Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კიკონიშვილი - სამოქალაქო აქტივისტი


17 აპრილი, კვირა

დინ, დინ... სმატრფონზე მოსული შეტყობინების ხმა მაღვიძებს. ცალ თვალს ვახელ, ტელეფონის ეკრანს ვუყურებ და მეილს სიხარულით ვკითხულობ. ავტორი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მუსიკოსის აგენტია. დაგვიდასტურეს: 4 ივნისს ამ მუსიკოსს თბილისში ჩამოვიყვანთ, პროექტ „მუზამეს“ ფარგლებში. კვირაა, მაგრამ ამისთანა ამბის მერე ძილი აღარ მეკარება. წამოვხტი, ჩავიცვი − სამუშაოდ უნდა გავვარდე: კონცერტის „პროდაქშენი“, პოსტერი, დარბაზი, მხარდამჭერები, ფრენა, ბილეთები − ყველაფერი გასარკვევი და დასადასტურებელია. თვის ბოლომდე ანონსი უნდა დავდოთ, არც ერთი წუთი დასაკარგი აღარ გვაქვს.

ყავის სმისას, ოჯახის წევრებზე მეფიქრება, რომლებიც სახლიდან გავარდნისას აღარც კი მეკითხებიან, სად მივდივარ. ჩემი ბოლოდროინდელი დეპრესია, საქმეები, გართობა... მილიონი მიზეზი მაქვს, რის გამოც სახლიდან გაღვიძებისთანავე გამოვდივარ და უკან გვიან ვბრუნდები. ოჯახის წევრები მსაყვედურობენ. ბოლოს აღარც მახსოვს, როდის ვისაუზმე მათთან ერთად, როდის ველაპარაკე დედას ჩემს გეგმებზე, როდის მოვეფერე ჩემს ერთი წლის ძმისშვილს, რომელიც ჩვენთვის, გეებისთვის, ხშირ შემთხვევაში ნამდვილ პანაცეას წარმოადგენს. ადამიანს ხომ არაფრის, მგონი, სიკვდილისაც კი არ ეშინია ისე ძალიან, როგორც მარტოობის. მით უმეტეს, მარტოობის იმ ვულგარულ, პატრიარქალურ (ვიტყოდი, პატროსადისტურ) თარგზე აგებულ საზოგადოებებში, სადაც ოჯახი ექსკლუზიურად „ქალისა და მამაკაცის ერთობაა“.

ქალისა და მამაკაცის ერთობამ, ადვილად, ბუნებისგან ლანგარზე მორთმეულად გადაწყვიტა მარტოობის პრობლემა: შვილს გააჩენენ და სიბერეში, როგორც ჩემი ერთი მეგობარი ამბობს ხოლმე, „გარშოკის გამომცვლელი“ ეყოლებათ. ჩვენ კი, ბევრი წლის შემდეგ, ახალგაზრდობა რომ ჩაგვიფრენს, რა ჩემი ფეხები შეგვრჩება? ვგულისხმობ მამაკაცისა და მამაკაცის ერთობას, რომელსაც არათუ იურიდიულს, ადამიანურ ლეგიტიმაციასაც კი არ ანიჭებს ე.წ. „საზოგადოებრივი მორალის“ დიქტატურა.

რა შემრჩება და უამრავი საქმე, უამრავი კარგი საქმე, რომელიც ახლა უნდა ვაკეთო, რომ მარტოობას ორჯერ მეტად შეიარაღებული და მომზადებული დავხვდე, ქალ-ვაჟური ერთობისგან განსხვავებით, რომელიც ხშირად (თუმცა, რა თქმა უნდა, არა ყოველთვის) საყოველთაო აღიარების კომფორტში ზარმაცდება ხოლმე. „შვილი მყავს, გაიზრდება და მომივლის, აბა მარტო ხომ არ დამტოვებს?“ − ამბობენ ხოლმე ჰეტეროწყვილების გაზარმაცებული წარმომადგენლები.

დედაჩემი, რომელმაც ჩემზე ყველაფერი იცის და ორი წლის წინ გეების მხარდამჭერი საჯარო წერილიც კი დაწერა, თვეში ერთხელ მაინც მახსენებს, რომ „უკვე 27 წლის“ ვარ და ცოლ-შვილი, „გინდა-არ გინდა, საჭიროა“. ჩემს განრისხებას პასუხად იმასღა ახვედრებს, შენზე ვზრუნავ, მე რომ აღარ გეყოლები, მეშინია, მარტო არ დარჩეო.

არადა, რატომ უნდა დავრჩე მარტო? რისთვის ვშრომობ ამდენს? რისთვის წამოვხტი დღეს, გაგანია კვირა დღეს ჩემთვის უჩვეულოდ ადრე − დღის ორ საათზე?

ტყუილად კი არ გამეხარდა დღევანდელი მეილი იმ მუსიკოსის აგენტისგან? ბოლოს და ბოლოს, სხვა თუ ვერაფერი ვქენი, ძმისშვილი მეზრდება, რომელსაც თავისი განსაკუთრებულად მხიარული და ცანცარა, ბავშვური ხასიათის გამო, ხშირად მე მამსგავსებენ ხოლმე. ეზრდება ბიძას კარგი ძმისშვილი, გაიზრდება, მომივლის, ჰაერში ხომ არ დამტოვებს? თუ ეგეც არ იქნება, დავრჩე მარტო, რატომაც არა. ეს შიში, ბოლოს და ბოლოს, საუკეთესო მოტივატორია, რომ გაზარმაცების უფლება თავს ჩემნაირმა ზარმაცებმაც კი არ მივცეთ.

სასწრაფოდ ვცლი ყავას, ვაქრობ სიგარეტს, ვიღებ ჩანთას, ძმისშვილს შუბლზე ვკოცნი. ეს ერთი წლის პაწია არსება გულით მიღიმის, ხელებს მიწვდის, ამიყვანეო. ჯერ არც ერთმა არ ვიცით, ადრე თუ გვიან მეც თუ გავუწვდი ასე ხელებს, ამიყვანე-მეთქი. სახლს ვტოვებ და კაფე „ალტჰაუსში“ მივდივარ. 4 ივნისს ძალიან ამაყი და ძლიერი ვიქნები - კარგ საქმეს ვაკეთებ, მომავალში, შვილი თუ არა, ეს კარგი საქმეები მაინც ხომ უნდა დავუტოვო ვინმეს ჩემს მოსაფერებლად?

უცებ ვხვდები, რომ ეს შიშები და სენტიმენტები მახრჩობს. რა ყ---ბებზე ვფიქრობ! 27 წლის ვარ ჯერ, რა სიბერე, რის მარტოობა, თუ ძმა ხარ! გაიხედე, როგორი ამინდია გარეთ. ადე რა, საქმე მოითავე უცებ, იქნებ დღის ბოლოს ვინმე კაი ტიპიც ააგდო, დაჭიმე ძარღვი, შეუშვი შიგ რაც შეიძლება მეტი სისხლი და ენდორფინი, გაერთე, რეებს ბოდავ?

საქმეების მოთავების შემდეგ საღამოს მეგობრებთან ერთად, კაფეში ვასრულებ. ტრადიციულად მხიარული ვარ, ცანცარა, სიცილით პირს ვიხევ, „მეტი პოზიტივით“ ვამარაგებთ ერთმანეთს. გვიყვარს ადამიანებს მხიარული მეგობრები, გვიყვარს ერთმანეთით გართობა.

ძილის წინ ჯეი-ჯეი იოჰანსონის ძველ სიმღერებს ვუსმენ, სევდის მეუფეა ეს კაცი ჩემთვის. მერე ჩემს კომფორტულ, ემბრიონის პოზას ვიღებ და საკუთარ თავს ტკბილ სიზმრებს ვუსურვებ.

