Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ისე მიიღება გადაწყვეტილებები პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ, რომ არ ვიცით რა წერია სუს-ის დოკუმენტში"


ანა გუდაძე, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტი
ანა გუდაძე, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტი

არის ქვეყნები და ვითარებები, რომელთაგან გაქცევასა და თავის შეფარებას ადამიანები საქართველოში არჩევენ. 2018 წელს ასეთი იყო 959 პირი. მათგან, ვინც საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის მიღების თხოვნით მიმართა, ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა 59-ს, ჰუმანიტარული სტატუსი - 31-ს. 537 პირის მიმართვა არ დაკმაყოფილდა.

საქართველო არის ლტოლვილთა შესახებ ჟენევის კონვენციის (1951) ხელშემკვრელი მხარე და მას აქვს უპირატესი ძალა საქართველოს შიდასახელმწიფოებრივ აქტებთან მიმართებით. უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების სტატუსს საქართველოში განსაზღვრავს „კანონი საერთაშორისო დაცვის შესახებ“.

ლაპარაკია სამი სახის სტატუსზე: ლტოლვილის, ჰუმანიტარულ და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირისა. საერთაშორისო დაცვა გულისხმობს აგრეთვე თავშესაფრის მინიჭების პროცედურის ხელმისაწვდომობას.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი, ანა გუდაძე პროექტის - "ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში აქტიურად იცავს უცხოელთა უფლებებს. ის განმარტავს, რომ ლტოლვილი დაცვის ყველაზე მაღალი ხარისხითა და სტანდარტით სარგებლობს:

„ეს სტატუსი მიენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შემდეგი კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში: ის უნდა იყოს თავისი წარმოშობის ქვეყნის გარეთ, უნდა ჰქონდეს დევნის საფუძვლიანი შიში რასის, რელიგიის, სოციალური კუთვნილების, სქესობრივი კუთვნილების და ა.შ. გამო, მას არ უნდა ჰქონდეს სურვილი და არ უნდა სარგებლობდეს თავისი წარმოშობის ქვეყნის მფარველობით. ლტოლვილი იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი ქვეყანა იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო ვერ იცავდა მას ან თვითონ სახელმწიფო იყო დევნის განმახორციელებელი სუბიექტი.

ლტოლვილისთვის თავშესაფრის მინიჭების პროცედურა არის მკაცრად კონფიდენციალური. წარმოშობის სახელმწიფომ არ იცის, რომ თავისმა მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა (მაგ. ბინადრობის ნებართვის საფუძველზე თუ იმყოფებოდა იმ ქვეყანაში) მოითხოვა თავშესაფარი. სამართლებრივი თვალსაზრისით ეს არის თავშესაფრის მაძიებლისა და მიმღები სახელმწიფოს ურთიერთობა“.

როგორია ბოლო წლების სტატისტიკა - რამდენმა ადამიანმა მიმართა საქართველოს თავშესაფრისთვის: 2014 წელს - 1791-მა პირმა, 2015-ში - 1449-მ, 2016-ში - 947-მა, 2017-ში - 951-მა, 2018-ში - 959-მა პირმა.

ანა გუდაძის თქმით, მომართვიანობა ყველაზე მაღალია აზია-აფრიკის ქვეყნებიდან. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველომ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა 200-ზე მეტ ადამიანს, ჰუმანიტარული სტატუსი კი - 1200-ზე მეტს.

ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება ერთი წლის ვადით. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა პირს არ აქვს ინდივიდუალური დევნის შიშის, თუმცა, არსებობს საფრთხე მისი წარმოშობის ქვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე (ომი, სტიქია). ასეთ შემთხვევაში პირს შეიძლება მიენიჭოს ჰუმანიტარული სტატუსი ერთი წლის ვადით, გაგრძელების პერსპექტივით და ასევე შესაძლებელია ვადამდეც შეწყდეს, თუ მოიხსნება თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი.

რა გზას გადის უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან მოქალაქეობის არმქონე პირი მას შემდეგ, რაც საქართველოს ტერიტორიაზე შედის და აცხადებს თავშესაფრის მიღების სურვილის შესახებ?

ის რეგისტრირდება თავშესაფრის მაძიებლად და იწყება პროცედურა, რომელიც რიგ შემთხვევაში შეიძლება საკმაოდ ხანგრძლივიც (2-3 წელიც) აღმოჩნდეს.

რამდენად არის უზრუნველყოფილი პირი საარსებო პირობებით, ვიდრე მისი სტატუსი განისაზღვრება? ანა გუდაძის თქმით, მიმღებ ცენტრში მხოლოდ გარკვეული კატეგორიის თავშესაფრის მაძიებლები ხვდებიან:

„თუ პირი განსაკუთრებით მოწყვლადია, მაგალითად, არასრულწლოვანია, რომელიც მარტო შემოვიდა საქართველოში, ან მშობელია, რომელსაც ჰყავს შშმ შვილი და არ აქვთ თავის გადარჩენის საშუალება, ასეთ დროს მათი განთავსება ხდება მიმღებ ცენტრში, სადაც საკმაოდ კარგი პირობებია. იქ პირი შეიძლება დარჩეს, სანამ შსს მიგრაციის დეპარტამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას.

პროცესი შეიძლება სასამართლოში გაგრძელდეს, მაგრამ მხოლოდ შსს-ს გადაწყვეტილებამდე ტოვებენ პირს თავშესაფარში“.

„დილის საუბრების“ სტუმარი აღნიშნავს, რომ არც თუ იშვიათად სახელმწიფოს გადაწყვეტილება ეფუძნება უსაფრთხოების სამსახურის დასკვნას:

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და გარკვეულწილად რთულად გადასალახი თემა, რადგან, როცა გადაწყვეტილება მიიღება სტატუსის მინიჭებაზე, სუს-ი წარმოადგენს რეკომენდაციას, რომელიც არის სახელმწიფო საიდუმლო, თან ერთვის საქმეს და ამის საფუძველზე პირს უარს ეუბნებიან სტატუსის მინიჭებაზე.

შეიძლება სახელმწიფომ დაადგინოს, რომ პირს ეკუთვნის ლტოლვილის სტატუსი, მაგრამ სუს-ის დასკვნის გამო მას შეიძლება უარი ეთქვას თავშესაფრის მინიჭებაზე. ამ რეკომენდაციის ნახვა პირთა შეზღუდულ წრეს შეუძლია - რამდენიმე პირს შსს-ში და მოსამართლეს, როცა საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს.

უფლებადამცველ მხარეს არ აქვს წვდომა ამ ინფორმაციაზე. არ ვიცით იქ რა წერია. ეს არის კედელი, რომელსაც ვეჯახებით და ისე ხდება საქმის განხილვა და ისე მიიღება გადაწყვეტილებები პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ, რომ ჩვენ არ ვიცით რა წერია სუს-ის დოკუმენტში“.

ანა გუდაძე სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესის მაღალ სტანდარტს ეჭვქვეშ არ აყენებს, თუმცა, ამბობს, რომ პრაქტიკაში ხელი ეშლება სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას:

„სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი ისეთი სიხშირით გამოიყენება თავშესაფრის მაძიებლებისთვის უარის თქმის ნაწილში, რომ ეს გარკვეულ კითხვებს აჩენს - რამდენად რეალურ დასკვნას და რეალურ გარემოებას ემყარება ის, თუ ეს არის გარკვეული საშუალება იმისთვის, რომ შეამციროს თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა. შეუძლებელია ამ რაოდენობით მოხდეს ინდივიდუალურად ამ საკითხის წამოჭრა“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG