Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტიტუციის ცვლილებების პროექტი საჯარო განსჯის საგანი ხდება


საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი
საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი
საქართველოს პარლამენტმა დღეს საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების საბაზისო პროექტის საჯარო განხილვის კომისია შექმნა. კომისია 36 წევრით დაკომპლექტდა და მასში, დეპუტატების გარდა, ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები - ძირითადად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები - შევიდნენ. კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს, მისი მოადგილე კი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი იქნება. კონსტიტუციის ცვლილებების საბაზისო პროექტის საჯარო განხილვის პროცედურა დაიწყო. პროცესი მინიმუმ ერთ თვეს გასტანს.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელსაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ, საბოლოო სახით, 19 ივლისს უყარა კენჭი, საქართველოს პარლამენტში დღეს, 21 ივლისს, იქნა ინიცირებული. პარლამენტში შექმნილი საორგანიზაციო კომისია ერთი თვის განმავლობაში პროექტის საჯარო განხილვის ეფექტურობაზეა პასუხისმგებელი. ამ ხნის განმავლობაში კომისია მოქალაქეებისაგან შენიშვნებს სპეციალურად შექმნილ ვებმისამართზე მიიღებს.

გიორგი თარგამაძე, ქრისტიან-დემოკრატთა ლიდერი
”აღნიშნულმა კომისიამ მართლაც ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პროცესში მაქსიმალურად იყოს ჩართული ყველა საზოგადოებრივი ჯგუფი და ამ პროცესს მაქსიმალურად გამჭვირვალე ხასიათი მიეცეს. არ უნდა დავაწესოთ რაიმე განსაკუთრებული - თუნდაც დროის რეგლამენტი -საიმისოდ, რომ ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვამ რაიმე ზიანი მოუტანოს იმ საბოლოო ამოცანას, რასაც ჰქვია საკონსტიტუციო რეფორმა, მისდამი ნდობის და ლეგიტიმაციის ხარისხი”, - აღნიშნა საპარლამენტო კომისიის დამტკიცების შემდეგ ქრისტიან-დემოკრატთა ლიდერმა გიორგი თარგამაძემ. რამდენად იაქტიურებს საზოგადოება და დაექვემდებარება თუ არა სერიოზულ გადახედვას პროექტი მოქალაქეების შენიშვნების საფუძველზე - ესაა ძირითადი საკითხები, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის საჯარო განხილვის სტადიაზე იძენს აქტუალობას. ამ საკითხებთან უშუალო კავშირშია ოპონენტთა ეჭვნარევი მოსაზრება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ პროექტი პრეზიდენტს ინიცირებისთვის წლის ყველაზე პასიურ დროს, ივლისის ბოლოს, შეგნებულად გადასცა, რათა პროექტის განხილვამ ფორმალური სახე მიიღოს და ახალი კონსტიტუციაც საბოლოოდ დაჩქარებული წესით დამტკიცდეს.

”არ ვფიქრობ მე მასე. მე გუშინ, გუშინწინ ასე განვმარტე ჩვენი პოზიცია: თუ კომისია იტყვის, რომ პროექტი არ არის სათანადოდ მომზადებული, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. კომისიამ 47-დან 44 ხმით ჩათვალა, რომ პროექტი მზად არის. ბოლო სესიაა, ბოლო სხდომაა და გადავწყვიტეთ, რომ პრეზიდენტისთვის გადაგვეცა. ეს ჩვენი მოვალეობა იყო, პრეზიდენტმა, თავის მხრივ, გადაწყვიტა, რომ შეიტანოს პარლამენტში დღესვე, ანუ ბოლო სესიაზე.”

ავთანდილ დემეტრაშვილი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს ავთანდილ დემეტრაშვილს იმის დასადასტურებლად, რომ არ იჩქარა, კიდევ ერთი არგუმენტი მოჰყავს: სახელმწიფო კომისიამ კონსტიტუციური ცვლილებების პროექტზე მუშაობას ხანგრძლივი დრო, ერთი წელი დაუთმო. პროდუქტი კი, რომელიც ამ მუშაობის შედეგს წარმოადგენს, არის საკონსტიტუციო პროექტი, რომელიც ქვეყნის შერეულ მმართველობას ანიჭებს უპირატესობას. ამ ფორმაში დომინირებს საპარლამენტო რესპუბლიკის ელემენტები, პრეზიდენტის რიგი უფლებამოსილებები კი პრემიერ-მინისტრის ხელში ექცევა.

”ამ კონსტიტუციით პარლამენტი ძლიერდება, ამ კონსტიტუციით უფრო მეტი კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები შემოდის. ახლა დაიწყება საერთო-სახალხო განხილვა და, განსხვავებით წინა პროცესისგან, რომელიც იყო 95 წელს, როდესაც კომისიამ ერთი პროექტი დადო , ხოლო პარლამენტმა მიიღო ის, რომელიც მათი კონიუნქტურისთვის იყო 95 წელში უფრო მისაღები, აქ საფუძვლადაც აღებულია ის პროექტი და ის გაზიარებული მოსაზრებები, რომელიც ექსპერტებსა აქვთ.”

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადების მიუხედავად, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სახელმწიფო კომისიის მიერ მომზადებული საბაზისო დოკუმენტი საქართველოში ამ დარგში მოღვაწე ექსპერტებისა თუ კონსტიტუციონალისტების კონსენსუსის საგანს არ წარმოადგენს. შესაბამისად, საინტერესოა, მოსალოდნელია თუ არა საჯარო განხილვის ეტაპზე გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე სახელმწიფო კომისიის მიერ მომზადებული საბაზისო პროექტის მნიშვნელოვანი შესწორება. ამ შეკითხვით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს პავლე კუბლაშვილს მივმართეთ.

პავლე კუბლაშვილი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
”ბუნებრივია, რაღაც ახალი მოდელის მოფიქრებას ამ ცვლილებების შემდეგ არ ვაპირებთ, მაგრამ სხვა შენიშვნებთან დაკავშირებით ყველაფერზე გვექნება მსჯელობა.” - ასეთი იყო პასუხი.

”რადგან ეს უკვე დასრულებული პროცედურაა, პროექტი პარლამენტში შევიდა და პარლამენტი ოფიციალურად იწყებს მის განსჯას, ჩვენ პროექტს შევაფასებთ არა უკვე ცალკეული თავებისა და მუხლების მიხედვით, არამედ მთლიანად. მთლიანად შევაფასებთ და ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია”, - აღნიშნა, თავის მხრივ, საზოგადოებრივ-საკონსტიტუციო კომისიის წევრმა ვახტანგ ძაბირაძემ, რომლის განმარტებითაც, კომისია ჯერ არ ჩამოყალიბებულა იმაზე, ჩაერთვება თუ არა საბაზისო პროექტის საჯარო განხილვის პროცესში წერილობითი შენიშვნებისა და რეკომენდაციების წარდგენის გზით. წინასწარი ინფორმაციით, კონსტიტუციის ცვლილებების საბაზისო პროექტის საპარლამენტო მოსმენა საშემოდგომო სესიის გახსნისთანავე, სექტემბრის შუა რიცხვებში, მოეწყობა.
XS
SM
MD
LG