Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დაიწყება ახალი "სმუტა" - ანინი პუტინზე, პრიგოჟინის და კლანების ომზე "ცარის ტახტისთვის"


რომან ანინი, რუსი გამომძიებელი ჟურნალისტი, “ვაჟნიე ისტორიის” ერთ-ერთი დამფუძნებელი
რომან ანინი, რუსი გამომძიებელი ჟურნალისტი, “ვაჟნიე ისტორიის” ერთ-ერთი დამფუძნებელი

„5 წლის წინ ვიკვლევდით, რატომ ნიშნავდა პუტინი თავისი პირადი დაცვის კონტინგენტს მაღალ თანამდებობებზე - სახელმწიფო უსაფრთხოების, დაზვერვის და ა.შ. სამსახურებში. ერთ-ერთ ასეთ ყოფილ პირად მცველს ვკითხე: რატომ აკეთებს პუტინი ამას? პასუხი იყო მარტივი. იმიტომ, ბიჭო, რომ ამ ხალხს ენდობა, ეს ხალხი 20 წელიწადი იდგა მის ზურგს უკან, იარაღით და არ გაისროლეს. ხვდები, ეს რას ნიშნავს?” - რომან ანინს, რუს გამომძიებელ ჟურნალისტს, „ვაჟნიე ისტორიის” ერთ-ერთ დამფუძნებელს, რომელსაც “Panama Papers”-ის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდთან ერთად პულიცერის პრემია აქვს მიღებული, კარგად ესმის, როგორ ეშინია პუტინს თავისი გარემოცვის: „წარმოიდგინეთ გველების ბუდე, რომელშიც გველებს ერთმანეთი სძულთ და ერთურთს დაგესვლით ემუქრებიან. ასე გამოიყურება დღეს პუტინის გარემოცვა”, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას. ვაჟა თავბერიძესთან ინტერვიუში ანინი დაწვრილებით მიმოიხილავს ამ „გველების ბუდეს” და არ გამორიცხავს, რომ რუსეთს წინ ახალი „დიდი არეულობის ხანა” - „სმუტა“ ელის.

პუტინს სურდა, რუსეთის ისტორიაში დარჩენილიყო, როგორც რაღაც გარდამავალი სახება პეტრე დიდსა და ეკატერინე მეორეს შორის, მაგრამ ისტორია მას კუთვნილ ადგილს სადღაც ჰიტლერსა და კადაფის შორის მიუჩენს.

რადიო თავისუფლება: დასავლეთში ექსპერტთა უმრავლესობა სკეპტიკურადაა განწყობილი იმ სცენარისადმი, რომ პუტინის ციხე „შიგნიდან გატყდება“ - რომ რუსეთში, უფრო კი კრემლში, ვინმე გაბედავს, მას დაუპირისპირდეს. თუ თქვენი ახლახან გამოქვეყნებული სტატიის სათაურით ვიმსჯელებთ - „პუტინის ტახტისთვის ბრძოლა დაწყებულია“ - ამ სკეპტიციზმს არ იზიარებთ. რატომ?

რომან ანინი: დიახ, მე ვფიქრობ, რომ კლანების ომი პუტინის ტახტისთვის უკვე დაიწყო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უცილობლად პუტინის ჩამოგდება-დამხობას შეეცდებიან, ეს ნიშნავს, რომ კრემლში, პუტინის ახლო წრემ გაიაზრა: მისი მმართველობის დასასრული დაწყებულია. და რომ დროა, პოსტპუტინური არსებობის სცენარებზე დაფიქრდნენ. მაგრამ აქ თავს იჩენს პრობლემა - მისი გარემოცვა მტრულ ბანაკებადაა დაყოფილი, ისინი ერთმანეთს უკვე წლებია უპირისპირდებიან - ავიღოთ, მაგალითად, ზოლოტოვი, როსგვარდიის ხელმძღვანელი, რომელიც წლების განმავლობაში პუტინის პირადი მცველი იყო - ის ვერ იტანს ბორტნიკოვს (უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის - ეფესბეს დირექტორი) და ვალში არც ბორტნიკოვი რჩება - ისიც ცდილობს ზოლოტოვის [პუტინისგან] ჩამოშორებას, მისი გავლენის შემცირებას. ეს უკიდურესად ართულებს სცენარს, რომელშიც ისინი ყველასთვის მისაღებ მემკვიდრეზე შეთანხმდებიან. ბევრად უფრო რეალურია სცენარი, სადაც რომელიმე მათგანი ჩათვლის, რომ დასაკარგი დრო უკვე აღარ აქვს - პუტინის სიკვდილს ვეღარ დაელოდება და უკვე უნდა იმოქმედოს - სანამ სხვები დაასწრებენ.

რადიო თავისუფლება: როდესაც წერთ, რომ მიდის „ბრძოლა პუტინის ტახტისთვის“, რა იგულისხმება აქ? ტახტზე მოკალათებისთვის იბრძვიან თუ ტახტთან ახლოს ადგილის მოსაპოვებლად - პუტინის ჩანაცვლება სურთ თუ ცართან ახლოს ყოფნა, რათა ყურში ჩასჩურჩულონ?

რომან ანინი: უფრო ბანალურადაა საქმე. მათ, პირველ რიგში, საკუთარი სიცოცხლის, პრივილეგიებისა და ქონების გადარჩენა სურთ. მათ უკვე აღარ სჯერათ, რომ რუსეთს ამ ომის მოგების ძალა შესწევს - შესაბამისად, ესმით, რომ ის, ვინც პუტინის მემკვიდრის ტახტისთვის ბრძოლაში დამარცხდება, დაკარგავს ყველაფერს - ვთქვათ, გაიმარჯვა უშიშროების საბჭოს მდივნის, პატრუშევის კლანმა - პირველი, რასაც ის მოიმოქმედებს, იქნება წმენდა - იმ ხალხს, ვინც მას წლების განმავლობაში ებრძოდა, მოუწევს დაემშვიდობოს საკუთარ ქონებას, პრივილეგიებს, თავისუფლებას და შესაძლოა, სიცოცხლესაც. ეს ყველას ძალიან კარგად აქვს გააზრებული. მეორე პრობლემა ისაა, რომ ჩაძირვისთვის განწირულ გემზე არიან შეყუჟული, სანქციების გამო, იმ დანაშაულებების გამო, რაც მიუძღვით. ქვეყანას ვერ დატოვებენ - ვერ იტყვიან: კარგი, ჯანდაბას წაუღია პუტინი, ვუღალატოთ და სადმე შევაფაროთ თავი. ასეთი თავშესაფარი არ არსებობს - სადაც უსაფრთხოდ იქნებიან, სადაც ქონებას შეინარჩუნებენ. წარმოიდგინეთ გველების ბუდე, რომელშიც გველებს ერთმანეთი სძულთ და ერთურთს დაგესვლით ემუქრებიან. ასე გამოიყურება დღეს პუტინის გარემოცვა.

დღეს პუტინი ალბათ ზელენსკიზე მეტადაც კი ოცნებობს იმაზე, რომ პრიგოჟინი უკრაინაში „აღესრულოს“, ეს იქნებოდა მისთვის საუკეთესო გამოსავალი ამ პრობლემიდან.

რადიო თავისუფლება: თვითონ პუტინი რას ფიქრობს მისი ტახტისთვის გაჩაღებულ ამ ბრძოლაზე? არსებობს ინტერპრეტაცია, რომ ეს მას აწყობს, რომ ის ცდილობს, ხელქვეითები ერთმანეთს მიუსიოს, რათა ისინი ერთმანეთთან ბრძოლაში დასუსტდნენ და მასთან დაპირისპირების ძალა აღარ შესწევდეთ.

რომან ანინი: ომამდე ეს ნამდვილად იყო მისი საყვარელი სტრატეგია - მსაჯულად გვევლინებოდა თავის გარემოცვაში გაჩაღებულ შინაომებში. დღეს უკვე სხვაგვარდაა საქმე - ვერავინ იტყვის, რომ ღია უთანხმოება და დაპირისპირება პრიგოჟინსა და შოიგუს, ან კიდევ პრიგოჟინსა და კადიროვს შორის პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს, მას აძლიერებს. პირიქით, ეს მას ასუსტებს. რუსეთში უკვე ღიად ისმის ე.წ. პატრიოტთა ბრალდებები - ისინი აკრიტიკებენ პუტინს, ამბობენ, რომ მან ქვეყანა დააღალატა. ეს სერიოზული ბრალდებებია და პუტინს მოუწევს ან ღიად დაუპირისპირდეს ყოფილ მოკავშირეებს, ან, თუ ამის გაკეთებას ვერ გაბედავს ან დააყოვნებს, მერე შესაძლოა გვიან იყოს. მას ძალიან უჭირს ამ გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ თანდათან ვუახლოვდებით საპრეზიდენტო არჩევნებს, მას სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება მოქმედებისთვის და ვფიქრობ, მოწმე გავხდებით პუტინის სადამსჯელო აქტებისა ყოფილი მოკავშირეების წინააღმდეგ.

რადიო თავისუფლება: კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც შეეძლო მიეღო, მაგრამ არ ან ვერ მიიღო - ეს მემკვიდრის დანიშვნაა. რატომ არ გააკეთა ეს?

რომან ანინი: პირველ რიგში, შესაფერისი ფიგურა ვერ შეარჩია და იმიტომ. იცის, რომ მისი გარემოცვა კლანებადაა გახლეჩილი და შეუძლებელია ისეთი ფიგურის პოვნა, რომელიც ყველა მათგანის მოწონებას დაიმსახურებს, დაპირისპირება გარდაუვალი იქნებოდა. მეორე და შესაძლოა მთავარი მიზეზი არის ის, რომ მას ეშინია. ძალიან ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, ფიქრობს საკუთარ თავისუფლებაზე, სიცოცხლის გადარჩენაზე. თუ ალბათ დღეს პუტინი რაიმეს ძალიან ნანობს, ვფიქრობ, ნანობს იმას, რომ ვაჟი არ ჰყავს, ბუნებრივი მემკვიდრე, რომელსაც ტახტს გადაულოცავდა. ხუთი წლის წინ ვმუშაობდი სტატიაზე, რომელშიც ვიკვლევდით, რატომ ნიშნავდა პუტინი თავისი პირადი დაცვის კონტინგენტს მაღალ თანამდებობებზე სახელმწიფო უსაფრთხოების, დაზვერვის და ა.შ. სამსახურებში. ერთ-ერთ ასეთ ყოფილ პირად მცველს ვკითხე: რატომ? რატომ აკეთებს პუტინი ამას? და მისი პასუხი იყო ძალიან მარტივი. მან თქვა: იმიტომ, ბიჭო, რომ ამ ხალხს ენდობა, ეს ხალხი 20 წელიწადი იდგა მის ზურგს უკან, იარაღით და არ გაისროლეს. ხვდები, რას ნიშნავს ეს? ამიტომაა მემკვიდრის პოვნა პუტინისთვის უკიდურესად სარისკო - ვინ მისცემს გარანტიას, რომ ეს მემკვიდრე არ უღალატებს ტახტის დათმობიდან მეორე დღესვე? ამის ეშინია და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში თავადვე მიიღებს მონაწილეობას.

რადიო თავისუფლება: რას უქადის მისი ტახტისთვის გაჩაღებული ეს ბრძოლა პუტინის ე.წ. მემკვიდრეობას, რომლითაც თავად აგრერიგად ჩანს შეპყრობილი?

რომან ანინი: უკვე ყველასთვის ცხადია, თუ რა იქნება მისი მემკვიდრეობა, მისი ისტორიული როლი - ისტორიას, იქნება ეს რუსეთის ისტორია თუ მსოფლიოსი, ის შემორჩება, როგორც არშემდგარი ჰიტლერი, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საზარელი დიქტატორი. ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი და სასტიკი ომი დაიწყო ევროპაში, ყოვლად აბსურდული მიზეზით. მას სურდა, რუსეთის ისტორიაში დარჩენილიყო, როგორც რაღაც გარდამავალი სახება პეტრე დიდსა და ეკატერინე მეორეს შორის, მაგრამ ისტორია მას კუთვნილ ადგილს სადღაც ჰიტლერსა და კადაფის შორის მიუჩენს.

თუ „ვაგნერი“ პუტინს ზურგს შეაქცევს, ამას კატასტროფული შედეგები მოჰყვება ფრონტზე.

რადიო თავისუფლება: მოდით, განვიხილოთ ხალხი, ვისაც პუტინის ტახტზე უჭირავს თვალი და დავიწყოთ ყველაზე „მყვირალა“ ფიგურით - ეს ცალსახად პრიგოჟინია. პირველი კითხვა: ვის გულისხმობდა პრიგოჟინი „არხეინ ძიაკაცში“, რომელსაც ბოლოდროინდელ ვიდეოებში დასცინოდა? მართლაც გერასიმოვზეა საუბარი, როგორც ეს მოგვიანებით თავად პრიგოჟინმა „განგვიმარტა“ თუ პუტინზე, რომელსაც უკვე კარგა ხანია „ბუნკერში შემალულ ბერიკაცად“ მოიხსენიებენ ხოლმე?

რომან ანინი: დარწმუნებული ვარ, რომ პუტინზეა საუბარი. ყველამ იცის, რომ „პაპა/ბერიკაცი“ მისი მეტსახელია და პრიგოჟინს შემთხვევით არ შეურჩევია ეს მეტსახელი. მან, რა თქმა უნდა, იცის, რომ ოფიციალურად გერასიმოვია ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელი, მაგრამ რეალურად, ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა, მაგალითად, შეიარაღების და საბრძოლო მასალების მიწოდება „ვაგნერისთვის“, უშუალოდ პუტინი იღებს. იმავე ვიდეოში, მან თქვა ფრაზა, რომელსაც ბევრმა ყურადღება არ მიაქცია, არადა, ვფიქრობ, უნდა მიექციათ - „ჩვენ დაველოდებით, როდის დავჭირდებით რუს ხალხს. და იმის შემხედვარე, თუ როგორ იქცევიან ჩვენი ლიდერები, ეს ძალიან მალე მოხდება“. ეს იყო შეფარული მინიშნება რაიმე რევოლუციის ან გადატრიალების მსგავს სცენარზე. ის „ვაგნერს“ მოიაზრებს, როგორც სამხედრო ჯგუფს, რომელიც რუსების უმრავლესობის ინტერესებს დაიცავს, და როდესაც რუსებს ის დასჭირდება, „ვაგნერი“ მზად იქნება, იმოქმედოს. ეს უკიდურესად სახიფათო განცხადებაა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კრემელში უყურადღებოდ არ დარჩებოდათ.

რადიო თავისუფლება: თუ მართლაც ასეა, სანამდე გაუვა ეს ყველაფერი პრიგოჟინს? მან ასევე თქვა, რომ „უკრაინაში ომი უნდა გავყინოთ და რაც მოვიპოვეთ, იმის შენარჩუნებაზე გადავერთოთ“. რუსეთში დღეს ამაზე ბევრად უწყინარი განცხადებისთვისაც ხალხს ციხეში სვამენ.

რომან ანინი: ნამდვილად ასეა. ეს განცხადებები პუტინის ხელისუფლებას ძირს უთხრის, მაგრამ პუტინსაც ბევრი არჩევანი არა აქვს. ერთი მხრივ, პრიგოჟინს რამე უნდა მოუხერხოს, მეორე მხრივ - დამოკიდებულია პრიგოჟინზე, რომელსაც ფრონტის ყველაზე მნიშვნელოვან წერტილში 50 000-კაციანი სამხედრო დაჯგუფება აბარია, და ისიც უნდა ითქვას, რომ ესაა ერთადერთი სამხედრო დაჯგუფება, რომელსაც შეუძლია რაიმე წარმატებით დაიკვეხნოს უკრაინაში. თუ „ვაგნერი“ პუტინს ზურგს შეაქცევს, ამას კატასტროფული შედეგები მოჰყვება ფრონტზე. თავის მხრივ, პრიგოჟინიც დამოკიდებულია პუტინზე, მის გარეშე შეიარაღებას და საბრძოლო მასალას ვერ მიიღებს. დღეს პუტინი ალბათ ზელენსკიზე მეტადაც კი ოცნებობს იმაზე, რომ პრიგოჟინი უკრაინაში „აღესრულოს“, ეს იქნებოდა მისთვის საუკეთესო გამოსავალი ამ პრობლემიდან.

რადიო თავისუფლება: თავად რუსეთზე რას ამბობს ეს ყველაფერი - ის, რომ ტახტზე თვალი უჭირავს ყოფილ ბანდიტს, რომელმაც „მოღვაწეობა“ დაიწყო იმით, რომ ქალებს ახრჩობდა და ძვირფასეულობას აგლეჯდა? კაცს, რომელიც უროთი დაიარება? ისტორიული პარალელების მოძებნა ალბათ შეიძლება - სტალინი, მაგალითად, ბანკებს ძარცვავდა, მაგრამ მაინც...

რომან ანინი: წარმოვიდგინოთ, რომ 2007 წელია. ჰოლივუდიდან მოდის ვიღაც ჩემთან, სცენარისტი და სცენარს მაჩეჩებს წასაკითხად, წაიკითხე, მაგარიაო. იქ წერია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს წამოიწყებს, პუტინი ბუნკერში გამოიკეტება, მთავარი სამხედრო პირი ყოფილი ბანდიტი გახდება, რომელსაც მკვლელები გამოჰყავს ციხიდან, ფრონტზე აგზავნის, ფრონტზე, სადაც რუსები პანტაპუნტით იხოცებიან, რომ რუსეთი იქცა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ ქვეყნად, ირანისა და ჩრდილო კორეის მსგავსად. რას ვეტყოდი 2007 წელს ამ სცენარისტს? ვეტყოდი, რომ დარტყმულია, გიჟია, მაგრამ ფაქტია, ეს დღევანდელი რეალობაა. აი, პუტინის მემკვიდრეობაზე ვლაპარაკობდით. ეს ტრაგედიაა - პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის, მაგრამ ისიც ტრაგედიაა, რაც პუტინმა რუსეთს დამართა - საკუთარი ქვეყანა წარსულში, ათწლეულებით უკან გადაისროლა და როდის მოახერხებს რუსეთი ამისგან განიკურნოს ან საერთოდ მოახერხებს თუ არა, ესეც საკითხავია.

რას მოიმოქმედებს დასავლეთი, თუ მსოფლიოში სიდიდით მეორე ბირთვული არსენალის მქონე ქვეყნის ლიდერი გახდება ბანდიტი, რომელიც პუტინზე უარესია, რომელსაც ხალხის წამება და დახოცვა სიამოვნებას ანიჭებს?

რადიო თავისუფლება: თუ პრიგოჟინს მართლაც აქვს შორსმიმავალი გეგმები და ფსონს რუსეთის მოსახლეობის მხარდაჭერაზე დებს - რის შეთავაზებას აპირებს ის რუსი ხალხისთვის?

რომან ანინი: დავიწყოთ აღიარებით. ვაღიაროთ, რომ პრიგოჟინი სულელი ნამდვილად არ არის, საკმაოდ ცბიერია და პიარის დარგში ერთობ ნიჭიერი. მისი მონოლოგი, რომლის ადრესატია რუსი ხალხი, შეიძლება ასე შევაჯამოთ: შეხედეთ ამ სქელტრაკა ფისოებს რუბლიოვკიდან, ქვეყანა გაყიდეს, ქვეყანას უღალატეს, თქვენს შვილებს ფრონტზე გზავნიან ჩასახოცად, შეიარაღების გარეშე. თქვენი შვილები იქ იხოცებიან - მე ვიცი, როგორ მოვიგო ეს ომი, მაგრამ ეს მოღალატეები ამის ნებას არ მაძლევენ. რუსებს ამის სჯერათ. ის თანდათან უფრო და უფრო პოპულარული ხდება, იმიტომ რომ იმ სიმართლეს ამბობს, რისი გაგონებაც რუსებს სურთ, რადგან, რაც უნდა სამწუხარო იყოს ამის მოსმენა, დღეს რუსების უმრავლესობა ამ ომს ან ღიად უჭერს მხარს, ან ამბობს - თუ მაინც დავიწყეთ ეს ომი, ვერ დავუშვებთ, რომ დავმარცხდეთ, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. პრიგოჟინის სათქმელი ამ ხალხში მოწონებას იმსახურებს.

რადიო თავისუფლება: ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვისზე დადებდით ფსონს პრიგოჟინისა და შოიგუ & გერასიმოვის დუელში?

რადიო თავისუფლება: დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება უკრაინის კონტრიერიშისგან. ყველაფერი ძალიან მალე იცვლება და ვშიშობ, ერთი ნაბიჯი გვაშორებს რეალური ქაოსისგან რუსეთში, თუ პუტინი ვა-ბანკზე არ წავა, ჯარებს არ გამოიყვანს, ქვეყანას ჩაკეტავს და სამხედრო დიქტატურად არ გადააქცევს და თავის მტრებს არ გაუსწორდება. ფაქტობრივად, ჩრდილო კორეის სცენარზეა საუბარი. ვფიქრობ, ამის გაკეთება არც სურს და ვერც ბედავს. ამიტომ ზის თავის ბუნკერში, არაფერს აკეთებს და ოცნებობს სასწაულზე. ამიტომაც აკრიტიკებენ - წაიკითხეთ, რა იწერება ყველაზე პოპულარულ Z არხებზე ტელეგრამსა და სხვა პლატფორმებში. ისმის კითხვები: ვინ არის ჩვენი მეთაური? რა გეგმა გვაქვს? როგორ ვაპირებთ გამარჯვებას? პუტინი დამფრთხალია. მეორე მხრივ, კიდევ უფრო სახიფათოა სცენარი, სადაც მის ტახტს ხელში ჩაიგდებს ვინმე, ვინც პუტინზე უარესი იქნება.

რადიო თავისუფლება: პუტინზე უარესიც შესაძლებელია?

რომან ანინი: ოჰ, ცალსახად. და ეს იქნება დიდი გამოწვევა დასავლეთისთვის. რას მოიმოქმედებს დასავლეთი? მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ პრიგოჟინმა მოიგო ეს ბრძოლა ტახტისთვის - მსოფლიოში სიდიდით მეორე ბირთვული არსენალის მქონე ქვეყნის ლიდერი გახდა ბანდიტი, რომელიც პუტინზე უარესია, რომელსაც ხალხის წამება და დახოცვა სიამოვნებას ანიჭებს. სამწუხაროდ, მისაღებ და გონიერ კანდიდატებს დღეს რუსულ ელიტაში ვერ იპოვით. ლიბერალების ფრთა უკიდურესად სუსტია, პუტინის გარემოცვაშიც არიან ლიბერალები, მაგრამ მათ არაფერი ძალუძთ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიას ფასი არ აქვს, არშემდგარ ქვეყანაში - ვფიქრობ, რუსეთი იქცა არშემდგარ ქვეყნად. არშემდგარ ქვეყნებში კი იმარჯვებენ ისინი, ვინც ა) ყველაზე ძლიერია და ბ) ამ ძალის გამოყენება არ აშინებთ, უკან არ დაიხევენ.

კადიროვს სურს იმ ტახტზე დაბერდეს, რომელზეც დღეს ზის.

რადიო თავისუფლება: გადავინაცვლოთ მეორე ოდიოზურ ფიგურაზე - ბატონი კადიროვი, ან, როგორც თქვენ უწოდებთ, „გამოჩენილი ჩეჩენი აკადემიკოსი კადიროვი“. რა რეალური / არარეალური ამბიციები შეიძლება ჰქონდეს მას ძალაუფლებისთვის ამ ბრძოლაში?

რომან ანინი: ვფიქრობ, ექსპერტების უმრავლესობა გადაჭარბებით აფასებს მის შესაძლებლობებს. არ ვფიქრობ, რომ მას რაიმე ამბიციები აქვს პრეზიდენტობასთან დაკავშირებით. თუ შეხედავთ, რას აკეთებს ის ჩეჩნეთში - თავისი ნათესავები გაამწესა 25-ზე მეტ სამთავრობო პოსტზე - ცხადი გახდება, რომ ეს ადამიანი კმაყოფილია იმით, სადაც დღესაა - ჩეჩნეთის ლიდერი, ხანი, რომელიც თავის ჭკუაზე განკარგავს ჩეჩნეთს და თან, რაც მთავარია, კრემლის გულუხვი ფედერალური დაფინანსების ხარჯვას განაგრძობს. ასე რომ, მას უბრალოდ სურს იმ ტახტზე დაბერდეს, რომელზეც დღეს ზის, შემდეგ კი ძალაუფლება თავის რომელიმე შთამომავალს ან ნათესავს გადაულოცოს.

რადიო თავისუფლება: სხვა, ნაკლებად ოდიოზურ სახეებზე გადავიდეთ - განვიხილოთ სხვადასხვა კლანი - იქნება ეს პატრუშევის, კოვალჩუკის, სეჩინის თუ ა.შ. მათი გამარჯვების შანსებს როგორ შეაფასებდით?

რომან ანინი: უშუალო გავლენით თუ ვიმსჯელებთ, დღეს კოვალჩუკი [იური კოვალჩუკი, ოლიგარქი, National Media Group] რუსეთში პუტინის შემდეგ მეორე კაცია. ის ძალიან დაახლოებულია პუტინთან და გარანტირებულად შეიძლება თქმა, რომ იცოდა უკრაინაში შეჭრის პუტინისეული გეგმების შესახებ, მეტიც, ბევრი თვლის, რომ სწორედ მან წააქეზა პუტინი. პუტინის ყველაზე ძველი მეგობრები - კოვალჩუკის და სეჩინის [ოლიგარქი, "როსნეფტი"] ჩათვლით, დღეს ერთმანეთში იბრძვიან. ავიღოთ, მაგალითად, ნიკოლაი ტოკარევი [ოლიგარქი, „ტრანსნეფტი“], პუტინის ძველზე ძველი თანამებრძოლი - პუტინთან ერთად კგბ-ს კადრი იყო ჯერ კიდევ დრეზდენში - მასა და სეჩინს შორის გაუთავებელი ბრძოლა და უთანხმოებაა. ყველა ეს დაპირისპირება ბოლო დროს გამძაფრდა, ახალ დონეზე ავიდა, რადგან ხვდებიან, რომ რისკები - და შესაბამისად, ფსონებიც - გაიზარდა. მათ სურთ საკუთარი კლანების გაძლიერება სხვების დასუსტების ხარჯზე.

პუტინს ჩვენი ხელით მოგიყვანთ ჰააგაში, ჯარებს გავიყვანთ, 91 წლის საზღვრებს აღვადგენთ, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მივცემთ. სანაცვლოდ, თქვენც მოგვეცით გარანტია - რომ სანქციებს მოხსნით, რომ ჩვენს ქონებას არავინ შეეხება, და რომ ქვეყნის შიგნით ჩვენს საქმეებში ცხვირს არ ჩაყოფთ. როგორ ფიქრობთ, რა იქნება დასავლეთის პასუხი? ჩემი აზრით, დასავლეთი ამას უყოყმანოდ დათანხმდება.

რადიო თავისუფლება: დასაწყისში თქვენი სტატია ვახსენეთ და მოდით, ამითვე დავასრულოთ - იქ ამბობთ, რომ ამ კლანების სამ კატეგორიად დაყოფა შეიძლება. პირველი - ეს „სისხლმოწყურებულთა“ ჯგუფია, რომელშიც შედიან პრიგოჟინი და მისთანები. ამის საპირისპიროდ, გვყავს „პრივილეგირებულთა“ კლანი, რომელშიც შედის პუტინის უახლოესი გარემოცვა და ზოგი ოლიგარქი. და მესამე - რომელიც ახლა იკრებს ძალებს, ეს ე.წ. პატრიოტების დაჯგუფებაა - ხალხი, რომელსაც უნდა კრემლის მაღალი ეშელონები „გაიწმინდოს“ იქ გამეფებული კორუფციისა და არაკომპეტენტურობის გამო, მაგრამ, ამასთანავე, სურს უკრაინაში ომი მოიგოს. როგორ გამოიყურება დღეს კლანების ეს ჭიდილი, ვის რა შანსები აქვს?

რომან ანინი: საუკეთესო სცენარი რუსეთისათვის - და არა მარტო რუსეთისათვის, მთელი სამყაროსათვის - იქნება, თუ „პრივილეგირებულების“ კლანი გაიმარჯვებს. პუტინის ამ გარემოცვაში, თავისთავად ცხადია, კარგ და წესიერ ადამიანებს ვერ ვიპოვით, ყველა ბოროტმოქმედია, მაგრამ მათ შორის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც უფრო რაციონალურები არიან, მაგალითად, პრიგოჟინსა და სტრელკოვთან [„პატრიოტების კლანი“] შედარებით. და ამ ხალხის კოალიციას, თუ დარწმუნდება, რომ ტახტისთვის ბრძოლის მოგება ხელეწიფებათ, შეუძლია ომი შეაჩეროს. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია - ეს კოალიცია დასავლეთს მიმართავს წინადადებით: პუტინს ჩვენი ხელით მოგიყვანთ ჰააგაში, ჯარებს გავიყვანთ, 91 წლის საზღვრებს აღვადგენთ, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მივცემთ. სანაცვლოდ, თქვენც მოგვეცით გარანტია - რომ სანქციებს მოხსნით, რომ ჩვენს ქონებას არავინ შეეხება, და რომ ქვეყნის შიგნით ჩვენს საქმეებში ცხვირს არ ჩაყოფთ. დავიწყოთ ახალი ფურცლიდან. როგორ ფიქრობთ, რა იქნება დასავლეთის პასუხი? ჩემი აზრით, დასავლეთი ამას უყოყმანოდ დათანხმდება, რადგან ეს ნიშნავს უკრაინის გამარჯვებას, ომის დასასრულს და რუსეთთან ახალი ურთიერთობის დასაწყისს. ეს იქნებოდა საუკეთესო სცენარი რუსეთისთვის და იმედია, „პრივილეგირებულების“ კლანი, ადრე თუ გვიან, მივა ამ დასკვნამდე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, გველის არასახარბიელო არჩევანი პრიგოჟინებსა და სტრელკოვებს შორის. ეს არაა საუკეთესო სცენარი როგორც რუსეთისთვის, ასევე დანარჩენი მსოფლიოსთვის.

რადიო თავისუფლება: რა მოხდება მაშინ, თუ უკრაინა ამ ომს ბრძოლის ველზე მოიგებს?

რომან ანინი: იმედია, ასეც მოხდება. [მაგრამ] ეს იქნებოდა იმის მომასწავებელი, რომ პუტინის ტახტისთვის ეს ბრძოლა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ფარულიდან ღია ბრძოლად იქცევა. რუსეთში დაიწყება ქაოსი.

რადიო თავისუფლება: არეულობის ხანა - „სმუტა” [დიდი მღელვარების ხანა რუსეთის ისტორიაში 1598-1612]...

რომან ანინი: სწორედ ასეა. დაიწყება „სმუტა”. და შემდეგ მოგვიწევს ვუყუროთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ვინ მოიგებს კლანების ამ ომს, რადგან სცენარების პროგნოზი აქ უკვე ფუჭი იქნება, დიაპაზონი ძალიან ფართოა. შესაძლოა, ვიხილოთ სრული ქაოსი და რუსეთის ტრანსფორმაცია აფრიკული ყაიდის შეიარაღებულ დიქტატურად, გამუდმებული სროლებით ქუჩებში, და შესაძლოა ვიხილოთ 20-წლიანი ფაზა, რომლის განმავლობაშიც რუსეთი დემოკრატიულ ქვეყნად იქცევა. დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს პუტინის ტახტისთვის ბრძოლაში.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG