Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი: იულია სუსლიაკი უკრაინაშია და იქ გამოძიება არ მიმდინარეობს


იულია სუსლიაკი თავის შვილებთან არის, უკრაინაში; ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსს გადის; მის წინააღმდეგ უკრაინაში გამოძიება არ მიმდინარეობს; თუმცა მისი საქმე საქართველოდან აუცილებლად წავა სტრასბურგში - ადვოკატი ზურაბ თოდუა ბრძოლის მომდევნო ეტაპისთვის ემზადება.

„იულია იმყოფება უკრაინაში, თავის ქალაქში, ხმელნიცკში, სადაც გადის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსს მას შემდეგ, რაც მან საქართველოში გადაიტანა... უკანონო პატიმრობის შემდეგ, ქალი ისე გააგდეს ქუჩაში, თავისი საბანკო ბარათიც არ დაბრუნებიათ და მერე ორი დღით აზერბაიჯანში ნათესავთან (ცოტა ამოსასუნთქად) წასული, პრესკონფერენციისთვის საქართველოში აღარ შემოუშვეს“, - ეუბნება ადვოკატი თოდუა რადიო თავისუფლებას.

საქართველოს სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ ბავშვებით ვაჭრობაში დადანაშაულებული უკრაინელი ქალი იულია სუსლიაკი სასამართლო დარბაზიდან 19 ივლისს გაათავისუფლეს.

პროკურატურამ არაერთხელ განმარტა, რომ იულია სუსლიაკის საქმემ საქართველოში თავისი რესურსი უკვე ამოწურა.

  • იულია სუსლიაკის საქმე, უკრაინულ მხარესთან შეთანხმებით, გადაგზავნილ იქნა უკრაინის გენერალურ პროკურატურაში;
  • ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უკვე აღარ არსებობდა იულია სუსლიაკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და ის გათავისუფლდა;
  • მანამდე, ქართულმა მხარემ უკრაინის კომპეტენტურ ორგანოებს არაერთხელ მიმართა უკრაინაში არსებული მტკიცებულებების ქართული მხარისთვის გადმოცემის თაობაზე, თუმცა ქართულ მხარეს უკრაინიდან არანაირი მტკიცებულება არ მიუღია.

მიმდინარეობს თუ არა გამოძიება უკრაინაში?

ზურაბ თოდუას განმარტებით, იულია სუსლიაკის წინააღმდეგ უკრაინაში სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს და საქმეს არ იძიებენ.

„მთელი პასუხისმგებლობით გეტყვით, რომ უკრაინაში იულია სუსლიაკის წინააღმდეგ არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს. სწორედ გუშინ ველაპარაკე უკრაინელ ჟურნალისტსაც, რომელმაც უკრაინის პროკურატურიდან გამოითხოვეს ინფორმაცია და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნა არ არის დაწყებული იულია სუსლიაკის წინააღმდეგ...

ქართული მხარის მოგონილია ეს ყველაფერი... ამ დროს, უკრაინის პროკურატურას გამოგზავნილი აქვს დოკუმენტი და საქმეშიც დევს, რომ - უკრაინელ სუსლიაკებს ჰყავთ 10 შვილი, მათ შორის რამდენიმე - კანონიერი სუროგაციის გზით და მათი კიდევ ერთი შვილი გარდაცვლილია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ზურაბ თოდუა.

იულია სუსლიაკის საქართველოში დაკავების ამბავი აპრილშივე შეიტყო უკრაინულმა მხარემ და, შესაბამისად, ზურაბ თოდუა, მისივე თქმით, რამდენიმე მარტივ, რიტორიკულ შეკითხვას სვამს:

  • რატომ არ გამოუგზავნა უკრაინულმა მხარემ მტკიცებულებები ქართულ მხარეს, თუკი ასეთი მტკიცებულებები არსებობს?
  • რატომ მოხდა იულია სუსლიაკის ქუჩაში გაშვება და არა უკრაინული მხარისთვის გადაცემა, თუკი მის მიმართ სერიოზული ეჭვები არსებობდა?!
  • ხომ შეიძლებოდა, რომ (თუკი მართლა დამნაშავე იყო) უკრაინაში ჩასულ იულია სუსლიაკს დაეწყო იქ მტკიცებულებების განადგურება - საშიში არ იყო?!

ზურაბ თოდუას განცხადებით, მუშაობა დაწყებულია და „უსაფუძვლოდ დაკავებული იულია სუსლიაკის საქმე აუცილებლად გაიგზავნება სტრასბურგის სასამართლოში“.

წინასწარი ინფორმაციით, ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოში გასაგზავნი საჩივარი ორ ასპექტს მოიცავს:

  • აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უსაფუძვლო შეფარდება;
  • სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.

იულია სუსლიაკი ქართველმა სამართალდამცავებმა არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით 2019 წლის 26 აპრილს დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

გამოძიების პროცესში იულია სუსლიაკს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივეს და ადვოკატი მუდმივად ლაპარაკობდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, დანაშაულის აღიარებაზე დაყოლიების მიზნით.

საქართველოში 10 ბავშვთან ერთად ჩამოსული ქალის შესახებ ცნობილი გახდა 19 აპრილს, როცა ბავშვები ინტოქსიკაციის დიაგნოზით აღმოჩნდნენ ჯერ ზუგდიდის, ხოლო შემდეგ კი ქუთაისის საავადმყოფოში.

შეკითხვები გააჩინა ძირითადად იმ გარემოებამ, რომ იულია სუსლიაკის მიერ საქართველოში ჩამოყვანილი 10-დან 4 ბავშვი დაბადებულია 2017 წელს.

ქალი თავიდანვე განმარტავდა, რომ ბავშვები სუროგაციის გზით იყვნენ გაჩენილი. მოგვიანებით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ 10-ივე ბავშვი მისი მეუღლის (იური სუსლიაკის) ბიოლოგიური შვილია; ხოლო თავად იულია სუსლიაკი 4 ბავშვის ბიოლოგიური დედაა.

იულია სუსლიაკის გათავისუფლებამდე თითქმის თვენახევრით ადრე მისი თანმხლები 10 ბავშვი საქართველოდან უკრაინაში ბებიებმა წაიყვანეს. მათ წასაყვანად თვითმფრინავი უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოგზავნა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG