Accessibility links

site logo site logo

ათი წელიწადი უდიქტატოროდ - სადამდე მივიდა ლიბია კადაფის დამხობის შემდეგ


მუამარ კადაფის არმიის წინააღმდეგ მებრძოლები გამარჯვებას ზეიმობენ. ქალაქი სირტი, 20 ოქტომბერი 2011 წ.

ათი წლის წინ, 2011 წლის 20 ოქტომბერს, ლიბიაში, მის მშობლიურ ქალაქ სირტთან გზაზე, მეამბოხეებმა მოკლეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და კოლორიტული დიქტატორი, მუამარ კადაფი.

სიკვდილამდე დიქტატორი სასტიკად აწამეს.

ამის შემდეგ ლიბიაში გაჩაღდა დაუსრულებელი სამოქალაქო ომი, რომელშიც წარმოუდგენლად ბევრი მხარე ჩაერთო, გარე მოთამაშეების, მათ შორის რუსეთის ჩათვლით.

ათი წელია, არა მხოლოდ ლიბია, არამედ მისი მეზობელი ქვეყნებიც, რომლებსაც შეეხო ლიბიის მოვლენები, წარუმატებლად ეძებენ მუდმივი ძალადობის ვითარებიდან გამოსავალს, რაც, პირდაპირ თუ ირიბად, უკავშირდება კადაფის რეჟიმის დაცემას.

წელს, 24 დეკემბერს, ლიბიაში პირველად უნდა გაიმართოს საყოველთაო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები (ეს უკანასკნელი შეიძლება გადაიტანონ 2022 წლის იანვრისთვის), რაც ალბათ ვერ მოაგვარებს კრიზისს და ვერ გადალახავს ღრმა უთანხმოებას დაპირისპირებულ მხარეებს შორის მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე ერთი წლის წინ შეთანხმდნენ და სამშვიდობო პროცესს გაერო განაგებს.

მუამარ კადაფი. 2009 წ
მუამარ კადაფი. 2009 წ

კადაფის წინააღმდეგ აჯანყება, 2011 წელს „არაბული გაზაფხულის“ ფონზე დემოკრატიული ლოზუნგებით დაიწყო და მოჰყვა ლიბიის დამოუკიდებელ სახელმწიფო წარმონაქმნებად დაშლა და მეზობელ ქვეყნებში თემურობის, ექსტრემიზმისა და რადიკალური ისლამიზმის იდეების ზრდა.

საკუთრივ ლიბია დაიყო რეგიონული, ისტორიული და „იდეოლოგიური“ საზღვრების მიხედვით მაშინ, როცა ამ ნავთობით მდიდარ ქვეყანაზე კონტროლისთვის იბრძვის სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფი, რომლებსაც მხარს უჭერენ ესა თუ ის საერთაშორისო მფარველები თურქეთიდან, საუდის არაბეთიდან და არაბთა საამიროებიდან, რუსეთიდან, იტალიიდან და საფრანგეთიდან.

მუამარ კადაფიმ თავისი თეორია ლიბიაში მის მიერვე შექმნილი ჯამახირიის - „ხალხთა მასების სახელმწიფოს“ - შესახებ თავისი „მწვანე წიგნის“ პირველ, „მესამე მსოფლიო ისტორიის“ ნაწილში აღწერა. ეს იყო მმართველობის ფორმა, რომელიც მონარქიისგან განსხვავდებოდა, რესპუბლიკაც არ იყო და არც სხვა რამეს ჰგავდა. ეს სიმღერა ერთ-ერთია კადაფისა და მისი ჯამახირიის სადიდებელად შექმნილი ასობით ოფიციალური ჰიმნიდან.

კადაფიმ, რომელსაც წერა უყვარდა, სიკვდილამდე ერთი წლით ადრე ოფიციალურად თქვა უარი ყველა თანამდებობაზე და მხოლოდ ერთი, მისთვის გამოგონებული, დაიტოვა: „ლიბიის არაბული სოციალისტური სახალხო ჯამახირიის პირველი სექტემბრის დიადი რევოლუციის ძმური ბელადი და მეთაური“.

სინამდვილეში ის უწყვეტად იჯდა ტახტზე 42 წლის განმავლობაში (1969 წლის შემდეგ, როცა მან ანტიმონარქიული გადატრიალება მოაწყო) როგორც დაუნდობელი დიქტატორი.

კადაფი ვერ იტანდა ვერავითარ სხვაგვარად მოაზროვნეობას, გადაურჩა ათეულობით თავდასხმას, მუდამ აწყობდა ხოლმე ჯამბაზურ გამოსვლებს მსოფლოს ლიდერებთან შეხვედრების დროს, ხანდახან ნაკლებად განათლებულ ბედუინს თამაშობდა, რომელიც სეფა-კარავში ცხოვრობდა, ხან პანარაბულ თუ პანაფრიკულ მესიად წარმოადგენდა თავს, სხვადასხვა დროს ატარებდა წოდებებს, აფრიკის მეფეთ-მეფისა, ერთი პერიოდი კი იყო აფრიკის კავშირის არჩეული თავმჯდომარე.

და კადაფი წერდა ხან „მწვანე“, ხან კი „თეთრ“ წიგნებს, სადაც გადმოსცემდა ხოლმე თავის აზრებს სამყაროს მოწყობის, ადამიანის დანიშნულებისა და „ალაჰთან უშუალო ურთიერთობის“ შესახებ.

კადაფი ძალაუფლების სათავეში ყოფნის 42 წლის განმავლობაში იღებდა ყველაზე არანორმალურ გადაწყვეტილებებს, ერეოდა ომებში აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, აწყობდა რევოლუციურ გარდაქმნებს, როგორიც კი თავში შეიძლება მოუვიდეს რეალობასთან კავშირდაკარგულ დიქტატორს.

მუამარ კადაფი მცველი ქალებით გარშემორტყმული 2008 წელს კიევში ვიზიტის დროს.
მუამარ კადაფი მცველი ქალებით გარშემორტყმული 2008 წელს კიევში ვიზიტის დროს.

კადაფი რჩება მსოფლიოს მეხსიერებაში პირველ რიგში როგორც მმართველი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მხარს უჭერდა თითქმის ყველა ექსტრემისტულ დაჯგუფებას, რომლებიც დემოკრატიული სახელმწიფოების, განსაკუთრებით დასავლეთის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და პასუხისმგებელი იყვნენ უამრავ სისხლიან ტერაქტზე, რომლებიც 20-ე საუკუნის მეორე ნახევარში მოწყობილა. საბოლოო ჯამში, კადაფიმ თავისი ქვეყანა საერთაშორისო არენიდან გარიყა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი მას მუდამ მოიხსენიებდა როგორც „ახლო აღმოსავლეთის მთავარ ცოფიან ძაღლს“.

2011 წლის აგვისტო-სექტემბერში, რამდენიმეთვიანი ბრძოლების შემდეგ, მეამბოხეთა რაზმებმა, ნატოს ავიაციის მხარდაჭერით, დაიკავეს ტრიპოლი და შევიდნენ კადაფის რეზიდენციაში, სადაც დიქტატორი ვერ ნახეს. მათ თავი მოკვეთეს მის მოოქროვილ ძეგლს და დაწვეს სეფა, სადაც კადაფი უცხოელ სტუმრებს იღებდა და რომელიც მოგზაურობის დროს თან მიჰქონდა ხოლმე.

თუმცა კადაფი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე სოფელსღა აკონტროლებდა, მაინც ვერ იჯერებდა, რაც ხდებოდა მის თავს.

როგორც მისი უშიშროების სამსახურის მეთაური იხსენებდა მოგვიანებით: „კადაფი განაწყენებული, გაბრაზებული იყო, ხანდახან გვეგონა, რომ ჭკუიდან გადადიოდა... დარწმუნებული იყო, რომ ლიბიელ ხალხს კვლავ უყვარდა, მას მერეც კი, როცა ვუთხარით, რომ დედაქალაქი დაეცა“.

როგორც ფუად აჯამი, ცნობილი ამერიკელი აღმოსავლეთმცოდნე, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი, ფიქრობს, კადაფის წინააღმდეგ რევოლუციის და შემდგომი სამოქალაქო ომის მიზეზები უნდა ვეძებოთ უფრო პოლიტიკურ, ვიდრე ეკონომიკურ ცხოვრებაში. მისი მმართველობის დროს ლიბიაში, მართალია, მოსახლეობის კეთილდღეობა ოდნავ გაუმჯობესდა, მაგრამ იგი გადაიქცა დაუნდობელ ტირანიად, სადაც სიმდიდრის ლომის წილი მოდიოდა კადაფისა და მის ურიცხვ შვილებზე.

დამცირების და ჩაგვრის მიმართ ლიბიელების უკმაყოფილება იზრდებოდა კადაფის ნარცისიზმის გამო, განაგრძობს აჯამი:

„მთელი ქვეყანა შიშს ჰქონდა მოცული. სხვადასხვა რევოლუციური კომიტეტები ყოველთვის იდგნენ კანონზე მაღლა. კადაფის მასხარაობა და ექსცენტრიკული გამოხდომები, მისი სეფები, სულ თან რომ დაჰქონდა,

შემაშინებელი შინაარსის გამოსვლები საერთაშორისო ფორუმებზე, მცველი ქალების მთელი რაზმი მაჰმადიანურ საზოგადოებაში და მისთანა, თანაარსებობდა სასტიკ ტერორთან ყველა უკმაყოფილოს მიმართ, ვინც დესპოტიზმის წინააღმდეგ ხმას იმაღლებდა“.

განრისხებული ამბოხებულების ბრბოს მიერ კადაფის მოკვლის შემდეგ, როცა მას დრენაჟის მილში მიაგნეს მშობლიურ ქალაქ სირტთან, ათი წელიწადი გავიდა.

ქვეყანაში უკვე მესამე სამოქალაქო ომია, თუმცა ისინი უწყვეტად გადაება ერთმანეთს.

ლიბიის ტერიტორიაზე სულ მცირე ორხელისუფლიანობაა, თუმცა ქვეყანაში მოქმედებს მრავალი მცირე და საშუალო დაჯგუფება, რაზმები და ბანდები, რომლებიც ხშირად დამოუკიდებლად მოქმედებენ, ხანდახან კი ერთი ბანაკიდან მეორეში ინაცვლებენ.

ლიბიაში მოქმედებენ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები, რომლებიც 2014 წელს შევიდნენ ქვეყანაში და მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვიან.

ლიბიის მოვლენების მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური შედეგი გახდა, ბოლო ათ წელიწადში, შეიარაღებული დაპირისპირების გადატანა ჩრდილოეთ და დასავლეთ აფრიკის მეზობელ ქვეყნებში.

საბრძოლო მოქმედებები პრინციპით, „ყველა ყველას წინააღმდეგ“, ასევე თანამედროვე, იოლად ხელმისაწვდომი იარაღის უზარმაზარ ოდენობა გავრცელდა ლიბიიდან მთელ საჰარის უდაბნოზე და სამხრეთით მოსაზღვრე საჰელის ზოლზე, მოიცვა უზარმაზარი ტერიტორიები დასავლეთით მალიდან სამხრეთით ჩადამდე.

2012 წელს, მაგალითად, მალიში აჯანყდნენ მომთაბარე ტუაგერები, რომლებიც კადაფის ელიტურ ნაწილებში მსახურობდნენ და შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ განათლებული, შეირაღებული და ორგანიზებული.

ლიბიაში რევოლუციას და ომებს მოჰყვა ასევე რეგიონში ტერორისტული ორგანიზაციების გააქტიურება, მათი ბაზების გამრავლება, ახლების შექმნა, და თვით ადგილობრივი ტერორისტული დაჯგუფებების ჩამოყალიბება.

დღესდღეობით ლიბიაში გამაგრებულია ორი მთავარი პოლიტიკური ძალა (თითოეულს ჰყავს ბევრი ადგილობრივი მომხრე და მოწინააღმდეგე): ერთია გაეროს მხარდაჭერით მოქმედი ეროვნული შერიგების მთავრობა ფაიზ სარაჯის მეთაურობით, და მეორე, თვითგამოცხადებული ფელდმარშლის, ხალიფა ჰაფთარის ძალები. ის მეთაურობს ლიბიის ეროვნულ არმიას და ცენტრი აქვს ტობრუკში, სადაც ასევე იმყოფება მისი მხარდამჭერი პარლამენტი - ლიბიის წარმომადგენელთა პალატა.

ბოლო წელიწადში მხარეებმა მოსახლეობის პროტესტის ფონზე და კორონავირუსის პანდემიის პირობებში თითქოს მიაღწიეს შეთანხმებას ერთიანი მინისტრთა კაბინეტის შექმნის და საყოველთაო არჩევნების ჩატარების გარშემო.

2021 წლის მარტში ტრიპოლიმ და ტობრუკმა თითქოს გადასცეს კიდევ დროებითი უფლებამოსილება დროებით მთავრობას, საპრეზიდენტო არჩევნებამდე - 2021 წლის დეკემბრამდე.

ამ დროს, პოლიტიკური ვითარება ლამის ყოველდღიურად იცვლება ლიბიაში.

მაგალითად, ადგილობრივი კანონის თანახმად, ფაიზ სარაჯმა და ხალიფა ჰაფთარმა არჩევნებამდე სამი თვით ადრე დატოვეს ყველა თანამდებობა, რათა არჩევნებისთვის პრეზიდენტობაზე თავიანთი კანდიდატურები წარედგინათ.

გაეროს მიერ აღიარებული მთავრობის მეთაური ტრიპოლიში, ფაიზ სარაჯი.
გაეროს მიერ აღიარებული მთავრობის მეთაური ტრიპოლიში, ფაიზ სარაჯი.

კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო ჯერ კიდევ 2019 წლის გაზაფხულზე, მაგრამ გადაიდო ჰაფთარის არმიის იერიშის გამო ტრიპოლიზე, რაც მოგერიებულ იქნა თურქეთის დახმარებით.

21 სექტემბერს ლიბიის პარლამენტმა უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა აბდელ ჰამიდ დბეიბის ეროვნული შეთანხმების მთავრობას.

ეს მთავრობა მარტში დამტკიცდა და დეკემბრის არჩევნებამდე უნდა ემუშავა.

ხოლო წელს აგვისტოში ტრიპოლიში მოქმედმა პროკურატურამ გასცა დაპატიმრების ორდერი სეიფ ალ-ისლამზე, კადაფის ერთ-ერთ, ალბათ ყველაზე ცნობილ, ვაჟზე.

არის ვარაუდი, რომ მას კავშირები აქვთ რუსი დაქირავებული მეომრების ჯგუფ „ვაგნერთან“, რომელსაც ბრალად დებენ, რომ ომის დანაშაული ჩაიდინა სამხედრო მოქმედებების დროს, როცა ხალიფა ჰაფთარის არმიის (ამ არმიას ადრე ლიბიის ეროვნული არმია ერქვა) მხარეს იბრძოდა.

კადაფის 49 წლის ვაჟმა ახლახან განაცხადა, რომ სურს დაბრუნდეს პოლიტიკაში და საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთი კანდიდატი იყოს. დასავლეთის მედია არაერთხელ წერდა, რომ მოსკოვი გეგმავდა უმცროსი კადაფის კანდიდატურისთვის დაეჭირა მხარი ლიბიის პრეზიდენტის პოსტზე.

დიდია ეჭვი იმის გარშემო, რომ ლიბიაში ვითარება ნორმალიზდება არჩევნებით თუ არჩევნების გარეშე.

იმაზე, თუ რა ცვლილებები განიცადეს ლიბიამ და მისმა მეზობლებმა ბოლო ათ წელიწადში კადაფის დამხობის შემდეგ, ასევე იმის შესახებ, თუ რას უნდა მოველოდეთ და რეგიონის სხვა ქვეყნების ინტერესების გარშემო, რადიო თავისუფლების რუსული სამსახური ესაუბრა ვასილი კუზნეცოვს, რუსეთის აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის არაბული და ისლამური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს.

- ლიბიაში ორ თვეში უნდა გაიმართოს საპრეზიდენტო არჩევნები. არის მცირე შანსი მაინც, რომ ქვეყანა თავს დააღწევს ამ უსასრულო ძალადობას? თუ მცირეა ამის ალბათობა?

- შანსი, ცხადია, არის, მაგრამ ალბათობა ერთობ ნაკლები. 2011 წლის შემდეგ ლიბიაში ორჯერ გაიმართა საარჩევნო კამპანიები, 2012 და 2014 წლებში. 2014 წლის შემდეგ ჩამოყალიბდა წარმომადგენელთა პალატა, რომელიც დღემდე ტობრუკში მუშაობს და ეს გახდა ახალი სამოქალაქო დაპირისპირების და ძალადობის იმპულსი. ახლა მოეწყობა კიდევ ერთი არჩევნები დეკემბერში. ის უნდა ჩატარდეს ლიბიის კრიზისის მოგვარების მორიგი გეგმის ჩარჩოებში, რასაც ბიძგი მისცა ბერლინის კონფერენციამ. მაგრამ დიდია ეჭვი იმის გარშემო, რომ ლიბიაში ვითარება ნორმალიზდება არჩევნებით თუ არჩევნების გარეშე.

თუ არჩევნები საერთოდ არ მოეწყო, მოქმედი მთავრობა ტრიპოლიში და ხელისუფლების სხვა ორგანოები დაკარგავენ იმ ლეგიტიმურობასაც, რაც გააჩნდათ და ეს „არასამთავრობო მოთამაშეებს“ მისცემს საბაბს, განაახლონ შეიარაღებული დაპირისპირება. არჩევნების ჩატარების შემთხვევაშიც არის ორი საფრთხე.

პირველი უკავშირდება იმას, რომ არჩევნების შედეგებს, დიდი ალბათობით, არ აღიარებს ლიბიის პოლიტიკური ძალების ნაწილი, კერძოდ ის, რომელსაც აქვს უნარი, ბრძოლა გააჩაღოს.

მეორე პრობლემა ისაა, რომ მთავრობა, რომელსაც აირჩევენ, ვერ იქნება იმ ინსტრუმენტებით უზრუნველყოფილი, რომლებიც საჭიროა ქვეყნის მართვისთვის.

ერთი წლის წინ შეიქმნა მორიგი დროებითი, ამჯერად, „ეროვნული ერთობის მთავრობად წოდებული“ მთავრობა, რომელსაც აბდელ ჰამიდ დბეიბა განაგებდა. მან შეცვალა კონკურენტი „ეროვნული თანხმობის მთავრობა“, რომელიც ტრიპოლიში იმყოფება და რომელსაც გაერო აღიარებს და ტობრუკში „აღმოსავლეთის მთავრობა“, რომელსაც მხარს უჭერს ჰაფთარის ჯარი.

ერთი თვის წინ, 2021 წლის სექტემბერში, იქაურმა პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა დბეიბას კაბინეტსაც.

ლიბიის ეროვნული არმიის მეთაური, „ფელდმარშალი“ ხალიფა ჰაფთარი.
ლიბიის ეროვნული არმიის მეთაური, „ფელდმარშალი“ ხალიფა ჰაფთარი.

და ეს იმიტომ მოხდა, რომ მთელი შარშანდელი წლის განმავლობაში, ლიბიელმა მოთამაშეებმა ვერ მოახერხეს შეთანხმებულიყვნენ მართვის ფუნდამენტურ საკითხებზე.

პირველ რიგში იმაზე ვერ მორიგდნენ, თუ როგორ გაენაწილებინათ ქვეყნის ბიუჯეტი რეგიონებზე.

მეორე ის იყო, რომ ვერ შეთანხმდნენ ქვეყნის შეიარაღებული ძალების კონსოლიდაციაზე.

ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი მომავალი მთავრობაც მოკლებული იქნება ინსტრუმენტებს, მართოს ქვეყანა ეკონომიკურად და მართოს უსაფრთხოების სფერო. ვითარება საგანგაშოა, მძიმეა.

სხვა საკითხია, ნიშნავს თუ არა ეს, რომ არ ჩატარდეს არჩევნები. არა, ეს ამას არ ნიშნავს. ახლა საჭიროა არჩევნების გამართვა, რადგან სხვა ვარიანტი საერთოდ არ ჩანს.

კადაფის მოწინააღმდეგე ძალების მეომრები. 2011 წელი. ქალაქ მისურატას მისადგომები.
კადაფის მოწინააღმდეგე ძალების მეომრები. 2011 წელი. ქალაქ მისურატას მისადგომები.

- რაც დრო გადის, როცა ვითარება უარესდება, ხალხი ხშირად იწყებს წარსულის გაიდეალებას, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის სინამდვილეში. კარგი ახსოვთ და ცუდს ივიწყებენ, ასეა მოწყობილი ადამიანი. ლიბია ზუსტად ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა (მაგრამ, როგორც ამბობენ, შორს წასვლაც არ გვჭირდება), სადაც ენატრებათ „მტკიცე ხელი“ და „სტაბილურობა“. არ ხდება ლიბიაში კადაფის ეპოქის გაიდეალება?

- ​2011 წელს, კადაფის წინააღმდეგ ამბოხებამდე, ლიბიის მოსახლეობა მის მიმართ სიმპათია-ანტიპათიის მხრივ თანაბრად იყო გაყოფილი. არის ქალაქები და რეგიონები, და ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომლებიც ბოლომდე დარჩნენ მის მხარეს და დღესაც აქვთ მისი ეპოქის მიმართ ნოსტალგია.

ასეთია, მაგალითად, ქალაქი ბენი-ვალიდი ამ ათი წლის განმავლობაში. მაგრამ არ მაქვს იმის შეგრძნება (აქ შეიძლება მხოლოდ შეგრძნებაზე ლაპარაკი, რადგან ზუსტი სოციალურ კვლევები იქ არ ჩატარებულა), რომ ლიბიის მთლიანი საზოგადოება ოცნებობდეს კადაფისდროინდელი წყობილების აღდგენაზე, ან „ახალ კადაფიზე“, ან „კადაფიზმზე“. რაც შეეხება „მტკიცე ხელით“ მართვას, ამას წარუმატებლად ცდილობდა ხალიფა ჰაფთარი. ვერ იტყვი, რომ „ამ ფელდმარშალს“ მთელი მოსახლეობა უჭერდა მხარს. ცხადია, არის გარკვეული სევდა იმის მიმართ, რაც მოხდა, და არავის სურს ისე იცხოვროს, როგორც მთელი ლიბია, მაგრამ ამას კადაფის გაიდეალება არ მოუტანია.

- ბევრს წერენ იმის შესახებ, რომ კადაფის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვაჟი, სეიფ ალ-ისლამი, ვითომ სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს ლიბიელთა ნაწილში და აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას.

ის კოლორიტული ფიგურაა, ზოგს ის დამნაშავედ მიაჩნია, ზოგს მსხვერპლად, ვიღაცას - გმირად. აქვს მას შანსი, გაიმარჯვოს, არის რა მამამისის შვილი?

- სეიფ ალ-ისლამი მართლაც კოლორიტული ფიგურა იყო მამამისის მმართველობის დროსაც.

შეგახსენებთ, ის იყო თავისებური სახე „მოდერნიზებული ლიბიისა“, თითქოს გარესამყაროსთვის ღია, დასავლეთისკენ მოცქირალი და ასე შემდეგ ლიბიისა. ახლა მასზე კვლავ ბევრს ლაპარაკობენ, განსაკუთრებით საპატიმროში ყოფნის და მისი თავგადასავლების გამო. მაგრამ არის რამდენიმე მომენტი: მე მისი არცერთი გამოსვლა არ მინახავს და არის თუ არა ის დამოუკიდებელი მოთამაშე ლიბიაში, არ არის ცხადი და ამაში მე ეჭვი მეპარება.

წელს შექმნილი ფოტო ფეისბუკში პროპაგანდისტული გვერდისა, რომელიც შემდგომ დაიბლოკა, სადაც ხოტბას ასხამდნენ სეიფ ალ-ისლამ კადაფის და მის საქმეებს.
წელს შექმნილი ფოტო ფეისბუკში პროპაგანდისტული გვერდისა, რომელიც შემდგომ დაიბლოკა, სადაც ხოტბას ასხამდნენ სეიფ ალ-ისლამ კადაფის და მის საქმეებს.

მეორე პრობლემაა ის, რომ ბევრს ლაპარაკობენ, თითქოს მას ბევრი უჭერს მხარს. შესაძლებელია, რომ მოსახლეობის ნაწილი მართლაც უჭერს მას მხარს, მაგრამ არავინ იცის, რა ნაწილი, და ეჭვი მაქვს, რომ არა ძალიან დიდი ნაწილი. და მესამე: მისთვის არ მოუხსნიათ ბრალდება უმძიმეს დანაშაულებში, მათ შორის დასავლეთში. ამიტომ, რომ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და რომ მოიგოს კენჭისყრა, საერთაშორისო თანამეგობრობას შეექმნებოდა დიდი პრობლემა: რა ვიღონოთ, როცა არაერთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანი მოდის ხელისუფლებაში? ისე კი მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი მონაწილეობა არჩევნებში და მით უმეტეს გამარჯვება, ნაკლებსავარაუდოა. აქ საქმე უფრო სპეკულაციებს ეხება.

- რა ინტერესები აქვს რეგიონში რუსეთს, ეკონომიკური თუ მაინც გლობალური სამხედრო-პოლიტიკური? „დაკარგული გავლენის დაბრუნების“ მსგავსი? თუ საქმე გვაქვს „სასიამოვნოს სასარგებლოსთან შეთავსებასთან“? ხომ აწვდის რუსეთი თვითმფრინავებს და ტანკებს ჰაფთარს, ხომ არიან იქ „ვაგნერის“ მებრძოლები? თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არ არის პირდაპირ კრემლთან დაკავშირებული, მხოლოდ კერძო ინიციატივებია?

- ამ რეგიონში რუსეთის ინტერესებს დავახასიათებდი როგორც გეოეკონომიკურს. რაც თქვენ ახსენეთ, ამას არ ეწინააღმდეგება. მეორე: მე არ მაქვს მონაცემები ჰაფთარისთვის მოსკოვის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ. მისთვის იარაღის მიწოდება აკრძალულია, მას სანქციები დაუწესეს. თუმცა სხვადასხვა „სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა“ რუსეთისთვის ყოველთვის რჩებოდა მისი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილად.

მაგრამ საერთაშორისო სამართლით და გაეროს, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თვალსაზრისით, არ არსებობს დამტკიცებული ფაქტი, რომ რუსეთი ლიბიას იარაღს აწვდის.

იყო, მართალია, ამის შესახებ პუბლიკაციები ფოტოგრაფიებით, მაგრამ მე მათ კომენტარს ვერ გავუკეთებ, მე არ ვარ ფოტოების ექსპერტი.

- რამდენად სწორია იმის მტკიცება, რომ თვითონ ლიბიელები, მთავრობა ტრიპოლიში, პარლამენტი ტობრუკში, ხალიფა ჰაფთარი, ფაიდ სარაჯი და ასე შემდეგ, არაფერს წყვეტენ, რომ ახლანდელი ლიბიის ბედს განსაზღვრავენ და მომავალშიც, ადრე თუ გვიან, ასე იქნება, სხვა ქვეყნები, უფრო დიდი მოთამაშეები? მათ შორის ასახელებენ სამ-ოთხს, ესენია: თურქეთი ყატართან ერთად კავშირში, რუსეთი და, რა თქმა უნდა, არაბთა გაერთიანებული საამიროები საუდის არაბეთსა და ეგვიპტესთან ერთად. მართალია, რომ ლიბია გახდა დაპირისპირების კიდევ ერთი რეგიონი, მაგალითად, რუსეთსა და თურქეთს შორის, და გარდაუვალია, რომ გამწვავდება ეს დაპირისპირება?

- აქ ერთად რამდენიმე შეკითხვაა. პირველი: მართალია, რომ ლიბიის ბედი არ წყდება ლიბიაში? მე ვფიქრობ, რომ არაა ეს სწორი. გარე მოთამაშეების გავლენა ყოველთვის უფრო ნაკლებია, ვიდრე ადგილობრივისა. გარე ძალებს შეუძლიათ ისარგებლონ სიტუაციით, რომელიც უკვე შეიქმნა, მაგრამ ისინი მას არ განსაზღვრავენ. ავღანეთი და ერაყი ამის კარგი მაგალითებია. შეიძლებოდა იმის გაფიქრება, რომ მათ ბედს ვინმე გარედან განსაზღვრავდა? კი, თითქოს ასეა, რადგან აშკარა იყო გარედან ჩარევა. და რა, გადაწყდა? არა.

მეორე საკითხი იყო, არის თუ არა ლიბიაში გარე ძალების აქტიურობა.

რა თქმა უნდა, არის. იქ არიან თურქეთის სამხედრო ძალები ოფიციალურად, ასევე აქტიურობენ არაბთა გაერთიანებული საამიროები, ეგვიპტე, საუდის არაბეთი. რამდენად განსაზღვრავენ ისინი ვითარების განვითარებას? ყველაფრიდან ჩანს, რომ არც ისე ძალიან.

დაბოლოს: რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება. ერთი მხრივ, კი, მოსკოვს და ანკარას სხვადასხვა შეხედულებები აქვთ საკითხთა მთელ რიგში და ისინი მხარს უჭერენ სხვადასხვა კონფლიქტში სხვადასხვა მხარეს. მეორე მხრივ, არსებობს ერთობ დადებითი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და სხვათა შორის - პოლიტიკურიც. კი, იყო რამდენიმე კრიტიკული ვითარება, მაგრამ ისინი მოგვარდა. არა მგონია, რომ ლიბიაში რუსეთისა და თურქეთის ინტერესები ცხელ წერტილს მიაღწევს.

- ორი თვალსაზრისი, ორი სამეცნიერო სკოლა არსებობს, რომლებიც ლიბიის ორ ძალას სრულიად განსხვავებულად ახასიათებენ. ერთნი მთავრობას ტრიპოლიში თვლიან კანონიერად არჩეულად, დემოკრატიულად, მომავალი სახალხო ხელისუფლების ერთგვარ ნიმუშად, სხვებისთვის მაგალითად. სხვები მიიჩნევენ, რომ იქ რადიკალური ისლამისტები სხედან, რომლებსაც თურქეთი უჭერს მხარს, რომ ისინი მთელი რეგიონისთვის არიან საშიში. ასევეა ხალიფა ჰაფთარის შემთხვევაში. ერთნი მოელიან, რომ ის სასტიკი სამხედრო დიქტატორი იქნება, „მეორე კადაფი“, თუ „უარესი არა“, ხოლო სხვებისთვის ის საერო ლიბიისთვის მებრძოლია, რომელიც რელიგიურ სიბნელეს აღუდგა წინ. ვის დავუჯეროთ?

- არავის. ეს იდეოლოგიურად შეფერილი შეფასებებია. არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა ტრიპოლიში. ის აღიარებულია ყველას მიერ. მას არჩეულს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ის ბერლინის პროცესში ჩამოყალიბდა. შესაბამისად, არსებობს წარმომადგენელთა პალატაც ტობრუკში და ისიც სრულიად ლეგიტიმურია.

2014 წლის არჩევნები კი, იყო საეჭვო, მაგრამ ის მაინც აღიარეს. არის კიდევ ლიბიის ეროვნული არმია, რომელიც, ასე თუ ისე, რეალური მოთამაშეა. ყველაფერი დანარჩენი, რაზე თქვენ ლაპარაკობთ, ეს არის იარლიყების მიწებება პრინციპით: ვინ არის ცუდი და ვინ - კარგი. მე ვფიქრობ, რომ ასეთი იარლიყები რეალურ პოლიტიკაში უადგილოა. ცხადი უნდა იყოს, რომ ყველა მათგანს აქვს განსაზღვრული სოციალური ბაზა და რომელიმე მათგანის უგულებელყოფამ შერიგების პროცესის დროს, ძალიან ცუდი შედეგები შეიძლება მოიტანოს. ამიტომ ვინმეს ტერორისტად, ან სხვის, დიქტატორად, მოხსენიება არაპროდუქტიული გზაა.

ხალიფა ჰაფთარის ლიბიის ეროვნული არმიის მეომარი ავტომატს უმიზნებს რეჯეპ ერდოანის პორტრეტს თავისი ჯავშანტრანსპორტიორიდან. ქალაქი სირტი. 2020 წლის ივლისი.
ხალიფა ჰაფთარის ლიბიის ეროვნული არმიის მეომარი ავტომატს უმიზნებს რეჯეპ ერდოანის პორტრეტს თავისი ჯავშანტრანსპორტიორიდან. ქალაქი სირტი. 2020 წლის ივლისი.

- რატომ მოხდა, კერძოდ, ლიბიაში ეს ყველაფერი, რასაც ბოლო ათი წელიწადია ვხედავთ?

მეზობელ ქვეყნებში („არაბული გაზაფხული“ ხომ ყველგან დაახლოებით ერთდროულად დაიწყო), ტუნისში, ალჟირში პირველ რიგში, მშვიდობაა. ეგვიპტემ სრული წრე გააკეთა და ახლა იქ ისეთივე რეჟიმია, როგორც გარდაცვლილი ჰოსნი მობარაკის დროს იყო.

- 2011 წლისთვის ლიბიაში არ ყოფილა შექმნილი არანაირი სახელმწიფო ინსტიტუტი. ლიბიას, სამწუხაროდ, ჰქონდა ეროვნული სახელმწიფოებრიობის ძალიან შეზღუდული პერიოდი და ის სისტემები, ის ინსტიტუტები, ის ორგანიზაციები და მექანიზმები, რომლებსაც უნდა შეეკრა ეს ქვეყანა, ძალიან სუსტი აღმოჩნდა. ამას დაერთო ლიბიაში კაპიტალის და რესურსების სიჭარბე. მარტივად რომ ვთქვათ, ლიბიაში ბევრი ნავთობია, ბევრი ფული, ბევრი იარაღი, მაგრამ არ არის სახელმწიფო ინსტიტუტები.

ლიბიაში ბევრი ნავთობია, ბევრი ფული, ბევრი იარაღი, მაგრამ არ არის სახელმწიფო ინსტიტუტები.

ტუნისში კი პირველი პოლიტიკური პარტია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა. ეგვიპტეში პირველი პოლიტიკური პარტია შეიქმნა მე-19 საუკუნის ბოლოსკენ. ტუნისში პროფკავშირული მოძრაობა (შემდეგ ის აიკრძალა მცირე ხნით, მაგრამ მაინც) მე-20 საუკუნის 20-იან წლებში, ხოლო ეგვიპტეში 30-იან წლებში შეიქმნა. ამ ქვეყნებს აქვთ პოლიტიკური ინსტიტუტების ძალიან დიდი ისტორია და სახელმწიფოებრიობის დიდი გამოცდილება. შეიძლება გაგეცინოთ ტუნისისა და ეგვიპტის სასკოლო სახელმძღვანელოებზე (ტუნისის ისტორია იწყება იმით, რომ ფინიკიელების დედოფალმა, დიდონამ, დააარსა კართაგენი, ხოლო ეგვიპტეში - ადრეული მეფობის პირველი დინასტიიდან), მაგრამ ეს არის ეროვნული იდენტურობის გაცნობიერება, უწყვეტი სახელმწიფოებრიობის ქონა, ეს მნიშვნელოვანია. ტუნისში, ისევე როგორც ეგვიპტეში, დიდი ხანია დასრულდა მომთაბარეობა, მათ არ აქვს ტომობრივი საზოგადოებები. ლიბიაში კი ბედუინების ტომებთან ურთიერთობების გარშემო ვითარება ყოველთვის უკიდურესად რთული იყო. იქ ახლა მიმდინარეობს ეს მომთაბარეობისგან განთავისუფლება. ტომური სტრუქტურები ზოგან იშლება, ზოგან იცვლება, მაგრამ ყველა შემთხვევაში მტკივნეული პროცესია: როცა სახელმწიფოში იცვლება სოციალური სტრუქტურა.

ეგვიპტესა და ტუნისში ეს სტრუქტურები უკვე რა ხანია, შეიცვალა, ამ მხრივ ეს უკვე მოდერნიზებული საზოგადოებებია.

მათ არ აქვთ ამდენი თავისუფლად მისაწვდომი იარაღი, როგორც ლიბიაში!

ჩემთვის მთავარი ახსნა ამაშია, თუმცა, ცხადია, ყველაფერი ბევრად უფრო რთულია.

(ქვეყნდება მცირე შემოკლებით)

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG