Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ის, რომ ეს არის მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება, არ ნიშნავს, რომ მან ეს უნდა გამოიყენოს თვითნებურად და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე"


ანი ნასრაშვილი, EMC-ს იურისტი
ანი ნასრაშვილი, EMC-ს იურისტი

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) აცხადებს, რომ „უმნიშვნელოვანესია, შეწყალების კომისიის უმოკლეს ვადაში ფორმირება მაღალი საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი პირებით და შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა. პრეზიდენტის მიერ შეწყალების დისკრეციული უფლებამოსილების ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოყენების შემდგომ, საზოგადოებაში გაჩენილი კრიტიკის პასუხად, შეწყალების უფლებამოსილებაზე გაურკვეველი ვადით მორატორიუმის გამოცხადებით, ზიანი ადგება პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ იმ მსჯავრდებულებს, რომელთათვის, ხშირად, შეწყალების მექანიზმი სამართლიანობის მიღწევის უკანასკნელი შესაძლებლობაა”.

EMC-ს იურისტი, ანი ნასრაშვილისთვის შეწყალებულ პირთა სტატისტიკაზე მნიშვნელოვანი არის იმ მსჯავრდებულების რაოდენობა, რომლებმაც პრეზიდენტს შეწყალების განცხადებით მიმართეს და ასეთია 4468 ადამიანი:

„ეს ნიშნავს იმას, რომ მსჯავრდებულებს აქვთ უკანასკნელი შესაძლებლობა ამ მექანიზმით გარკვეულწილად სამართლიანობას მიაღწიონ და შეწყალების მიზანი არ არის მხოლოდ ხარვეზიანად განხორციელებული მართლმსაჯულების გამოსწორება, არამედ შეიძლება იყოს ისიც, რომ მსჯავრდებული ბოლომდე აცნობიერებს ჩადენილ დანაშაულს და თვლის, რომ დაიმსახურა მეორე შანსი. მიმაჩნია, რომ ამ ადამიანებისთვის ყველაზე მძიმეა მორატორიუმს გამოცხადება და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დაიძრას პროცესი, რისი მიღწევაც პრეზიდენტს სურს შეწყალების პროცედურის დახვეწასთან დაკავშირებით, რომ მათ ეს იმედიც არ წაერთვათ“.

დღეს კვლავაც მოქმედია ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოცემული ბრძანებულება, რომელიც შეწყალების წესს განსაზღვრავს. ერთ-ერთი უმთავრესი იქ შეწყალების კომისიის შექმნა და მუშაობაა. შეწყალების მექანიზმთან დაკავშირებით ვითარება გართულდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მალევე. ანი ნასრაშვილი იხსენებს:

„დიახ, ეს ბრძანებულება დღემდე არის მოქმედი, თუმცა, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ პარლამენტში პირველივე გამოსვლისას მან [სალომე ზურაბიშვილმა] გამოხატა სურვილი შეწყალებასთან დაკავშირებით გარკვეული რეფორმის გატარების შესახებ, დაითხოვა შეწყალების მოქმედი კომისია. ამის შემდეგ გავიდა დაახლოებით ცხრა თვე.

ჩვენ პერიოდულად ვინტერესდებოდით, როგორ მიდიოდა შეწყალების რეფორმა და ვითხოვდით ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან. მათ შორის, მას სურდა, რომ შეწყალების უფლებამოსილება გარკვეულწილად გადაენაწილებინა სხვადასხვა უწყებაზე და ერთ-ერთ წამყვან უწყებად ასახელებდა იუსტიციის სამინისტროს, რომლის ფარგლებშიც უნდა განხილულიყო შეწყალების განცხადებები, თუმცა, დღემდე არ გვაქვს ინფორმაცია როგორ მიდის ეს პროცესი“.

EMC-ს იურისტი ხაზს უსვამს ერთ ასპექტს:

„ის, რომ ეს არის მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება, არ ნიშნავს, რომ მან ეს უნდა გამოიყენოს თვითნებურად და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ვინაიდან კონსტიტუციური უფლებამოსილებაც გულისხმობს ამ მექანიზმის სამართლებრივი სახელმწიფოს მოთხოვნების გათვალისწინებით გამოყენებას“.

რაც შეეხება შეწყალების ბოლო გადაწყვეტილებაზე საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს, ანი ნასრაშვილი ამბობს:

"საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში არავინ, მათ შორის პრეზიდენტიც, თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუმცა, ეს არის, ჩემი აზრით, ძალიან ფრთხილი საკითხი, რადგან ეს არის მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება და შესაძლებელია საუბარი იყოს, მაგალითად, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე მათ შორის. თუ დადასტურდება ინფორმაცია კორუფციასთან, პირად დაინტერესებასთან დაკავშირებით, შესაძლებელია დაიწყოს გამოძიებაც".


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG