Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნის შთამბეჭდავი ბოლო სიტყვები


ალექსეი ნავალნი მოწამვლიდან ერთ თვეში. გერმანია. 2022 წ. 22 სექტემბერი
ალექსეი ნავალნი მოწამვლიდან ერთ თვეში. გერმანია. 2022 წ. 22 სექტემბერი

ალექსეი ნავალნი იყო არა მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების მამხილებელი საგამოძიებო სიუჟეტების ავტორი, არამედ გამორჩეული ორატორიც, რასაც ადასტურებს სასამართლო პროცესზე მის მიერ წარმოთქმული „ბოლო სიტყვები".

ალექსეი ნავალნი არაერთ სისხლის სამართლის საქმეში იყო ბრალდებული, რის გამოც მას ხშირად უწევდა სასამართლო პროცესებზე სიტყვის, მათ შორის ე.წ. ბოლო სიტყვების წარმოთქმა. როგორც New Yorker-ის მთავარმა რედაქტორმა დევიდ რემნიკმა დაწერა, სასამართლო პროცესებზე ნავალნიმ აჩვენა, რომ ის წარსულის იმ რუსი დისიდენტების დარი იყო, რომლებიც ყველაფერს რისკავდნენ იმისათვის, რომ სიმართლე ეთქვათ, გინდა საჩვენებელ სასამართლო პროცესებზე და გინდა სამიზდატის ხელნაწერებში. თუმცა, რემნიკის თქმით, ნავალნი აშკარად თანამედროვე იყო და ბრძოლის განსხვავებულ, თანამედროვე მეთოდებსაც იყენებდა: სასამართლო პროცესების დროს თავის მთავარ ოპონენტს, ვლადიმირ პუტინს მაღალფარდოვანი მეტაფორებითა და მინიშნებებით კი არ ამკობდა, არამედ პირდაპირ და ირონიულად უწოდებდა „პატარა ქურდბაცაცა კაცს საკუთარ ბუნკერში“ ან „ვლადიმირ ტრუსთა მომწამვლელს“.

რემნიკის თქმით, ნავალნის "მიმზიდველობა" იმაშიც მდგომარეობდა, რომ ის ვითარდებოდა და იცვლებოდა დროთა განმავლობაში. მან უარყო „უხეში ნაციონალიზმი“, რომელიც დამახასიათებელი იყო მისი ადრეული რიტორიკისათვის. ნავალნიმ ასევე ისწავლა გამბედაობისა და იუმორის გამოყენება, რითაც გაჯერებული იყო სასამართლო პროცესებზე წარმოთქმული მისი „ბოლო სიტყვები“. ალექსეი ნავალნიმ ასევე იცოდა, როგორ ელაპარაკა ხალხთან. მას წაკითხული ჰქონდა რუსული კლასიკა და ციხის მემუარები, მაგრამ ის ასევე ლაპარაკობდა „ჰარი პოტერისა“ და „რიკი და მორტის“ სიყვარულზე.

ალექსეი ნავალნი სასამართლო პროცესზე
ალექსეი ნავალნი სასამართლო პროცესზე

ალექსეი ნავალნის მიერ სასამართლო პროცესებზე წარმოთქმულმა შთამბეჭდავმა „ბოლო სიტყვებმა“ ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის ყურადღებაც მიიპყრო. „ბრალდებულის ბოლო სიტყვა“ - BBC-ის რუსული რედაქციის დაკვირვებით, ეს ჟანრი სწორედ ალექსეი ნავალნიმ ააღორძინა რუსეთში. პოლიტიკის მკვლევრების თქმითაც, ალექსეი ნავალნი იყო არა მხოლოდ უშიშარი პოლიტიკოსი და ხელისუფლების მამხილებელი შთამბეჭდავი საგამოძიებო სიუჟეტების ავტორი, არამედ გამორჩეული ორატორიც, რასაც ადასტურებს სასამართლო პროცესზე მის მიერ წარმოთქმული „ბოლო სიტყვების“ შემდეგი მოკლე ჩამონათვალიც:

"რას ჩასჩერებიხართ დაუსრულებლად მაგიდას?" - ბოლო სიტყვა Yves Rocher-ს საქმეზე, 2014 წლის 19 დეკემბერი

„თქვენ ყველანი გამუდმებით ჩასჩერებიხართ მაგიდას. მე თქვენ ყველას გელაპარაკებით, თქვენ კი მაგიდიდან არ იღებთ თავს. არაფერი გაქვთ სათქმელი. იცით, რომელია ყველაზე პოპულარული ფრაზა, რომელიც მე მომემართება? თქვენ ეს ფრაზა ნამდვილად იცით. გამომძიებლები, პროკურორები, სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომლები, სამოქალაქო და სისხლის სამართლის მოსამართლეები ყველაზე ხშირად ამბობენ ამ ფრაზას: „ალექსეი ანატოლის ძე, ხომ გესმით ყველაფერი.” Მე ყველაფერი კარგად მესმის. მაგრამ ერთი რამ არ მესმის - რატომ ჩასჩერებიხართ დაუსრულებლად მაგიდას? არანაირი ილუზიები არ მაქვს. ადამიანი სხვაგვარად არის მოწყობილი. ადამიანის ცნობიერება აკომპენსირებს დანაშაულის გრძნობას. სხვა შემთხვევაში ადამიანები გამუდმებით დელფინებივით მოიკლავდნენ თავს. შეუძლებელია მუდმივად იფიქრო ამაზე. შეუძლებელია შინ მიხვიდე და უამბო შვილებს, ქმარს: „იცით, დღეს მე მონაწილეობა მივიღე აშკარად უდანაშაულო ადამიანის ციხეში ჩასმაში. ახლა ვიტანჯები და სულ მუდამ დავიტანჯები“. უკაცრავად, რომ რაღაც ფილოსოფიაში გითრევთ, მაგრამ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ მაგიდას ჩააშტერდეთ“.

„მინდა, რომ რუსეთი იყოს მდიდარი“. ბოლო სიტყვა Yves Rocher-ს საქმეზე გამოტანილი პირობითი სასჯელის პირობების დარღვევის აპელაციაზე, 2021 წლის 20 თებერვალი

„მარტოობის საკითხი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ხელისუფლების მიზანი. მშვენიერმა ფილოსოფოსმა, სახელად ლუნა ლავგუდმა, ამის შესახებ შესანიშნავად თქვა. ალბათ გახსოვთ, ჰარი პოტერშია ასეთი პერსონაჟი. "მნიშვნელოვანია, თავი მარტოხელად არ იგრძნო, რადგან ვოლდემორი რომ ვიყო, ძალიან მენდომებოდა, რომ თავი მარტოხელად გეგრძნო." სასახლეში მყოფ ჩვენს ვოლდემორსაც უნდა, რომ მარტოხელად ვიგრძნო თავი. მინდა, რომ რუსეთი იყოს მდიდარი, რაც შეესაბამება მის ეროვნულ სიმდიდრეს. მინდა, რომ ერის სიმდიდრე უფრო სამართლიანად გადანაწილდეს. მინდა ნორმალური ჯანდაცვა იყოს, რომ მამაკაცები საპენსიო ასაკამდე ცოცხლობდნენ, რადგან ახლა მათი ნახევარი ვერ აღწევს ამ ასაკს. მინდა ნორმალური განათლება იყოს და ხალხმა ნორმალურად ისწავლოს. მინდა, ისეთივე ხელფასები იყოს, როგორიც ევროპის ქვეყნებშია. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ არა იმდენად იმ ფაქტს, რომ რუსეთი არ არის თავისუფალი, არამედ იმას, რომ ის უბედურია ყველა მიმართულებით. ჩვენ ყველაფერი გვაქვს, მაგრამ ჩვენ უბედური ქვეყანა ვართ. გადაშალეთ რუსული ლიტერატურა - მხოლოდ უბედურებისა და ტანჯვის აღწერაა. არ შეგვიძლია ამ წრიდან გამოსვლა, არადა, გვინდა. ამიტომ ლოზუნგი უნდა შეიცვალოს: რუსეთი უნდა იყოს არა მხოლოდ თავისუფალი, არამედ ბედნიერიც. რუსეთი ბედნიერი იქნება. სულ ეს არის".

ალექსეი ნავალნი სასამართლო პროცესზე
ალექსეი ნავალნი სასამართლო პროცესზე

„ჯოჯოხეთში დაიწვებით“. ბოლო სიტყვა ვეტერანის შეურაცხყოფის საქმეზე, 2021 წლის 20 თებერვალი

„თქვენო ღირსებაც, ითქვა, რომ ვეტერანების საკითხი უმთავრესია, რომ რუსეთში ყველაფერი ვეტერანებისთვისაა. მე მაქვს ქაღალდი, ერთი ფურცელი - ცნობა სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან, რომელშიც ჩაწერილია, რა სახის დახმარება გაუწიეს ვეტერან არტემენკოს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. ბოლოს საკვების ამანათი 6 ივლისს მიიღო. სულ ოთხი წლის განმავლობაში ოთხჯერ აქვს მიღებული. ამ სერტიფიკატების ჯამური ღირებულება 11 ათასი რუბლია (120$). სულ ესაა თქვენი ზრუნვა ვეტერანზე, თქვე თვალთმაქცო ნაძირალებო! თქვენი ხელისუფლება - პუტინიდან „ერთიან რუსეთამდე“ - გადაიქცა უზარმაზარ ღორად, რომელიც ვარცლიდან თქვეფს ფულს. და როდესაც ამ ღორს ეუბნებიან, "ეს ფული ხომ საერთოა", ღორი ამოყოფს ვარცლიდან თავს და ამბობს: "ჩვენ აქ ვეტერანებს ვიცავთ!" მჯერა, რომ ამისთვის ყველა თქვენგანი ჯოჯოხეთში დაიწვება“.

"ცოტა სასაცილოა". ბოლო სიტყვა თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით გამოტანილ განაჩენზე, 2022 წლის 15 მარტი.

”ცოტა სასაცილოც კია, რომ ამდენი ბოლო სიტყვის თქმა მიწევს. მინდა ვისარგებლო ბოლო სიტყვის უფლების შესაძლებლობით და გავაკეთო ოფიციალური განცხადება მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ კორუფციასთან ბრძოლის ფონდი (ნავალნის მიერ დაარსებული ორგანიზაცია, რომელიც აღიარებულია ექსტრემისტულ ორგანიზაციად რუსეთში და, შესაბამისად, აკრძალულიცაა) დასრულდება იმის გამო, რომ მე ვიქნები იზოლირებული დიდი დროის განმავლობაში. არა! არათუ უბრალოდ არ გაჩერდება, არამედ ანტიკორუფციული ფონდი გახდება გლობალური, საერთაშორისო. <...> ბევრად უკეთესია, იყო ღვთისგან თავისუფალი ადამიანი, ვიდრე პუტინის ყურმოჭრილი ლაქია, რომელსაც ეშმაკები შეჭამენ ჯოჯოხეთში. ამასთან, მე მეხმარება ერთი დიდი ადამიანი. ვიდრე დარბაზში შემომიყვანენ ხოლმე, საგულდაგულოდ მჩხრეკენ. ამის გამო ბადრაგს დღის განმავლობაში ოთხ-რვაჯერ შევყავარ რუსული ენის კაბინაში (რომელიც აქვეა), სადაც ოპერატორი ყოველდღე ამოწმებს ჩემს ტრუსებს, მე კი ამ დროს მის გვერდით ვდგავარ შიშველი, ხოლო კედლიდან ლევ ნიკოლოზის ძე ტოლსტოი მიცქერს“.

"საშინლად მაცოფებდა". ბოლო სიტყვა აპელაციაზე 2022 წლის 24 მაისი

„იმ დღეს, როცა ბოლო სიტყვა წარმოვთქვი, სასამართლოს ტექნიკური სპეციალისტი არ ესწრებოდა პროცესს, მაგრამ ჩვენს მაიორს, რომელიც აქ ყველანაირი ტექნიკური "სირობითაა" დაკავებული, სამოქალაქო ტანსაცმელი გადააცვეს და სასამართლოს ტექნიკური მდივნის ადგილზე დასვეს. და რა გააკეთა მან? როცა ბოლო სიტყვას ვამბობდი, ყოველ ჯერზე, როცა სიტყვა „ომს“ წარმოვთქვამდი, ის თითს აჭერდა ღილაკს და მე ამას ვხედავდი, რადგან ჩემ წინ ეკრანზე ინთებოდა გადახაზული წითელი მიკროფონი, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ მიკროფონი გამორთულია. ამ დროს მაიორი უზომოდ ბედნიერი იყო, მოსამართლეც ვერ მალავდა კმაყოფილებას და მთელი თქვენი სისტემა საშინლად ბედნიერი იყო იმით, რომ გაქვთ ღილაკი, რომელსაც შეგიძლიათ დააჭიროთ თითი და შედეგად საზოგადოება, ჟურნალისტები, ყველა, ვინც თქვენ გინდათ, ვერავინ გაიგებს, თუ რას ვიტყვი მე სიტყვა "ომის" შემდეგ. რა თქმა უნდა, ამან საშინლად გამაცოფა. გეგმავ, არჩევ სიტყვებს, ამბობ მნიშვნელოვან რამეებს, მაგრამ უცბად, ვიღაც ქირქილით აჭერს ღილაკს თითს და შენი არავის ესმის. რა თქმა უნდა, მაცოფებდა. მაგრამ, მეორე მხრივ, იყო შთამაგონებელი მომენტიც. ვიფიქრე და მერე მივხვდი. იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ ყველაფერი: ძალაუფლება, რომელიც ხელში ჩაიგდეთ, ტელევიზიები, ყველა ეს კორუმპირებული ჟურნალისტი - ყველაფერი ეს გაქვთ და მაინც გეშინიათ, რომ ვიღაც „ზეკი“ (პატიმარი) რამეს იტყვის. ისე ძალიან გეშინიათ, რომ სპეციალურად გამოყავით თანამშრომელი, რომელმაც ღილაკს უნდა დააჭიროს თითი. იმდენად გეშინიათ სიტყვების, ზოგადად სიმართლის სიტყვის, რომ, რა თქმა უნდა, საჭიროა მათი წარმოთქმა. ეს არის ის, რისკენაც გამუდმებით ყველას მოვუწოდებ და მე თვითონაც ვაკეთებ ყველაფერს შეძლებისდაგვარად“.

"უიმედოა". ბოლო სიტყვა „ექსტრემიზმის საქმეზე“ გამოტანილ განაჩენზე, 2023 წლის 21 ივლისი

„რუსეთში ყველამ იცის, რომ ისინი, ვინც სამართალს სასამართლოში ეძებენ, სრულიად დაუცველები არიან. ასეთი ადამიანის საქმე უიმედოა. თუკი საქმე სასამართლომდე მივიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანის უკან არანაირი ძალა არ დგას. რადგან ქვეყანაში, რომელსაც დამნაშავე მართავს, სადავო საკითხები წყდება ვაჭრობით, მოსყიდვით, მოტყუებით, ღალატით და რეალური ცხოვრების სხვა მექანიზმებით და არა რაღაც კანონით.

ძალიან მომწონს ჩვენი თანამემამულის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ლოტმანის ფორმულირება. სტუდენტების წინაშე გამოსვლისას მან ერთხელ თქვა: „ადამიანი ყოველთვის იმყოფება გაუთვალისწინებელ სიტუაციაში. და აქ მას ორი ფეხი აქვს: სინდისი და ინტელექტი“. ჩემი აზრით, ძალიან ბრძნული აზრია. ადამიანი ამ ორ ფეხს უნდა დაეყრდნოს. <…> Მე მიყვარს რუსეთი. ჩემი ინტელექტი მეუბნება, რომ თავისუფალ და აყვავებულ ქვეყანაში ცხოვრება სჯობს კორუმპირებულ და ღარიბ ქვეყანაში ცხოვრებას. ხოლო როცა აქ ვდგავარ და ვუყურებ ამ სასამართლოს, ჩემი სინდისი მეუბნება, რომ ასეთ სასამართლოში სამართალი არ იქნება არც ჩემთვის და არც ვინმე სხვისთვის. ქვეყანა, რომელშიც არ არის სამართლიანი სასამართლო, არასოდეს გახდება აყვავებული“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG