Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანელი დიპლომატი მუსიკოსებთან ჩხუბს ადასტურებს - გამოძიება ძალადობის ფაქტს სწავლობს


აზერბაიჯანის საელჩოს პირველი ატაშე რესტორანში ჩხუბის ფაქტს ადასტურებს, თუმცა რადიო თავისუფლებას უხსნის, რომ მედია ამ ფაქტს ცალმხრივად და არაობიექტურად აშუქებს. რადიო თავისუფლება ესაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც და გაეცნო ნაცემი მომღერლებს ბრალდებებსაც.

15 იანვარს ფეისბუქში მარნეულელმა მომღერლებმა, ანას ასკეროვმა და აფიგ ნოვრუზოვმა ვიდეო გაავრცელეს, სადაც ისინი ჰყვებიან კონფლიქტის შესახებ, რომელიც თბილისში, აზერბაიჯანულ რესტორან “გაბალას კალათაში” მოხდა.

მომღერლების თქმით, 14 იანვარის ღამეს, როცა ისინი რესტორანში მღეროდნენ, დაპირისპირება მოხდა მათსა და აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენელს, ვუგარ მუსტაფაევს შორის. მუსტაფაევი საელჩოს პირველი ატაშეა.

მომღერლებს, რომლებსაც დიპლომატმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, აქვთ სხეულის დაზიანებები. ინცინდენტის შემდეგ რესტორანში გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო;

მომღერლები აზერბაიჯანის ელჩს საქართველოში, დურსუნ ჰასანოვს მიმართავენ და დიპლომატის სამსახურიდან გაშვებას ითხოვენ.მათი თქმით, ვუგარ მუსტაფაევმა საქართველო უნდა დატოვოს.

რესტორანში “ძველით ახალი წლის” ღამეს მომხდარს ადასტურებს როგორც რესტორნის დირექტორი, ასევე შსს და თავად ვუგარ მუსტაფაევი. მომღერლები ამბობენ, რომ ელჩმა მათ ვიდეოს წაშლა მოთხოვა, თუმცა მომღერლები გაჩუმებას არ აპირებენ და ბოლომდე იბრძოლებენ.

„გაბალას კალათაში" გამოვდიოდით, სხვა სტუმრებთან ერთად აზერბაიჯანის საელჩოდანაც იყვნენ.. 20-მდე ადამიანი იქნებოდა. მათთვის მუსიკალური ნომრები წარვადგინეთ, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის დაწერილი სიმღერა ვიმღერეთ, ანარმა კი სიმღერა, “თურქის დროშა” შეასრულა. მერე აზერბაიჯანის საელჩოს საჯარო მოხელე მოვიდა , ანარს და მეც ისეთი სიტყვები გვითხრა, რაც არ იყო საჭირო, შეურაცხყოფა მოგვაყენა, მერე ჩხუბი უნდოდა. ამბობენ ნასვამი იყო, არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ დაგვესხნენ თავს და პოლიციაც გამოიძახეს” - ჰყვებიან მომღერლები ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში.


მომღერლების მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ ვიდეოში ისინი იხსენებენ, რომ სიმღერა, რომელიც ჩხუბის საბაბი გახდა, მათ “ფლეშკით” მიუტანეს რესტორნის სტუმრებმა და სთხოვეს, შეესრულებინათ. მომღერლები ამბობენ, რომ რუსული სიმღერა “დევოჩკა სტოპი” აზერბაიჯანის ატაშეს სომხური ეგონა და ჩხუბიც ამის ნიადაგზე დაიწყო.

“არ ვიცი, როგორ შეიძლება ელჩის წარმომადგენელი ვერ არჩევდეს სომხურ და რუსულ სიმღერებს. აზერბაიჯანის ელჩს შევხვდით. მან გვთხოვა, ვიდეო წაგვეშალა. მე ვუთხარი, რომ არ წავლით. Ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ” - ამბობს მომღერალი 16 იანვარს გავრცელებულ ვიდეოში.


17 იანვარს რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ ამგვარი ინცინდენტი ნამდვილად მოხდა შავთელის ქუჩაზე, სადაც აზერბაიჯანული რესტორანი მდებარეობს და უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. დანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს გამოძიება..

დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური აგენტი არ არის ვალდებული მისცეს ჩვენება, როგორც მოწმემ და აქვს სისხლის სამართლის იურისდიქციის იმუნიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ არ შეიძლება მისი დაპატიმრება ან დაკავება არავითარი ფორმით, დიპლომატი ხელშეუხებელია.

რადიო თავისუფლება შეეცადა აზერბაიჯანის საელჩოში გაერკვია, შეიძლება თუ თუ არა, რომ დიპლომატის ჩხუბში მონაწილეობა მისთვის დიპლომატიური საქმიანობის შეჩერების მიზეზი გახდეს და თუ არა, როგორ აპირებს საელჩო მომხდარზე რეაგირებას. საელჩოსთან დაკავშირება ოფიციალურად მითითებულ ტელეფონის ნომერზე ვერ ხერხდება. ტელეფონს არავინ პასუხობს.

თუმცა, რადიო თავისუფლებას უპასუხა თავად ვუგარ მუსტაფაევმა. დიპლომატი ჩხუბის ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ მას მუსიკოსებმა თავად შეულახეს ღირსება. ჩვენს თხოვნაზე, მოეყოლა ამბის საკუთარი ვერსია, უარი მივიღეთ. ვუგარ მუსტაფაევმა მას შემდეგ, რაც ავუხსენით, რომ ამბის გაშუქებას ვაპირებდით, გვითხრა დაგვეწერა, რომ საელჩოს დავუკავშირდით, რომელიც ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს და მის მიერ ნათქვამი არ გამოგვექვეყნებინა.

როგორც რადიო თავისუფლებას საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა უთხრეს, ნაცემი მომღერლებიდან ერთ-ერთი, აფიგ ნოვრუზოვი ცნობილი რეპერია, რომელიც საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებშიც მღერის ხოლმე. მომხდარის შესახებ წერს აზერბაიჯანული მედიაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG