Accessibility links

თხილის ფასით უკმაყოფილოები არიან ოკუპირებულ რეგიონსა და დანარჩენ საქართველოში


სამეგრელოს სოფლებში მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა თხილის მოსავალი უკვე მოიწია. გასული წლისგან განსხვავებით, გლეხები წელს თხილის მცირე მოსავალზე საუბრობენ. ისინი ოჯახების ერთ-ერთ მთავარი შემოსავლის წყაროდ თხილს მიიჩნევენ და სწორედ ამიტომ უკმაყოფილოები არიან თხილის ფასითაც. დღეის მონაცემებით, ზუგდიდში ერთი კილოგრამი თხილი ლარი და 60 თეთრი ღირს. მიუხედავად დაბალი ფასისა, უსახსრობის მიზეზით, მოქალაქეებმა თხილის რეალიზება უკვე დაიწყეს:

„შარშანდელთან შედარებით, წელს თხილის მოსავალი ძალიან დაბალია. ფასიც მეტი რომ იყოს, უკეთესია. ზუგდიდში 2 ლარი და 60 თეთრია. მე სოფელ კახათში ვცხოვრობ და იქ თხილის ფასი 5 თეთრით მეტია - ალბათ, ხალხი რომ მიიზიდონ, იმიტომ. ამბობენ, თხილის ფასი გაიზრდება, რადგან წელს ძალიან ცოტა არისო. ხალხს უჭირს და მაინც აბარებენ უკვე. რა ქნან, რადგან სოფელში ეს არის შემოსავალი“, – ამბობს სოფელ კახათის მკვიდრი ნარგიზა ნაჭყებია.
„იქ, სადაც 800 კილო თხილი იყო, წელს მოვიდა 200 კილო. არ ვიცი, მატლების ბრალია თუ ამინდის... ძალიან ცუდი შემოსავალი გვაქვს. ფასის გაზრდას არ ველოდები, უკვე ჩავაბარე თხილი“, – ამბობს სოფელ ინგირში მცხოვრები ვენერა კვარაცხელია.
უფლება არ გვაქვს, რომ გადმოვიტანოთ. თუ ცოტა გადმოვიტენეთ, ბევრი ფული უნდა გადავიხადოთ. ჩვენ ამდენი არ გვაქვს. საზღვართან აფხაზები დგანან და ერთ ტომარა თხილზე საშუალოდ 200 რუსულ რუბლს გვახდევინებენ ...

თხილის ფასი ოკუპირებულ აფხაზეთში უფრო ნაკლებია, ვიდრე ზუგდიდში. რადიო თავისუფლებას ოკუპირებული გალის რაიონის სოფლებში მიმავალმა მგზავრებმა ზუგდიდში უთხრეს, რომ გალში 1 კილოგრამი თხილის ფასი 40 თეთრით ნაკლებია, ვიდრე ზუგდიდში. მგზავრების თქმით, მიუხედავად დიდი სურვილისა, ზუგდიდში თხილის გადმოტანას ვერ ახერხებენ, რადგან ე.წ. საზღვრებზე ტვირთის გადასახადი მაღალია, თუმცა, მათივე თქმით, არსებობს გამონაკლისი: იმ მგზავრებს, ვისაც ე.წ. საზღვარზე ნაცნობები ჰყავს, შესაძლოა თხილი გვიან ღამით ჩუმად გადმოატანინონ. ოკუპირებულ გალის რაიონში მიმავალმა მგზავრებმა ვინაობა იმ მოტივით არ დაგვისახელეს, რომ ხშირად შემოვლითი გზებით, მალულად უწევთ გადაადგილება და შიშობენ დამატებითი პრობლემები არ შეექმნათ.

„უფლება არ გვაქვს, რომ გადმოვიტანოთ. თუ ცოტა გადმოვიტენეთ, ბევრი ფული უნდა გადავიხადოთ. ჩვენ ამდენი არ გვაქვს. საზღვართან აფხაზები დგანან და ერთ ტომარა თხილზე საშუალოდ 200 რუსულ რუბლს გვახდევინებენ - ისიც, თუ იკმარეს. იქ ბაზარში აფხაზები არიან და ისინი იბარებენ. თუ სახლში დაიბარებ, მოვლენ და წაიღებენ, მაგრამ აქაურ და იქაურ ფასს ერთმანეთს ვერ შეადარებ“, – ამბობს ოკუპირებული სოფელ ოქუმის მკვიდრი.

ახლა ვინც თხილს აბარებს, მართლა უჭირს ეკონომიურად. ყველამ იცის, რომ იანვრამდე თხილის ფასი გაიზრდება ...

„შეიძლება ნაცნობობით და დალაპარაკებით გადმოგატანინონ. ჩვენ ვერ ვხედავთ, აქეთ როდის გადმოაქვთ თხილი - ალბათ, გვიან ღამე ან დილით ადრე“, – ამბობს ოკუპირებულ სოფელ წარჩეში მცხოვრები ქალბატონი.
ზუგდიდში თხილის ერთ-ერთი მიმღები პუნქტის თანამშრომელი, მანანა უბილავა, ამბობს, რომ ადგილობრივებთან ერთად მასთან პროდუქტს ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებნიც აბარებენ. მისი თქმით, იანვრამდე თხილის ფასი გაიზრდება:

„ახლა ვინც თხილს აბარებს, მართლა უჭირს ეკონომიურად. ყველამ იცის, რომ იანვრამდე თხილის ფასი გაიზრდება. რომ ჰქონდეთ ფული, დაელოდებოდნენ იანვარს“, – განმარტავს მანანა უბილავა.

თხილის მიმღებ პუნქტებში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ზუგდიდში მდებარე 4 დიდი და რამდენიმე მცირე თხილის ქარხნიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ნაწილი მუშაობს აქტიურად, რადგან მიმღები პუნქტები ქარხნებში თხილის რეალიზებას მასზე ფასის გაზრდის შემდეგ გეგმავენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG