Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანასტასია იაშაღაშვილის ღალატის საქმე – თანამშრომლობა ოკუპანტებთან და საქართველოში ცხოვრების სურვილი

ანასტასია იაშაღაშვილი
ანასტასია იაშაღაშვილი

ზაპოროჟიეს ოლქის მკვიდრმა ანასტასია იაშაღაშვილმა, რომელიც 15-წლიან სასჯელს იხდის ქალთა კოლონიაში, ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების პროექტის Krym.Realii-ის რედაქციას.

ანასტასია მეოთხე წელია იხდის სასჯელს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, სახელმწიფო ღალატისთვის. პატიმარმა ქალმა ინტერვიუში აღწერა, როგორ და რატომ თანამშრომლობდა რუსეთის სპეცსამსახურებთან.

ანასტასია იაშაღაშვილმა ინტერვიუ მისცა ღიად, სახის დაფარვის გარეშე და დეტალურად ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ თანამშრომლობდა ზაპოროჟიეს ოლქში საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, რა დავალებებს ასრულებდა და როგორ ახდენდა უკრაინელთა გადაბირებას რუსეთის სასარგებლოდ. დანაშაულის ჩადენისას ანასტასია 19 წლის იყო და უკვე ჰყავდა ერთი წლის შვილი. აცნობიერებს თუ არა ის თავისი ქმედებების შედეგებს, რა მოტივით მოქმედებდა, აღიარებს თუ არა დანაშაულს და რატომ სურს ტყვეთა გაცვლის პროგრამით რუსეთში მოხვედრა – ამ საკითხებზე Krym.Realii ანასტასია იაშაღაშვილს ქალთა კოლონიაში ესაუბრა.

„დავიძინე უკრაინაში, გავიღვიძე რუსეთში“

ანასტასია წარმოშობით ზაპოროჟიეს ოლქის პოლოგოვის რაიონის სოფელ შევჩენკოდან არის. იხსენებს, როგორ მოხდა ამ დასახლების ოკუპაცია 2022 წლის 4 მარტს:

„ეს ერთდროულად სასაცილოც არის და საშინელებაც, რადგან დანაშაულის ჩადენისას 19 წლის ვიყავი და უკვე მყავდა ერთი წლის შვილი. ეს სასაცილოა. საქმე შეკერილია. თუმცა საქმეში მისხალი სიმართლე არის, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს. სიმართლეა ის, რომ ჩვენი ოკუპაცია მოხდა. დავიძინე უკრაინაში და გავიღვიძე რუსეთში. ამიტომ, არ მიმაჩნია, რომ მე ვუღალატე ჩემს ქვეყანას. ეს მან მიღალატა მე“.

რუსმა სამხედროებმა ადგილობრივ მოსახლეობაში შექმნეს აგენტურული ქსელი, რომლის საშუალებითაც ისინი აგროვებდნენ ინფორმაციას უკრაინელი სამხედროების, პატრიოტულად განწყობილი მოსახლეობის შესახებ და ეძებდნენ საბრძოლო მასალის სამალავებს, ანასტასია კი ყოველივე ამაში ეხმარებოდა რუსულ საოკუპაციო ადმინისტრაციას, - ნათქვამია განაჩენში:

კადრი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეოდან, სადაც რუსი ჯარისკაცები უკრაინულ სოფელში არიან შეჭრილი.
კადრი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეოდან, სადაც რუსი ჯარისკაცები უკრაინულ სოფელში არიან შეჭრილი.

„ნებაყოფლობით და საკუთარი ინიციატივით დაამყარა ნდობითი ურთიერთობები აგრესორი სახელმწიფოს – რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან კოდური სახელებით „ფანტომი”, „ვადიმი”, „ჯამალი” და „ტიმური”, და დათანხმდა დახმარებოდა მათ უკრაინის წინააღმდეგ დივერსიული საქმიანობის განხორციელებაში.“

ქალი ჰყვება, რომ რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ეხმარებოდა როგორც ჰუმანიტარული დახმარების დარიგებაში, ასევე უკრაინის არმიის პოზიციების დაზუსტებასა და მიტოვებული იარაღისა და საბრძოლო მასალის მოძებნაში.

„არაფერი ისეთი არ გამიკეთებია: ვარიგებდი რუსულ ჰუმანიტარულ დახმარებას და ვეხმარებოდი რუსებს უკრაინის ჯარის მიერ დატოვებული, გადამალული შეიარაღების მოძებნაში. როცა უკრაინული ჯარები უკან იხევდნენ, ტყის ზოლებსა და ნარგავებში ძალიან ბევრი საბრძოლო მასალა და იარაღი იყო მიმოფანტული. რუსს სამხედროებს საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდათ ამ ყველაფერზე. სჭირდებოდათ ადამიანი, რომელიც ადგილმდებარეობას იცნობდა. შემომთავაზეს დახმარება და მეც დავთანხმდი,“ – ამბობს ანასტასია.

„სიმართლე ისაა, რომ მე ნამდვილად ვმუშაობდი საოკუპაციო ხელისუფლებაზე“

ანასტასიას მულმა სასამართლოში განაცხადა, რომ მათ ბაღში დამარხეს მშობლების სამხედრო ფორმა, როცა შეიტყვეს, რომ რუსები უკრაინელ სამხედროებსა და მათ ახლობლებს ეძებდნენ. მისი თქმით, სწორედ ნასტიამ უთხრა რუს სამხედროებს, სად იყო დამარხული ეს სამალავი უკრაინული სამხედრო ფორმით.

„ანასტასიამ რუს სამხედროს მოსახმობი სახელით „ფანტომი” მიაწოდა ინფორმაცია, რომ მისი ქმრის მშობლები უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედი სამხედროები იყვნენ და, რომ იმ დროს ისინი კრამატორსკში მსახურობდნენ. ასევე აჩვენა, სად იყო ეზოში დამალული მათი სამხედრო ფორმა და აღჭურვილობა. რუსებმა სწორედ ამის შემდეგ დააკავეს ანასტასიას ქმარი და მული, რომლებზეც შემდეგ განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა,“ – ნათქვამია განაჩენში.

ანასტასიას ფოტო სოცქსელებიდან 2022 წლის სრულმასშტაბიან შეჭრამდე.
ანასტასიას ფოტო სოცქსელებიდან 2022 წლის სრულმასშტაბიან შეჭრამდე.

ანასტასიას ქმრის თქმით, რუსი სამხედროები მას და მის დას აიძულებდნენ დაჰკავშირებოდნენ მშობლებს, რათა ისინი მოტყუებით სოფელში ჩამოეყვანათ.

„წამიყვანეს, ხელები შემიკრეს, თვალები სკოჩით ამიკრეს, დამემუქრნენ, თუ არ ვითანამშრომლებდი, დამხვრეტდნენ. ვუთხარი, როგორ ვითანამშრომლო, როცა არაფერი არ ვიცი-მეთქი. მესმოდა, ჩემ დას როგორ სცემდნენ. ითხოვდნენ, დედა ჩამოსულიყო და რუსებს ჩაჰბარებოდა. დედაც სამხედროა და ჩემი მამინაცვალიც,“ – თქვა ანასტასიას ქმარმა.

2022 წლის ივლისში ანასტასია მეუღლესა და შვილთან ერთად ტოვებს ოკუპირებულ სოფელს და, ლეგენდის გამოყენებით, რომ თითქოს ვოლონტიორია, მიემგზავრება ზაპოროჟიეში, საიდანაც ის ურეკავს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს (СБУ) და აცხადებს, რომ იგი რუსეთის სპეცსამსახურებმა გადაიბირეს.

ვიდეოს სკრინშოტი. რუს ჯარისკაცებს შეაქვთ ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის ოკუპირებულ სოფელში.
ვიდეოს სკრინშოტი. რუს ჯარისკაცებს შეაქვთ ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის ოკუპირებულ სოფელში.

„ახლახან ჩამოვედი და რადგან მათზე (რუსეთის სპეცსამსახურებზე – რედ.) ვმუშაობდი, დავრეკე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) „ცხელ ხაზზე“ და ვთქვი, რომ ასეთი ვითარებაა და, რომ მინდა შევხვდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს. შევხვდი და ახლა აქ ვარ. მანამდე 1,5 თვე მამუშავებდნენ, რაღაც პროცედურებს ატარებდნენ. ერთ დღეს დილის 6 საათზე მომაკითხეს, მითხრეს რომ რამდენიმე დღით წამიყვანდნენ, მაგრამ უკვე ოთხი წელია აქ ვარ“, – ღიმილით ამბობს ანასტასია.

ქალი იმედოვნებდა, რომ ასეთი მოქმედებით თავიდან აირიდებდა პასუხისმგებლობას რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისთვის. СБУ-ში მიმართვის შემდეგ ანასტასიამ დაწერა განცხადება, რომ მზად იყო კონფიდენციალური თანამშრომლობისთვის და, რომ მისცემდა ჩვენებებს იმ უკრაინელების შესახებ, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ.

ამის შემდეგ СБУ-მ აღძრა სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ფარული საგამოძიებო (სამძებრო) მოქმედებები – კერძოდ, ანასტასიაზე განხორციელდა აუდიო და ვიდეოკონტროლი. დოკუმენტურად დაფიქსირდა ის, თუ რა დავალებებს ასრულებდა ის აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლების მითითებით.

2022 წლის 17 აგვისტოს ანასტასიამ Telegram-ზე მიიღო შეტყობინება რუსეთის წარმომადგენლისგან, ვინმე ვადიმისგან: „ასე გეტყვი: ხვალ იქნება ადგილების დაზვერვა (რეკოგნოსცირება), შემდეგ შეხვედრა და ერთი „ეგზემპლარის“ გადაბირება.“

ამონარიდი ანასტასიას განაჩენიდან
ამონარიდი ანასტასიას განაჩენიდან

რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლისგან იღებდა ასეთ ინსტრუქციებს:

„დღეს დავალება ასეთია: მიდიხარ დუდიკინის ქუჩა N52-ში, პოულობ ცხრასართულიან შენობას, ადიხარ ზემოთ, ამოწმებ, შესაძლებელია თუ არა სხვენში მოხვედრა. შემდეგ აგზავნი გეოლოკაციას და იმ ადგილების ფოტოებს, სადაც შეუმჩნევლად შეიძლება რაღაცის დატოვება. ასე უნდა იმოძრაო რამდენიმე მისამართზე. დღეს კიდევ ერთი ადამიანი გააკეთებს ამავე საქმეს, ამიტომ შენთვის უფრო მარტივი იქნება – მისამართებს გაიყოფთ.“

რუსეთის წარმომადგენლები აძლევდნენ დავალებას, გაიცნოს და დაელაპარაკოს უკრაინელ სამხედროებს, გაარკვიოს, სად მსახურობენ და სად ცხოვრობენ. ასევე ფიქსირდება რეგულარული დავალებები Telegram-ზე ვინმე „კოორდინატორისგან“, რომლის მითითებით ანასტასია დადის ქალაქში კონკრეტულ კოორდინატებზე, ეძებს საიმედო ადგილებს სამალავისთვის და აწვდის გეოლოკაციურ მონაცემებს.

2022 წლის აგვისტოში, მას შემდეგ რაც ანასტასია იაშაღაშვილმა თანამშრომლობისთვის მიმართა უკრაინის სპეცსამსახურს, დაწერა განცხადება, რომ მზად არის კონფიდენციალურად მიაწოდოს ინფორმაცია იმ უკრაინელებზე, რომლებიც რუსეთის უშიშროებასთან თანამშრომლობდნენ.

„რაც შეეხება უკრაინელი სამხედროების გადაბირებას", - ამბობს ანასტასია, - "ომის დაწყების შემდეგ ბევრი გაიწვიეს ჯარში, მათ შორის ჩემი ნათესავები, კლასელები და ნაცნობები. ვხვდებოდი მათ, ველაპარაკებოდი, არ ვიცოდი, რომ ამ დროს მითვალთვალებდნენ, ფოტოებს მიღებდნენ“.

ფარული საგამოძიებო მოქმედებებით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ ანასტასია სისტემატურად აწვდიდა ცრუ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოებას, რათა СБУ-ს თანამშრომლები შეცდომაში შეეყვანა და არასწორ კვალზე დაეყენებინა.

„საქმეში არის ფოტო, რომელზეც მე უკრაინელ სამხედროსთან ერთად ვზივარ მაგიდასთან. ეს სამხედრო ჩემი კლასელია. მას აინტერესებდა თავისი ოჯახის იმ წევრების მდგომარეობა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ჩვენს დაბაში დარჩნენ. მაშინ არანაირი კავშირი არ არსებობდა. სხვებსაც შევხვდი. ისინი ადრე გამოსულები იყვნენ და ყველას აინტერესებდა, რა ხდებოდა ოკუპაციაში დარჩენილ მათ დასახლებაში. მათ სოფელი მარტის დასაწყისში დატოვეს, მე ივნისში. ყველას აინტერესებდა ამბის გაგება. ყველა ცდილობდა ჩემთან შეხვედრას".

უსაფრთხოების სამსახურმა ანასტასია იაშაღაშვილი 2022 წლის 10 სექტემბერს დააკავა.
უსაფრთხოების სამსახურმა ანასტასია იაშაღაშვილი 2022 წლის 10 სექტემბერს დააკავა.

ანასტასია აღიარებს, რომ მუშაობდა რუსეთის სპეცსამსახურებზე.

„ბრალდებაში ხომ ვამბობდი, რომ დიახ, იყო შემთხვევები, როცა ადამიანების გადაბირებას ვახდენდი. სიმართლე ის არის, რომ მე მართლაც ვმუშაობდი საოკუპაციო ხელისუფლებაზე,“ – ამბობს პატიმარი ქალი, - "ალბათ, მართლაც იყო მიზეზი, რის გამოც უნდა გავსამართლებულიყავი და დავსჯილიყავი“

იმაზე, თუ რატომ ეხმარებოდა რუსეთის არმიას, ანასტასია ამბობს, რომ ამაზე სერიოზულად არ უფიქრია და ამას ის თავისი ხასიათით ხსნის.

„ცხოვრებაში ავანტიურისტი ვარ. იცით, სოფელში როგორ ამბობენ?! არის ასეთი ანაზა: „ყველა კასრს თავისი საცობი აქვსო“. მართლაც ასეა. ასეთი ხასიათი მაქვს. მუდმივად მჭირდება რაღაც თავგადასავლების ძიება. რაღაც მთხოვეს, რაღაც გავაკეთე, რატომაც არა! აი, ასე ვუყურებდი ამას,“ – განმარტავს მსჯავრდადებული ქალი.

ანასტასიას ნათესავები, რომელთაც Krym.Realii-ის რედაქცია ესაუბრა, ასევე ქმარი და მამათილი, დარწმუნებულნი არიან, რომ ის რუსებთან თანამშრომლობდა მხოლოდ და მხოლოდ ფულის გამო.

24 წლის ანასტასიას „სახელმწიფო ღალატისთვის“ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
24 წლის ანასტასიას „სახელმწიფო ღალატისთვის“ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„დაბადებიდან ვიცნობ მას, ასევე ვიცნობ მის მშობლებს. პირდაპირ ვიტყვი, ძალიან უყვარს ფული, განსაკუთრებით ის ფული, რომელიც იოლად ეძლევა. არ ვიცი, რა შესთავაზეს, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ბინძურ საქმეს აკეთებდა და სწორედ ამის გამო ისჯება ახლა“, - ამბობს ანასტასიას მამამთილი.

ქალის ქმარიც ამბობს, რომ ანასტასია ფულის სიყვარულმა დაღუპა:

„სოფელში ვცხოვრობდით, 20 მეასედი ბოსტანი გვქონდა, მაგრამ თითს არ გაანძრევდა, სულ იმაზე იყო სადმე გამძვრალიყო... სულ იოლ გამოსავალს ეძებდა.“

ანასტასია იაშაღაშვილის საქმეში დევს ჩანაწერი, რომელშიც საუბარია ქალის ფინანსურ ანაზღაურებაზე.

„ნასტია, ფულს გადაგირიცხავ, მომეცი ბარათის ნომერი და დაისვენე. ვფიქრობ, იქნებ ვინმე გამოგიგზავნო დასახმარებლად, თორემ მგონი გიჭირს, ხომ?“ – ნათქვამია მიმოწერაში.

თავად ანასტასია ამბობს, რომ თავდაპირველად არ აღიარებდა თავის დანაშაულს, თუმცა სასჯელის მოხდის მეოთხე წელს უკვე აცნობიერებს, რის გამოა მსჯავრდადებული და რატომ იმყოფება აქ.

„პირველ წელს, როცა ციხეში ვიჯექი, მქონდა უარყოფა – არა, მე ეს არ გამიკეთებია, და თუ გავაკეთე კიდეც, ამაში ცუდს ვერ ვხედავ. მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ შესაძლოა მე ვცდებოდი. ალბათ, მართლაც იყო მიზეზი, რის გამოც უნდა გავსამართლებულიყავი და დავსჯილიყავი,“ – ამბობს ანასტასია.

უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაადგინა იმ სამხედროების ვინაობა, რომლებიც შესაძლოა შედიოდნენ ანასტასიას მიერ შექმნილ აგენტურულ ქსელში და მუშაობდნენ აგრესორი ქვეყნის სასარგებლოდ. საქმეში სულ 30-მდე სამხედრო მოსამსახურის პირადი მონაცემებია. სავარაუდოდ, ისინი აგროვებდნენ და რუსეთს გადასცემდნენ ინფორმაციას უკრაინის ბლოკ-პოსტების, სამხედრო ნაწილების გადაადგილების, შეიარაღების, ტექნიკისა და საწვავის საცავების შესახებ.

ქალთა ციხე, სადაც ანასტასია სასჯელს იხდის
ქალთა ციხე, სადაც ანასტასია სასჯელს იხდის

2024 წლის ნოემბერში ანასტასია იაშაღაშვილი დაადანაშაულეს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიუსაჯეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბოლო პერიოდში რუსეთი უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულისთვის არიან მსჯავრდადებულნი, გასაცვლელთა სიებში სვამენ. ანასტასიამ ნებაყოფლობით, თავისი სურვილით მოითხოვა პროექტ „Хочу к своим“-ში („მინდა ჩემიანებთან“) მონაწილეობის მიღება.

სახელმწიფო პროექტი „მინდა ჩემიანებთან“ - ესაა ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს გარკვეულ პირთა სურვილის დაკმაყოფილებას – უკრაინის ნაცვლად ცხოვრება გააგრძელონ რუსეთის ფედერაციაში, ოღონდ იმ პირობით, თუ მათ სანაცვლოდ რუსეთიდან სამშობლოში დააბრუნებენ უკრაინელ ტყვეებს.

„რატომ მინდა გაცვლა? მე ჩემი ქვეყნის, უკრაინის პატრიოტი ვარ, მაგრამ ძალიან არ მომწონს ხელისუფლება. 2022 წლამდე სრულიად აპოლიტიკური ადამიანი ვიყავი, საერთოდ არ მაინტერესებდა რა ხდებოდა. ჩემი პატარა სამყარო მქონდა, რაც ჩემთვის სავსებით საკმარისი იყო. მაგრამ 2022-ის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. დავიძინე ერთ ქვეყანაში და გავიღვიძე - მეორეში", - ამბობს ანასტასია, რომელიც კითხვაზე, იქნებ ამაში დამნაშავე რუსეთია, უპასუხებს: „შეიძლება, მაგრამ მაშინ რატომ არ იყო უკრაინა ომისთვის მზად?“

ანასტასიას პროფილი პროექტის „მინდა ჩემიანებთან“ ვებ-საიტზე
ანასტასიას პროფილი პროექტის „მინდა ჩემიანებთან“ ვებ-საიტზე

ანასტასია იმას ამბობს, რომ სიცოცხლის ბოლომდე რუსეთში დარჩენას არ აპირებს.

"თავისუფლად ცხოვრება მინდა", - ამბობს პატიმარი ქალი, - "თუ გამცვლიან და რუსეთში აღმოვჩნდები, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში ვიცხოვრებ. სიმართლე რომ გითხრათ, საზღვარგარეთ მინდა წასვლა, მაგალითად საქართველოში, სადაც ნათესავები მყავს და მშვენივრად ვიცხოვრებ. თვითონაც ქართველი ვარ. მაგრამ ისიც ვიცი, რომ თუ გადამცვლიან, ხუთი წელი უნდა ვიცხოვრო რუსეთში, მხოლოდ მერე შემეძლება საზღვარგარეთ წასვლა. უბრალოდ უკრაინაში ვეღარ დავბრუნდები".

ანასტასიას ნათესავები მისი გაცვლის წინააღმდეგნი არიან, რადგან შიშობენ, რომ ის დაბრუნდება მშობლიურ სოფელში, რომელიც ამჟამად ოკუპაციის ქვეშაა და საფრთხეს შეუქმნის იქ მცხოვრებ ნათესავებს. ანასტასიას ქმარმა Krym.Realii-ის უთხრა, რომ სწორედ ბავშვის უსაფრთხოების გამო დაიწყო ანასტასიასთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევის პროცესი.

„მინდა, რომ მშობლის უფლებები ჩამოერთვას. იმიტომ რომ არ ვიცი, რას გააკეთებს მერე, როცა გამოვა. თუ მას გაცვლიან, მე რა უნდა გავაკეთო? გესმით ჩემით ლოგიკა? ბავშვის უსაფრთხოების მიზნით და, ალბათ, საკუთარი უსაფრთხოების გამოც, მისი გაცვლა არ შეიძლება – ის იქ მყოფ ჩვენს ხალხს უბრალოდ გაანადგურებს. ამის გაკეთება არ შეიძლება,“ – უთხრა Krym.Realii-ის რედაქციას ანასტასიას ქმარმა.

ანასტასია ამბობს, რომ კოლონიაში შეხვდა ადამიანებს, რომლებიც მას რელიგიაზე ესაუბრებიან და, რომ მან ღმერთი იწამა. პატიმარი ქალი ამბობს, რომ ახლა ის თავის ცხოვრებას სხვაგვარად უყურებს:

„მე გადავაფასე ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. ნამდვილად გავაცნობიერე, რომ ძალიან ცუდი მეუღლე ვიყავი, სრულიად უსარგებლო. გასაგებია, ასაკიც – 19 წელი, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. მაგრამ ახლა, როცა იმდროინდელ საკუთარ თავს ვიხსენებ, ძალიან მრცხვენია, ძალიან. ახლა მიხარია კიდეც, რომ ციხეში მოვხვდი. რომ არა ციხე, არ ვიცი, რა დამემართებოდა. შეიძლება რომელიმე ნაღმზე ავფეთქებულიყავი, რადგან დავძვრებოდი სადაც მომესურვებოდა, და საერთოდ, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ გავაგრძელებდი ცხოვრებას. ახლა კი ვხვდები, რომ ეს მწარე, მაგრამ გამოცდილებაა.“

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

This item is part of

ფორუმი

XS
SM
MD
LG