ასე გამოეხმაურა სერგეი ივანოვის სიკვდილს 73 წლის ასაკში, რუსეთის ძალოვან უწყებებთან დაკავშირებული მსხვილი ტელეგრამარხი, ВЧК-ОГПУ.
"ლაფეტების რბოლას" უწოდებენ პერიოდს 1970-80-იანი წლების მიჯნაზე, როდესაც სსრკ-ს კომპარტიის პოლიტბიუროს წევრები ერთი მეორეს მიყოლებით, 5 წლის განმავლობაში გარდაიცვალნენ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ივანოვი - არც თუ შორეულ წარსულში ვლადიმირ პუტინთან უკიდურესად დაახლოებული პოლიტიკოსად მიიჩნეოდა. მეტიც, 2008 წელს ივანოვი დმიტრი მედვედევის მთავარ კონკურენტად მიიჩნეოდა - რუსი ავტორების ცნობით, პუტინმა უპირატესობა მედვედევის მიანიჭა, რადგანაც მიიჩნია, რომ "უფრო დამოუკიდებელი" ივანოვი მისი მომავლისთვის "ბევრად სახიფათო იქნებოდა."
"ის მართლაც პუტინის გუნდიდან იყო", - თქვა პესკოვმა ივანოვის გარდაცვალებაზე, რისი კონკრეტული მიზეზიც არ სახელდება. ივანოვი - რომელიც სხვადასხვა წლებში თავდაცვის მინისტრის გარდა, უსაფრთხოების საბჭოს მდივნის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პოსტებსაც იკავებდა - ბოლო წლებში პოლიტიკაში პრაქტიკულად აღარ მონაწილეობდა.
ივანოვი რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოდან გასულ თებერვალში გაუშვეს - ივანოვი არ ჩანდა ამ საბჭოს 2022 წლის 21 თებერვლის ცნობილ სხდომაზეც, რომელიც წინ უძღოდა სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში.
მართალია, თუ არა ვარაუდი ივანოვის "პირველი მერცხლობის" შესახებ ამას დრო გვაჩვენებს, თუმცა როგორც 1970-80-იანი წლების საბჭოთა კავშირში დღევანდელ რუსეთში მზარდია ჩიხის განცდა, განცდა, რომ რაღაც გაფუჭდა. ამგვარი განწყობების ზრდა განპირობებულია ომის ხანგრძლივობითაც, რომელმაც უკვე გადააჭარბა "მეორე სამამულო ომს", ხოლო სრული ტრიუმფი ჰორიზონტზეც არ ჩანს. ომის მეხუთე წელს უკრაინა, უკრაინაში წარმოებული შეიარაღებით სულ უფრო შორს და სულ უფრო ხშირად, უფრო მტკივნეულად უტევს რუსეთს. ომის ხარჯები სწრაფად იზრდება, რასაც თავის ჯიბეზე გრძნობს მოსახლეობა, ხოლო ეკონომიკა სტრუქტურულად შეზღუდულია.
ამ სირთულეებს გასულ კვირებში კრემლისთვის როგორც მინიმუმ უსიამოვნო პოლიტიკური სურათიც დაემატა.
შვიდეულის სამიტი - უკრაინის უეცარი წარმატება
სამიტი ახალდაწყებული იყო, როდესაც კამერებმა ემანუელ მაკრონისა და ვოლოდიმირ ზელენსკის საუბარი ჩაიწერა - საფრანგეთის და უკრაინის ლიდერები მსჯელობდნენ დონალდ ტრამპთან შეხვედრის მომზადებაზე.
სამიტის დასრულებამდე ზელენსკიმ ტრამპთან 2 შეხვედრა გამართა. ამერიკელმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებასაც, რომელშიც საუბარია უკრაინის "ურყევ მხარდაჭერაზე" და რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გამკაცრებაზე.
მსგავსი ფორმულირებით მოქმედი ადმინისტრაციისთვის პრობლემური იყო გასული წლის სამიტზე. რუსეთისთვის დაწესებული და ირანთან ომის გამო დროებით შეჩერებული სანქციების განახლებაზე ისაუბრა თავად ტრამპმაც.
უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკის ოფისში საფრანგეთში გამართულ შეხვედრას "ძალიან დადებითად" აფასებენ, საუბრობენ შესაძლო გარდატეხაზე ამერიკელი პრეზიდენტის მიდგომაში.
"პრეზიდენტზე (რედ. ტრამპი) დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უკრაინის შორეულმა დარტყმებმა რუსეთის სიღრმეში" - ამბობენ ბრიტანული Financial Times-ის წყაროები და იმასაც დასძენენ, რომ ამ იერიშებისთვის სადაზვერვო ცნობებით კიევი ვაშინგტონმა მოამარაგა.
სამიტზე საუბარი იყო ამერიკული საზენიტო რაკეტების ლიცენზირებულ წარმოებაზე ევროპაში, მათ შორის უკრაინაშიც. საუბარია PATRIOT-ის სისტემისთვის საჭირო რაკეტებზე, რომელიც ერთადერთი ეფექტური თავდაცვაა რუსული ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ და რომლის მზარდი დეფიციტია. დასავლური მედიის ცნობით, ტრამპი განიხილავს ამგვარი ლიცენზიის გაცემას.
ამერიკელი პრეზიდენტის შეცვლილი განწყობა საჯაროდაც გამოვლინდა, როდესაც ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას თქვა, რომ ზელენსკის "საქმე ცუდად არ მისდის" და რომ ის ნამდვილად "მამაცი ლიდერია."
ამგვარად, ემანუელ მაკრონისთვის გამოსამშვიდობებელი შვიდეულის სამიტი უკრაინისთვის მოულოდნელ პოლიტიკურ წარმატებად გადაიქცა, თუმცა კრემლის მზარდი იმედგაცრუება ტრამპის ადმინისტრაციით დიდი ხანია გროვდება.
"უძღები მამა" და ანკორიჯის აორთქლებული სულისკვეთება
გასულ წელს ტრამპის ადმინისტრაციის მედიაციით დაწყებული მოლაპარაკებების პროცესი ჯერ კიდევ ირანთან ომის დაწყებამდე შენელდა, თუმცა ამის ფონზე საერთოდაც ჩიხში შევიდა, ისევე როგორც საოკუპაციო არმიის წინსვლა ფრონტის თითქმის ყველა მონაკვეთზე.
რუსეთში რამდენიმეჯერ განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში მოსკოვში ტრამპის ემისრებს, ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს ელოდებიან, თუმცა კონკრეტული თარიღი შეთანხმებული არ არის. ურთიერთობების გასააქტიურებლად გამოიყენა კრემლმა ამერიკელი პრეზიდენტის 80 წლის იუბილე და ამ დღეს გამართული სატელეფონო საუბარი.
კრემლის იმედგაცრუება ბოლო კვირებში უფრო მკაფიოდ ჩანდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით სერგეი ლავროვის 23 ივნისის განცხადებაა.
"არც კი მინდა ვიეჭვო, რომ შეხვედრა ალასკაში, ისევე როგორც ევროპის მოქმედებები ჩაფიქრებული იყო იმისთვის, რომ მოეგოთ დრო კიევის გადაიარაღებისთვის. ამაზე ფიქრიც კი არ მინდა" - თქვა ლავროვმა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსი მაღალჩინოსნები "ანკორიჯის სულისკვეთებაზე" ან იქ მიღწეულ "შეთანხმებებზე" საუბრობენ. საყურადღებოა, რომ ალასკაში პუტინისა და ტრამპის სამიტი დროზე ადრე დასრულდა და მისი დასრულების შემდეგ ერთობლივი განცხადებაც არ გაუვრცელებიათ, არათუ რაიმე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ანკორიჯის შეხვედრის მთავარი შედეგი ის იყო, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მისი დასრულების შემდეგ უარი დაუყოვნებლივი ზავის მოთხოვნაზე და მხარი დაუჭირა ყოვლისმომცველი მოლაპარაკებების დაწყებას.
"ანკორიჯის შეთანხმებების" შესახებ გასულ კვირას სახელმწიფო მდივან რუბიოსაც ჰკითხეს, რომლის თქმითაც, ალასკაში არ ყოფილა არანაირი შეთანხმება და "მხოლოდ წინადადებები გაჟღერდა."
კიდევ უფრო თვალსაჩინო იყო მოსკოვის გაღიზიანება დიდი შვიდეულის სამიტის შემდეგ.
"უკრაინასთან დაკავშირებით გვინდა გავიგოთ ბოლოს და ბოლოს რა მოხდა ევიანში. იმიტომ, რომ თუ პრეზიდენტ მაკრონს დავუჯერებთ, გამოდის, რომ ანკორიჯი მკვდარია. პრეზიდენტი ტრამპი თითქოს როგორც უძღები შვილი, ან უძღები მამა დაბრუნდა ოჯახში და ისინი თითქოს კვლავ ერთად არიან" - განაცხადა სერგეი ლავროვმა 24 ივნისს.
უკრაინული დრონების დარტყმებით გამოწვეულ და ამერიკასთან ურთიერთობებში დაგროვილ პრობლემებზე საუბარს ვლადიმირ პუტინი გასულ კვირებში თავს არიდებდა, თუმცა 28 ივნისს პრობლემას მოულოდნელად მთავრობის საგანგებო სხდომით და "პირად რეპორტიორთან", პაველ ზარუბინთან ინტერვიუთი გამოეხმაურა.
სახელდახელო ინტერვიუში ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა, რომ ანკორიჯში კონკრეტული შეთანხმებებისთვის არ მიუღწევიათ. რუსეთის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოერიდა ტრამპის კრიტიკას და დაეჭვდა, რომ ევროპელი ლიდერების შეძლებდნენ მის "გადაბირებას", რადგანაც მისი თქმით, "ბატონი დონალდი გამოცდილი პოლიტიკოსია." პუტინის ამბობს, რომ ირანთან ვითარების სტაბილიზაციის შემდეგ მოსკოვში ტრამპის წარმომადგენლების ვიზიტს ელოდებიან.
რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა, საწვავის მომარაგების პრობლემები, თუმცა მისი თქმით, ეს "არ არის კრიტიკული." 25-წუთიანი ინტერვიუდან 14 წუთი ვლადიმირ პუტინი ფრონტზე შექმნილ მდგომარეობაზე საუბრობდა. ჩანდა, რომ პუტინი ტექსტს სუფლიორიდან კითხულობდა და მიუხედავად ამისა, მაინც რამდენიმე შეცდომა მაინც დაუშვა. პუტინის თქმით, საოკუპაციო არმია ყველა მიმართულებით წინ მიიწევს, თუმცა აღიარა, რომ ჯერ არ დაუკავებიათ ქალაქი კუპიანსკი, რომლის აღების შესახებაც მას პირველად გასული წლის ნოემბერში მოახსენეს.
პუტინის ამბობს, რომ უკრაინამ გასულ კვირებში რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, თუმცა "რუსეთი არ არის დაინტერესებული კიევის რეჟიმის გადარჩენით", ხოლო ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასახული მიზნების - "დონბასზე და ნოვოროსიაზე სრულ კონტროლის" - მიღწევამდე გაგრძელდება.
ეკონომიკური უძრაობა
სანამ დანარჩენი მსოფლიო პუტინის გარემოცვაში დაპირისპირებისა და აჯანყების შესაძლებლობაზე საუბრობს, რუსეთში უფრო მოსაწყენი, მაგრამ ბევრად სერიოზული ეკონომიკური პრობლემებმა იჩინა თავი.
მრავალწლიანი დადგენილი საბიუჯეტო წესების ფუნდამენტურად შესაცვლელად დუმას გასულ კვირებში სულ 72 საათი დასჭირდა. ცვლილების მიხედვით, ფინანსთა სამინისტრომ მიიღო უფლება ისესხოს და დახარჯოს თანხები კანონით გათვალისწინებული ვალის ჭერის მიღმა, პარლამენტის თანხმობისა და მასთან კონსულტაციის გარეშე.
"სამინისტროს უნდა შეეძლოს დროული რეაგირება ცვლილებებზე, რომლებიც არა თვეში ან კვარტალში ერთხელ არამედ, ყოველდღიურად მიმდინარეობს" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ომის მეხუთე წელს უკიდურესად მორჩილი დუმაც კი ბარიერი გახდა და ეს არ არის გასაკვირი - მაისის მიწურულს ბიუჯეტის დეფიციტმა 6 ტრილიონ რუბლს (83 მილიარდი დოლარი) გადააჭარბა. ეს თითქმის ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე გასული წლის დეფიციტი და უკვე აღემატება მიმდინარე წლის გათვლას.
ისტორიულ მინიმუმზეა კეთილდღეობის ეროვნული ფონდის მარაგები, ხოლო ცენტრალური საბაზისო განაკვეთების 14.5%-ია. ცენტრალური ბანკის ცნობით, მთავრობის დავალიანების ზრდის ფონზე განაკვეთის კლება ნაკლებად სავარაუდოა. ომის დასაფინანსებლად მოსახლეობა უკვე იხდის გაზრდილ დღგ-ს.
გასული ათწლეულების განმავლობაში ფისკალური დისციპლინა, დაბალი ვალი და სუვერენული ფონდი კრემლის ერთ-ერთ მთავარ სიამაყე იყო. ეკონომისტების შეფასებით, სწორედ ამის წყალობით გაუძლო რუსეთის ეკონომიკამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დაწესებულ სანქციებს.
ომის მეხუთე წელს ეს დისციპლინა აღარ არსებობს, ისევე როგორც ძველი წესები - 4 წლის განმავლობაში პუტინი ახერხებდა ომის დაფინანსებას, ინფლაციის მოთოკვასა და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას, მაგრამ ის ბუფერები ფინანსური რეზერვების სახით, რამაც ამის საშუალება მისცა სწრაფად იწურება.
ეს ბევრად უფრო მოსაწყენად ჟღერს, ვიდრე სასახლის გადატრიალება, თუმცა სინამდვილეში სწორედ ასე გამოიყურება დაღმასვლა.
ფორუმი