Accessibility links

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, ექიმებს აღარ ექნებათ პოლიციის გამოძახების ვალდებულება პაციენტის მხოლოდ ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევაში. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს ნარკოკანონმდებლობის რეფორმის პროცესში გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ადამიანის სიცოცხლის უფლებას უკავშირდება. ნარკომომხმარებელთა უფლებების დამცველებიც ამბობენ, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება შიშს გააქრობს და ბევრ ადამიანს იხსნის სიკვდილისგან.

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბრძანებას, რომლის თამახმად, სასწრაფო სამედიცინო სამსახურების მიერ პოლიციისათვის ცნობის გადაცემას აღარ დაექვემდებარება ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევები, ხელი 2014 წლის 11 აგვისტოს მოაწერა და ამით შეიცვალა ასევე ჯანდაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის ბრძანება "სამედიცინო დაწესებულებებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებისათვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების შესახებ".

ხშირად მეც და ჩემს მეგობრებსაც წამლის მოხმარების წინ ერთმანეთისთვის გვითქვამს, რაც უნდა მოხდეს, ჩემი გულისთვის სასწრაფო არ გამოიძახოო. მე ხუთი ნასამართლეობა მქონდა, არაერთი პირობითი სასჯელი, უამრავი ფული გადახდილი და ვიცოდი, თუ სასწრაფო გამაცოცხლებდა, მერე რამდენიმე წელი ციხეში უნდა გამეტარებინა, რადგან ჩემი ოჯახი ჩემს გამოსახსნელ თანხას ვეღარ გადაიხდიდა...

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევაში, პაციენტის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, პროგრამის ბენეფიციარებს ასევე მიეწოდებათ და დაუფინანსდებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

ექიმი პაციენტის ზედოზირების მდგომარეობის შესახებ პოლიციას მხოლოდ დამატებითი გარემოებების არსებობის შემთხვევაში აწვდის ინფორმაციას. ასეთებს მიეკუთვნება ყველა ტრავმული და ტრავმაზე საეჭვო შემთხვევა, პაციენტის უგონო მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი. პოლიცია ერთვება უეცარი სიკვდილის, ნაძალადევი სიკვდილის ყველა შემთხვევის, მოწამვლაზე საეჭვო შემთხვევის, ქიმიური ან რადიაციული მოწამვლის შემთხვევების დროს და ა.შ.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარიამ დარახველიძე აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბარში, იმის გამო, რომ, გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის მიუხედავად, ნარკოტიკების ზედოზირების შემთხვევებში მოქალაქეები ექიმს არ მიმართავდნენ, არ არსებობს არც სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა ასეთ ვითარებაში. რაც შეეხება თავად საკანონმდებლო ცვლილებას:

„ვფიქრობთ, რომ ეს ცვლილება მიმართვიანობას გაზრდის და პაციენტების სიცოცხლესაც ნაკლები საფრთხე შეექმნება“.

თემო ხატიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში მოიხმარდა ნარკოტიკს, რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ მის გარშემო არაერთი ადამიანია, ვინც, სასჯელისა და სანქციების შიშით, ადამიანის სიცოცხლე მეორე ადგილზე დააყენა. არსებული კანონმდებლობის გამო, ამბობს თემო, ხშირად აყოვნებდნენ სასწრაფო დახმარებისათვის მიმართვას:

„ჯერ ვცდილობდი ჩემი ძალებით მეშველა ზედოზირების დროს და თუ გამოსავალი აღარ მრჩებოდა, მერე ვრეკავდით სასწრაფოში. ხშირად მეც და ჩემს მეგობრებსაც წამლის მოხმარების წინ ერთმანეთისთვის გვითქვამს, რაც უნდა მოხდეს, ჩემი გულისთვის სასწრაფო არ გამოიძახოო. მე ხუთი ნასამართლეობა მქონდა, არაერთი პირობითი სასჯელი, უამრავი ფული გადახდილი და ვიცოდი, თუ სასწრაფო გამაცოცხლებდა, მერე რამდენიმე წელი ციხეში უნდა გამეტარებინა, რადგან ჩემი ოჯახი ჩემს გამოსახსნელ თანხას ვეღარ გადაიხდიდა“.

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ასევე შენიშნავს, რომ ყველაზე მთავარი, რაც ამ ცვლილებას მოჰყვება, არის ის, რომ ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩება:

ზურაბ სიხარულიძე

ზურაბ სიხარულიძე

„შიში არ ექნებათ სასწრაფოს გამოძახების - მით უმეტეს, დღევანდელ სიტუაციაში, როცა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებისა და სტიმულატორების ბუმი გვაქვს. მეტი შანსი იქნება ადამიანების დახმარებისა და გადარჩენის. და მეორეც, უკვე ეს შესაძლებელს გახდის ვფლობდეთ სტატისტიკას, თუ რა რაოდენობის ასეთი შემთხვევაა ქვეყანაში. მე ვფიქრობ, ამ ცვლილებით ნარკოტიკის მომხმარებელი პაციენტად ჩაითვალა. ეს მხოლოდ ერთი ნაბიჯია, მაგრამ შემდგომი უნდა იყოს ნარკოკანონმდებლობის ლიბერალიზაცია“.

საქართველოს ზიანის შემცირების ქსელის პროექტების მენეჯერის, პაატა საბელაშვილისთვის ეს ცვლილება ერთმნიშვნელოვნად უკაშირდება არა ნარკოკანონმდებლობის ლიბერალიზაციას, არამედ სიცოცხლის უფლებას. მისი აზრით, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის სიცოცხლის გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანი ღირებულება უნდა იყოს, ვიდრე ნარკოტიკების მოხმარების ფაქტის დადგენა:

„თან ეს იყო ის მინიმუმი, რისი გაკეთებაც მოსთხოვეს საქართველოს მთავრობას აპრილში ვიზიტად მყოფმა ნარკოპოლიტიკის გლობალური კომიტეტის წევრებმა. ხომ ფაქტი იყო, რომ ადამიანები იხოცებოდნენ სწორედ იმის გამო, რომ ეშინოდათ სასწრაფოში დარეკვა, რომ არ მოსულიყო პატრული“.

პაატა საბელაშვილს მაგალითად მოჰყავს ზიანის შემცირების ქსელის წევრი ორგანიზაციის, „ახალი ვექტორის“ მიერ ჩატარებული გამოკვლევა, რომლის თანახმად, გამოკითხული 60 ადამიანიდან, ვინც კი ზედოზირების ფაქტს შეესწრო და დახმარებისათვის სასწრაფოს არ დაურეკა, 48-მ ეს პოლიციის შიშით ახსნა:

პაატა საბელაშვილი

პაატა საბელაშვილი

„ჩვენ სასწრაფო დახმარების ექიმებიც გამოვკითხეთ და მათ თქვეს, რომ სასწრაფო დახმარების სამსახურში მუდამ მორიგეობდა ორი პოლიციელი და, ცხადია, ამ ფონზე პაციენტის იქ მიყვანა და დატოვებაც ყველას ეშინოდა“.

პაატა საბელაშვილი მიიჩნევს, რომ შემდეგი, რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, არის ნარკოტიკის მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზაცია და, მეორე, უნდა შეწყდეს გონივრული ეჭვის საფუძველზე ადამიანების ურინოტესტირებაზე წაყვანის პრაქტიკა.

31 აგვისტოს ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს საქართველოშიც აღნიშნავენ. როგორც პაატა საბელაშვილი გვეუბნება, ამ დღეს დაგეგმილი კამპანიის მთავარი სამიზნე წელს ნარკოტიკების მომხმარებელთა თემი იქნება, რომელსაც მოუწოდებენ, საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად გამოიძახონ სასწრაფო დახმარება და გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე.

XS
SM
MD
LG