Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამომრჩეველი, რომელიც ამომრჩეველი აღარ არის


2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ თითქმის 1 მილიონი ხმა მიიღო, რაც მცირედით ჩამორჩება 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობას - 1,2 მლნ-ს. ამ ორ არჩევნებს შორის იყო 2016 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მმართველ პარტიას ხმა მისცა 856 ათასმა ამომრჩეველმა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების I ტურში კი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა მხოლოდ 615 ათასი ხმა მიიღო, თუმცა ერთ თვეში გამართულ II ტურში ეს მაჩვენებელი გაორმაგდა და 1,1 მლნ შეადგინა.

რა ცვლის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის რაოდენობას ასე მკვეთრად? - ამ კითხვის პასუხად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი ამბობს, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ აღარ ჰყავს ამომრჩეველი ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით.

გია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი

„2012 წლის 1 ოქტომბერს 1 მლნ 200 ათასი მხარდამჭერი - ნამდვილად იყო ამომრჩეველი. ახლა რამდენად გვაქვს ამომრჩეველთან საქმე, ძნელი სათქმელია. ე.წ. ნატურალური ამომრჩეველი „ქართულ ოცნებას“ პარაქტიკულად აღარ ჰყავს. დღეს „ოცნებას“ ხმას აძლევს სია, რომელშიც შეიძლება იყოს როგორც ცოცხალი და მკვდარი, ასევე მოქრთამულიც და დაშინებულიც; ამ სიაში ასევე შეიძლება იყოს რამდენიმე მისამართზე მიწერილი და 3-4 პირადობის მოწმობის მქონე ერთი და იგივე ადამიანი. ამიტომ შეუძლებელია „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა რაოდენობის დინამიკაზე საუბრისას კორექტული დასკვნების გაკეთება“, - უთხრა გია ხუხაშვილმა რადიო თავისუფლებას.

„ქართულ ოცნებას“ და მის ამომრჩეველს ახლოდან იცნობს დავით ზურაბიშვილი - ყოფილი დეპუტატი და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, რომელიც „ქართული ოცნების“ პარტიული სიით მე-8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გახდა.

„ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, რომელსაც „ოცნება“ მოსწონს, პრაქტიკულად აღარ არსებობს. „ქართული ოცნება“ ეყრდნობა ორ ფაქტორს: ადმინისტრაციულ რესურსს, რაც არის გამგებლები, სუს-ი, პოლიცია, გავლენიანი ადამიანები, ე.წ. ავტორიტეტები და ა.შ. კიდევ ერთი ფაქტორი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შიშია“, - ამბობს დავით ზურაბიშვილი, რომლის თქმითაც, „ნაციონალების დაბრუნების“ ფაქტორი ერთი ხანობა შენელდა, თუმცა 2020-ის არჩევნებმა აჩვენა, რომ პოლარიზაცია კვლავ სახეზეა: „ვინც „ოცნებას“ მისცა ხმა, იმან შეიძლება აგინოს „ოცნებას“, მაგრამ არჩევნებზე ხმას ისევ „ოცნებას“ მისცემს, რათა „ნაცები არ დაბრუნდნენ“.

დავით ზურაბიშვილი
დავით ზურაბიშვილი

დავით ზურაბიშვილის თქმით, პოლარიზაციის მაღალი ხარისხი ჩანს რიცხვებშიც: წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ვერც ერთი პოლიტიკური სუბიექტი დიდად ვერ გასცდა 3%-იან ზღვარს, რაც, ზურაბიშვილის თქმითვე, დიდწილად თვითონ ამ პარტიების ბრალია.

„ორპოლუსიანობის ბედი ამ პარტიებზეა დამოკიდებული, მათ მოქმედებაზე. მხოლოდ „გირჩმა“ აჩვენა კარგი შედეგი. „გირჩის“ გარდა არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ჰქონია თავისი დღის წესრიგი, განსხვავებული „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგისგან. თუ ყველა ერთსა და იმავეს ლაპარაკობს, მაშინ, ცხადია, ყველას ორიგინალი ურჩევნია ასლს. ამომრჩეველს, რომელსაც არც „ოცნება“ უნდა და არც „ნაციონალები“, ფაქტობრივად, ვერავინ შეეხმიანა“, - ამბობს დავით ზურაბიშვილი.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ანალიტიკოსი, გიორგი რუხაძე კი ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური სპექტრი მრავალფეროვანია და, შესაბამისად, არჩევნის გაკეთებაც შესაძლებელია.

გიორგი რუხაძე
გიორგი რუხაძე

„არჩევანი არსებობს. უბრალოდ, ქართულმა საზოგადოებამ და ამომრჩეველმა ვერ დაიჯერა, რომ გამარჯვება არ ნიშნავს ორ ყველაზე დიდსა და ძლიერ ფალავანს შორის არჩევნის გაკეთებას. პროპორციული სისტემის პირობებში შეიძლება აირჩიო ერთი შედარებით სუსტი ფალავანი და მაინც გამარჯვებული დარჩე, მაგრამ რეალურად რას გვეუბნება 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები? რომ „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველა სხვა სუბიექტს გაასწრეს 5-ჯერ, 3-ჯერ, 2-ჯერ. ამ ორი დიდი პარტიის გარდა, ყველა პარტია - მდიდარი, სუსტი, პროდასავლური, პრორუსული და ა.შ. - დარჩნენ 3%-იან სივრცეში. ეს მაფიქრებინებს, რომ ქართველმა ამომრჩეველმა ვერ გაიაზრა ბოლომდე, რა შესაძლებლობას აძლევს მას პროპორციული სისტემა. ამას დრო სჭირდება, ასევე დრო სჭირდება პოლიტიკურ პარტიებს, რომ ეს სისტემა ბოლომდე გამოიყენონ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი რუხაძემ.

რამდენად სიცოცხლისუნარიანია პოლიტიკური ორპოლუსიანობა?

გი ხუხაშვილი იხსენებს 2012 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკურ სპექტრს მკაფიო პოზიციის დაჭერა მოსთხოვა და განაცხადა:

„შუა უნდა გაიკრიფოს... ყველამ ზუსტად უნდა გაარკვიოს, მე მიჭერს მხარს თუ სააკაშვილს. ჩემთვის პრინციპულია, რომ მოხდეს პოლარიზება“.

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

გია ხუხაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ამგვარი მიდგომა არც ძალაუფლების მოპოვების შემდეგ შეუცვლია.

„კი არ აერთიანებს, პირიქით, ხლეჩს საზოგადოებას, აპირისპირებს. ორპოლუსიანობა უკვე მის მიერ შექმნილი სისტემის ნაწილია. სხვა პარტიებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რომ მოძლიერდნენ და ამომრჩეველს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“, მანკიერი წარსულისა და მანკიერი აწმყოს გარდა, სხვა არჩევანიც შესთავაზონ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გია ხუხაშვილმა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG