Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალბერ კამიუ – „შავი ჭირი“


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Dichtung und Wahrheit („პოეზია და სინამდვილე“) გთავაზობთ საუბარს ისტორიული სინამდვილის ასახვაზე ლიტერატურაში, კერძოდ, მეორე მსოფლიო ომისა და ფაშიზმის იდეოლოგიის ასახვაზე მხატვრულ სიტყვაში, რომელიც განხორციელდა დიდი ფრანგი მწერლის, ალბერ კამიუს, ალეგორიულ რომან „შავ ჭირში“. ნაწარმოებში ძალიან დამაჯერებლად არის აღწერილი შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელება ალჟირის ქალაქ ორანში, მისი შემაძრწუნებელი მომავალი და საბოლოო დასასრული. ისტორიასა და პოეზიას შორის განსხვავება ცხადია: ალჟირის ამ ქალაქში ნამდვილად იყო ეპიდემია, ოღონდ სხვა საუკუნეში და სხვა ეპიდემია – მეცხრამეტე საუკუნის ორმოციან წლებში ორანი ქოლერის ეპიდემიამ მოიცვა. სრულიად გასაგებია, რომ შავი ჭირის ეპიდემია შემთხვევით არ აურჩევია ავტორს: „ჭირი“ არის ის სიტყვა, რომლითაც, ჩვეულებრივ, აღიწერება ფაშიზმი („ყავისფერი ჭირი“). ამავე დროს, ავტორი, რომელიც მთელი ცხოვრება ტუბერკულოზით იყო დაავადებული, საკუთარ დაავადებას გაცილებით უფრო ბოროტ ნათესავს უძებნის. რა ხდება შავი ჭირის დროს? როგორ იქცევა ექიმი, რომელმაც იცის, რომ ეპიდემიის დამარცხება შეუძლებელია? როგორ იქცევიან მოქალაქეები, როდესაც ხედავენ, რომ მედიცინა და სახელმწიფო უძლურია? როგორ იქცევა მღვდელი, რომელსაც ჯერ ეგონა, რომ ჭირი უფალმა ცოდვათა გამო მოგვივლინა, და შემდეგ დარწმუნდა, რომ ეს რწმენის გამოცდაა? ვინმე თუ ხეირობს ეპიდემიით? შავი ჭირი მართლა მარცხდება, თუ ეს, უბრალოდ, ტაიმ-აუტია? – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG