Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ძალიან მნიშვნელოვანია ეს ბიპოლარული პოლიტიკური ველი, რომელიც ჩამოყალიბდა და რომელსაც ასე გამეტებით იცავს ორივე მნიშვნელოვანი ძალა, შეიცვალოს!"


ანა ნაცვლიშვილი, საზოგადოებრივი მოძრაობის - "ლელო"-ს სპიკერი
ანა ნაცვლიშვილი, საზოგადოებრივი მოძრაობის - "ლელო"-ს სპიკერი

საზოგადოებრივი მოძრაობის - „ლელო“-ს პრეზენტაციას 12 სექტემბერსვე მოჰყვა გამოხმაურება, რადგან ყველასთვის ცხადია და ცნობილია, რომ ეს მოძრაობა პოლიტიკურია. ანა ნაცვლიშვილი, „ლელო“-ს სპიკერი რადიო თავისუფლებას უზიარებს თავის შთაბეჭდილებას პირველ პოლიტიკურ გზავნილებზე, რომლებიც მისი და მისი გუნდისკენ იყო მიმართული:

„მესიჯი, რომელიც წამოვიდა არსებული პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობიდან იყო როგორი: ჩვენ აქ ვართ, ვაწესებთ წესებს, ეს ჩვენი ადგილია და ახალ მოთამაშეს მარტივად ვერ მიგიღებთ. შენ თუ მოდიხარ, რომელიღაცასთან უნდა ასოცირდე და რომელიღაცასთან მაშინვე უნდა შეკრა კოალიცია, სხვა შემთხვევაში შენთვის სივრცე არ არის და მეორე მესიჯი: იცით, ესენი პოლიტიკოსები არ არიან. პური ხომ მეპურემ უნდა გამოაცხოს, რატომ არ არიან ცნობილი სახეები და ა.შ.“.

ანა ნაცვლიშვილი ამ გზავნილებს პასუხობს და ამბობს:

„მე, როგორც მოქალაქე, ამას როგორ ვთარგმნი: ჯერ ერთი, რა ეტყობა ქართულ პოლიტიკას, რომ მეპურე აცხობდა ამ პურს. ეს პრეტენზია მგონი ყველამ უნდა მიიღოს და მეც მივიღებ, თუ შევალ პოლიტიკაში და ხუთი წლის მერე ამას მეტყვიან. და მეორე - პოლიტიკა არ არის ელიტების საქმე. თუ ეს ოდესმე ასე იყო აღქმული, ეს დროს დამთავრდა“.

„მე, როგორც მოქალაქე“ საუბარში არაერთხელ ახსენა, რადგან ჯერ უჭირს თავს პოლიტიკოსი უწოდოს. ერთი მხრივ, ხაზს უსვამს:

„მე არ ვიცი, ამაზე დიდი პასუხისმგებლობა რა შეიძლება იყოს“-ო და მეორე მხრივ, განმარტავს, რატომ მიიღო პოლიტიკაში შესვლის გადაწყვეტილება:

„ვხედავ, რომ მაქვს გარკვეული რესურსი და ამ რესურსის არგამოყენება ჩვეულებრივი ამბავი კი არ არის ჩემთვის, ეს არის თანამონაწილეობა სახელმწიფოს მიტაცების პროცესში. სისხლის სამართალშიც არის ასეთი კატეგორია - არის დანაშაული, რომელსაც ჩადიხარ აქტიური მოქმედებით და არის დანაშაული, რომელსაც ჩადიხარ უმოქმედობით.

დღეს უმოქმედობით ვიქნებით მონაწილე სახელმწიფოს მიტაცების პროცესის“.

ანა ნაცვლიშვილი „დილის საუბრებში“ ამბობს:

„როგორც სახელმწიფომ ჩვენ არსობრივი გარდაქმნა - არსობრივს ვგულისხმობ, ფუნდამენტურს, რადიკალურს - პოსტსაბჭოთა მოდელიდან ვერ მოვახერხეთ! რატომ ვერ მოვახერხეთ? იმიტომ, რომ ეს არ იყო თვითმმართველობაზე, თვითინიციატივაზე და რეალურად გუნდურობაზე და მოქალაქეების ჩართულობაზე დამყარებული მმართველობა. არასდროს!“.

დავუბრუნდები ისევ „ლელო“-ს პრეზენტაციასა და მის მიმართ პირველ რეაქციებს. ანა ნაცვლიშვილი რადიო თავისუფლების ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში ამბობს:

„გვესმის, რომ ელემენტარული ცივილიზებულობის კანონი მოითხოვს ყველასთან დიალოგს, ყველასთან საუბარს. ვისთან დავპარტნიორდებით, ეს ჩვენი გადასაწყვეტია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი - ჩვენი მთავარი პარტნიორის, მოქალაქეების გადასაწყვეტია.

ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ბიპოლარული პოლიტიკური ველი, რომელიც ჩამოყალიბდა და რომელსაც ასე გამეტებით იცავს ორივე მნიშვნელოვანი ძალა, შეიცვალოს!“.

გადმოწერა


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG