Accessibility links

„მეგობრებო, არსებობს რეფერენდუმი. სადაც ათი ათასი ხელმოწერა შევაგროვეთ, ორასი ათასსაც შევაგროვებთ. მერე სად წავლენ?!"


ანა დოლიძე სათავეში უდგას კამპანიას აზარტული თამაშების წინააღმდეგ, რომელშიც აქტიურად არის ჩართული არაერთი სამოქალაქო ჯგუფი და უპირველეს ყოვლისა, „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“. რამდენიმე თვის წინ ანა დოლიძემ ელექტრონულ პლატფორმაზე ichange.gov.ge დაარეგისტრირა პეტიცია, რომელმაც კანონით დადგენილ 30-დღიან ვადაში მოიპოვა სათანადო მხარდაჭერა -ათი ათასზე მეტი ხელმოწერა და იმ დღიდან დაიწყო სამთვიანი ვადის ათვლა მთავრობისთვის, რომელმაც რეაგირება უნდა მოახდინოს პეტიციის მოთხოვნებზე. ეს მოთხოვნებია:

1. სასწრაფოდ, აიკრძალოს 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის აზარტული ან მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა და რეგისტრაცია. ამ დრომდე რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუჩერდეთ სტატუსი და შეეზღუდოთ თამაშის უფლება; მოხდეს აკრძალვის ზედმიწევნითი აღსულება. პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, მთავრობამ სასწრაფოდ გამოყოს სახსრები ლუდომანიით დაავადებულთა დასახმარებელი/ პრევენციული პროგრამებისთვის, მათ შორის ცხელი ხაზის ასამოქმედებლად.

2. სასწრაფოდ, სრულად აიკრძალოს, როგორც სახმელეთო ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშობების ყველა სახის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა. აკრძალვა მათ შორის უნდა შეეხოს ტელევიზიას, რადიოს, ინტერნეტ მედიას, სოციალურ მედიას, ციფრულ ვებ-გვერდებს, ბლოგებს, გარე რეკლამებს განთავსებულს ბილბორდებზე, ლაითბოქსებზე, ავტობუსებზე, ავტობუსის გაჩერებებზე, სამარშრუტო ტაქსებზე და ა.შ.

3. სასწრაფოდ გამკაცრდეს სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეგულირება. ამასთან მთავრობამ სასწრაფოდ წარმოადგინოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობების ხელმისაწვდომობის მაქსიმალური შეზღუდვის გეგმა.

4. სასწრაფოდ ხელისუფლებამ წარმოადგინოს ტურიზმის ზრდის ამოცანასთან დაკავშირებული დასაბუთებული გრძელვადიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც ხმელეთის კაზინოები განთავსდება კონკრეტულ სპეციალურ ტურისტულ ზონებში.

ანა დოლიძე რადიო თავისუფლების ეთერში ერთი მხრივ ლაპარაკობს იმაზე, რომ ელექრონული ხელმოწერების შეგროვების მექანიზმი ძალიან მოუქნელია და მოუწოდებს სამოქალაქო სექტორს, იაქტიუროს მისი გაუმჯობესებისთვის, მეორე მხრივ, ის ხაზს უსვამს იმ წარმატებას, რასაც კამპანიამ ამ გზითაც მიაღწია:

„ჩვენ საზოგადოების მხრიდან მოვახერხეთ ის, რომ ეს თემა დღეს იხილება ფაქტობრივად ყველგან და რაც მთავარია, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მაგალითად, ლურჯ ავტობუსებზე დღეს რეკლამები იხსნება. ეს არის უდიდესი წარმატება! ჩვენ არ ვართ ხალხი, რომელსაც აქვს ფული, ჰყავს ლობისტები, შეუძლია ვინმეს დაურეკოს და შეაშინოს. ჩვენ ვართ სამოქალაქო ჯგუფი, რომელმაც მიაღწია უდიდეს რაღაცას და იმედი მაქვს, ხვალ, ზეგ და მაზეგ მართლაც შეასრულებს ამ დაპირებას და ჩვენი ქუჩებიდან მთლიანად გაქრება რეკლამა.

...ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერის ორგანიზებაში სანდრო ბერაძის ოჯახის წევრებს. ეს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი, რომლის გარდაცვალება უკავშირდება აზარტულ თამაშებს. მინდა მადლობა გადავუხადო მის ოჯახს, რადგან მათ არ დაიხიეს უკან და გახსნეს ეს საჯარო საუბარი. მე თვითონ კამპანია დაანონსებული მქონდა, როცა ეს ფაქტი მოხდა და სანდროს ძმა დამიკავშირდა მაშინ. მას ჰყავს ძალიან ორგანიზებული სამეგობრო წრე, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა ხელმოწერების ორგანიზებისთვის. მაგრამ თვითონ ფორმატი [ძალიან მოუქნელია] და მინდა სამოქალაქო სექტორს მივმართო, სახალხო დამცველსაც შევხვდით, რომ ყველაფერი გააკეთონ, რომ ეს შეიცვალოს. მაგალითად, შეგაქვს მოთხოვნა, რომ დარეგისტრირდე და ადმინისტრატორისგან პასუხი მოგდის საათების შემდეგ.

...თუ პრემიერი უარყოფს ათიათასი ადამიანის სურვილს, რომ ეს თემა მოგვარდეს (ათი ათასი ადამიანი არის ერთი ოლქი, მთელი უბანი) და გადაწყვიტავს, რომ დასაიგნორირებელია ეს საკითხი, ნამდვილად მოგვიწევს ცალკე რესურსების მობილიზაცია იმისთვის, რომ დიდი აქცია გავაკეთოთ“.

ანა დოლიძე ლაპარაკობს აზარტული თამაშების საყოველთაო მისაწვდომობის პრობლემაზე, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნის მოზარდებისთვის. ის აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით მასშტაბურ პრობლემას ქმნის სლოტკლუბები, რომლებიც პატარ-პატარა თანხებით თამაშში ჩართვის შესაძლებლობებს ქმნის, მეტიც - უფულობის შემთხვევაშიც ცდილობს მიიზიდოს მომხმარებელი:

„აზარტული თამაშები არიგებენ გათამაშების შესაძლებლობას pre-bet-ებს, რაც საშუალებას აძლევს ბავშვებს, ვისაც არ გაინტერესებს თამაში, მოგდის გზავნილი - შენ გაქვს 20 ლარი, გაათამაშე. ეს კანონით აკრძალულია. ჩვენი სახელმწიფო არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვინც ამას გააკეთებს, მას დაუდგეს პრობლემა ლიცენზიასთან დაკავშირებით.

როცა ფაქტობრივად ნულოვანი რეგულირებაა ბაზარზე ბევრი წელი, იმდენად სერიოზულ სოციალურ პრობლემად გარდაიქმნება ხოლმე ლუდომანია და იმხელა წნეხი იქმნება, რომ მერე ერთბაშად უწევს ხოლმე ხელისუფლებას მასზე რეაგირება. იმიტომ გვესმის, ხოლმე - იქ დაკეტეს კაზინო, აქ დაკეტეს. ჩვენ ვართ, პირიქით, მოწესრიგების მომხრე.

...ნახეთ, როგორი სოციალური საკითხია აზარტული თამაშები: პირდაპირ დაკავშირებულია ლომბარდთან, მიკროსაფინანსო სესხებთან, ხელზე სესხებასთან და შესაბამისად, კრიმინალთან. პირდაპირ დაკავშირებულია ეს ყველაფერი სოციალურად დაზიანებასთან ჩვენი მთავარი ქსოვილის, ინსტიტუტის - ოჯახის“.


დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG