Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგელა მერკელი: ყირიმის ანექსია ჯერ კიდევ შევარდნაძემ იწინასწარმეტყველა


ანგელა მერკელი
ანგელა მერკელი

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ვრცელი ინტერვიუ მისცა გერმანულ Der Spiegel-ს. იგი ირწმუნება, რომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ უკრაინაში ომი არ დაეშვა. მაგრამ მაინც არ ეყო ძალა პუტინის შესაჩერებლად.

ანგელა მერკელი ამბობს, რომ კანცლერობის ბოლო თვეებშიც ცდილობდა, ვლადიმირ პუტინთან საერთო ენა გამოენახა. ამისდა მიუხედავად, რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

“მინდოდა, რომ ჩემი წასვლის მერე უფრო მშვიდობიანი დრო ყოფილიყო… 2021 წლის ზაფხულში, ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის მერე, ვცადე პუტინთან დამოუკიდებელი დისკუსიის ევროპული ფორმატი შემექმნა. ემანუელ მაკრონთან ევროკავშირის საბჭოში უნდა ელაპარაკა. მაგრამ ვიღაც შემეწინააღმდეგა, მე კი აღარ მეყო ძალა, ჩემი გამეტანა. ყველამ იცოდა, რომ შემოდგომაზე მივდიოდი”, - უთხრა მერკელმა Der Spiegel-ს.

2021 წლის აგვისტოში კანცლერი ბოლოჯერ შეხვდა მოსკოვში პუტინს. “მივხვდი, ძალისმიერი პოლიტიკის თვალსაზრისით დასრულებული ვიყავი. პუტინისთვის მნიშვნელობა მხოლოდ ძალას აქვს”.

ანგელა მერკელის არც 2014 წელს, ყირიმის ანექსია გაჰკვირვებია, ყოფილმა კანცლერმა გაიხსენა, რომ ნახევარკუნძულის გარშემო დავის დაწყება თავის დროზე ედუარდ შევარდნაძემ იწინასწარმეტყველა. სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრობისას, მან გააფრთხილა გერმანელი კოლეგა, ჰანს-დიტრიხ გენშერი, რომ “საბჭოთა კავშირის დაშლის შეემთხვევაში, ყირიმის საკითხი დღის წესრიგში დაბრუნდებოდა”.

მერკელი არაფერს ნანობს

მათ შორის, არც პოლიტიკიდან წასვლას და არც 2008 წელს საქართველოსა და უკრაინის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე დატოვებას.

“…რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ბოლოს მილიმეტრითაც კი ვერ მივიწევდით წინ, არადა, ბევრჯერ ვცადეთ. მხოლოდ უკრაინას არ ვგულისხმობ. დნესტრისპირეთი და მოლდოვა, საქართველო და აფხაზეთი, სირია და ლიბიაც. ახალი მიდგომების დრო იყო”, - თქვა მერკელმა.

მისი თქმით, იცის, რომ ბუქარესტის სამიტზე უკრაინისა და საქართველოს შეყოვნებისთვის დღეს ბევრი აკრიტიკებს. მაგრამ “პოლიტიკოსებმა რაღაც გადაწყვეტილებები მათი ხალხის შეუწუხებლად უნდა მიიღონ”. 2008 წელს კი ბუქარესტის სამიტიცა და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ნატოში გაწევრიანება-არგაწევრიანებაც “გერმანიაში მხოლოდ ექსპერტებს აინტერესებდათ”.

“Map-ზე უკეთესი”

2008 წლის 3 აპრილს, ბუქარესტში ნატომ განაცხადა, რომ მიესალმება საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებას და ისინი ერთ დღეს აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის დაჟინებული მოთხოვნა, მიეცათ მათთვის წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP), საფრანგეთმა და გერმანიამ დაბლოკეს.

მაგრამ კიევისა და თბილისის გარდა, ნატოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული იყო ვლადიმირ პუტინიც. ცოტა ხანში, ჯორჯ ბუშთან სატელეფონო საუბარში ალიანსის პოტენციურ გაფართოებას მან უწოდა “პირდაპირი საფრთხე რუსეთისთვის”.

“თუკი უკრაინა გაწევრიანდება ნატოში, ის შეწყვეტს არსებობას, როგორც სახელმწიფო”, - ციტირებდნენ პუტინს რუსული გამოცემები.

ბუქარესტის სამიტიდან 4 თვეში რუსეთი საქართველოში შეიჭრა. დეკემბრის ნატოს სამიტზე საქართველომ და უკრაინამ ისევ ვერ მიიღეს MAP-ი.

რამდენიმე კვირის წინ, რადიო თავისუფლებასთან საუბარში, გერმანელმა ისტორიკოსმა იან კლაას ბერენდსმა ამას მერკელის ადმინისტრაციის “პირველი დიდი შეცდომა” უწოდა.

“დღეს გერმანიაში ამაზე დიდი დისკუსია მიდის, ისევე, როგორც მთლიანად უკანასკნელი 30 წლის პოლიტიკაზე რუსეთთან მიმართებით. საუბარია არა მხოლოდ შეცდომებზე, არამედ გერმანიაში რუსული კორუფციის ზეგავლენაზე. რადგან ცალსახად ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ რუსეთზე”, - თქვა ისტორიკოსმა.

***

მერკელი გერმანიის კანცლერი იყო 2005-2021 წლებში. მან გააძლიერა ეკონომიკური კავშირები რუსეთთან და გაზარდა გერმანიის დამოკიდებულება რუსულ ენერგომატარებლებზე.

2015 წელს, მისი ეკონომიკის მინისტრი შეუთანხმდა რუსეთს ახალი გაზსადენის, “ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაზე. მერკელის მემკვიდრემ, ოლაფ შოლცმა უკვე აშენებული გაზსადენი “გაყინა” ამ წლის თებერვალში, უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რითაც მერკელმა თავი ევროპასა და მსოფლიოს დაამახსოვრა, სირიელი ლტოლვილებისთვის თავშესაფრის მიცემაა. მხოლოდ 2015 წელს, გერმანიამ ომს გამოქცეული მილიონზე მეტი ადამიანი მიიღო.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG