Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიული დიპლომატია „სოჭის დიალოგისთვის“


ალექსანდერ ვან დერ ბელენი, ვლადიმირ პუტინი. 2018 წლის 5 ივნისი
ალექსანდერ ვან დერ ბელენი, ვლადიმირ პუტინი. 2018 წლის 5 ივნისი

ავსტრიის პრეზიდენტი, ალექსანდერ ვან დერ ბელენი, 15 მაისს რუსეთში ჩავა, სადაც ვლადიმირ პუტინთან ერთად, გავრცელებული ინფორმაციით, სტარტს მისცემს ე.წ. „სოჭის დიალოგის“ დაწყებას. მოელიან, რომ საუბრის თემა იქნება ასევე ორ ქვეყანას შორის ნავთობისა და გაზის სფეროში თანამშრომლობა. აღსანიშნავია, რომ ეს ავსტრიის პრეზიდენტის საპასუხო ვიზიტია. მანამდე, 2018 წლის 5 ივნისს, ვლადიმირ პუტინი იმყოფებოდა დიდი დელეგაციით ვენაში, სადაც რუსულმა კორპორაციამ, „გაზპრომმა“, და ავსტრიის ენერგეტიკულმა კონცერნმა, "OMV“-მ, 2040 წლამდე გააგრძელეს რუსული გაზის ავსტრიაში მიწოდების ვადა.

ვენის მრავალვექტორულობა

მიუხედავად ევროკავშირის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციებისა, ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში, ავსტრიის ბევრი კომპანია კვლავ განაგრძობს მუშაობას რუსეთის ბაზარზე და ვენა დაინტერესებულია, რომ არა მხოლოდ განაგრძოს დიალოგი მოსკოვთან, არამედ ხელი შეუწყოს რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული დაპირისპირების მოგვარებას.

„მოხარული ვარ, რომ ვენა ისევ და ისევ შეხვედრის ადგილია როგორც რუსეთისთვის, ისე მეორე მხარისათვის. რუსეთს უყვარს ავსტრიის, კერძოდ, ვენის გამოყენება არა მხოლოდ ავსტრიასთან, არამედ საერთაშორისო დონეზე კონტაქტების დასამყარებლად“, - განაცხადა რუსეთში გამგზავრებამდე ავსტრიის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვან დერ ბელენმა, რუს ჟურნალისტებთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ამჟამად მსოფლიოში რთული სიტუაციაა შექმნილი. ჩემი აზრით, ისეთი პატარა ქვეყნები, როგორიც ავსტრიაა, უნდა თანამშრომლობდნენ ჩვენს მეგობრებთან ბრიუსელსა და ევროკავშირში მაშინაც კი, როდესაც ბოლომდე არ ვეთანხმებით მათ...
ალექსანდერ ვან დერ ბელენი

ავსტრიის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ვლადიმირ პუტინთან 15 მაისს დაგეგმილი შეხვედრის დროს დაიწყება „სოჭის დიალოგი“ ბიზნესის, ხელოვნების, სპორტისა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის.

ერთი წლის წინ კი ავსტრია გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა მეოთხე ვადით გაპრეზიდენტების შემდეგ. 2018 წლის ზაფხულში კრემლის ლიდერს ვიზიტის ადგილად ვენა შემთხვევით არ შეურჩევია. ამისათვის ორი მიზეზი სახელდებოდა.

ერთი მხრივ, ავსტრიის მთავრობის ამჟამინდელ შემადგენლობაში იმყოფება „თავისუფლების პარტია“, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველზე უფრო პრორუსული პოლიტიკური ძალა. ქვეყნის კანცლერი, სებასტიან კურცი, მართალია, ამ პარტიას არ ეკუთვნის, მაგრამ სიტყვიერად ისიც უჭერდა მხარს უკრაინის ნახევარკუნძულის, ყირიმის, ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციის გამო რუსეთისათვის დაწესებული სანქციების შეცვლას უფრო მოქნილი სისტემით.და მეორე იყო ის, რომ ავსტრია უნდა გამხდარიყო ევროკავშირის მორიგი თავმჯდომარე ქვეყანა.

მაგრამ მოსკოვის მოლოდინი არ გამართლდა. თუ„გაზპრომსა“ და ავსტრიის ენერგეტიკულ კონცერნ "OMV“-ს შორის არსებული საგაზო შეთანხმების 2040 წლამდე გაგრძელებას არ მივიღებთ მხედველობაში, ვენამ და მოსკოვმა ვერ მიაღწიეს პროგრესს სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის თაობაზე.

და, როგორც გაირკვა, არც ავსტრიის თავმჯდომარეობის პირობებში შერბილებულა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ტვირთი რუსეთისათვის. სხვადასხვა ქვეყნებთან და მათ შორის რუსეთთან მრავალვექტორიანი ურთიერთობის განვითარების მომხრე ვენისათვის პრიორიტეტული აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობაა.

„როგორც პატარა ქვეყანა, ჩვენ ასევე აუცილებლად მივიჩნევთ ურთიერთობას ევროკავშირის დონეზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ შევძლებთ საკუთარი ინტერესების დაცვას გლობალურ საერთაშორისო დონზე. ამჟამად მსოფლიოში რთული სიტუაციაა შექმნილი. ჩემი აზრით, ისეთი პატარა ქვეყნები, როგორიც ავსტრიაა, უნდა თანამშრომლობდნენ ჩვენს მეგობრებთან ბრიუსელსა და ევროკავშირში მაშინაც კი, როდესაც ბოლომდე არ ვეთანხმებით მათ“, - განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა.

ავსტრიული კნიქსენი და მოხუცი ჯაშუში

ვლადიმირ პუტინის შარშანდელ ვიზიტს ავსტრიაში ჰქონდა კიდევ ერთი გაგრძელება, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა ავსტრიის საერთაშორისო იმიჯს.

მის ქვეყანაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ ქორწილში დაპატიჟა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ულტრამემარჯვენე კარინ კნაისლმა. როგორც შემდეგ განმარტავდა ავსტრიელი პატარძალი, ამ „სპონტანური მიპატიჟებით“ მას სურდა რუსეთის ლიდერისათვის გაეცნო თავისი საქმრო, ფინანსისტი ვოლფგანგ მაილინგერი.

კნაისლი არ მოელოდა, რომ პუტინი მიიღებდა მიპატიჟებას, თუმცა 19 ივლისს იგი ფაქტის წინაშე აღმოჩნდა, როდესაც პუტინის ქორწილში ჩასვლის შესახებ შეატყობინეს.

საბოლოო ჯამში, ულტრამემარჯვენე კნაისლმა ჯეროვნად უმასპინძლა საპატიო სტუმარს, გაეცეკვა პუტინს და კნიქსენიც გააკეთა მის წინაშე.

მაგრამ ვენასა და მოსკოვს შორის უღრუბლო ურთიერთობა მალე დასრულდა. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქორწილიდან ოთხ თვეში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა გაუგზავნა ავსტრიის ხელისუფლებას. ამის მიზეზი გახდა ავსტრიის კონტრდაზვერვის მიერ ავსტრიის არმიის 70 წლის პოლკოვნიკის დაპატიმრება მოსკოვის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით.

უფრო მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, ის იყო, რომ ავსტრია არ შეუერთდა სკრიპალის საქმეზე დასავლეთ ქვეყნებში რუსი დიპლომატების გაძევებისათვის დაწყებულ სოლიდარულ აქციას...
ანტონ შეხოვცევი

სამხედრო პირი, რომლის სახელიც არ გასაჯაროებულა, გამოძიების თანახმად, 1990-იანი წლებიდან თანამშრომლობდა რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან და გადასცემდა სხვადასხვა ცნობას საიმიგრაციო კრიზისზე, ავსტრიის სამხედრო ავიაციისა და საარტილერიო სისტემების შესახებ, რისთვისაც რუსი კურატორისაგან, საერთო ჯამში, გასამრჯელოს სახით 300 ათასი ევრო მიიღო.

მოსკოვის პროტესტს სუსხიანად უპასუხა ავსტრიის კანცლერმა. სებასტიან კურცმა დაგმო რუსეთის ქმედება და განაცხადა, რომ დაუშვებელია ჯაშუშობა ნეიტრალური სახელმწიფოს მიმართ. ამ ჯაშუშური სკანდალის გამო ვენამ გადადო მოსკოვში დეკემბრისათვის დაგეგმილი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, სწორედ იმ კარინ კნაისლისა, რომელიც ოთხი თვით ადრე საკუთარ ქორწილში ეცეკვებოდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.

მაგრამ ორ ქვეყანას შორის დაძაბული ვითარება მალე განმუხტა ავსტრიის პრეზიდენტმა, რომელიც შეეცადა „კეთილი პოლიციელის“ როლში გამოჩენილიყო რუსეთის წინაშე. „მან დაახლოებით ასეთი რამ თქვა: ეს ჩვეულებრივი ამბავია. ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ რუსები ხომ არ ჯაშუშობენო“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა და ევროპაში მემარჯვენე-რადიკალური მოძრაობების საკითხთა ექსპერტმა ანტონ შეხოვცევმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. - „უფრო მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, ის იყო, რომ ავსტრია არ შეუერთდა სკრიპალის საქმეზე დასავლეთ ქვეყნებში რუსი დიპლომატების გაძევებისათვის დაწყებულ სოლიდარულ აქციას“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG