Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნი „პუტინმა მოკლა“ - ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით


ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო
ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო

რუსული მედია წერს, რომ ქვეყნის მთავარი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა. მიზეზი უცნობია. 47 წლის პოლიტიკოსმა ბოლო სამი წელი პატიმრობაში გაატარა. თითქმის ერთი წელი კი - სასტიკ პირობებში, საჯარიმო იზოლატორებში.

ვლადიმირ პუტინის მოწინააღმდეგეები გლოვობენ. 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მკვდარია.

„სეირნობის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო და გონება თითქმის მყისიერად დაკარგა“, - განაცხადა სამსახურმა ისე, რომ ოფიციალური მიზეზი არ დაუსახელებია.

გამოცემა „ბაზას“ ინფორმაციით, ნავალნი გონების დაკარგვიდან დაახლოებით საათსა და ოც წუთში გარდაიცვალა. საპატიმროში გამოძახებულმა სასწრაფომ მისი გადარჩენა ვერ მოახერხა.

მალევე, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ, „არტემ“ დაწერა, რომ ის თრომბის მოწყვეტის გამო მოკვდა. იგივე გაიმეორა პროკრემლისტურმა გამოცემა „იზვესტიამაც“.

ეს დასკვნა ძალიან ნაჩქარევი და საეჭვოა, - უთხრა გამოცემა „მედუზას“ ექიმმა ალექსანდრ პოლუპანმა, რომელიც ბოლო წლები ნავალნის ჯანმრთელობას აკვირდებოდა.

ჯერ ერთი იმიტომ, რომ თრომბის მოწყვეტა სამედიცინო გაკვეთის გარეშე არ ჩანს.

და მერე მეორე - ალექსეი ნავალნის ნამდვილად ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ არ აწუხებდა ის, რაც თრომბოზის რისკს ზრდის ხოლმე. მაგალითად, ქვედა კიდურების ტრავმები და ონკოლოგიური დაავადებები.

„მათ შეუძლიათ გააკეთონ ნებისმიერი რამ, მაგალითად, გააყალბონ გაკვეთის პროტოკოლი. ვერავინ ვერაფერს ვერ შეამოწმებს“, - თქვა პოლუპანმა.

მსოფლიოს ლამის ყველა ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობა ბოლო წლებში მართლაც საგრძნობლად გაუარესდა.

მაგრამ 15 თებერვალს, სასამართლო სხდომიდან გამოქვეყნებულ კადრებში ალექსეი ნავალნი შედარებით ჯანმრთელად გამოიყურებოდა.

იგივეს ადასტურებს მისი გარემოცვაც.

“ნოვიჩოკით” მოწამვლა

2020 წლის აგვისტოში ნავალნი მომწამვლელი ნივთიერებით, „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. იმავე ნივთიერებით მოწამლეს 2018 წელს რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი, სერგეი სკრიპალი.

ნავალნი ორი კვირით კომაში ჩავარდა. შემდეგ ის რამდენიმე კვირა ფეხზე ვერ იდგა და 15 კილოგრამი დაკარგა.

სამი გამოცემის, ბელინგკეტის, შპიგელისა და სიენენის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მას რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ. ერთ-ერთმა შემდეგ აღიარა კიდეც, რომ „ნოვიჩოკი“ ნავალნის საცვალს მოაცილა.

პოლიტიკოსმა გერმანიაში რამდენიმე თვე იმკურნალა. 2021 წლის იანვარში მან თქვა, რომ „თითქმის ჯანმრთელია“ და რუსეთში ბრუნდება. 17 იანვარს ის მოსკოვის აეროპორტში დააპატიმრეს.

წამება ციხეში

2021 წლის მარტში ნავალნი მოსკოვის სიახლოვეს, ვლადიმირის რეგიონის გამოსასწორებელ კოლონიაში გადაიყვანეს.

იქ არ აძინებდნენ.

ციხის ადმინისტრაცია აცხადებდა, ნავალნიმ შეიძლება გაქცევა სცადოსო. ამიტომ ბადრაგი ღამ-ღამობით მის საკანში ყოველ ერთ საათში ერთხელ შედიოდა და სახეში ფანარს უნათებდა.

მარტშივე ნავალნიმ შიმშილობა დაიწყო იმის გამო, რომ მასთან ექიმს არ უშვებდნენ.

ნავალნის მაშინ სტკიოდა ზურგი და უბუჟდებოდა ფეხი, უჭირდა სიარული. მისი ადვოკატი კი ამბობდა, რომ ციხის ადმინისტრაციამ ჩივილების საპასუხოდ მხოლოდ ორი აბი იბუპროფენი მიუტანა.

ნავალნიმ რამდენიმე კვირა იშიმშილა. ექიმები ამბობდნენ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გარდაცვლილიყო. აპრილში რუსეთში დიდი საპროტესტო აქციები გაიმართა და ბოლოს მასთან ექიმი შეუშვეს.

2023 წლის აგვისტოში ალექსეი ნავალნის 19 წლით პატიმრობა მიესაჯა. ის დამნაშავედ ცნეს ექსტრემისტული ჯგუფის დაარსებაში, ექსტრემიზმისკენ მოწოდებასა და მის დაფინანსებაში. მან ბრალეულობა უარყო.

2023 წლის დეკემბერში, ნავალნი გადაიყვანეს რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, ციმბირში, იამალის ნახევარკუნძულზე. ის მოათავსეს განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში, რომელსაც რუსულად „პოლარულ მგელს“ ეძახიან.

ორივე ციხეში ნავალნის გამუდმებით აგზავნიდნენ ე.წ. საჯარიმო იზოლატორში, ერთკაციან საკანში, სადაც პირობები განსაკუთრებულად მკაცრია.

იქ არ არის გათბობა და არ შეიძლება პირადი ნივთების შეტანა. დღისით კი არ შეიძლება დაწოლა. ნავალნის ხშირად აწუხებდა გრიპი. თუმცა საჯარიმო იზოლატორში სიცხიანსაც აგზავნიდნენ.

სულ საჯარიმო იზოლატორში ნავალნი 27-ჯერ გაუშვეს. უკანასკნელად ახლახან, 14 თებერვალს. მთლიანობაში საჯარიმო იზოლატორებში ნავალნიმ 308 დღე გაატარა. ანუ თავისი პატიმრობის მეოთხედზე მეტი, - დაითვალა „დოიჩე ველეს“ რუსულმა სამსახურმა.

“პუტინმა მოკლა”

შესაძლოა, ნავალნი სწორედ საჯარიმო იზოლატორებმა შეიწირა, - თქვა ევა მერკაჩოვამ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრია.

საჯარიმო იზოლატორში „ადამიანი შიმშილობს და იყინება. ამიტომ მისი დაყოვნება გარკვეულ პერიოდზე დიდხანს არ შეიძლება. სამწუხაროდ, არ არის განსაზღვრული, თუ რამდენჯერ შეიძლება მასში ადამიანის მოთავსება“, - თქვა მან.

მერკაჩოვის კომენტარი მალევე წაიშალა.

მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო 16 თებერვალს ციმბირის კოლონიაში, კრემლის მოწინააღმდეგეებისთვის ცალსახაა, რომ ნავალნი ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებამ მოკლა.

„ეს პოლიტიკური მკვლელობაა“, - დაწერა ჟურნალისტმა ალექსეი პარფიონოვმა.

„ფორმალური მიზეზისდა მიუხედავად, მისი სიკვდილისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ვლადიმირ პუტინს, რომელმაც ჯერ დაასანქცირა ალექსეის მოწამვლა, შემდეგ კი ის ციხეში ჩასვა“, - დაწერა რუსეთიდან დევნილმა ბიზნესმენმა, მიხაილ ხოდორკოვსკიმ.

ამავდროულად, მოსკოვში, ნიჟნი ნოვგოროდში, ბელგოროდში და რუსეთის სხვა ქალაქებში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლებთან ყვავილები მიიტანეს.

ნავალნის სიკვდილს გამოეხმაურნენ მსოფლიო ქვეყნების ლიდერები, ნატოსა და ევროკავშირის მეთაურები. მათ განცხადებებში ერთი მესიჯი იკითხება - ალექსეი ნავალნი პუტინის რეჟიმის მორიგი მსხვერპლია.

ეს რეაქცია კრემლის პროპაგანდამ უკვე გამოიყენა საპასუხო დარტყმისთვის.

ნატოს ქვეყნების ლიდერების „მომენტალური“ რეაქცია მათსავე ინტერესებს ამხელს, - დაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ.

ნავალნის სიკვდილის შესახებ გავრცელებული ცნობების პარალელურად, ვლადიმირ პუტინი რუსეთის ცენტრალურ ნაწილში ქალაქ ჩელიაბინსკს სტუმრობდა, სადაც ადგილობრივ სტუდენტებს შეხვდა.

მთავარი პოლიტიკური ოპონენტის სიკვდილი პრეზიდენტს არც კი უხსენებია.

ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო. წლების მანძილზე ის და მის მიერ დაარსებული „კორფუციასთან ბრძოლის ფონდი“ ამხელდა ვლადიმირ პუტინისა და მისი გარემოცვის კორუფციულ გარიგებებს. ნავალნის დარჩა ცოლი და ორი შვილი.

XS
SM
MD
LG