Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, როცა ონლაინგაყიდვებს კრძალავ და ამ დროს გაქვს ეკლესიის იერარქიასთან რევერანსები. ორმაგი თამაში ძალიან ცუდია"


აკაკი ცომაია, ეკონომისტი, საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი
აკაკი ცომაია, ეკონომისტი, საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი

ეკონომისტი აკაკი ცომაია რადიო თავისუფლების ეთერში აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ხელისუფლების ორმაგი თამაშები სახიფათოა:

„ცხადია, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, როცა ონლაინგაყიდვებს კრძალავ და ამ დროს გაქვს ეკლესიის იერარქიასთან რევერანსები. ორმაგი თამაში ძალიან ცუდია, რადგან თითოეული ჩვენგანი ძალიან დიდ ფასს ვიხდით, როცა სახლში ვსხედვართ და არ ვმუშაობთ. ეკონომიკას და თითოეული ჩვენგანის შემოსავალს ეს აუცილებლად დაეტყობა. ხომ უნდა ვიცოდეთ, რაში ვიხდით ამ ფასს. თუკი ისევ ამ რისკის წინაშე ვდგავართ, რომ ადამიანები შეიკრიბებიან - არ აქვს მნიშვნელობა, სად შეიკრიბებიან, ეს უკვე ძალიან მაღალი ალბათობით არის იმის რისკი, რომ ვირუსი შეიძლება გავრცელდეს ამ ადამიანებში - მაშინ რა აზრი აქვს სახლში ჯდომას?

ასეთი თამაშები ძალიან სახიფათოა. ცალსახად ვიტყვი, ეს მთავრობის ჩავარდნაა და სხვა არაფერი“.

აკაკი ცომაია ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკას ზრდის უწინდელ ტემპთან დასაბრუნებლად გარკვეული დრო დასჭირდება:

„საშუალოვადიან პერიოდში, როცა ეს სიტუაცია გადაივლის და პანდემია ჩაწყნარდება, სავარაუდოდ, ჩვენი ეკონომიკა ასე სწრაფად ვერ აღდგება. ტურიზმის სექტორი, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მეხუთედს შეადგენს, ვერ დაბრუნდება თავდაპირველ პოზიციებზე გარკვეული დროის განმავლობაში, რადგან გარკვეული დრო სჭირდება იმას, რომ იგივე რაოდენობის ვიზიტორები გვყავდეს ქვეყანაში.

ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპი საშუალოდ 4-4,5% იყო სწორედ ტურიზმის ზრდის ხარჯზე, რომელსაც თან მოჰყვებოდა სამშენებლო სექტორიც, სატრანსპორტო, კაფე-რესტორნების მომსახურება და ა.შ. ეს სექტორები იმ ტემპით გარკვეული დროის განმავლობაში, სავარაუდოდ, ვერ გაიზრდებიან.

ცხადია, საჭიროა ვიფიქროთ ალტერნატივებზე და ეს ალტერნატივა შეიძლება პოტენციურად იყოს უცხოური პირდაპირი ინვესტიციები. მეტიც, აქ დგება სწორედ საკითხი - რამდენად საჭირო იყო თუნდაც ანაკლიის პორტის მშენებლობა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან საშუალოვადიან პერიოდში, როდესაც პანდემია გადაივლის, ახალი მსოფლიო დღის წესრიგი ყალიბდება, ჩავთვალოთ - საერთაშორისო ბაზრის გადანაწილების პროცესი ისევ აქტუალური ხდება. ხელახლა უნდა მოხდეს ეს და კონკრეტული საფრთხეები ამავე დროს გარკვეულ უპირატესობასაც წარმოადგენს, რომელიც ქვეყანამ ხელიდან არ უნდა გაუშვას. აქ, სწორედ ანაკლიის პროექტზე გავა მნიშვნელოვანი ხაზი, ჩემი აზრით“.

„დილის საუბრების“ სტუმარმა ილაპარაკა 1 აპრილს მთავრობის მიერ გამოცხადებულ ინიციატივებზე, რომლებიც ბიუჯეტიდან 2 მილიარდი ლარის დახარჯვას შეეხება:

„სადღეგრძელოების დრო ახლა ნამდვილად არ არის და უფრო კონკრეტული უნდა იყოს მთავრობის შეტყობინებები, უფრო ზუსტი და მიზნობრივი. გაუგებარ ფრაზებს და პათეტიკურ მოწოდებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დღეს, რადგან ეს ადამიანებს უფრო მეტად აბნევს და გაურკვეველ მდგომარეობაში ამყოფებს.

მენეჯმენტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საზოგადოებასთან ურთიერობას. კომუნიკაცია უნდა იყოს მარტივი და გასაგები, კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებული“.

აკაკი ცომაია, ერთი მხრივ, იწონებს მთავრობის მიერ ინიციატივის წამოყენებას, მეორე მხრივ, არაერთ კითხვას სვამს:

„კარგია, რომ მთავრობამ რაღაც ინიციატივა გააჟღერა, რადგან ბევრი ადამიანის მოლოდინი იყო ამის მიმართ. მაგრამ, მართალი გითხრათ, ძალიან ბევრი კითხვა გამიჩინა. პირველი: დასახელდა 2 მილიარდი ლარი და აქედან, გასაგებია, რომ 800 მილიონი კომუნალური ხარჯების დაფარვას მოხმარდება. არ შევალ დეტალებში. ვთქვათ, რომ საერთო ჯამში ეს ცუდი არ არის, კარგია.

თუმცა, მე სხვა ფორმულას მივმართავდი, რასაც სხვა ქვეყნებმა მიმართეს - ვაუჩერების დარიგების გზას. მათ შეარჩიეს საშუალო და საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები. ისინი ამ ვაუჩერს დახარჯავენ იმის მიხედვით, სად უფრო მეტად უჭირთ. უფრო მიზნობრივი იქნებოდა დახმარება ვაუჩერების გზით.

მინდა ყურადღება გავამახვილო დანარჩენ 1 მილიარდ 200 მილიონზე. პრემიერმა თქვა, რომ ეს თანხა მიმართული იქნება სამუშაო ადგილებისა და კომპანიების შესანარჩუნებლად. ვერ გავიგე, აქ რა იგულისხმებოდა. აქ თუ იგულისხმება უკვე განხორციელებული ნაბიჯები, ანუ:

გარკვეულ სექტორს რომ ქონების და საშემოსავლო გადასახადების გადავადება შესთავაზა, ბანკებმა რომ სამთვიანი შეღავათი მისცეს მსესხებლებს, 300 მილიონით რომ ინფრასტრუქტურული პროექტები იზრდება, დღგ-ს რომ აბრუნებენ წინასწარ - თუ ეს იგულისხმება, მაშინ ეს არ არის ორმილიარდიანი დახმარება. ანუ ეს მილიარდ ორასი მილიონი არის მცდელობა, რომ ადამიანებს ლიკვიდობის მართვის პრობლემა შეუმსუბუქდეთ, თორემ არანაირი მილიარდ ორასი მილიონი ამ კერძო სექტორში რეალურად არ რჩება. თუკი ეს იგულისხმება, ეს თანხა გადასახდელია და ეს არის საზოგადოების მოტყუება.

თუ იგულისხმება ის, რომ ამ თანხით სურთ უმუშევრების რაოდენობამ არ მოიმატოს, მაშინ ძალიან ცოტაა მილიარდ ორასი მილიონი. ამას გაცილებით მეტი სჭირდება. ჩნდება კითხვა - ხელფასებს ჩაურიცხავენ, თუ ბიზნესებს გადაურიცხავენ. ვინც ადგილი დაკარგა, ყველას რომ ხელფასები შეუნარჩუნო, მაკროეკონომიკის სტაბილურობაზე ახდენს ეს გავლენას, ფასების დონეზე. ტურიზმიდან დოლარი არ შემოდის, ფულადი გზავნილები მცირდება. ეს ყველაფერი დააწვება სავალუტო ბაზარს.

ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა და სხვადასხვა სცენარს სხვადასხვა სტრატეგია სჭირდება“.

აკაკი ცომაია თვლის, რომ ასეთ კრიზისულ ვითარებაში სტრატეგიის შემუშავებისას ხელისუფლებამ პროფესიულ წრეებთან უნდა განიხილოს საკითხები, რაც გადაწყვეტილებების ხარისხს წაადგება:

„როცა მთავრობა ინიციატივას აჟღერებს, მას უნდა ჰქონდეს კონკრეტული გეგმის სახე და ნუთუ ასე რთულია ამ გეგმის ფორმულირება ისე, რომ ამდენი კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს? პროფესიულ საზოგადოებას გვსურს ამ პროცესში მონაწილეობის მიღება და მხოლოდ თავიანთ კლასტერში რომ იღებენ გადაწყვეტილებას, რაღაცები გვკითხონ და ჩამოყალიბებული გეგმის სახე მისცენ ამ ყველაფერს.

უცნობია ამ ორი მილიარდის წყარო. ინფრასტრუქტურული პროექტები არ მცირდება, ბიუროკრატიული ხარჯები არ მცირდება. რა არის წყარო? საშინაო ვალია ეს? საგარეო ვალია? ჰაერიდან ხომ ვერ ჩამოვარდება ეს ორი მილიარდი? თუ შიდა ვალია, უნდა ვიფიქროთ მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაზე. თუ საგარეო ვალია, უნდა ვიცოდეთ მისი ფასი“.

ამასთან, „დილის საუბრების“ სტუმარი, იმის სრულად გააზრებით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის ინფრასტრუქტურული პროექტები, თვლის, რომ ახლა ამის დრო არ არის:

„მოცემულ მომენტში ნამდვილად არ არის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების დრო. ახლა არის სწორედ მიზნობრივი პროგრამების და ტრანსფერების დრო. ანუ, რაც შეიძლება მეტად უნდა შევეცადოთ უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს შევთავაზოთ კონკრეტული პაკეტები, თუნდაც ვაუჩერები და ჯანდაცვის ხარჯებზე უნდა გადავანაწილოთ მთელი ჩვენი ბიუჯეტი. ამ კონტექსტში უნდა იმუშაოს მთავრობამ. მე რასაც ვხედავ, ბოტები და ტროლები უფრო მეტად აქტიურები არიან, ვიდრე იყვნენ, რაც იმას მიმანიშნებს, რომ საბიუჯეტო რესურსი უყაირათოდ იხარჯება“.

აკაკი ცომაია აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ COVID-19-ის გავრცელების საფრთხის ამოწურვის შემდეგ, როცა ეკონომიკური საქმიანობა კვლავ დასაშვები გახდება, ძალიან ბევრ მეწარმეს ფეხზე წამოსადგომად დასჭირდება სესხი და ამ ფულადი რესურსების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.

გადმოწერა


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG