Accessibility links

logo-print

სოფლის მოუვლელი ბიბლიოთეკები წიგნებისა და მკითხველის ძიებაში


„სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედი ბიბლიოთეკის შენობების დიდი ნაწილი მოუწესრიგებელია, არ არის მდიდარი თანამედროვე ლიტერატურით და მკითხველთა რაოდენობა ერთ წელიწადში ორმოცდაათს არ აღემატება.

ცენტრის წარმომადგენლების თქმით, რამდენიმე სოფელში შენობის უქონლობის გამო წიგნები გამგეობის შენობაში ან ადგილობრივი მცხოვრების კერძო სახლშია შენახული. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად კვლევაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი რუხია მოყვანილი. სწორედ ამ ბიბლიოთეკას ესტუმრა რადიო თავისუფლება.

რუხში ბიბლიოთეკა კულტურის სახლის ავარიული შენობის ერთ ოთახში ფუნქციონირებს. სოფლის ბიბლიოთეკაში 90-იან წლებში 9000-მდე წიგნი ინახებოდა, ახლა მისი რაოდენობა 4000-ს არ აღემატება.

რუხის სასოფლო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის დავით ჯიშკარიანის განცხადებით, წიგნები ადრე ამავე შენობის სხვა ოთახში იყო განთავსებული, სადაც დაზიანებული სახურავიდან სხვადასხვა დროს წვიმა ჩამოვიდა და კედლებიდან ბათქაშმა იწყო ცვენა. მაშინ გაფუჭდა წიგნების ნაწილიც:

„არეულობის დროს დაიკარგა, მაგრამ წიგნების ძირითადი ფონდი შენარჩუნებულია. ინფორმაცია, რომ წიგნების ნაწილი სოფელში კერძო სახლში ინახებოდა, ჩვენ გადავამოწმეთ. ჩვენთან საუბარში ეს უარყო ნაზო ჭკადუამ (ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ავტ) . მან თქვა, რომ წიგნები ცენტრალურ ბიბლიოთეკას ჩააბარა. ამ ეტაპზე დაუდგენელია წიგნების ადგილსამყოფელი. არც ვიცი, რამდენ წიგნზეა საუბარი, თუმცა ცოტა რომ არ არის, ესეც ვიცი“.

ჩემი ბიბლიოთეკა 1996 წელს გააუქმეს და ამის შემდეგ წიგნები კერძო სახლში ინახებოდა, სადაც ქირას ვიხდიდი. იქ არაფერი არ დაკარგულა. შემდეგ სასოფლო საბჭომ მომცა ფინური სახლი და იქ გადავიტანე წიგნები...
იგივე გაიმეორა რუხის ბიბლიოთეკის ყოფილმა ხელმძღვანელმა ნაზო ჭკადუამ რადიო თავსუფლებასთან საუბრის დროსაც. მისი განცხადებით, 90-იან წლებში, წიგნების გადარჩენის მიზნით, მათი გადაადგილება მოუხდა, თუმცა, საბოლოოდ, ის ზუგდიდში ცენტრალურ ბიბლიოთეკას ჩააბარა:

„ჩემი ბიბლიოთეკა 1996 წელს გააუქმეს და ამის შემდეგ წიგნები კერძო სახლში ინახებოდა, სადაც ქირას ვიხდიდი. იქ არაფერი არ დაკარგულა. შემდეგ სასოფლო საბჭომ მომცა ფინური სახლი და იქ გადავიტანე წიგნები. აი, იქ კი ბავშვები მპარავდნენ წიგნებს და იქ დაიკარგა რაღაც ნაწილი. საბოლოოდ, მე ყველა წიგნი ზუგდიდის ბიბლიოთეკას ჩავაბარე“.

ნაზო ჭკადუას თქმით, წიგნების მიღება-ჩაბარების აქტი ზუგდიდის ბიბლიოთეკის არქივში აუცილებლად უნდა ინახებოდეს.

ჩვენ საკმაოდ ბევრი წიგნი გავეცით როგორც ფილიალებზე, ისე სკოლებზე, საპყრობილეზეც, ასევე 2000 წლიდან მივეცით სამხედრო ნაწილს. ახლა კონკრეტულად ნაზო ჭკადუას წიგნები იყო თუ არა მათ შორის, ვერ გეტყვით...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი მანანა გვარამია აცხადებს, რომ 90-იან წლებში სხვადასხვა წიგნთსაცავი გაერთიანდა - მათ შორის, რუხის დაწესებულება ქალაქის ბიბლიოთეკას შეუერთდა, თუმცა დღეს რამდენი წიგნი ინახება ამ ფონდიდან, არ იცის:

„ჩვენ საკმაოდ ბევრი წიგნი გავეცით როგორც ფილიალებზე, ისე სკოლებზე, საპყრობილეზეც, ასევე 2000 წლიდან მივეცით სამხედრო ნაწილს. ახლა კონკრეტულად ნაზო ჭკადუას წიგნები იყო თუ არა მათ შორის, ვერ გეტყვით. სარეზერვო ფონდებში, ალბათ, არის. შესაბამისი დოკუმენტებიც იქნება, სავარაუდოდ. მოსაძებნია“.

მანანა გვარამიას თქმით, ბიბლიოთეკა სასწრაფო რემონტს საჭიროებს რუხშიც და სხვა სოფლებშიც, თუმცა, მწირი დაფინანსების მიზეზით, საკითხის მოგვარება ვერ ხერხდება. ერთ-ერთ მოუგვარებელ პრობლემად რჩება შენობების დიდ ნაწილში ელექტროენერგიის უქონლობა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მაია ღურწკაიას განცხადებით, სოფლებში მოქმედი ბიბლიოთეკების უმრავლესობა ყოფილი კოოპერატივის კუთვნილ შენობებშია განთავსებული. ამ მიზეზით, ადგილობრივი ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს წიგნთსაცავების ტექნიკურ გამართვას:

„’ენერგო პრო ჯორჯია’ მრიცხველს არ აყენებს იმ შენობებზე, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არ არის. ამ შენობების ძირითადი ნაწილი კი ჩვენს საკუთრებაში არ არის. მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, მაგრამ ჯერჯერობით ქმედითი ნაბიჯები არ ჩანს“.

მაია ღურწკაიას თქმით, გამგეობა წიგნთსაცავების ამოქმედებას ყველა სოფელში აპირებს, რადგან საქმე მომავალი თაობის განვითარებას შეეხება.

„სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრი“ მიიჩნევს, რომ ბიბლიოთეკებში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია პრობლემების შესწავლა და ფინანსური გეგმის შემუშავება. ორგანიზაციის წევრთა აზრით, დაწესებულებების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა, სამკითხველოებში კომფორტის შექმნა და საინტერესო ღონისძიებების ჩატარება გაზრდის წიგნისა და ბიბლიოთეკებისადმი მკითხველთა ინტერესს.
XS
SM
MD
LG