თავისუფლების დღიურები - გიორგი კიკონიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:17:31 0:00

18 აპრილი, ორშაბათი

ყველაზე საშინელი სიზმარი არის არა ტრადიციული კოშმარი (გავლა რომ გინდა და ფეხს ვერ დგამ, ლაპარაკი რომ გინდა და ხმას ვერ იღებ, საიდანმე რომ ვარდები ან გკლავენ), არამედ სიზმარი, რომელშიც ყველაფერი იდეალურადაა, სამოთხესავით: სიყვარული, სიხარული, ცისარტყელა და პეპლები. ასეთი სიზმრის შემდეგ გაღვიძებისას, სიყვარულის პრინცობიდან ოქროსუბნელ, ემბრიონის პოზაში მწოლიარე რიგით მოქალაქედ რომ ბრუნდები, შეუძლებელია წინა ღამის ტკბილმა ლანდებმა გადაგძლიოს. კონტრასტი ძილში ნანახ სამოთხესა და ცხადში არსებულ აბსურდებს შორის იმდენად დიდია, სიზმრის კაიფი ერთ წამში სრულდება, რობოტივით მიჰყვები წინასწარ გაწერილ მოქმედებებს: მოქმედებებს რობოტივით მიყვები: ჯერ საკუთარ დილის ერექციას წაეთამაშები, მერე მოფსამ, იქნებ ერთი-ორი ჩამოკრა კიდეც, ხელ-პირს დაიბან, კბილებს იხეხავ, ჭამ, მერე ყავა, სიგარეტი და საზეპირო შეკითხვა: რას ვშვრები დღეს?

კლუბ „ბასიანზე“ სტატია მაქვს დასამთავრებელი „ინდიგოსთვის“. მერე „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ გეგმები უნდა დავსახოთ, სხვანაირად შეუძლებელია. გამორიცხულია, არ გადავაგდოთ სახელმწიფო, რომლის სადისტური ნარკოპოლიტიკაც ადამიანებს სჯის, იჭერს, აღატაკებს საპროცესოებში გადახდილი უკანასკნელი თეთრებით, სცემს და ზოგჯერ, სრულიად შემთხვევით, კლავს კიდეც. ეს აბსურდი, რა თქმა უნდა, გადავარდება. გარდაუვალია ამ „სახელმწიფო ნარკოპოლიტიკად“ წოდებული ბოროტების ფინიში, მაგრამ იქამდე დიდი გზა გვაქვს გასავლელი, დიდი ბრძოლა ჩვენსა და, პარადოქსია, მაგრამ ჩვენივე დასმულ აროგანტ, ყოვლისმცოდნე, ტუტუც ხელისუფალთ შორის (სწორედ ამიტომ დაფიცებული მაქვს, რომ ცხოვრებაში არასდროს წავალ არჩევნებზე). ამ ბრძოლას ერთადერთი გამარჯვებული ეყოლება: საღი აზრი! ჩვენი ყველა გათვლებით, ისტორიის კანონზომიერების გათვალისწინებით, ფაქტებითა და ადამიანური დაკვირვებით, საღი აზრი ცალსახად ჩვენ მხარესაა.

დღესვე „ლგბტ საქართველოს“ ოფისში ვიკრიბებით. სულ მალე, კლუბ „ბასიანში“ დავიწყებთ საქართველოში პირველი მასშტაბური „ქვიარ-ფართების“ სერიას დავიწყებთ. სია გასაკეთებელია, მოსაწვევები - დასაგზავნი, შოუს დეტალები − დასალაგებელი. ძალიან გვინდა, რომ ამ „ფართებზე“ ლგბტ ადამიანები, ჩვენი მეგობრები და მხარდამჭერები ერთად გავერთოთ, კიდევ უფრო დავმეგობრდეთ, გავერთიანდეთ და გავაძლიეროთ საკუთარი თავები, როგორც ბრძოლისუნარიანი დამოუკიდებელი ინდივიდები. გავაძლიეროთ − სიყვარულით. ამ ბრძოლასაც მოვიგებთ, რადგან საღი აზრი აქაც ჩვენ მხარეზეა.

„მუზამეს“ 4 ივნისის ივენტის ამბებიც დასალაგებელია, პოსტერზე ვმუშაობთ. გაგანია ზაფხულში ხმაურიანი, საყოველთაო-სახალხო ფესტივალებისა და ზეიმების ფონზე, გვინდა, ტკბილი და სევდიანი მუსიკალური ივენტი მოვაწყოთ. ჩავტკბეთ სევდაში ამ ერთ საღამოს და მერე რამდენიც გვინდა, ვიგრიალოთ ფესტივალებზე. გრიალს რა ჯობია?

ამასობაში ჩემი ერთი ძვირფასი მეგობრისა და ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მუსიკოსის, ლევან კაპანაძისგან სასიხაურლო ამბავს ვიგებ: მისი ჯგუფის, ქართული მძიმე როკის ლეგენდის, „მძიმე ჯვრის“ კონცერტი საბოლოოდ დადასტურდა. ყველაზე ხმაურიანი ქართული როკ-ჯგუფი მაისში დიდი ხმაურით დაბრუნდება, ლევანს თავის ნამდვილ მუღამში ვნახავ − სცენაზე, გაბადრულს.

ამ საქმეების მოგვარებაში ღამე ისე დგება, რომ სახლში დაბრუნებულსღა მახსენდება, რომ ერთ გემრიელ ტიპთან შეხვედრა უნდა დამეთქვა. ისევ დამავიწყდა ძარღვების სისხლითა და ენდორფინებით შევსება. ეგ არაფერი, ტკბილი ძილი გიორგი. დილით მაინც ეგ ძარღვი გაგაღვიძებს, სად წავა? ზოგჯერ მაგასაც მოსწონს მარტოობა. ან თავს ინუგეშებს, რომ შენ, მისი პატრონ-მფლობელი მაინც არ მიატოვებ.

19 აპრილი, სამშაბათი

როგორ გინდა, შენი ყველაზე ერთგული მეგობარი, შენი სხეულის ფეხებშუა მოთავსებული აბეზარი მაღვიძარა მარტოობაში ამყოფო? ის არ ეყოფოდა, ჯერ სიყვარულის, მერე დაშორების და თანმდევი დეპრესიის გადამკიდემ, სულ რომ მივივიწყე? უცებ მახსენდება, რომ უკვე მერამდენე დღეა ანტიდეპრესანტებს აღარ ვსვამ. ვის არ დაშორებია შეყვარებული? ოჯახები ინგრევა, ბავშვები უმშობლოდ რჩებიან, დედას ჩემს გაჩენამდე სამი შვილი გარდაეცვალა (აჩენდა − იღუპებოდნენ. აჩენდა − იღუპებოდნენ. აჩენდა − იღუპებოდნენ). მერე მე გამაჩინა, მერე ჩემი ძმა. მერე, სულ რაღაც 32 წლისას, ქმარი გარდაეცვალა. მერე დედა გაასვენა, მერე ის, მერე ეს.

ჰოდა, ამ ამბების გახსენების შემდეგ, კიდევ უფრო მძაფრად ჩამესმოდა ჩემი ერთი მეგობრის, თანამოაზრისა და, შეიძლება ითქვას, სოციალური თანამებრძოლის, ნაჯას საყვედური: შეყვარებულს დაშორდი და ამის გამო ანტიდეპრესანტებს სვამ? მეღადავები? ასეთი სუსტი ხარ? შენი იმედი როგორ მქონდეს ამ ბრძოლებში, აბა?

და მართლაც! კიკონ, ტ---ი დააყენე და მორჩი დრამებს! გაიხედ-გამოიხედე, შენ გარშემო ამდენი დინამიკური პროცესი მიდის, ამდენი ისტორია იწყება, სრულდება. ამდენი სიმპათიური ტიპი დადის. რა ანტიდეპრესანტები? იცი მაინც, რომ ლიბიდოს სახეს ახევს? საქმეებს მიხედე, მეგობრები ნახე, ლამის მივიწყებულ ოჯახის წევრებს ცოტა მეტად მოეფერე, ისედაც როგორ გემუდარებიან, რომ თავი არ შეაკლა ამ რაღაც შტერულ დეპრესიებს. მერე საღამოს გაიარ-გამოიარე, Grindr-ზე შეიხედე, რა იცი, ვინ დაგითქვამს პაემანს. აზრზე მოდი, შეჩემისა!

მართლა, რა! სანამ მთლად უხერხულად ამოხეთქა შენში დაგროვილმა სექსუალურმა ენერგიამ და ცანცარულ ეგზიბიციონიზმად ქცეულა, გაახილე თვალი, გარშემო ამდენი და ამხელა თავისუფლებაა. დატკბი რა, რას ჩაწექი მგლოვიარე ტინეიჯერივით?

20 აპრილი, ოთხშაბათი

შუადღისკენ ვიღვიძებ. სახლში მარტო ვარ, არავის ხმა და ფუსფუსი არ ისმის. საბანს ვიხდი, საკუთარ სხეულს ვუყურებ. გამხდარი, საშუალოდ თმიანი მკერდიდან თხელ მუცელს მივუყვები მზერით, მერე ჭიპი, გვერდები, მერე სანტაკლაუსიანი ტრუსები. ტრუსებისა და თეძოს კვეთაზე, მუცლის პრესთან, ხაზებს ვაკვირდები, ორი ძარღვი მძაფრადაა ამოჭიმული, მომწონს. სხეულის ეს ნაწილი, მუცლის პრესის განაპირა მხარეს, ხაზივით ჩავარდნილი, სხვისი მაგიჟებს, საკუთარი − მით უმეტეს. ფოტოს ვუღებ, ინსტაგრამსა და ფეისბუკზე ვდებ. მეგობრები მეხუმრებიან, „სამაჭანკლო“ ფოტოაო. ვუყურებ საკუთარი სხეულის მცირე დეტალს ამ ფოტოზე და ვხვდები, რომ მეწვია სუბლიმაციის საზარელი ღვთაება. იდიოტობებზე ფიქრში საკუთარი სხეულიც კი ისე დამვიწყნია, რომ ახლა ფოტოთი და ეგზიბიციონიზმით მომიწია გახსენება.

მერე ერთი ტიპი მახსენდება, სოციალური ქსელებიდან კაი ხანია ვიცნობ, ლაივში პირველად, მგონი, ორი თვის წინ ვნახე და იმდენად მომეწონა, არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ... არ ვიცი, რით, მაგრამ ისე ძალიან მომეწონა, იმდენად მინდა ჩემი იყოს, რომ მის ყოველ დანახვაზე ტინეიჯერი გოგოსავით ვწითლდები და ვიბნევი ხოლმე. უფრო თამამი ვიქნებოდი, ერთი „ნაკლი“ რომ არ ჰქონდეს: ჰეტეროა, დაჟე ვიღაც გოგო ჰყავს. ნუ, აქ მორჩა ყველაფერი. სასურველი ტიპებისთვის დევნა თუ ხდება საჭირო, აი, მანდ ძაან ვზარმაცობ ხოლმე. გულწრფელად რომ ვთქვა, სიზარმაცეზე მეტად, სიამაყის ამბავი უფროა. ვინმეზე ნადირობა შეიძლება მხოლოდ მაშინ დავიწყო, როცა ცოტა საკუთარი თავით რწყევის სურვილი მიტევს და სექსში სუფთა ტრეშის გარდა არაფერი მაინტერესებს. სხვა შემთხვევაში გამორიცხულია. ჩემისთანა ზარმაცი და ამაყი მორალისტი, ვის ავედევნები, მით უმეტეს ჰეტერო ტიპს, რომელსაც შეყვარებული ჰყავს? საკუთარი გამოცდილებით მაინც არ ვიცოდე, წყვილს შორის ურთიერთობაში ჩახტომა როგორი სიბანძეა. სხვებს თუ უნდათ, ჩახტნენ, ჩამიხტნენ, მაგრამ მე არ მინდა, ის გავაკეთო, რის გამოც სხვაზე მერევა გული.

ოთხშაბათ დღეს სად, ვისთან და როგორ ვატარებ, უკვე მხოლოდ ჩემი ამბავია. მცირე პაუზის შემდეგ თავისუფლებას ვიბრუნებ, ტვინსა და სხეულში სისხლი მიჩქარდება, ჩემი და სხვისი სხეულის ინტერაქციით ვტკბები და ვიხსენებ, რამდენად ძვირფასია კაცობრიობის მიერ ყველაზე უსამართლოდ, ყველაზე ყალბად დემონიზებული ყველაზე დიდი სიტკბოება − სექსი!

გამარჯობა, კიკონ! დაუბრუნდი შენს თავს, როგორც იქნა.

21 აპრილი, ხუთშაბათი

გასაგებია, რომ დეტალურ აღწერას აღარ საჭიროებს გაღვიძების, ადგომის, დღის დაგეგმვაზე ფიქრის, ყავისა და სიგარეტის წევის ბანალური პროცესი. ამ დღეს ჩემთვის სხვა რამეა მნიშვნელოვანი, დღის მთავარი ნიუსი: თელავის პოლიციის იზოლატორში გარდაიცვალა მეტადონის პროგრამაზე მყოფი პატიმარი. გარდაცვალების მიზეზი, ომბუდსმენის განცხადებით, ის იყო, რომ პოლიციამ ყური არ უგდო „ლომკაში“ მყოფი პატიმრის მუდარას, სასწრაფო გამოეძახებინათ. ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქე პირდაპირი მნიშვნელობით იმსხვერპლა სახელმწიფოს არაადამიანურმა ნარკოპოლიტიკამ. ტვინში სისხლს მიქცევს იმაზე ფიქრი, რომ ეს ამბავი, კიდევ ერთი ტრაგედია, ახლა მარტივ ნიუსებადღა ითარგმნება, მერე მაქსიმუმ, ერთი პატარა აქცია მოვაწყოთ, ნიუსის ასაკრეფად მოსულ ჟურნალისტებს გაბრაზებული სახით მივცეთ კომენტარი, საღამოს, მეგობრებთან ბევრი ვიგინოთ ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით, მერე გვიან ღამე დავიშალოთ, ემბრიონის პოზა მივიღოთ და იმაზე ვიფიქროთ, ხვალინდელი შეხვედრა მორიგ მარტოობის შიშით შეპყრობილ ახალგაზრდა ყმაწვილთან რომელ საათზე დავნიშნოთ.

ინსტაგრამზე ჟურნალ „ნიუ იორკერის“ ყდას ვნახულობ: წვიმის სტილიზებული წვეთები იასამნისფერ ფონზე. იასამნისფერი წვიმა, Purple Rain... რა ხდება? ყდის აღწერას ვკითხულობ და აღმოვაჩენ, რომ გარდაიცვალა ჩემი ტინეიჯერობის ერთ-ერთი კერპი, მსოფლიო მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური, ავთენტური და მნიშვნელოვანი სახე − პრინსი, მუსიკოსი, რომლის შემოქმედებაზე სასაუბროდაც არათუ დღიური, სტატიების სერიაც არ გვეყოფა. ძალიან მოკლედ და ლაკნოურად რომ ვთქვათ: მუსიკოსი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თანამედროვე შტამპების, საყოველთაო კომერციალიზაციისა და წინასწარ გაწერილი სცენარების ეპოქაში ვერასდროს, ვერც ერთ სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსში ვერ გაიმარჯვებდა. ათეულშიც კი ვერ შევიდოდა. ისევე როგორც დევიდ ბოუი, ისევე როგორც ჯონ ლენონი, არტურ ბრაუნი და ვინ აღარ. ის მუსიკოსები, რომლებმაც მოასწრეს და ასცდნენ ამ გულისამრევსა და ბანალურ კლიშეებს.

ტრაგედიიდან სექსამდე, სექსიდან − დეპრესიის ნარჩენებამდე, ამ ნარჩენებიდან − საქმეზე და საქმიდან − ძილზე ისე დახტის ჩემი გონება, ხანდახან მგონია, ჩემში ერთდროულად ბევრი გიორგი ცხოვრობს და როდის რომელი გაიღვიძებს, ხან პირველყოფილ იმპულსებზეა დამოკიდებული, ხან პრაგმატიზმზე, ხანაც, უბრალოდ, „არიოლ-რეშკაზე“.

22 აპრილი, პარასკევი

დეპრესიის ნარჩენების, ახალი სექსუალური თავგადასავლების, სოციალური მოძრაობების, საქმეების, მომავლის დაგეგმვის, წუხილისა და ეიფორიის, ერთსაათიანი სიყვარულებისა და მარტოობის ეს ერთი კვირა უნდა დასრულდეს. პარასკევია, დასვენების დღე. ბასიანის დღე.

მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როდის და სად შევიკრიბოთ მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი, რა დავლიოთ და რით გავერთოთ. დღისით, როგორც იქნა, ვასრულებ სტატიას ამ კლუბის, „ბასიანის“, ჩემთვის უძვირფასესი ადგილობრივი კულტურული სივრცის შესახებ. ღამით კი, ფეხს შევდგამ თუ არა, ყველა და ყველაფერი უნდა დავივიწყო და დავიკიდო, საკუთარი თავისა და საკუთარი სიამოვნების, ჩემს თავთან ფიქრისა და ჩემი სხეულის ცეკვაში დაცლის გარდა.

ეს მუსიკა, რომელსაც ამაღამ ათ საათზე მეტის განმავლობაში მოვისმენთ, ჩემთვის, როგორც ხშირად ვამბობ ხოლმე, სულის სიმძიმის მუსიკაა. სიბნელე, რომელიც „ბასიანზე“ კლუბის განათების ტრადიციული პოლიტიკის წყალობით დაგვხვდება, სრული განმარტოებისა და საკუთარ თავებთან დარჩენის, ჩვენი ტკივილის დაცლის საუკეთესო საშუალებას მოგვცემს. მე, თუთა, ნაჯა, კიდევ ბევრი, ბევრი მეგობარი ამაღამ ძალიან, ძალიან ბედნიერები ვიქნებით. არა მხოლოდ ამაღამ, მაგრამ ახლა − განსაკუთრებით. ლამის ათსაათიანი ნონ-სტოპ გართობა მუსიკით, სიბნელითა და მილიონი სხვა საშუალებით, მაინც განსაკუთრებული გამოცდილებაა, რომელიც მომდევნო დღეებშიც გაგყვება.

შევდივართ კლუბში და მთელი ღამის განმავლობაში, მაქსიმალურ თავდავიწყებას ვეძლევი. ალაგ-ალაგ ვერ ვახერხებ, ვფიქრობ რაღაცებზე, ვიღაცებზე, ხანდახან ტუალეტში გამოვდივარ და ლამის მეგობრებისგან მალულად ვმესიჯობ, ვრეკავ, ვერ ვისვენებ. დიდი, ძალიან დიდი მესიჯებით და დაულაგებელი აზრებით ვეთხოვები უახლოესი წარსულის ნარჩენებს. თან ვხვდები, რომ საკუთარი დეპრესიის სენტიმენტალიზაციის პროცესში ვარ და ეს უკვე ძალიან მაგარია. სენტიმენტებს მხოლოდ წარსული აღგვიძრავს, ხოლო, რაც წარსულია, რამაც უკვე გაიარა და რასაც აღარაფერი ეშველება და აღარფერი შეცვლის, ამის დავიწყებაში უკვე ენა და გრამატიკა გვეხმარება − წარსულის გრამატიკული დრო. უბრალოდ, გაიხსენე ისტორია, ამბავი, ტიპი, გაიღიმე და მოეფერე, როგორც განვლილს და გამქრალს.

მერე ისევ „დენსფლორზე“ ვბრუნდები, ჩემი მეგობრის, დავით კახაბერის გვერდით ვდგები. არანორმალურად მსიამოვნებს მის გვერდით ცეკვა. ჩემი ნამდვილი წამალია ეს ბიჭი, თავისი რაციონალურობით, სიმშვიდითა და კეთილი ღიმილით. მთელი ღამე რომ არაფერი ვუთხრათ ერთმანეთს, ცეკვისას თუნდაც ერთხელ ჩავეხუტები, ვეტყვი როგორ ძალიან მიყვარს, ისიც იმასვე დამიბრუნებს და საკმარისია, უკვე კარგად ვარ. რა კარგია, ასეთი მეგობარი რომ გყავს გვერდით. ვიღიმი. მერე კიდევ რამდენიმე საათი გადის და „ბასიანს“ დილის 10 საათზე ვტოვებ.

23 აპრილი, შაბათი

„ბასიანის“ გამთენიის ყოველი შემდეგი საათი ჩემთვის ქუჩაში სეირნობის, ფიქრისა და სიმშვიდის დროა. ტანსაცმლის მაღაზიაში შევდივარ, იქითა კვირიდან ვარჯიშს ვიწყებ, სპორტულ სამოსს ვყიდულობ, ხელს ერთი-ორი ახალი საყურეც გამოვაყოლე, გზად პატარა სკვერში ვჩერდები, სიგარეტს ვუკიდებ, სელფის ვიღებ, აპრილის სითბოში ვნებივრობ და ეს ძალიან მომწონს!

მერე სახლში მივდივარ, დედა მთხოვს, მოვუყვე, რა ხდება ჩემს თავს, რატომ მაქვს დეპრესია, რას ვაპირებ, როგორ მიდის საქმეები. როგორც იქნა, სადილად ერთად ვსხდებით − ორნი, მე და დედა − და ყველაფერს ვუყვები, ალაგ-ალაგ მეტირება. ალაგ-ალაგ ისიც ტირის. ეშინია ჩემი მომავლის. ეშინია, რომ მარტო დავრჩები. მეუბნება იმას, რაც ისედაც ვიცი: ამ ცხოვრებაში სამუდამო არაფერია, მათ შორის არც სიყვარული, არც ცუდად ყოფნა, არც გართობა, არც სექსი, საერთოდ არაფერი. მერე ჩემს „საყვარელ“ თემაზე იწყებს საუბარს: როდის ვაპირებ, ვიფიქრო შვილზე, რომ მერე, როცა თვითონ ცოცხალი აღარ იქნება, სრულიად მარტო არ დავრჩე. არ ვიცი, რატომ ჰგონია, რომ მარტო დავრჩები, მაგრამ აღარ ვეკითხები.

ვეღარც ვბრაზდები. კამათს ვიწყებ, მაგრამ ვხვდები, რომ აზრი აღარ აქვს, აღარც დრო მაქვს, დღიური მაქვს დასასრულებელი სასწრაფოდ. გვიანდება, დროში ვიჭედები, მრცხვენია საშინლად. არც ვიცი, რომელზე მოვახერხებ რადიო თავისუფლების რედაქციაში მისვლას. ამიტომ, დედასთან კამათისგან თავის დასახსნელად მარტივ გამოსავალს ვპოულობ: თუკი ჩვენს სამყაროში სამუდამო არაფერია, მაშინ არც მარტოობა ყოფილა სამუდამო, როდისმე ეგეც დასრულდება, მისი შიშიც და ჩვენ, ადამიანებიც, ერთხელ და სამუდამოდ დავისვენებთ − სრულ სიმშვიდეში.

XS
SM
MD
LG