Accessibility links

logo-print

არასამთავრობო ორგანიზაცია ზუგდიდის მერიისგან ფართით უზრუნველყოფას ითხოვს


ზუგდიდი

ზუგდიდი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ზუგდიდის განვითარების ცენტრი“ ადგილობრივი ხელისუფლებისგან ფართით უზრუნველყოფას ითხოვს. ცენტრის ხელმძღვანელი, მოხალისე მასწავლებლები და 1000-მდე სტუდენტი მერიისა და ქალაქის საკრებულოს მისამართით მიმართვას ავრცელებენ. ცენტრი მოითხოვს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიფაროს ოფისის საფასური, რადგან ახალგაზრდები აქ სრულიად უფასოდ ეუფლებიან უცხო ენებს და იძენენ საჭირო უნარ-ჩვევებს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში „ზუგდიდის განვითარების ცენტრი“ აპირებს 1000-მდე მოსწავლისთვის ლექციები მერიის შესასვლელში ჩაატაროს.

„ზუგდიდის განვითარების ცენტრს“ ქალაქის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძე ხელმძღვანელობს. დეპუტატის მტკიცებით, მისი პოლიტიკური ცხოვრების მიუხედავად, ცენტრი სრულიად აპოლიტიკურია და ახალგაზრდებისთვის მხოლოდ უფასო საგანმანათლებლო მომსახურებას ეწევა. ანა წითლიძის თქმით, მანამდე ოფისის ქირას, წინა მოწვევის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ადგილობრივი ხელისუფლება იხდიდა, დღეს კი დეპუტატისთვის გაუგებარია ქალაქის მერის პასუხი:

„გვითხრეს სახელმწიფო მფლობელობაში არ გვაქვს თავისუფალი ფართი და თურმე ამის გამო ვერ უზრუნველყოფენ ჩვენი ფართის დაფინანსებას. მიმართვაში ჩვენ არ გვიგულისხმია სახელმწიფო ბალანსზე არსებული შენობის დათმობა, არ გვიგულისხმია, რომ ჩვენ ამ უფასო გაკვეთილებს ჩავატარებდით ბატონი ოგოხიას ან ქვარაიას კაბინეტებში. ჩვენ ვიგულისხმეთ იმ ფართის დაფინანსება, რომელიც ახლა აქვს ზუგდიდის განვითარების ცენტრს და რომელიც წელიწადში ჯდება 18 ათასი ლარი. დანარჩენი: კომუნალურები, ინტერნეტი, 25 მოხალისე მასწავლებელი არის მოხალისეობრივი და არ ფინანსდება არავის მიერ. ის ფინანსდება მხოლოდ საორგანიზაციო კომიტეტის ჯიბიდან“.

ცენტრის სტუდენტებმა სოციალურ ქსელში დაიწყეს აქცია. „ჩვენ გვინდა ზუგდიდის განვითარების ცენტრი! გვაცადეთ სწავლა!“ -მსგავსი შინაარსის ვიდეომიმართვებს ახალგაზრდები ზუგდიდის მერიის ფეისბუკის გვერდზე ავრცელებენ.

„პოზიცია, რომელიც დააფიქსირა ზუგდიდის მერიამ, არის ჩვენთვის მიუღებელი. ცენტრში სწავლობს 1000-მდე მოსწავლე, რომლებიც სრულიად უანგაროდ იღებენ სწავლა-განათლებას. ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ვისწავლოთ ამ ცენტრში“, - ამბობს ცენტრის ერთ-ერთი მსმენელი, მიშო ყორშია.

არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნის საპასუხოდ, ქალაქ ზუგდიდის მერი აცხადებს, რომ საკრებულო გეგმავს შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის არასამთავრობო ორგანიზაციათა მოთხოვნებს:

„ვის დააფინანსებენ და ვის არ დააფინანსებენ, ეს საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს. კომისია გადაწყვეტს ამ საკითხს, სადაც შეიძლება ანა წითლიძეც იყოს ან „ნაციონალური მოძრაობის“ თუ საკრებულოს სხვა წევრი. ჩვენ მოგვთხოვა ფართი და მე ვერ შევძლებ ფართით დაკმაყოფილებას. მე თვითონ განვიცდი ფართის მწვავე დეფიციტს, იმიტომ რომ ქალაქი ახლა ჩამოყალიბდა, ააიპიები გაიყო და სტრუქტურული ერთეულებისთვის არ მაქვს ფართი. ისინი არ არის ყველა დაკმაყოფილებული“.

ქალაქის საკრებულოში კი აცხადებენ, რომ საკითხის შესასწავლადსპეციალური კომისია უახლოეს მომავალში შეიქმნება. მას დაევალება შეისწავლოს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის - მათ შორის, „ზუგდიდის განვითარების ცენტრის“ -წერილი. საკრებულოს საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ირაკლი ლაგვილავას განცხადებით, კომისია მუშაობის დასრულების შემდეგ წარმოადგენს დასკვნას და გაირკვევა, დაკმაყოფილდება თუ არა ამა თუ იმ ორგანიზაციის მოთხოვნა.

XS
SM
MD
LG