Accessibility links

აგვისტო. ვნებები ჭავჭავაძეზე


ახალი სჯობია თუ ძველი?

ცხადია, ეს არ არის არც რიტორიკული და, მით უმეტეს, არც ისეთი რთული კითხვა, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში პასუხს ვერ გავცემთ. ამისთვის სულ პატარა ცხოვრებისეული გამოცდილებაც კი საკმარისია, მაგრამ ხანდახან ისე ხდება ხოლმე, რომ ქალაქისთვის დამახასიათებელი ხმაური გონებას გვირევს და ხელს გვიშლის გავერკვეთ მარტივ ამბებში.

„არაფერი ქვეყანაზე იმით არ დაიწუნება, რომ ძველია. არც იმით მოიწონება, რომ ახალია“, - წერდა ილია ჭავჭავაძე ჯერ კიდევ 150 წლის წინ.

კი, ახლაც ყველა ჭავჭავაძეზე ლაპარაკობს, ზოგიერთი ხმამაღლა ყვირის, იგინება და ჩხუბობს კიდეც. სოციალურ ქსელებში ერთმანეთს გადაეკიდნენ მეგობრები. თბილისის მერი, რომელიც აქამდეც შემჩნეული იყო "უხამსი შუათითის" (Digitus infamis) ჩვენებაში, ამჯერად „შინაურების მოკითხვით“ ემუქრება ჭავჭავაძის გამზირის მოწყობით უკმაყოფილო მოქალაქეს. და ეს ყველაფერი ხდება აგვისტოში, ყველაზე ცარიელ და უსიცოცხლო თვეში, როცა ბაღები, სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები დახურულია, როცა ქალაქი გაკრეფილია მთაში, ზღვაზე, სოფლად ან ქალაქგარეთ.

მოკლედ, აგვისტო და ვნებები ჭავჭავაძეზე...

აქამდე ჭავჭავაძე, როგორც წესი, აგვისტოს ბოლოს გვახსენდებოდა ხოლმე - 30 აგვისტო (ძვ. სტილით 12 სექტემბერი) ხომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეა. წელს ჭავჭავაძე მთელი ერთი თვით ადრე გაგვახსენდა, რადგან აგვისტო ჭავჭავაძის გამზირის „მკვლელობით“ დაიწყო!

დიახ, ზუსტად ასეთი რეაქცია ჰქონდა თბილისელების ერთ ნაწილს, რომელმაც 1 აგვისტოს ჭავჭავაძის გამზირზე საკუთარი ავტომობილით მგზავრობა გადაწყვიტა და მთელი დღე ხერგილში გაატარა. ვინ იცის, ამ ჭავჭავაძით რომ ყოფილიყო წასასვლელი ის ჭავჭავაძე საგურამოში, იქნებ აღარც წასულიყო?!

სწორედ 1 აგვისტოს გამო მოიხადა ბოდიში თბილისის მერმაც:

“მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ავტომანქანის მძღოლს, ვინც კონკრეტულად ამ დღეს ჭავჭავაძის გამზირზე ან მის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილდებოდა და მოუწია გარკვეული დროით „საცობში“ დგომა”.

მაგრამ მერე, როგორც ხდება ხოლმე, კახა კალაძემ ბოდიშს მოაყოლა „მაგრამ“ და მეტი დამაჯერებლობისათვის მოიხმო “ხუთი სული” უძლიერესი კომპანია: ბრიტანული „ლოტმაგდონალდსი“, დანიური „რამბოლი“, ფრანგული „სისტრა“ და გერმანული „გოპა“.

„ამ კომპანიებთან ჩვენ ვმუშაობთ. სტრატეგია, დაგეგმარება, მარშრუტები და რეფორმები წამოვიწყეთ ამ კომპანიების მხარდაჭერით, რომლებიც მუშაობდნენ ევროპულ განვითარებულ ქალაქებში“, - კახა კალაძის თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე დღეს ტრანსპორტს შეუძლია სამჯერ ნაკლებ დროში 70 ათასი მგზავრის გადაყვანა, ვიდრე ეს იყო შესაძლებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებამდე.

აშკარაა, რის ხარჯზეც გაიზარდა მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებელი. შეიზღუდნენ მსუბუქი ავტომობილები, რომლებითაც გადავსებულია თბილისის ქუჩები. კახა კალაძის სტატისტიკით, თბილისში 600 ათასი ავტომობილი დადის, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას. კალაძის ამ ნათქვამიდან ჩანს, რომ თბილისს არ აწყენდა მსუბუქი ავტომობილებისგან განტვირთვა. ჭავჭავაძეზე დანერგილი სიახლეც ერთგვარი ბიძგი თუ იძულებაა ქალაქი განიტვირთოს.

სხვათა შორის, თბილისის განტვირთვის პრობლემის წინაშე იდნენ ბოლშევიკებიც საუკუნის წინ. 1921 წლის 31 ივლისის გაზეთი „კომუნისტი“ წერდა, რომ „საჭიროა ზედმეტი მოსახლეობისგან თბილისის განტვირთვა“:

„თბილისი გავსებულია მრავალი ისეთი პირებით, რომელნიც არ არიან ქალაქთან ორგანულად დაკავშირებულნი მკვიდრი მოსახლეობით და არ ეწევიან საზოგადოებრივ სასარგებლო შრომას. ისინი არ არიან აღნუსხულნი მუშახელის აღმრიცხველ დაწესებულებაში, გაურბიან რეგისტრაციას, რომ სახელმწიფოს ისინი მხედველობაში ჰყავდეს და საშუალება ჰქონდეს საჭიროების მიხედვით მათი გამოყენებისა. ამასთან, ქალაქის ზედმეტი სიმჭიდროვე და მასთან დაკავშირებული უსუფთაობა ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენს ყოველგვარ გადამდებ სნეულებათა გავრცელებისათვის. ასეთი არანორმალური და საშიში მდგომარეობის გაგრძელება შეუძლებელი იყო და მთავრობამაც გადაწყვიტა ქალაქის განტვირთვა პარაზიტულ ელემენტებისგან. ... ამ საქმის ჩაბარება მინდობილი აქვს განსაკუთრებულ უწყებათაშორისო კომისიას, რომელიც, ეჭვი არ არის, რომ დაკისრებულ მოვალეობას ღირსეულად შეასრულებს. თბილისს მოაკლდება მრავალი ათასი უსარგებლოთ და მუქთად მჭამელი ხალხი და სასურსათო და ბინის კრიზისი საგრძნობლად შენელდება“.

ცხადია, ასი წლის შემდეგ თბილისის განსატვირთავად საგანგებო კომისიას და იძულების ხისტ ფორმებს აღარავინ იყენებს, ამისათვის საკმარისია გზის მახვილგონივრული გადახაზვა, წესებისა და კონსტრუქციების სისტემის შეცვლა, რაც ათობით ათას სხვადასხვა სოციალური ფენის, ასაკის, კლასის, რელიგიის, სქესის, პოლიტიკური შეხედულებებისა და ცხოვრების წესის ადამიანს თავდაყირა დაუყენებს ცხოვრებას, ამოაგდებს მათ ჩვეული რიტმიდან. სიბრიყვე იქნება ვიფიქროთ, რომ ერთი ხელის მოსმით შეიძლება გადაადგილების საშუალების მექანიკურად გამოცვლა, რადგან, როგორც წესი, ადამიანის საქმიანობა განსაზღვრავს არა მხოლოდ იმას, თუ სად მიდის, არამედ იმასაც, როგორ და რით მიდის. შესაბამისად, ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა, სულ ცოტა, დისკრიმინაციული არ უნდა იყოს და სატრანსპორტო ნაკადიდან იძულებით არ უნდა აძევებდეს არავის.

ცხადია, არავინ ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულ მოძრაობას, მაგრამ თბილისელებს აქვთ საფუძველი ეჭვი შეიტანონ მერის როგორც კომპეტენციაში, ასევე გემოვნებაში.

"რაც შეიძლება მეტი „პანორამა თბილისი“ გვჭირდება. მეტი ასეთი მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაა ქალაქში საჭირო, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, ყველამ ვიცით, რომ ახალი სამუშაო ადგილებია. ასეთი მსხვილი პროექტების განხორციელება ქმნის სამუშაო ადგილებს როგორც მშენებლობის პროცესში, ისე მშენებლობის დასრულების შემდეგ. ზუსტად ამას ეწინააღმდეგებოდნენ ოპონენტები, სხვას არაფერს. იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება ქალაქისთვის“, - ეს არის კახა კალაძის კომენტარი თბილისისთვის მასშტაბითაც და ესთეტიკითაც შეუსაბამო „პანორამა თბილისზე“, რომელიც, შეუძლებელია ნეგატიურ გავლენას არ ახდენდეს თუნდაც იმავე ტრანსპორტის ნაკადსა და მის გადატვირთვაზე, არადა, ბატონი მერი ერთს არ სჯერდება და ამბობს, რაც შეიძლება მეტი „პანორამა თბილისი“ გვჭირდებაო.

ახლა თავში დასმულ არარიტორიკულ კითხვას დავუბრუნდეთ.

ახალი სჯობია თუ ძველი?

ისევ ილია ჭავჭავაძეს ვათქმევინოთ: "კაცმა ახალი ტალახი ძველს ვარდს არ უნდა ამჯობინოს მარტო იმის გამო, რომ ტალახი ახალია და ვარდი კი ძველი".

მაგრამ რა უნდა ვქნათ მაშინ, როცა ტალახი და ვარდი ვერ გაგვირჩევია ერთმანეთისგან? ან როცა ტალახი (პანორამა-თბილისი) საერთოდაც ვარდი გვგონია?

ეჭვიც არ შევიტანოთ გადაწყვეტილების სისწორეში?

განათლებას ვენდოთ, გამოცდილებას თუ პრინციპულობას?

ამაშია საქმე!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG