენი პარალელური დათვლის ბაზაში, ჩვენ ეს მონაცემები შევადაროთ ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს, რომელიც ცესკოს ვებსაიტზე გამოიდება. გარდა ამისა, ჩვენ გვექნება საშუალება,რომ მოგვიანებით, როდესაც ოქმების ასლებს მივიღებთ ჩვენი დამკვირვებლებისგან, უკვე შევადაროთ, ეს ოქმები ნამდვილად იგივე ოქმებია თუ არა, რაც დევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის... ანუ გადამოწმების ბევრი მექანიზმი არსებობს... თუმცა შეიძლება მაინც გაიპაროს ხარვეზი და ვიღაც მართლა შეეცადოს ოქმების შეცვლას, მაგრამ თუ ამას მასობრივი ხასიათი ექნება, ეს აუცილებლად გამომჟღავნდება ამდენი დამკვირვებლის ფონზე. ამიტომ მგონია, რომ ეს ყველაფერი შემაკავებელი ფაქტორია იმისა, რომ ვინმემ რაიმე სცადოს“.

კენჭისყრის პროცესის სამართლიანად და გამჭვირვალედ წარმართვისთვის აუცილებელ ფაქტორებზე საუბრისას მიხეილ ბენიძე საგანგებოდ აღნიშნავდა, რომ აშკარაა საზოგადოების პოლიტიკური კულტურის ამაღლების ნიშნებიც, მაგრამ იმის გამო, რომ წინსვლა ამ მხრივ მტკიცე და შეუქცევადი არ არის, დამშვიდებისა და მოდუნების უფლება არავის აქვს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG