Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა სუბელიანი - სამოქალაქო აქტივისტი


20 მაისი, კვირა

დღიურის წერა ჩემთვის ჩვეული რამ არ არის. ბავშვობაში ერთი ორჯერ მქონია მცდელობა. კარგადაც ვწერდი, მაგრამ გული დიდად ვერ დავუდე. როცა მიჭირდა, სხვა რამეები მშველოდა: ბევრი ფიქრი, ოცნება, ცეკვა და სიმღერა. ჩემთვის, ოთახში შეკეტილს, მარტოს, უამრავი დრო გამიტარებია ოცნებაში და ამ ოცნების ნაწილი იყო ის ჩემი ცეკვაც და სიმღერაც, რომელსაც დროსა და სივრცეში ძალიან შემჭიდროებულად ვახერხებდი, რათა ყველასთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო. ჩემს წარმოდგენებში კი ჩემი საცეკვაო მოედანიც უზარმაზარი იყო და ჩემი ხმაც ძალიან მსუყედ ჟღერდა, მეც ვანათებდი, ყველას ვუყვარდი, ლამაზი ვიყავი, ბედნიერი. სარკესთანაც ხშირად ვმჯდარვარ და საკუთარ თავთან დიალოგები გამიმართავს. ცოცხალ დღიურებს ვაწარმოებდი, რომლებიც, უბრალოდ, ვერ შევინახე.

მგონი, ამ საქმიანობას ახლა მაინც უნდა მივყო ხელი. ყოველთვის ვამბობ, რომ მაქვს სრულიად უცნაური, მოულოდნელობებით სავსე და საოცრად საინტერესო ცხოვრება, თავგადასავლებითა და შთამაგონებელი ამბებით სავსე. მეც ვცხოვრობ და ვაგროვებ ისტორიებს შვილიშვილებისთვის. რაც ეს გავაცნობიერე, მას შემდეგ უფრო და უფრო გახშირდა ასეთი ისტორიები. განსაკუთრებით ჩემი ცხოვრების უახლოესი პერიოდი ისეთი ტემპისა და ინტენსივობის იყო, ასე მგონია, ერთ კვირაში ერთი წლის საქმე გავაკეთე, ერთ კვირაში ერთი წლის ემოციები გამოვიარე, ერთ კვირაში ერთი წლით დავბერდი და ერთ კვირაში ერთი წლით წინ წავედი. გული მწყდება, რომ სწორედ ამ კვირაში არ ვწერე დღიურები, მაგრამ გუშინწინდელი ამბავი ახლაც თავში მიტრიალებს და მაინც დავწერ.

საღამოს დემემ გადაწყვიტა ლისზე ავეყვანე, რომ ცოტათი მაინც დამესვენა. თაბაგარსაც გავუარე - ვიცოდი, მასაც როგორ სჭირდებოდა. დადაც გვახლდა. მე და თაბაგარი ჩავირთეთ! განვლილი დღეების გამოცდილებებსა და ემოციებს ვუზიარებდით ერთმანეთს, დემეც თავისას ამბობდა. კითხვებს ვუსვამდით საკუთარ თავს, რამდენად სწორად ვიქცევით, რად გვიღირს ეს ყველაფერი, რა იქნება ხვალ ან რა უნდა იყოს ხვალ. პირველად ავიღეთ შესვენება და დავიწყეთ ამ ყველაფერზე მშვიდად ფიქრი. დადაც გვისმენდა, ისიც გვეკითხებოდა, ვპასუხობდით. უცებ ოთხი მღვდელი და მათთან ერთად მყოფი სხვა ადამიანები შემოგვხვდნენ. ერთ-ერთი მომიბრუნდა და მეუბნება: „შენ ძალიან მაგარი გოგო ხარ! მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ! იცოდე, რომ გგულშემატკივრობთ!“ სახტად დავრჩი, რამდენიმე წამი პასუხიც ვერ გავეცი, მერე მადლობა გადავუხადე. ისევ პაუზის შემდეგ ერთ-ერთი, მათივე ჯგუფიდან, გვეუბნება, რომ ყველა ერთნაირი არ არის, არ უნდა გაგვიკვირდეს. შევყევით საუბარს, ტბის გარშემო წრე ერთად დავფარეთ. ბევრჯერ გაგვაკვირვეს, ერთმანეთს ვეკითხებოდით, სიზმარი იყო თუ რეალობა. გზაში დემეს აღმოხდა, რაღაც არსებობსო. ყველამ ერთად ვიცინეთ. წრის ბოლოს, თაბაგარის კითხვაზე, ხომ არ გალობთო, „fist I was afraid, I was petrified” რომ გვიპასუხეს, მანდ მივხვდით, რომ დაშლა არ გვინდოდა. დილის 4 საათამდე შემოვრჩით. დადა დედაჩემს ჩავუყვანე და ავბრუნდი სასწრაფოდ. ამასობაში ვინდამ მომიკითხა ჩვეული მანერით, რა ხდება პერიმეტრზეო. მეც ჩვეული აღფრთოვანებით და ბავშვური ფეხების ბაკუნით მოვთხოვე, ისიც ამოსულიყო, კიდევ უფრო ფხიზელი თვალით ენახა ეს ყველაფერი და დაედასტურებინა, რომ არაფერი გვეჩვენებოდა. ბევრი ვისაუბრეთ სასულიერო პირებსა და დანარჩენ მოქალაქეებს შორის შექმნილ ხელოვნურ დისტანციაზე, საპატრიარქოს პოლიტიკაზე, რუსეთის გავლენაზე, სახელმწიფოზე, სიკეთეზე, სიყვარულზე, მიმტევებლობაზე, სექსუალურ ორიენტაციაზე, სექსზე, ნარკოტიკებზე, ნარკოპოლიტიკაზე, პრეზერვატივზე, სუროგაციაზე, ბრძოლაზე, კონფორმიზმზე, სისტემის წინააღმდეგ სვლაზე, ქრისტეზე... ბევრი ვიცინეთ, ბევრიც ვისევდიანეთ იმაზე, რომ ის გვაკვირვებს, რაც ისედაც ჩვეულებრივი რამ უნდა იყოს, იმაზე, რომ ისინი ცოტანი არიან, რომ ნდობა დაკარგულია. დავრწმუნდი, რომ ეკლესიის წიაღში არიან ადამიანები, თუნდაც ძალიან ცოტანი და გავლენების გარეშე, რომლებიც ჩვენსავით აზროვნებენ, ჩვენსავით სურთ ქვეყნის განვითარება, წინსვლა, ღიანი არიან კრიტიკისადმი. გაგვიჩნდა განცდა, რომ ეს შეხვედრა მომავალი, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესების დასაწყისი შეიძლება აღმოჩნდეს. ჩემთვისაც და თაბაგარისთვისაც ეს ღამე სიმბოლო იყო იმის, რომ მართლა ძალიან დიდი ამბები ხდება და რომ სწორ გზას ვადგავართ.

დღეს „პოსტსკრიპტუმში“ ჩემზე გაკეთებული სიუჟეტი გასულა. როგორი კეთილი სიუჟეტია! ძალიან მესაყვარლა ჩემი 10 წლისწინანდელი კადრები. მომინდა, რომ ვარსკვლავების აკადემიის მთელი ჩანაწერები გამოვართვა „რუსთავი 2“-ს და ვუყურო ჩემი სულ სხვა ცხოვრების სამ თვეს. ალბათ, ბევრ რამეზე დავცინებ საკუთარ თავს, მაგრამ მაინც საინტერესო იქნება.

საღამოს ფაბრიკაში ვიყავი, თაბაგარს შევხვდი. ხვალ ორშაბათია, პირველი სტაფ-მიტინგი 17 მაისის შემდეგ. აშკარად ორივენი ვღელავთ, ერთმანეთი გვჭირდება. შევედით თუ არა, თემის წევრები შეგვხვდნენ - ისინი, ვინც 17 მაისის გაუქმებულ აქციაზე მაინც მივიდნენ ჩვენსავით. მე არც ვიცნობდი ამ ადამიანებს, მხოლოდ შორიდან. თავიანთი გულისტკივილი და ბრაზი გაგვიზიარეს. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვუხსნიდით, რატომ გაჩნდა აქციის გაუქმების საჭიროება. იმდენი რამის თქმა სურდათ და ჩვენთვისაც იმდენად საინტერესო იყო, რომ შევყევით და ჩამოჯდომაც კი ვერ შევძელით ვერსად, ისე დაიხურა ფაბრიკა. დავემშვიდობეთ და თაბაგართან სახლში გადავინაცვლეთ. ბოლო პერიოდში ეს სახლი რაღაცნაირ თავშესაფრად იქცა ჩემთვისაც. ბევრი რამე დაიგეგმა და გაკეთდა სწორედ ამ სახლიდან. ამჯერადაც, თემის წევრებთან შემთხვევითმა შეხვედრამ დამატებითი თავდაჯერებულობა მოგვცა. თაბაგარს იმ მესიჯების შესახებაც ვუამბე, რომლებსაც მოზარდები, მათ შორის სოფლად მცხოვრებნი, მათ შორის თემის წევრები, მათ შორის, უბრალოდ, თავისუფლებისთვის მებრძოლნი მწერენ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ 17 მაისის არდათმობა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო. ახლა ახალი გამოწვევა გვაქვს, შევძლოთ იმ წყენების გვერდზე გადადება, რაც ამ დღეებში დაგვიგროვდა, შევძლოთ კვლავ გაერთიანება საერთო მიზნების გარშემო, შეცდომების გაანალიზება და წინსვლა. ვიცით, შეხვედრა ძალიან ემოციური იქნება, ეს პროცესი უნდა ვმართოთ, ყოჩაღები უნდა ვიყოთ. არ უნდა დავუშვათ კონფლიქტი. უამრავ ახალ შესაძლებლობას ვხედავთ ამ დღეებიდან ნაჩუქარს. გვინდა სხვებსაც დავანახვოთ, დავაჯეროთ. რაღაცებს ვინიშნავდი ჩვენი საუბრისას. მეგობრული საუბარი და წუწუნი სამუშაო პროცესსა და დაგეგმვაში სრულიად გაუცნობიერებლად გადაგვეზარდა. იმედიანად დავიშალეთ. ახლა ამ ფაილს თაბაგარსაც გავუგზავნი. ნინოსაც ვთხოვეთ, ხვალ დილით შემოგვიერთდეს. რაღაცნაირად ისე გამოვიდა, რომ მე და თაბაგარი უფრო ხშირად ვნახულობთ ერთმანეთს, არადა, ნინოც ჩვენსავით აღმოჩნდა იმ უმცირესობაში, რომელიც ჯერ 17 მაისის აქციის გაუქმებას ეწინააღმდეგებოდა და რომელმაც ჩვენსავით მაინც გასვლა და კანცელარიის წინ დგომა გადაწყვიტა.

დილის 7 საათი ხდება, ვიძინებ, ვითიშები.

21 მაისი, ორშაბათი

დილით ერმა გამაღვიძა. წუხელ თხოვნა დავტოვე ფეისბუქზე, რომ 10-ზე ვინმეს გავეღვიძებინე. 2-2 წუთის შუალედით ხუთმა ადამიანმა დამირეკა, მეც სხვა გზა აღარ დამრჩა და წამოვხტი. დილით ნინოსაც შევხვდით, ისიც სავსებით ჩვენთან აღმოჩნდა. შევთანხმდით, რომ არავითარ შემთხვევაში არ ავუწევდით ხმას, ვიქნებოდით ბოლომდე კონსტრუქციულები, ერთმანეთს გავაკონტროლებდით და გავაძლიერებდით. განა იმიტომ, რომ ემოციური საუბარი არ მოსულა. ძალიანაც კარგად მოსულა, მით უმეტეს, მეგობრებსა და გუნდის წევრებს შორის, მაგრამ ახლა სხვა მოცემულობაში ვართ. ისედაც მაღალი გვაქვს სტრესი და ემოციური ფონი. ისედაც ბევრი წყენაა დაგროვილი.

გამორჩეულად მძიმე ორშაბათია. ურთულესი აღმოჩნდა ამ შეხვედრის იმავე რეჟიმში დასრულება, როგორც დავიწყეთ. ჩვენ ძალიან ვეცადეთ. მაინც გაგვექცა. მარიამმა იყოჩაღა და ფასილიტატორის როლი მოირგო. მხოლოდ მისი ნებართვით ვსაუბრობდით. გაგვიჭირდა სხვების იმაში დარწმუნება, რაც ჩვენთვის ძალიან ნათელი იყო. ბევრი ირონიული ღიმილი გვერგო, ბევრიც გულწრფელი გულისტკივილი მოვისმინეთ. ჯერჯერობით ასეა - ჩვენ გვესმის მათი, მათ ჩვენი - არა. ჩვენ ცოტანი ვართ, ისინი - ბევრნი. ყველას ჩვენი სიმართლე გვაქვს. მათ უმეტესობას ჩვენი სიმართლის მოსმენა არ სურს. ჩემთან მიმართებაში განსაკუთრებულ უნდობლობას ვგრძნობ. ეს კიდევ უფრო მტკივა. არ დამიმსახურებია. მართალია, რამდენიმე თვეა, რაც აქ დავიწყე მუშაობა, მაგრამ სულ ამ საქმეს ვემსახურებოდი, საიდანაც და როგორც შემეძლო. არც ის მესმის, ჩემი სექსუალური ორიენტაციით რატომ და როგორ უნდა წყდებოდეს ის, თუ რამდენად აქვს ფასი ჩემს აქტივიზმს. მე ხომ ვიცი, როგორი გულწრფელიც ვარ ამ ბრძოლაში.

არ აღმოჩნდა ეს ფორმატი დიდად ეფექტური. ცოტათი მოვთელეთ, მაგრამ ერთობას ჯერ მაინც ვერ მივაღწიეთ.

გავედი ოფისიდან, მოპედს მოვაჯექი და გავვარდი. ხელები მიკანკალებდა, რაღაცას შევასკდი, დავიმტვერი, ძალიანაც არა, გადავრჩი. შევედი ფაბრიკაში, დავჯექი, ძალიან მეტირებოდა და მრცხვენოდა. არ მინდოდა ნაცნობი შემხვედროდა. მხოლოდ ისეთი მეგობრის ნახვა მსურდა, ვისთანაც შევძლებდი ამ ყველაფერზე საუბარს. მერე გადაცემაში მომიწია მისვლა. ძალიან მინდოდა გაუქმება, მაგრამ ვიცოდი, რამხელა პრობლემასაც შევუქმნიდი პროდიუსერს. მივედი, გრიმი გავიკეთე და გაღიმებული შევედი სტუდიაში. წამყვანმა ბექას ბოდიშის შესახებ მკითხა, მემორიალზე ჩემი ცეკვის გამო რომ მოიხადა. როგორი ნაწყენი და გაბრაზებული ვარ ამ ბოდიშის გამო! ჯერ კიდევ 13-ში, აქციის მეორე დღეს, იმ დღეს, როცა დილიდან დამატყდა საშინელი აგრესია, როცა ადამიანები ჩემს ჩამოხრჩობას, წამებას, სარზე წამოცმას, ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვდნენ ცეკვის გამო, როცა ჩემს შვილს ემუქრებოდნენ, „ხმაურის“ ოფისიდან გამოსვლისას, ბექამ და ვახუშტიმ გადაწყვიტეს ტიტები ეყიდათ და მემორიალთან მიეტანათ. ვთხოვე, ეს არ გაეკეთებინათ, უბრალოდ, ეცლიათ ჩემთვის, რადგან მაინც ვაპირებდი განმარტების გაკეთებას. მაშინვე ვუთხარი, რომ ეს ჟესტი ხელოვნური იქნებოდა, რომ ეს ბოდიშს ნიშნავდა, რომ საბოდიშო არაფერი გვქონდა და რომ ბოდიში ამ ადამიანებს ძალადობის მეტ ლეგიტიმაციას მისცემდა. არაფრად ჩააგდეს ჩემი თხოვნა. კაცებმა გადაწყვიტეს ქალის გაფუჭებული საქმე ვაჟკაცურად გამოესწორებინათ. აი, პოლიტიკოსები რომ ფოჩიანი კანფეტებით მიდიან ხოლმე ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან, მსგავს პოპულიზმში გაყვეს თავი ისე, რომ ვერც კი მიხვდნენ. ძალიან მეტკინა, ვიჩხუბე, ვიტირე... ახლა კი, როცა გავიგე, რომ ბექამ მართლა მოიხადა ბოდიში, გავოგნდი. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ სხვის მაგივრად პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არასერიოზულია, ამ რეალობაში ეს ბოდიში პოლიტიკურად გაუმართლებელი და მავნე ქმედებაა. იმედი მაქვს, ოდესმე მაინც მიხვდება ამას ბექა.

ბევრი რამე მოხდა კიდევ, ბევრი ადამიანი ვნახე სხვადასხვა ჯგუფიდან, სხვადასხვანაირები. ყველა იმედგაცრუებულია 12-13-ის შედეგებით, უფრო მეტად კი - შემდეგ ამ პროცესის ჩაკეტვით. ყველას აქვს განცდა, რომ საპროტესტო ტალღის შედეგები მონოპოლიზებულია. მინდა შევეწინააღმდეგო. მიჭირს.

დათომ დამირეკა. მითხრა, რომ ყველაფერი სწორად მიდის. ძალიან ბევრი იმუშავა შიგნით ჯგუფში, შეთანხმდნენ მთავარ ამბებზე. მთხოვა, ნაჩქარევად არაფერი მოვიმოქმედო. პროცესი გაიხსნება, ყველა სტეიქჰოლდერი ჩაერთვება, გამჭვირვალე გახდება, სულ ცოტაც მაცადეო. ვენდობი. ძალიან ვგავართ ერთმანეთს და საკუთარი თავივით ვიცნობ. დავმშვიდდი.

გავიგე, ეკომ ახალი საპროტესტო სიმღერა ჩაწერა. საბასთან მონტაჟი მიდიოდა, მეც გავედი. გზაში ტაქსისტმა აშკარად მიცნო, მომაშტერდა, მერე ძალიან დიდი სიჩქარით გააგრძელა სიარული ჩემთვის უცხო უბანში. შუაღამისას ჩხუბი ამიტეხა იმის გამო, რომ ზუსტად არ ვიცოდი, როგორ უნდა მივსულიყავი მისამართზე. ისეთი აგრესიული იყო, საშინლად შემეშინდა. სადღაც ჩამომაგდო. ვკანკალებდი, ტელეფონი დამჯდარი მქონდა, ძაღლებიც მოგროვდნენ ჩემ გარშემო. საბედნიეროდ, მათთან ურთიერთობა გამომდის და ყეფა შეწყვიტეს. ძლივს მივაგენი საბას სახლს, ესენიც შევაშინე. ინერვიულეს, გაბრაზდნენ, მამშვიდებდნენ. მივხვდი, რომ ამ ამბებმა თავისი კვალი უკვე დამამჩნია. სხვა დროს ასე არ შევუშინდებოდი. პანიკას ვარ აყოლილი. შეიძლება არც უცნივარ და, უბრალოდ, რიგითი უზრდელი და აგრესიული მძღოლი იყო, როგორებიც აქამდეც მინახავს.

ეკოს კლიპიც ვნახე, ესეც ამხტარა მემორიალზე. ბექას ბოდიშის შემდეგ ეკოს ეს ჟესტი მესიამოვნა. სოლიდარობა ვიგრძენი. თუმცა დარწმუნებული ვარ, ეკოს მემორიალზე ასვლაზე ბოდიშს არავინ მოიხდის.

22 მაისი, სამშაბათი

მთელი დღე ლოგინში გავატარე. სამსახურში ვერ გავედი. სამსახურში კი არა, ტუალეტშიც ვერ გავედი. უბრალოდ, ვერ ავდექი, სანამ არ მოსაღამოვდა. შეტყობინებებს ვკითხულობდი დილიდან. მხოლოდ კარგ რამეებს მწერენ. ისეთ რამეებს მეუბნებიან, წესით რომ ძალიან უნდა მაძლიერებდეს, მაგრამ ეს კიდევ უფრო მაბნევს. მწერენ ბავშვები, 10 წლის ბიჭმაც კი მომწერა, ამაზე მართლა ვიტირე. მწერენ ასაკოვანი ადამიანები და მეუბნებიან, რომ ჩვენი თაობის იმედი აქვთ. მწერენ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები და მპირდებიან, რომ მალე დაბრუნდებიან და ჩემს გვერდით დადგებიან და რომ უკეთესი საქართველოს იმედი გაუჩნდათ. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მხარეა. სამყარო ძალიან მრავალფეროვან და დამაბნეველ უკუკავშირს მაძლევს. ამათ გვერდით, ვიღაცებს ჩემი ლინჩის წესით გასამართლება სურთ, თანამებრძოლები კი ფიქრობენ, რომ არასწორად ვიქცევი. ძალიან დავიბენი. ძალიან დავიღალე. უძლურებას ვგრძნობ, ყველაფერი მტკივა, არ ვიცი როგორ მოვიქცე. არ ვიცი, რა პასუხი გავცე იმ ადამიანებს, ვინც შემდეგ ნაბიჯებზე მეკითხება. სრული ქაოსია. იქნებ მართლა დავაშავე რამე? მაგრამ თუ დავაშავე და ამ დაშავებით თუნდაც ამ ადამიანებს რაღაცის იმედი მივეცი, იქნებ მარტო ამის გამო მაინც ღირდა. რამეს ვიგებ? რამეს ვაღწევ? იქნებ სულ ტყუილად შევასკდი ამ ყველაფერს. ხო არ ჯობია, მოვეშვა? მაქვს კი ამის უფლება? ძალიან დაბნეული ვარ. არც წყალი მინდა, არც საჭმელი. ეს დიდი უცნაურობაა. როგორც წესი, სტრესის ფონზე კიდევ უფრო მეტს ვჭამ ხოლმე. ეს მდგომარეობა უფრო მეტია, ვიდრე სტრესი. არასდროს ვყოფილვარ ასე, თან ამდენ ხანს.

მაკუნამ გამოიყვანა ბავშვები. ლისზე უნდა აეყვანა, შეპირებისამებრ. დადას რამდენი ხანია ტბაში ბანაობა უნდა. მაკუნა თავის სამ შვილთან ერთად დადასაც შვილივით ზრდის. დადასთან თამაშს, ექსპერიმენტების კეთებას, ბუნებაში გასვლას თითქმის საერთოდ ვერ ვახერხებ. ძალიან მაწუხებს ეს. მაკუნა ჩემი მხსნელია. ახლა რომ გაიგო, პლატოზე ვიყავი ჩემებთან, ამომიარა ოთხივე ბავშვით, მომიწვა, მომეფერა, უბრალოდ, ჩუმად იყო ჩემ გვერდით. ძალიან გამიჭირდა, თავს ძალა დავატანე, წამოვდექი და ავყევი ლისზე. ამინდი აირია, ტბაში ბანაობის უფლება მაინც არ მივეცით ბავშვებს. ეს ვეღარ გავთვალეთ. დადა გამებუტა. ძალიან, ძალიან ეწყინა. ამ საკითხში საშინელი ცხოვრება მაქვს. ჯოჯოხეთიაო, ზუსტად ასე მითხრა. როგორ მომიკვდა გული. თან ძალიან სასაცილო და საყვარელი იყო, მაგრამ სინამდვილეში - ძალიან სევდიანი. იმდენად გულიდან ამოდიოდა ეს სიტყვები, იქნებ სხვა რამესაც მსაყვედურობს ამით. შემოვირიგე, ჩავიხუტე.

გამომძიებლისთვის მუქარების სქრინები მაქვს მოსაგროვებელი. მხოლოდ ნაწილის მიტანა შევძელი გამოკითხვაზე და ისეთი მძიმე იყო, რომ მეტი აღარ შემიძლია. არ შემიძლია კიდევ ერთხელ გულდასმით წავიკითხო ეს ყველაფერი. ფეხს ვითრევ. არადა, ჩემსავე ინტერესებში შედის გამოძიება. რომ ვიხსენებ, რად დამიჯდა იმ რამდენიმე მესიჯის ამოქექვა, გამომძიებელთან მიტანა, სიტყვასიტყვით ჩავლა, ამას მართლა ვეღარ გავუძლებ. მაკუნამ შემომთავაზა, მე დავჯდები, გავხსნი ყველაფერს და ამოვწერო. რამხელა შვება ვიგრძენი! ავდექი და ამხელა ამბავი გადავაბარე. როგორ გამიმართლა მეგობრებში! როგორ მივლიან, როგორ ზრუნავენ, როგორ ცდილობენ შემიმსუბუქონ ეს პერიოდი. ძალიან იღბლიანი ვარ.

პლატოზე დავაბრუნე დადა, დავაძინე და მივხვდი, რომ აღარ მინდოდა იქ გაჩერება, სადაც ასე ჩავეშვი. გარემო უნდა შემეცვალა. დემე და სალომე ვნახე. მოვწიეთ, ცოტა ვიმხიარულეთ. დიდი ხანია, აღარანაირ ნარკოტიკს არ მოვიხმარ. მოწევითაც უიშვიათესად ვეწევი, რადგან ისეთი ტემპი მაქვს ცხოვრების, ძალიან პროდუქტიული უნდა ვიყო და ფხიზლად უფრო მეტს ვახერხებ. მაგრამ 12 მაისის შემდეგ მოწევა იქცა ჩემ ხსნად. აქამდე არასდროს ვეწეოდი სტრესის მოსახსნელად. კარგად ვიყავი და უფრო კარგად ყოფნა მინდოდა ხოლმე. ახლა კი ერთადერთი მიზანი დროებით მაინც ყველაფრის დავიწყება და ტვინის დასვენებაა. ემოციურ ბალანსს მხოლოდ ამ დროს აღვიდგენ. მიმდინარე მოვლენების ანალიზსაც უკეთ ვახერხებ.

ამას წინათ საჯარო ქამინგაუთი გავაკეთე ბევრ რამეზე, რაზეც ადამიანებს ჩემთან დაკავშირებით მოლოდინები აქვთ. ერთ-ერთი ის იყო, რომ, კლასიკური გაგებით, ძალიან უწიგნური ადამიანი ვარ. მართლა ძალიან ცოტა წიგნი მაქვს წაკითხული. ძალიან ბევრი რამე ბუნდოვნად ვიცი ისტორიიდანაც, ხელოვნებიდანაც, მხატვრულ ლიტერატურაზე ლაპარაკიც ზედმეტია. რაღაცნაირად ეგრე დალაგდა. დიდად არასდროს მეცალა ამისთვის. ან მეცალა კიდეც და სხვა არჩევანს ვაკეთებდი. არ ვიცი საიდან, მაგრამ ამ თემამდე მივედით. სალომემ ისე დამანახვა წიგნის კითხვის უპირატესობა, როგორც აქამდე ვერასდროს ვერავინ შეძლო. ისეთი ინსპირაცია მივიღე, ავდგე და შევესიო ძველ ბერძნულ ლიტერატურას და მერე ყველაფერ დანარჩენს, რომ ერთი სული მაქვს, როდის მოვიცლი ამისთვის. და ზუსტად ვიცი, ახლა ეს ბევრად ღირებული იქნება, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს რომ გამეკეთებინა.

ერთი მნიშვნელოვანი ამბავია. 12-13 მაისის შედეგებით და შემდგომი მოვლენებით იმედგაცრუებულმა ადამიანებმა ფეისბუქჯგუფი შექმნეს - „თანასწორობის გამავრცელებელი საზოგადოება“. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიდის ამ ჯგუფში, ფართოდ გაიშალა დისკუსია, ყველა მზადაა თავისი ინტელექტუალური რესურსები და შესაძლებლობები თავისუფლებისთვის ბრძოლას მოახმაროს. 17 მაისს გაუქმებულ აქციაზე კანცელარიასთან ჯიუტად წამომსვლელი ტიპების დიდი ნაწილი ამ ჯგუფში კოორდინირდნენ. ოკუპაციის ხაზთან 26 მაისის აქციის იდეასაც ამუშავებენ. სრული თვითორგანიზებაა. არავინ იცის, რა გამოვა, მაგრამ, სულ მცირე, კარგი სადისკუსიო პლატფორმა შეიქმნა. ჰოდა, ახლა ძილის წინ პაკოს პოსტი ვნახე ამ ჯგუფში. 27-ის აქციის იდეა და მოთხოვნები გაუზიარა ჯგუფს და უკუკავშირი სთხოვა. უბრალოდ, აღარ შემიძლია, ახლა ამ დისკუსიაში ვერ ჩავებმები, ვეღარ ვაზროვნებ. მაგრამ ძალიან გამიხარდა და იქვეც დავწერე. შევაქე პაკოც და „ხმაურიც“. მადლობა გადავუხადე და დამშვიდებული ვიძინებ.

23 მაისი, ოთხშაბათი

უკეთესი განწყობით გავიღვიძე. ფიზიკურად ჯერ ისევ სუსტად ვარ. მენსტრუაცია! ჯანდაბა! ესღა მაკლდა! ვერც ერთი კაცი ვერ გაიგებს, რისი გადატანა გვიწევს, როგორ გვირთულებს ცხოვრებას ეს დღეები. სხვათა შორის, თანასწორობის შიდა განაწესში გვიწერია, რომ მენსტრუაციის დროს ორი დამატებითი თავისუფალი დღე გვეკუთვნის ქალებს.

დილა იმ პოსტის კომენტარების კითხვით დავიწყე. მშვიდად ვარ, ყინული დაიძრა აქციის დაშლიდან 10 დღის თავზე, რაც საკმაოდ გვიანია, მაგრამ ისე გვიანი არა, რომ პროცესი საჩვენოდ ვერ შემოვატრიალოთ. მიხარია. ადამიანები, რომლებიც ხშირად არ ეთანხმებიან ერთმანეთს, ახერხებენ და თანხმდებიან მთავარ რამეებზე, ერთად მუშაობენ. ჰო, ეს უკვე სამუშაო პროცესია - ბევრად ფართო და ბევრად ღირსეული.

გუშინ ელიაზე დავრჩი, სახლში, სადაც მეგობრებთან ერთად ვცხოვრობ, თუმცა ერთი თვეა სახლში არ ვყოფილვარ. სულ ჩემებთან ვარ, სადაც ახლა დადა მყავს, რომ ღამე მძინარე მაინც ვნახო ხოლმე. მენატრება სახლში ყოფნა. აქ ბედნიერი ვარ. დღესაც ბევრად მშვიდი დილა მქონდა.

სოფომ შემომიჭყიტა, ყავა და მზე შემომთავაზა, გამოვლასლასდი მეც და გარეთ კიბეებზე მოვკალათდი. იმედიანი დილა იყო. განცდა მქონდა, რომ რაღაცები ლაგდება. თაბაგარმა მომწერა, პაკო მოდის ოფისშიო და ამ ამბავმა სულ მთლად გამომაცოცხლა. გუშინდელმა მაგალითმა იმედი მომცა. პაკო დისტანცირებული იყო ამ ყველაფრისგან დიდი ხნის განმავლობაში. ჩამოვიდა მშვიდად, დასვენებული, არ აქვს კონკრეტული წყენები არავისთან და ეს უმარტივებს მედიატორის როლის საკუთარ თავზე აღებას. ახლა თანაბარი რაოდენობა ვიყავით, მხოლოდ მენეჯმენტი - მე, თაბაგარი, მარიამი, კახაბერი, ლევანი, ასევე ნინო და მოგვიანებით მოვიდა კიკონაც, რომელიც ორგანიზაციის თანამშრომელი არაა, მაგრამ აქტივისტია, რომელმაც დიდი როლი ითამაშა 17 მაისის აქციის გაუქმებაში.

პაკომ ძალიან პროფესიონალურად წარმართა პროცესი, ყველანაირად სცადა, ყველას გვქონოდა ჩვენი ემოციების, პირადი დამოკიდებულებების, ტკივილების ერთმანეთისთვის გაზიარების შესაძლებლობა. ოთხსაათიანი მარათონი გავიარეთ, ყველამ ყველაფერი ამოვალაგეთ. საშინლად მტკივნეული და რთული, მაგრამ დამაიმედებელი პროცესი იყო. არ შეიძლება ის, რომ კრიზისულ სიტუაციაში სხვადასხვა სტრატეგიას ვირჩევთ ჩვენი მიზნების მისაღწევად, გახდეს განხეთქილების საფუძველი, თუკი ჩვენ გვჯერა ჩვენივე და ერთმანეთის მიზნების გულწრფელობის. რამდენიმე ისეთი ბრალდება და ფაქტობრივი უზუსტობა მოვისმინე საკუთარ თავზე, სხვაზე რომ ეთქვათ ასე დამაჯერებლად, ეჭვიც არ შემეპარებოდა. სიგიჟე ხდება, წარმოუდგენელი ამბები. ისევ და ისევ იმ კოშმარს ვაბრალებ, რაშიც ყველანი ვართ ჩაბმულები უკვე რამდენი ხანია.
ჩვენს მოწინააღმდეგეებსაც ეს უნდათ, დავთმოთ პროტესტის ინსტრუმენტები და სივრცეები, დავადანაშაულოთ ერთმანეთი, გავითიშოთ, ფოკუსი დავკარგოთ. დავრჩები მე ამ ორგანიზაციაში თუ არ დავრჩები, ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ეს არ მოხდეს.
პაკოს დაურეკეს „ხმაურიდან“. ჯერ არაფერი ქნათო, პაკომ სთხოვა, განერვიულდა და გაიქცა „ხმაურში“. ჩვენც დავიშალეთ. თაბაგარმა ლევანთან ცალკე საუბარი გადაწყვიტა. დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. იქნებ ეს მაინც დაეხმაროთ ერთმანეთის გაგებაში.

გვანცამ მთხოვა, რასიზმის შესახებ საჯარო ლექციისთვის ვინმე ვუპოვო. მეც მივხვდი, რომ უკვე ძალიან მარტო დავტოვე ამხელა საქმესთან. ყველაფერს უჩემოდ აკეთებს არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტში და რომ არა ის, არ ვიცი რა მეშველებოდა. ეკა ჭითანავას შევეხმიანე, ბედნიერი დამთანხმდა და ბავშვებთან მისი შეხვედრაც ჩაიგეგმა. გვანცაც ბედნიერია.
წეღან ეკომ ლინკი ჩამიგდო, რომელიღაც გადაცემაში ჩემზე საუბრობს. მეგობარმა იხუმრა: ეკო თუ კარგს ამბობს შენზე, ცუდია, თუ ცუდს ამბობს, კიდევ უფრო ცუდიო. მგონი მართლა მასეა.

„ბასიანის“ გასაღები დააბრუნეს. რა მაგარია! ერთი სული მაქვს, იქ როდის ვიცეკვებ. სულ სხვა ფასი ექნება ახლა. მაგრამ უცნაური ამბები ხდება. ივენთი წაიშალა. ჯერ ძალიან გავბრაზდი. მერე დაწერეს, საბოტაჟია, ვიღაცამ წაგვიშალაო. მეუცნაურა, მაგრამ დავმშვიდდი. ესე იგი აქცია მაინც იქნება. დრო გადის, ახალი ივენთი არ იდება. ეს კიდევ უფრო მეუცნაურება. ველოდები.

24 მაისი, ხუთშაბათი

დილით რო გავიღვიძე, გამახსენდა, რომ გუშინ ძილის წინ გავიფიქრე, მასტურბაცია სტრესისგან დაცლასა და მშვიდად დაძინებაში დამეხმარებოდა, ოღონდ აშკარად ისე ჩამეძინა, გადაბრუნებაც ვერ მოვასწარი. ასეთი რამ ამ ბოლო პერიოდში უკვე მესამედ დამემართა და ცოტათი მეცინება კიდეც. ჩემი აქტივიზმი ბევრ რამესთან ერთად სექსუალურ ცხოვრებასაც იწირავს. არა მხოლოდ ბოლო კვირების, არამედ უკვე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს ძალიან აისახა ჩემს ცხოვრებაზე. სექსი ჩემთვის რიტუალია, ყველაზე ღრმა და ხარისხიანი კავშირია ადამიანთან. ამისთვის მჭირდება შინაგანი სიმშვიდე და სილაღე, რაც აღარ გამაჩნია. არა უშავს, ცოტა ხანი მთელ ლიბიდოს ამ საქმეს მოვახმარ. აქტივიზმიც ძალიან ჰგავს სექსს. საერთოდ, ცხოვრება ძალიან ჰგავს სექსს.

დღეს „კავკასიაზე“ ვიყავი რაღაც გადაცემაში. ჩემზე და გამოხატვის თავისუფლებაზე უნდა გველაპარაკა. ისე გამოვიდა, რომ განრიდებაზე ვილაპარაკე ბევრი, აღდგენით მართლმსაჯულებაზე, მის სიკეთეებზე. როგორ მინდა ისევ ამაზე ვილაპარაკო ხოლმე, აღდგენითი მართლმსაჯულების ხიბლში ჩავაგდო ყველა. იქნებ სულ სხვა საზოგადოება მივიღოთ.

იქიდან ჭილას პრეზენტაციაზე წამოვედი, უფრო ზუსტად კი, „ნებულას“ ახალი მიღწევების პრეზენტაციაზე. სრულიად ამოვვარდი ამ პრეზენტაციით ჩემი გიჟური კალაპოტიდან, ან, პირიქით, ამოვარდნილი, დროებით ჩავდექი კალაპოტში. სამუშაო გარემო, სიმშვიდე, აკადემიური დარბაზი და კრეატიული ახალგაზრდები, რომლებსაც მოაქვთ ცვლილება, რომლებიც უმარტივებენ ცხოვრებას მომავალ თაობებს, რომლის მსგავსიც ვერაფერი გააკეთა განათლების სამინისტრომ ან დიდმა ორგანიზაციებმა. როგორ მეამაყებიან, როგორ მიხარია!

რაღაცნაირად მადლიერებაც გამოვხატე ჭილას მიმართ აქ მოსვლით. ახლო მეგობრები არასდროს ვყოფილვართ, ამ ამბებმა ძალიან დაგვაახლოვა. სულ გვერდში მყავს, რეფლექსიაში მეხმარება, რჩევებს მაძლევს, მაძლიერებს.

ამასობაში, „ბასიანის“ აქცია დაიდო. ძალიან გაბრაზებული ვარ, იმედგაცრუებულიც. ვერ ვხვდები ეს რა იყო: ტყუილი, თამაში, რა ჯანდაბა! მაქვს განცდა, რომ ვაჭრობის საგანი არა ის სიკეთეები იყო, რის დასაცავადაც გავედით ამდენი ხალხი გარეთ და რაც გვაწუხებს, მთელი ამდენი ხანია, არამედ კონკრეტული ბიზნესი. უსამართლობის განცდა მაქვს, მოტყუებულობის შეგრძნება უკვე მერამდენედ. მგონია, რომ, მიუხედავად იმისა, როგორი წვლილიც უნდა ჰქონდეს სოციალურ ცვლილებებში ბიზნესს, ის არ უნდა ლაპარაკობდეს მოძრაობის სახელით. შეცდომაა, ხარვეზია..

მივიღეთ საყოველთაო „გულაობა“ „ბასიანზე“, ზეიმი. არ მგონია, რომ საზეიმოდ გვაქვს საქმე და რაიმეთი მაინც წინ ვართ, ვიდრე 12-ის ღამემდე ვიყავით. „ბასიანი“ უნდა გაეღოთ, ცხადია, მაგრამ ნუთუ ეს იყო ჩვენი პროტესტის მიზეზი, ნუთუ ამან გაიყვანა ამდენი ადამიანი გარეთ? სახლში რო შემომივარდებიან, სახლს კი არა, სახლში უსაფრთხოდ ყოფნის უფლებას დავიცავ. სადღაც მაგრად ავცდით, ავიჭერით.

დათოს ნახვა მჭირდებოდა ძალიან. მივედი. ყველაფერი გათიშა, არავის ეკონტაქტება, მედიასთან ჩანიშნული სტუმრობები გააუქმა. ეს ბევრად მძიმედაა. ამისთვის ბევრად რთულია. ყველაფერი დათმო ამ ბრძოლისთვის: მაღალანაზღაურებადი სამსახური, ცოლსა და შვილებთან გასატარებელი თავისუფალი დრო, სული და გული აქვს ჩადებული ამ ბრძოლაში და უცებ დგება ფაქტის წინაშე, როცა რაღაცები აღარც თანხმდება, ისე იცვლება. ძალიან განიცდის, სწყინს, ბრაზობს. ერთადერთი სტრატეგია აქვს: დროებითი სიჩუმე, რომ რაღაც უფრო არ დააზიანოს. საკუთარ პრინციპებსა და რეპუტაციასაც არ უნდა უღალატოს. დაპირისპირებაც არ უნდა. ემოციების მოზღვავება გვჭირს. ერთმანეთს ტკივილებს ვუზიარებთ, მომავალზე ვლაპარაკობთ. ხან ძალიან ბუნდოვანია ეს მომავალი, ხან ძალიანაც ნათელი. გვახსენდება იმ ადამიანების რჩევები და მოსაზრებები, ვინც ჩვენს გარშემო მოგროვდნენ რაღაცნაირად თავისით, ბუნებრივად. ეს ადამიანები გველოდებიან, გვენდობიან. ჩვენ ჯერ დაბნეულები ვართ, დაღლილები. ცოტა ამოსუნთქვა გვჭირდება.

ახლა საგურამოში ვარ. მეგობრებთან წამოვედი ყურადღების გადასატანად. ლამაზ სახლში ვარ, კიდევ უფრო ლამაზი ეზოთი, სუფთა ჰაერზე, კარგი ადამიანების გარემოცვაში. მინდა, ცოტა ხნით მაინც დავივიწყო ყველაფერი. არაფერი გამომდის. არ მინდა, თავზე მოვახვიო ჩემი ამბები. ამათაც აწუხებთ, მკითხეს, ვისაუბრეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ სულ ამ თემაზე საუბრით ვსტრესავ. ვეცადე მათთან ერთად მემხიარულა. არ გამომდის, ვშტერდები და ფიქრებში მივდივარ. ხან ერთი მაბრუნებს ამ სამყაროში, ხან მეორე. დროებით გამოვეცალე. ვუთხარი, სამუშაო მაქვს-მეთქი. ასე ჯობია. ცოტა ხანში ვეცდები დავიძინო.

25 მაისი, პარასკევი

გუშინ დაძინება ძალიან გამიჭირდა, ტვინი არ ჩერდებოდა. რამდენჯერმე ჩამოვედი ქვემოთ და ისევ უკან ავბრუნდი. რაღაცნაირად ჩავიძინე დილისკენ, რამდენიმე საათში დაღლილმა გავიღვიძე და ეგრევე თბილისში წამოვედი.

ვღელავ, ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ვერაფრით ვახერხებ ამაზე კონცენტრაციას. დღეს ძალიან მინდოდა სამსახურში მისვლა, მაგრამ გუშინდელის შემდეგ კიდევ უფრო გამოფიტული ვარ. არ შემიძლია ჯერ. თან დაგროვილ საქმეებზე შფოთვას და ნერვიულობასაც ვერაფერს ვუშვრები. კეთილი მეგობრების დახმარებით, ბარმენის კურსები გავაკეთე თემის წევრებისთვის. ერთი ჯგუფი გავუშვით და შემდეგს უნდა მივხედო. ვიზაჟის კურსებიც დასაწყები მაქვს, იქაც მეგობარი მეხმარება. კვლევა უნდა დავიწყოთ მალე. საჯარო ლექციებს და სტატიებს ირა მიხედავს, ამ ნაწილში შედარებით მშვიდად ვარ, მაგრამ, მთლიანობაში, ძალიან ბევრი საქმეა. მე კი ჯერჯერობით ვერაფერს ვაკეთებ. პარალიზებული ვარ.

ამ საქმის დიდი ნაწილი ბიუროკრატიულია. როგორ მეზიზღება, როგორ გვჭამს ზოგჯერ ეს ფურცელომანია, მაგრამ რა გინდა, რო ქნა. ამიტომაა, რომ ზოგჯერ ვფიქრობ, საერთოდ არ მინდა ჩემი აქტივიზმი რომელიმე ორგანიზაციაში მუშაობას უკავშირდებოდეს. მინდა სხვა რამით ვირჩინო თავი, მაგრამ აქტივიზმი ვაკეთო დამოუკიდებლად. ასეც ვიყავი უმეტესად.

ორგანიზაციასთან ერთად სხვა ტიპის მიღწევები მაქვს. დამოუკიდებლად სხვა გამარჯვებები მქონდა. ორივეს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. აუ, როგორ დავიღალე ამდენი ფიქრით...

დღეს შოკამ მომწერა, ადვოკატმა. ბევრი დრო მომცა. უკვე დროა გადავწყვიტო, რას ვშვრები იუსტიციის ამბებზე. ორშაბათს აღსრულების ბიუროს წერილის გასაჩივრების ბოლო დღეა. მგონია, რომ სისულელეა კიდევ გასაჩივრება. ისედაც ხომ ყველასთვის ნათელია, რომ ჩემი გამარჯვების უგულებელყოფა წულუკიანის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არა სამართლებრივი გაუგებრობა. ძალიან დავიღალე. მოვიფიქრებ რამეს და ვიმოქმედებ. ნებისმიერ შემთხვევაში გაჩერებას არ ვაპირებ. უბრალოდ, სტრატეგია მაქვს განსასაზღვრი.

დევიდმა მომწერა. ორი კვირაა, მწერს ეს კაცი და იმდენჯერ გადავუდე შეხვედრა, უკვე მეუხერხულება. ფრანკფურტის გამოფენისთვის ფოტოპორტრეტებს იღებს. ჯერ მხოლოდ მე მწერდა. მერე შეუტყვია ჩემი და დათოს დაძმობის შესახებ და ჩვენი ერთად გადაღება გადაწყვიტა. „ბასიანთან“ გადავიღოთ თუ პარლამენტთანო? პარლამენტი ავირჩიეთ. ვიპოზიორეთ და დავიშალეთ. ანტიშფოთში შევიარე, დახურული იყო, მაგრამ მაინც მიპატრონეს, მომიარეს. მოპედის ამბავი მოვიკითხე, მითხრეს, რომ მოპედის „მოხოდვას“ მჩუქნიან თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო. ბევრი სიკეთე მხვდება ყოველ ნაბიჯზე, ბევრი სიყვარული.

დათოზე ბევრს ვფიქრობ ბოლო დროს. როგორ ვგავართ ერთმანეთს! მთელი ბავშვობა მინდოდა ტყუპის ცალი ძმა მყოლოდა. დათო ჩემი ტყუპის ცალია, შემთხვევით 14 წლით ადრე დაბადებული. დათო იყო თავისუფლების სიმბოლო ჩემთვის ყოველთვის. ეს იყო, რის გამოც მისი მადლიერიც ვიყავი და რაც ყველაზე მეტად მწყინდა. ოჯახის მარწუხებს გაექცა, დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყო, მასთან თანაცხოვრება არც მახსოვს, რაღაც პერიოდი საერთოდ მიმივიწყა, შორეული ნათესავებივით ვიყავით. აი, ასე, შორიდან, ის მაინც ყოველთვის იყო თავისუფლების, შრომისმოყვარეობის, სიყოჩაღის, წარმატების მაგალითი, ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემს სამყაროში. სულ დისტანცია გვქონდა, რაღაცნაირი გაუცხოება. ბოლო წლებში დავმეგობრდით, თავიდან აღმოვაჩინეთ ერთმანეთი. ჩემთვის ავტორიტეტი დათო დამსხვრეულია, მაგრამ მყავს უძვირფასესი მეგობარი მისი სახით. სულ ვამბობ, დები თუ იმიტომ მიყვარს, რომ დები არიან, დათო იმიტომ მიყვარს, რომ არის ზუსტად ისეთი, როგორიც არის და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ჩვენი დაძმობა.

სახლში ვარ, ელიაზე. ვბარგდებით, მეპატრონე რემონტს იწყებს და ორი თვით გვიშვებს. სოფო და დემე დათოსთან უნდა გადავასახლო. მე ხან ჩემს მშობლებთან ვიქნები, ხან დათოსთან. ძალიან სუსტად ვარ, ვერ ვეხმარები. მაინც შედარებით უკეთ გამოვიყურები, როგორც ჩანს. დემე, ორი კვირაა, თან მყვება, მივლის, ყველაფერს მითმენს, ყველაფერში ხელს მიწყობს. ახლა ჩათვალა, რომ ჩემთან ჩხუბი ხსნილია. ჰოდა, ისე ვიჩხუბეთ, კიდევ კარგი, მეზობლები ახლოს არ ცხოვრობენ. არა უშავს, გაგვივლის. ხვალ ისევ ჩავეხუტებით ერთმანეთს და ისევ ერთი ოჯახი ვიქნებით. ხვალ კი არა, ნახევარ საათში.

4 gb-ზე წასვლა გადავწყვიტე. ბილეთი ვიჩუქე. მარის და ლექსოს გამო უფრო მომინდა, ძალიან მჭირდებიან. არც ცეკვის თავი მაქვს, სიარულის თავიც არ მაქვს, მაგრამ ადამიანები და ბედნიერი გარემო მჭირდება. ახლა ერთი საათით დავიძინებ, გავიღვიძებ და ხვალ მოვყვები ამ ღამის ამბებს.

26 მაისი, შაბათი

გუშინ რო წავუძინე, 15 წუთში მარიამი და ზაპა მოვიდნენ, მომიგორდნენ, მომესიყვარულნენ. მარიამმა მითხრა, დამესიზმრა, რო მეჩხუბეო, მსაყვედურობდი, რატომ არ მეხმიანებოდიო. სინამდვილეში სულ შენ გვერდით ვიყავიო. არც მწყენია, სად მქონდა წყენის დრო. ჩამათბეს. ესენიც წავიყოლე ლექსოსა და მარისთან. 4gb-მდე ამ შემადგენლობის ერთად დაჯდომა ამ დღის ყველაზე დიდი საჩუქარი იყო ჩემთვის.

მთელი ღამე ერთი დიდი ჯადოქრობა იყო. ერთია, რას მწერენ ადამიანები და რას ვკითხულობ, მეორეა, რაც იქ დატრიალდა. ერთმანეთის მიყოლებით მოდიოდნენ, მეხუტებოდნენ, მადლობას მიხდიდნენ, მპირდებოდნენ გვერდით დგომას ყველგან და ყველა ბრძოლაში. ღმერთო, რამხელა ნდობა და სიყვარული მივიღე. უხერხულად ვგრძნობ თავს. მეშინია, არ გავუმტყუნო იმედები. თან ძალიან ბედნიერი ვარ.

კიკონა ვნახე, მინდორში იჯდა. თვითონ დაიბნა. მე არ დავიბენი, გავუღიმე და მისკენ გავემართე. როგორც მითხრა, თვითონვე არ ელოდა ჩემგან ამ ნაბიჯს. არ მესმის, რატომ. ალბათ, მართლა ცოტა დრო გვქონდა მეგობრობისთვის. ვერ გამიცნო. არასწორ დროს დაგვატყდა თავს ეს ყველაფერი. მივუჯექი და ბევრი ვისაუბრეთ. თბილად, სიყვარულით, წყენითაც, მაგრამ მშვიდად, ბრალდებების გარეშე. ორივე ვთანხმდებით, რომ ასეთი რამ, რაც ბოლო ორ კვირაში დატრიალდა, არასდროს გამოგვიცდია. ასეთი სისწრაფით მოვლენები არასდროს შეცვლილა, ამდენი ემოცია ერთად არასდროს გამოგვივლია. ვთანხმდებით, რომ რაღაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ხდება, რომ ახლა ყველას დრო გვჭირდება, რომ ამ პროცესს დრო უნდა მივცეთ და ყველაფერი თავისით დალაგდება.

დღეს დამოუკიდებლობის ასი წლისთავია. ჩვენ ყველანი ძალიან დიდ ბრძოლაში ვართ, თავისუფლებისთვის ბრძოლაში და ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ!

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG