Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანდაზმულთა მდგომარეობა პანსიონატებში


1 ოქტომბერი გაეროს მიერ ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ არის აღიარებული. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა პანსიონატებში ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე მომზადებული სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. უჩა ნანუაშვილის თქმით, ქვეყნის მასშტაბით 5 დაწესებულების მონიტორინგის შედეგების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ დაბალია ხანდაზმულთა სოციალური დაცვის ხარისხი და პანსიონატებში არასათანადო მოპყრობის ფაქტებიც გვხვდება.

83 წლის ალბერტ მანუკიანი 3 წელია თბილისში, თემქაზე მდებარე ხანდაზმულთა პანსიონატში, ცხოვრობს. მთელი ცხოვრება მძღოლად მუშაობდა, სიბერის გატარება კი პანსიონატში უწევს. მოპყრობით უკმაყოფილო არ არის, თუმცა მაინც წუხს, რომ სიცოცხლის ბოლო წლების გატარება ოჯახისგან მოშორებით უხდება:

„ეეჰ, რა ცხოვრებაა! ეს ცხოვრებაა? არა, ყველაფრით კმაყოფილები ვართ, მაგრამ სად რომ სახლში იქნები, შვილებთან, მაგრამ სადაა!“

ხანდაზმულთა პანსიონატში მოხვედრამდე 78 წლის ქსენია ავსაჯანიშვილს თავისი სახლიც ჰქონდა და საქმეც, მაგრამ სიბერეში მარტო დარჩა:

„ვცხოვრობთ, რა... ბინა მქონდა, მოსაკლავად შემომივარდნენ. გამოვიპარე და, ბოლოს, აქ მოვხვდი“.

ხანდაზმულთა პანსიონატამდე მიმავალი გზა ყველა მოხუცისთვის განსხვავებულია, იქ ყოფა კი - ყველასთვის საერთო. ამ საერთო ყოფაში ბევრი პრობლემაა, ამბობს სახალხო დამცველი. პანსიონატებში ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ თბილისსა და ქუთაისში არსებულ 5 დაწესებულებაში გამოვლინდა ბენეფიციართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები, დოკუმენტაციის წარმოების ხარვეზები, პერსონალის ნაკლებობა, გაუმართავი ინფრასტრუქტურა და სხვა.

„ზოგადად, ხანდაზმულთა მიმართ ეფექტური პოლიტიკის არარსებობა, სიღარიბე, უსახლკარობა, ძალადობის შემთხვევები, საზოგადოებისგან იზოლაციის საფრთხე - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რაც ამ სფეროში არსებობს. ამ დაწესებულებებში პერსონალის ნაკლებობა - ისევე როგორც, რიგ შემთხვევებში, დაბალი კვალიფიკაცია - წამოადგენს პრობლემას. მედიკამენტების ნაკლებობა, ამ დაწესებულებების ინფრასტრუქტურული გაუმართაობა, არაადაპტირებული ფიზიკური გარემო, ამასთან, ამ დაწესებულებების არასათანადო ინსპექტირება და მონიტორინგი სახელმწიფოს მხრიდან - ესეც არის გამოწვევა“, - ამბობს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

ხანდაზმულთა მსოფლიო დღე
please wait

No media source currently available

0:00 0:03:25 0:00

როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსი ამირან დათეშიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, პრობლემები უფრო მეტად ძველი ტიპის დიდი ზომის პანსიონატებშია, ასეთი კი ორია. გაცილებით უკეთესი მადგომარეობაა სათემო პანსიონატებში, რომელიც ქვეყანაში სულ 7-ია. სულ, პანსიონატებში 250 ხანდაზმულია აღრიცხული. პანსიონატს სახელმწიფო თითო ბენეფიციარზე ყოველდღიურად 16 ლარს ურიცხავს. ეს თანხა პანსიონატის საჭიროებებზე, მათ შორის, თანამშრომელთა ანაზღაურებასა და ბენეფიციარებზე ნაწილდება. ამირან დათეშიძის თქმით, სახელმწიფომ შარშან მიიღო მომსახურების ერთიანი სტანდარტი და, ზოგადად, სახელმწიფოს მიდგომაა დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაცია:

„შარშან ასეთი ტიპის დაწესებულებებისთვის ერთიანი სტანდარტი მივიღეთ და სისტემატურად ხორციელდება მონიტორინგი. სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციას სხვადასხვა მდგომარეობა აქვს და არის ორგანიზაციები, სადაც, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ძალიან კარგი პირობებია, თუმცა არის ორგანიზაციები, სადაც არის ხარვეზები და რეკომენდაციებს ვაძლევთ, რომ მომსახურების ხარისხი გააუმჯობესონ“.

ომბუდსმენის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე ობოლაძე ამბობს, რომ მიუხედავად არადამაკმაყოფილებელი პირობებისა, ბენეფიციართა უმატესობა პანსიონატით მაინც კმაყოფილია:

„ეს ადამიანები იმდენად არიან საზოგადოებისგან გარიყულები, რომ ისინი იმითაც „კმაყოფილი“ არიან, რომ არ აწვიმთ, აქვთ ჭერი და აქვთ ელემენტარული კვებითი მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალება, ანუ, სამწუხაროდ, ეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა იყო“.

საქართველოში სულ 717 900 60 წელს გადაცილებული პირია. ასაკით პენსიონერები 160- ლარიან პენსიას იღებენ და ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით სარგებლობენ. HelpAge international-ის მიერ 2014 წელს 96 ქვეყანას შორის გამოანგარიშებული ინდექსის თანახმად, საქართველო 28-ე ადგილს იკავებდა რეიტინგში. რეიტინგების მიხედვით ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, თავისთავად, არ არის ხანდაზმული ადამიანების კეთილდღეობის საფუძველი. ამიტომ აუცილებელია დაბერების პროცესის შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG