Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრ გოსტევი: საინფორმაციო ომიცაა და ვენესუელაში რუსი სამხედრო სპეციალისტებიც არიან


ალექსანდრ გოსტევი
ალექსანდრ გოსტევი

როგორ მივიდა ნავთობის მარაგით მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანა ისეთ მდგომარეობამდე, რომ ინფლაციამ 2018 წელს მილიონ პროცენტს გადააჭარბა და მოსახლეობის 80-მდე პროცენტი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ჟურნალისტი, ალექსანდრ გოსტევი.

ალექსანდრ გოსტევი: ვენესუელა არ არის ერთადერთი ღარიბი ქვეყანა ლათინურ ამერიკაში, მაგრამ ბოლო 20 წლის განმავლობაში ის ყველაზე სულელურად იმართება. მხოლოდ ვენესუელიდან, რომლის მოსახლეობა 35 მილიონია, ბოლო წელიწად-ნახევარში გაიქცა 3 მილიონი ადამიანი. ისინი გარბოდნენ, რომ იტყვიან, თავზე ჩემოდნით; ფეხით გადადიოდნენ მდინარეებს, ხიდებს, საზღვარს; ისინი გაურბოდნენ შიმშილს, კვების პროდუქტების ტოტალურ დეფიციტს, ჰიგიენის ელემენტარული პირობების უქონლობას - როგორიც არის ტუალეტის ქაღალდი თუ კბილის პასტა; გაურბოდნენ საშინელ დამნაშავეობას და კრიმინალს. პოლიტიკური არეულობა ვენესუელაში მხოლოდ ნაწილია იმ საერთო კრიზისისა, რომელმაც ქვეყანა მოიცვა. ვენესუელაში საშინლად არის გავრცელებული დამნაშავეობა. კარაკასს ბოლო 5-7 წლის განმავლობაში მყარად უკავია ადგილი პირველ სამეულში, 100 ათას მოსახლეზე ქუჩისა და ყოფითი დანაშაულის, ძარცვის მიზნით ჩადენილი მკვლელობების რაოდენობით. შემზარავი ციფრია! სოციალისტური ექსპერიმენტი, ის უცნაური ბოლივარული სოციალიზმი, რომელიც უგო ჩავესმა დაიწყო, როგორც პრაქტიკა ცხადყოფს, ფრიად წარუმატებელი გამოდგა.

კობა ლიკლიკაძე: რას წარმოადგენს, რა ფენომენია ეს ბოლივარული სოციალიზმი, რომელიც ვენესუელაშია გაბატონებული?

ალექსანდრ გოსტევი: ეს არის სრულიად პრიმიტიულ, ყოფით, უწიგნურ დონეზე გაგებული პირველყოფილი მარქსიზმის იდეები, შეზავებული ლათინური ამერიკის თავისუფლებისა და ინდიელების ნაციონალიზმის თეორიებთან.

იგი დაფუძნებულია თეორიაზე, რომ მთელი ცხოვრება რომელიღაც სამყარო, განსაკუთრებით დასავლური სამყარო - თეთრი ხალხის, ევროპელების, ჩრდილოეთამერიკელების სამყარო - ჩვენ გვძარცვავდა, ექსპლუატაციას გვიწევდა და ამიტომ ის ჩვენს წინაშე ვალშია.

კობა ლიკლიკაძე: ისტორია - ისტორიად, მაგრამ დღეს არის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც სულ უფრო ძლიერდება. სულ უფრო იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც აღიარებენ გარდამავალ პრეზიდენტად ხუან გუაიდოს, ოპოზიციის ლიდერს. რამდენად ძლიერი მხარდაჭერა აქვს მას ვენესუელაში?

ალექსანდრ გოსტევი: დიდი! დღეს ვენესუელა არის ქვეყანა, რომელიც, რაღაცნაირად, გაყოფილია ორ ბანაკად და, დაახლოებით, მოსახლეობის ნახევარი მხარს უჭერს სოციალისტ ჩავისტებს, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ხელმძღვანელობით, მეორე ნახევარი - ოპოზიციასა და ოპოზიციურ ნაციონალურ ასამბლეას. მისი თავმჯდომარეა ხუან გუაიდო, რომელმაც თავი გამოაცხადა ქვეყნის დროებით პრეზიდენტად. სწორედ ამან გამოიწვია ასეთი პატური ვითარება, რომლის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება არც ერთ მხარეს არ შეუძლია. გარწმუნებთ, ნიკოლას მადუროს მთელი მოსახლეობის 80 %-ის მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, იგი დიდი ხნის წინ გადაუვლიდა ამ ოპოზიციას. ზუსტად ისევე, როგორც თუ მთელი ვენესუელა დაუჭერდა მხარს ოპოზიციური ძალების გაერთიანებას, ხუან გუაიდოს ნაციონალურ ასამბლეას, რა თქმა უნდა, არავითარი მადურო იქ უკვე აღარ იქნებოდა.

კობა ლიკლიკაძე: ვენესუელის ისტორიაში ყოფილან დემოკრატიულად არჩეული ლიდერები, რომლებიც შემდეგ ან სამხედრო გადატრიალებით დაუმხიათ, ან საპროტესტო აქციების შედეგად. რამდენად დიდია ალბათობა, რომ ამჯერად ვენესუელაში ცვლილება მოხდეს დემოკრატიული რევოლუციის გზით და ხელისუფლებაში დემოკრატიული ძალები მოვიდნენ? ეს ჰიპოთეტური შეკითხვაა, მაგრამ ძალიან აქტიურად განიხილება.

ალექსანდრ გოსტევი: ასე გიპასუხებდით: ახლა ყველაფერი დამოკიდებულია არმიის, სამხედროებისა და სპეცსამსახურების პოზიციაზე. აქამდე ისინი ცალსახად უჭერენ მხარს ნიკოლას მადუროს. თუმცა, მცირე რაოდენობით ოფიცრები - გენერლები, პოლკოვნიკები და ასევე ჯარისკაცები - უკვე გადადიან ოპოზიციის მხარეზე. რატომ უჭერს დღემდე არმია მხარს მადუროს? იმიტომ, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში არმია ვენესუელაში გადაიქცა ერთგვარ კომერციულ საწარმოდ, რომლის სათავეში მყოფ მაღალი რანგის ოფიცრებს კოლოსალური პირადი შემოსავალი აქვთ ნავთობის ექსპორტიდან. და კიდევ: მონაცემებით, რომელთაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, პენტაგონი და ცენტრალური სადაზვრევო სამმართველო ფლობენ, - და მათ ეს მტკიცებულებები წარმოადგინეს, - ვენესუელის უმაღლეს გენერალიტეტს კავშირი აქვს ლათინურამერიკული ნარკოტიკებით ვაჭრობასთან - კოლუმბიიდან და პერუდან წამოსული კოკაინი ვენესეულის არმიის მეშვეობით გაედინება საზღვარგარეთ, ევროპისა და ამერიკის ჩათვლით. ასე რომ, ვენესუელის სამხედრო სარდლობას, როგორც იტყვიან, აქვს დასაკარგი.

კობა ლიკლიკაძე: თქვენ არაფერი გითქვამთ ვენესუელის ოქროს მარაგზე. რა ბედი ეწია მას? იყო ინფორმაცია, რომ მადუროს ხელისუფლებას სურდა მისი გაყიდვა.

ალექსანდრ გოსტევი: დიახ, არის ცნობები, რომ მისი ნაწილი ინახებოდა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში არსებულ ბანკებში. ის ოქრო ახლა დაბლოკილია. დიდი ნაწილი კი, თითქოს, იყო რუსეთში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. და ბოლო მონაცემებით, რუსეთის თვითმფრინავების მეშვეობით - მაგრამ ეს არ არის ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია, ვამბობ იმას, რასაც დამოუკიდებელი წყაროები იტყობინებოდნენ - განხორციელდა რამდენიმე რეისი და ეს ოქრო მადურომ ან გაიტანა, ან გაყიდა არაბულ სახელმწიფოში თუ რუსეთში, რათა ნაღდი ფული, დოლარები აეღო.

კობა ლიკლიკაძე: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ცოტა ხნის წინ თქვა, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს ვენესუელის ხელისუფლების მხარდასაჭერადო. რაში გამოიხატება ეს მხარდაჭერა?

ალექსანდრ გოსტევი: პირველ ყოვლისა, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა. რუსეთი და ჩინეთი გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები არიან და მათ სიტყვას, რა თქმა უნდა, საერთაშორისო არენაზე დიდი ფასი აქვს. მეორე მხრივ, ეს არის დახმარება კრედიტების სახით. რუსეთმა, გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის მონაცემებით, უკვე ასესხა ნიკოლას მადუროს 17 მილიარდი დოლარი. მესამე - ესაა დახმარება ტექნიკური სპეციალისტების სახით. ვენესუელაში დღეისათვის იმყოფება რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსნეფტის“ მრავალი თანამშრომელი, რომელიც ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA-სთან ერთად აწარმოებს სამუშაოებს ხუთ უმსხვილეს ნავთობსაბადოზე. და კიდევ, გასულ კვირას, 10 თებერვალს, ვენესუელაში დაიწყო ქვეყნის ისტორიაში უდიდესი სამხედრო სწავლება და ამბობენ, რომ ..

კობა ლიკლიკაძე: და რომელსაც აშუქებს უამრავი რუსი ჟურნალისტი სახელმწიფო ტელეარხებიდან. საინფორმაციო ომიც ხომ არ მიმდინარეობს?

ალექსანდრ გოსტევი: საინფორმაციო ომიცაა და, კიდევ, იქ არიან სამხედრო სპეციალისტები რუსეთიდან. ცოტა ხნის წინ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, „რია ნოვოსტის“, ინტერვიუ მისცა ნიკოლას მადურომ, რომელმაც აღნიშნა, ყოველთვე ჩემთან ჩამოდის რუსული წარმოების უახლესი იარაღის დიდი პარტია რუსეთიდანო. ანუ ესაა უკვე რუსული თვითმფრინავები, რუსეთის წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარები, რაკეტები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ასე შემდეგ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG